დემოკრატიის აფხაზური კარნავალი

26 აგვისტოს, აფხაზეთში, თავისებური პოსტსაბჭოური ანშლაგით ჩატარდა კრემლის მორიგი სატრაპის არჩევნები.

ჩეულებრივად ოკუპირებული ტერიტორიების მმართველები ინიშნებიან, მაგრამ აფხაზეთის შემთხვევაში კრემლი, უკვე მესამე წელია ცდილობს, მართვას დემოკრატიული იერი შესძინოს. სპექტაკლისთვის შეკრიბეს საუკეთესო ჟურნალისტური ძალები, პოლიტტექნოლოგები, დაითანხმეს და ჩაიყვანეს “საერთაშორისო დამკვირვებლები”.

პრაქტიკულად მთელი რუსული პრესა და ტელეარხები სიამოვნებით მონაწილეობდნენ საარჩევნო კამპანიაში, თითქოს არჩევნები რუსეთის ერთ-ერთ რეგიონში ტარდებოდა. არჩევნების წინა თვეში ყველაზე აქტიურები იყვნენ შემდეგი გაზეთები: “ნეზავისიმაია გაზეტა” (17 პუბლიკაცია), “მოსკოვსკიე ნოვოსტი” (12), “კომერსანტი” (11), “როსიისკაია გაზეტა” (6). სააგენტოებიდან: “რია ნოვოსტი” (78), “რეგნუმი” (68), “იტარ-ტასი” (34). ეთერში ლიდერები იყვნენ “ენ-ტე-ვე” (19), “ეხო მოსკვი” (18), “ვესტი” (11).

აფხაზეთის მოსახლეობა კვლავ უყურებს რუსულ ტელევიზიას, ხოლო ადგილობრივი აფხაზური მასობრივი ინფორმაციის საშუალებები რუსულ წყაროებს იყენებენ. ამის გათვალისწინებით აბსოლუტურად გასაგებია კრემლის პროპაგანდისტების დაინტერესება მოეხდინათ გავლენა არჩევნებზე არა მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსის საშუალებით, არამედ პროცესისთვის გარეგნულად გამჭვირვალე სახეც მიეცათ. სწორედ მოსკოვის პრესაში მიმდინარეობდა პრეტენდენტების და მათი გუნდების აქტიური ბრძოლა. ქვეყნდებოდა კომპრომატები კანდიდატებზე, მათ შორის იყო თენგიზ კიტოვანის სკანდალური წერილიც; განიხილავდნენ რუსულ-აფხაზური ურთიერთობების მომავალს და მიმდინარე ურთიერთობების კორექტირებას უკეთებდნენ. ყველაზე მეტი ადგილი ეთმობოდა მაზე მსჯელობას, თუ რომელი კანდიდატია მეტად თუ ნაკლებად პრორუსული.

ამ პუბლიკაციებში იგრძნობოდა სევდაც და უიმედობაც: ყველას ესმოდა, რომ არჩევნები რუსეთის მეტს არავის აინტერესებს, საერთაშორისო ორგანიზაციები მათ არ ცნობდნენ და ალბათ არც ცნობენ. მაგრამ დემოკრატობანას თამაში უნდოდათ, თუნდ საკუთარი თავისთვის და აფხაზეთის მოსახლეობის დასაწყნარებლად, რომელიც რუსეთს კვლავ მიიჩნევს ცივილიზაციის და პროგრესის ფლაგმანად. “აფხაზური დემოკრატიის კარნავალი” გულდასმით მზადდებოდა, რისთვისაც მნიშვნელოვანი თანხა გამოიყო რუსეთის ბიუჯეტიდან. მის მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობდნენ რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლები.

ისევე, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის მომზადებისას, განსაკუთრებული როლი ჰქონდათ დაკისრებული რუს ჟურნალისტებს. წამყვანი რუსული გამოცემები, ტელეარხები და რადიოსადგურები აფხაზეთში აგზავნიდნენ თავიანთ რეპორტიორებს, ხოლო გაზეთები ივსებოდა სტატიებით, რომლის სათაურებიც დაამშვენებდა ადამიანის უფლებათა დამცავი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების მოხსენებებს: “რესპუბლიკის მცხოვრებლებმა რუსეთს დემოკრატიის მაგალითი უჩვენეს” (“მოსკოვსკი კომსომოლეცი”), “აფხაზეთში ისე ირჩევენ, როგორც ამერიკაში” (“კომერსანტი”), “აფხაზეთის თაიგული” (“მოსკოვსკიე ნოვოსტი”). ამ ბოლო სათაურში აფხაზური ღვინის სახელი გამოიყენეს, რომელიც მოარგეს პრეზიდენტობის კანდიდატთა “ბუკეტს”.

ყველაზე აქტიურად არჩევნებს რუსული ტელეარხები აშუქებდნენ. “ვესტიმ” მას 25 სიუჟეტი მიუძღვნა, დანარჩენებმა ცოტა ნაკლები. კანდიდატების ბრძოლის თაობაზე ბევრს წერდნენ: “რია ნოვოსტი” (78), “იტარ ტასი” (51) და “რეგნუმი” (25). არჩევნების საინფორმაციო მხარდაჭერაში აქტიურად მონაწილეობდნენ აგრეთვე რადიო “სვობოდას” პროექტის “ეხო კავკაზას” თანამშრომლები. თან პრეზიდენტობის მსურველებზე საუბრისას ისინი დაინტერესებულ მხარეს წააგავდნენ – აშკარად უჭერდნენ მხარს ერთ-ერთ კანდიდატს – სერგეი შამბას. არჩევნების შესახებ მასალების რაოდენობით “ეხო კავკაზა” ძალიან ჰგავდა სოხუმის რადიოსადგურს, რომლის ანგაჟირებულობაც ეჭვქვეშ არ შეიძლება დავაყენოთ. თუმცა უფრო სწორი იქნება თუ მას (“ეხო კავკაზას”) შევადარებთ სოხუმის ტელეარხ “აბაზა ტი-ვის”, სადაც მუშაობენ “ეხო კავკაზას” კორესპონდენტები სემიონ პეგოვი და მარიანა კოტოვა.

სატრაპიის კრიზისი

29 მაისს სერგეი ბაღაფშის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, აფხაზეთში დაიწყო ოკუპირებული ტერიტორიის გაუგებარი სტატუსის გაკეთილშობილების ახალი ეტაპი. ერთი მხრივ, კრემლი და სოხუმის ხელისუფლება უკვე ვეღარ მალავდნენ იმედგაცრუებას აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარების პროცესის ძალიან ნელი სვლის გამო. მეორე მხრივ ისე ჩანს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გამხდარიყო დემოკრატიის “ლაკმუსის ქაღალდი”, რაც აუცილებლად სჭირდებოდათ საქართველოში რუსეთის პოლიტიკის გასამართლებლად. მხოლოდ ასე შეიძლება აიხსნას უამრავი აღფრთოვანებული სათაური და ტექსტი რუსული პრესის პუბლიკაციათა უმრავლესობაში. ამასთან, იჩქმალებოდა ლტოლვილების პრობლემა, თითქოს 20 წლის წინ არაფერი მომხდარა და აფხაზეთის ფარგლებს გარეთ არ გაუძევებიათ რამდენიმე ასეული ათასი ლტოლვილი, მათი შთამომავლობიანად, რომლებიც მშობლიური ადგილებიდან შორს დაიბადნენ.

აქ ალბათ არ ღირს ბაღაფშის მოულოდნელი გარდაცვალების უცნაურობაზე საუბრის წამოწყება, თუმცა ცხადია, რომ წინა “პრეზიდენტი” ნამდვილად ვერ უმკლავდებოდა თავის როლს. მის დროს დაიწყო შიდა კამპანია უძრავი ქონების რუსული პრივატიზაციის წინააღმდეგ. სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა ინტერნეტში იმედგაცრუებული შინაარსის პუბლიკაციები იმის შესახებ, რომ რუსეთის პოლიტიკა აფხაზეთში ამუხრუჭებს ქვეყნის განვითარებას. განხეთქილება გააღრმავა საეკლესიო კონფლიქტმაც და აფხაზეთის მუფტიის ადილ გადილიას უცნაურმა სიკვდილმა 27 ივნისს; რამდენიმე თვის წინ კი – მუსულმანთა სასულიერო სამმართველოს რამდენიმე აქტივისტის ერთდროულმა მკვლელობამ.

ბლოგოსფეროში გამოქვეყნებული პუბლიკაციების თანახმად, სერიოზულ გამოცდად იქცა კუნძულოვან სახელმწიფო ვანუატუსთან დაკავშირებული ისტორია, რომელმაც, როგორც ამტკიცებდა აფხაზეთის “საგარეო საქმეთა მინისტრი” მაქსიმ ღვინჯია, აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ დიპლომატიური გმირობა მხოლოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარუმატებელი ოპერაცია აღმოჩნდა. რუსეთს არ გამოუვიდა აღიარების ყიდვა, როგორც ეს მოხდა ვენესუელას, ნიკარაგუასა და ნაურუს შემთხვევაში.

და ბოლოს, იმედგაცრუების კიდევ ერთი მიზეზი აფხაზეთში ჩავარდნილი ტურისტული სეზონი იყო. წელს აშკარად შემცირებული იყო ჩამომსვლელთა რიცხვი, დამსვენებლები უკმაყოფილოები იყვნენ სერვისით და დამნაშავეობის მაღალი დონით.

ამ საყოველთაო ნაღვლიანობის ფონზე საჭირო იყო სახელმწიფოებრიობაში “ახალი სისხლის გადასხმა”. სისხლი ძველი, ნომენკლატურული აღმოჩნდა. გამოცდილი ინტრიგანის შამბას გარდა მისი კონკურენტები გახდნენ ძალოვნები – ხაჯიმბა და ანქვაბი. შამბას შანსები, როგორც მოსალოდნელი იყო, უმნიშვნელო აღმოჩნდა. თუ მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას შევაფასებთ, ეს მხარდაჭერა მან, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მიიღო. ალბათ მას კიდევ ემორჩილებოდნენ ის სახელისუფლებო სტრუქტურები, რომლებსაც “პრემიერ-მინისტრობის” დროს მართავდა.

არჩევნები აფხაზეთში დაინიშნა 26 აგვისტოს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის “დამოუკიდებლობის” აღიარების წლისთავზე. ამ თარიღების დამთხვევაში გამოვლინდა არა მხოლოდ სიმბოლიზმი, არამედ თვით არჩევნების დაგეგმილი არსიც – თქვენ ჩვენ გვაღიარეთ და არჩევნებიც თქვენი ჩასატარებელია. კრემლს უკვე დიდი ხნის წინ უნდა მიეცა აფხაზეთის სტატუსისთვის ახალი – “წარმატებული დემოკრატიის მქონე ქვეყნის” იმიჯი. რუსეთის პრესამ დაიწყო ფართო კამპანია, ამკობდა რა სამივე კანდიდატის ბრძოლას საუკეთესო ეპითეტებით. სინამდვილეში ეს სასაცილოდ გამოიყურებოდა, რადგანაც ჟურნალისტებისა და კრემლის მრავალრიცხოვანი ექსპერტების დასკვნებში ხშირად ჟღერდა რუსეთისთვის დამამცირებელი შედარება – თურმე აფხაზეთის არჩევნებისგან სწავლა მათ შორის რუსეთსაც სჭირდება.

პროპაგანდის მიერ დამუშავებული ერთ-ერთი შტამპი, რომლითაც ჟურნალისტები ამკობდნენ აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს, იყო “არაპროგნოზირებადობა”. ამით მკითხველს და მსოფლიო საზოგადოებას თანამიმდევრულად უმტკიცებდნენ, რომ აფხაზეთის დემოკრატია იმდენად კარგად არის ჩამოყალიბებული, რომ არავინ იცოდა შედეგი, პირდაპირი გაგებით, “უკანასკნელ წუთამდე”.

რუსეთის პრესა სწორედ იმით არის კარგი, რომ ტყუილებს გამოკიდებული ჟურნალისტები ხშირად ივიწყებენ პიარ-კამპანიის საიდუმლოების დაცვის წესებს და პროპაგანდამ კიდევ ერთხელ უღალატა პოლიტიკოსებს. არჩევნებამდე სამი დღით ადრე ყვითელ მასობრივ გაზეთ “ტვოი დენ”-ში სოციალური მარკეტინგის ინსტიტუტის დირექტორმა, ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პროფესორმა სერგეი ხაიკინმა გააკეთა არჩევნების სავარაუდო შედეგების კომენტარი. მისი სიტყვებით ალექსანდრ ანქვაბი გადალახავდა 50 პროცენტიან ბარიერს და შეძლებდა ამომრჩეველთა ხმების 52-54 პროცენტის მიღებას. მეორე შეიძლებოდა ყოფილიყო სერგეი შამბა ხმების დაახლოებით 26 პროცენტით. ხოლო მესამე – 19 პროცენტით – რაულ ხაჯიმბა.

აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური შედეგები არ განსხვავდება ხაიკინის პროგნოზისგან. ხმების 54,9 პროცენტით არჩევნები მოიგო 58 წლის ალექსანდრ ანქვაბმა. მისმა მთავარმა კონკურენტმა, პრემიერმა სერგეი შამბამ მიიღო ხმების 21 პროცენტი, ხოლო ოპოზიციის კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ 19,8 პროცენტი.

შედეგები გამოუცნობი ალბათ არ ყოფილა არა მხოლოდ მოსკოველი პოლიტტექნოლოგების, არამედ აფხაზეთის მცხოვრებთათვისაც. 31 ივლისს აფხაზმა ბლოგერმა misha-jergenia-მ გამოაქვეყნა თავისი პროგნოზი, რომელიც საკმაოდ ახლოს არის ოფიციალურ მონაცემებთან და ხაიკინის ვარაუდსაც წააგავს: ანქვაბი – 65 პროცენტი, შამბა – 20 პროცენტი, ხაჯიმბა – 15 პროცენტი.

ასე იწყებოდა “დემოკრატიის აფხაზური კარნავალი” – პროგნოზირებადი დასაწყისით და არანაკლებ პროგნოზირებადი დაბოლოებით. დემოკრატიის დღესასწაულის მომზადების პროცესი გულისხმობდა ყველა საჭირო ელემენტს: დებატებს, სკანდალებს, სროლას, მკვლელობებს და ბოლოს საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლას. არაღიარებული ტერიტორის (ზოგიერთ ტექსტში გვხვდება უცნაური განსაზღვრება – ნაწილობრივ აღიარებული) მმართველებს და მათ პატრონებს კრემლში არ გამოუვიდათ წამყვანი დემოკრატიული ინსტიტუტების მიმხრობა. ეუთომ, ევროკავშირმა და ევროსაბჭომ კარნავალში მონაწილეობაზე უარი თქვეს. მაშინ დახმარება სთხოვეს ცნობილ ავანტიურისტებს. და ისინიც, მოწვეული მოტირლების მსგავსად, საქმეს შეუდგნენ.

ავანტურისტები, ფაშისტები, კომუნისტები და ვიგინდარები

საერთაშორისო დამკვირვებლებს ჩვეულებრივად იმისთვის პატიჟებენ, რომ დაადასტურონ არჩევნების დემოკრატიულობა; აჩვენონ, რომ საზოგადოებას აქვს საშუალება, გამოიყენოს თავისუფალი არჩევანის საკუთარი უფლება და ამით მოიპოვონ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა. აფხაზეთს ასეთი შანსები პრაქტიკულად არ ჰქონდა. ჯერ ერთი, პრესაში მოხვდა მონაცემები იმ თანხების შესახებ, რომელსაც კრედიტების და უცნაური ინვესტიციების სახით კრემლი შეჰპირდა ვენესუელას, ნიკარაგუასა და ნაურუს აფხაზეთის ცნობისთვის. მეორეც, გავლენა იქონია მოულოდნელმა აღიარებამ 2008 წელს, თუმცა ოკუპაცია “რუსეთის სამშვიდობო ჯარების” მეშვეობით დაიწყო ჯერ კიდევ 1993 წელს და ეს აღიარება მხოლოდ საქართველოს მიმართ კრემლის პოლიტიკის გაგრძელებაა. თუ ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობა როგორღაც ახსნეს გამოგონილი საბაბით – “ორი ათასზე მეტი დაღუპული მშვიდობიანი მცხოვრები მძინარე ცხინვალში”, აფხაზეთში ხომ საბრძოლო მოქმედებები პრაქტიკულად არ მიმდინარეობდა, შესაბამისად არანაირი არგუმენტი არ გაჟღერებულა. აფხაზეთი ცხინვალის რეგიონთან ერთად მიიტაცეს – უბრალო იმპერიული ჩვევის თანახმად.

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გაერომ მიიღო მორიგი რეზოლუცია, რომელშიც ლაპარაკია ლტოლვილთა უფლებების აღდგენაზე. მათ შეახსენეს სოხუმის ხელისუფლებას საერთაშორისო თანამეგობრობის მთავარი პრეტენზია – 1993 წელს 300 ათასზე მეტი ეთნიკური ქართველის გაძევება, მათი დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებების წარმოების სურვილის არქონა და შესაბამისად დევნილთა არყოფნა საარჩევნო სიებში.

საკუთარი “საერთაშორისო დამკვირვებლების” კატეგორიის მოწვევა ახალი გამოგონება არ არის პოსტსაბჭოთა პოლიტტექნოლოგიებში. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ბოლო ათი წლის განმავლობაში გამართულ თითქმის ყველა არჩევნებს თან ახლდა მოწვეულ “მოტირალთა” ხმამაღალი განცხადებები. იქაც კი, სადაც იყვნენ დამკვირვებლები ეუთოსა და ევროკავშირიდან. როცა საჭირო ხდებოდა, ანუ როდესაც იმარჯვებდა ის კანდიდატი, რომელიც კრემლს არ აძლევდა ხელს, იწვევდნენ პრესკონფერენციას პროტესტის გამოსახატავად. და პირიქით, იყო კმაყოფილი გამოხმაურებები კრემლის ფავორიტების მისამართით. ოფიციალური მოსკოვის მიერ არჩევნების მონიტორინგისთვის “საერთაშორისო დამკვირვებელთა ორგანიზაციის” შექმნა დაწვრილებით არის აღწერილი წიგნის “რუსეთი-საქართველო: საინფორმაციო ომი აგვისტო 2008″ სპეციალურ თავში “ბიზნესი არჩევნებზე” (ეს თავი დაიბეჭდა Weekend-ში).

ისტორია გამეორდა აფხაზეთში, ოღონდ ნაკლებ მასშტაბებში. მრავალი წლის განმავლობაში ტექნოლოგია იდეალურად დამუშავდა. პრობლემურ ქვეყნებში – საქართველოში ან უკრაინაში იკრიბებოდა დიდი გუნდი, რომელშიც შედიოდნენ ხმაურიანი სახელის მქონე რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლები. უჩვეულოა ის, რომ “დამკვირვებელთა” სიაში ბევრნი არიან ყოფილი საბჭოთა კავშირიდან წასულები, რომლებიც ძირითადად ცხოვრობენ ისრაელში, აგრეთვე ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიასა და სხვა ევროპულ სახელმწიფოებში. ჩვეულებრივად “მოტირალთა” რაოდენობა აღემატებოდა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ჩასულ დამკვირვებელთა რიცხვს. აფხაზეთში გამართულ არჩევნებზე დამატებით გამოიყენეს კიდევ ერთი მომსახურება – “დამკვირვებლები” კერძო პირების და უცნაური ორგანიზაციების გარდა იყვნენ სახელმწიფო ჩინოვნიკები. არა მარტო სახელმწიფო დუმისა და ფედერაციის საბჭოს დეპუტატები, არამედ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.

აფხაზეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ აქვს ოფიციალური საიტი. არის მხოლოდ გვერდი მწირი ინფორმაციით სახელმწიფო სააგენტო “აპსნიპრესის” საიტზე. არ არის არც დამკვირვებელთა სია, არც იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. ნუთუ შეიძლება ვენდოთ აფხაზეთის “საგარეო საქმეთა მინისტრის” მაქსიმ ღვინჯიას სიტყვებს, რომელიც ამტკიცებდა, რომ აფხაზეთში ჩავიდა 119 “დამკვირვებელი” 27 ქვეყნიდან? ამ ინფორმაციის შემოწმება და მითუმეტეს ნდობა შეუძლებელია. ამიტომ მოგვიწია დამკვირვებელთა გვარების ამოკრება პრესიდან და მათი რაოდენობა სულაც არ ემთხვევა ღვინჯიას ნათქვამს.

“დამკვირვებელთა” ყველაზე დიდი დელეგაცია რუსეთიდან იყო, რაოდენობით მეორე – უკრაინიდან. დასახელებული იყვნენ აგრეთვე ავსტრიის, პოლონეთის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, იტალიის, ბელგიის, ვენესუელის, იაპონიის და თვით ნაურუსა და ფიჯის მოქალაქეები. “ჩვენ უფრო მეტ ხალხს ველოდებოდით, რადგანაც პარლამენტმა გაგზავნა მოწვევები პრაქტიკულად ყველა წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციაში და დსთ-ს ქვეყნების ყველა პარლამენტში”, – თქვა 26 აგვისტოს თავის პრესკონფერენციაზე მაქსიმ ღვინჯიამ. მაგრამ ორი დღით ადრე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბატალ ტაბაღუამ საკმაოდ გაურკვეველი განცხადება გააკეთა “დამკვირვებელთა” რაოდენობის თაობაზე. “ჩვენთან ჩამოვიდა ევროპარლამენტის დეპუტატთა გარკვეული რაოდენობა, მაგრამ ეს ის ციფრი არ არის, რომელზეც თავიდან იყო ლაპარაკი”. ევროპარლამენტიდან აღმოჩნდა მხოლოდ ერთი ადამიანი – უნგრელი პოლიტიკოსი ბელა კოვაჩი, რომელიც ცნობილია თავისი ნაციონალისტური შეხედულებებით.

მიუხედავად ამისა “დამკვირვებელთა” გვარები და ბიოგრაფიები საშუალებას გვაძლევს, ვიმსჯელოთ მათი უმრავლესობის იდეოლოგიურ საფუძველზე, შევაფასოთ მათი “პროფესიული” გზა და პოსტსაბჭოთა სივრცეში არჩევნებზე “დაკვირვების” გამოცდილება.

მიცუჰირო კიმურა, პოლიტიკური ორგანიზაცია “ისსუი-კაის” თავმჯდომარე, იაპონია: 47 წლის პოლიტიკოსი და პუბლიცისტი იაპონიაში ცნობილია, როგორც ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური იდეოლოგიის მიმდევარი. ის მეგობრობს ლე პენთან და სხვა ევროპელ რადიკალებთან, აგრეთვე – ვლადიმირ ჟირინოვსკისთან. თვით იაპონიაში ორგანიზაციის წევრებს (დაახლოებით 100 კაცია) ეძახიან “ახალ მემარჯვენეებს”. ყველა სხვა მემარჯვენეებისგან ისინი განსხვავდებიან ღია ანტიამერიკული პოზიციით.

პირველად მიცუჰირო კიმურა სოხუმში თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად ჩავიდა 2011 წლის მაისში და ის უმაღლეს დონეზე მიიღეს. მაშინ მიცუჰირო კიმურამ განაცხადა, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა “სამურაებისთვის დამახასიათებელი სულისკვეთებით”, რომლითაც განმსჭვალულნი არიან აფხაზები თავისი ქვეყნის დასაცავად. “მის (აფხაზეთის) გაქრობას მთელი ძალებით ცდილობენ ამერიკა და ზოგიერთი მეზობელი ქვეყანა. მე იმედი მაქვს, რომ თავისუფლების და დამოუკიდებლობის სული, საკუთარი სამშობლოს ბოლომდე დაცვის მზადყოფნა მთელი მსოფლიოსთვის უნდა გახდეს ცნობილი. ამით აფხაზეთი მიიღებს მსოფლიო თანამეგობრობის აღიარებას”, – განაცხადა მიცუჰირო კიმურამ.

იმ ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი იყო შემდეგი გარემოება: ორგანიზაცია “ისუი-კაის” დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ თვითონ მიცუჰირო, იამაგუტი ცუესი, სკოლა “კუნიმოტოს” წარმომადგენელი ნაკამურა ჰირომიტი, ჟურნალისტი ფურუსავა კეისუკე, თან ახლდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის მესამე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ალექსანდრ ქარჩავა.

სოხუმიდან დელეგაცია ცხინვალში გაემგზავრა, ისევ ქარჩავას თანხლებით, სადაც “ისუი კაის” თავმჯდომარის მოადგილემ ტაკუია სუგიმოტომ და პარტია “სამართლიანი ოსეთის” თავმჯდომარის მოადგილემ პაველ კუმარიტოვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ.

იაპონელი ნაციონალისტების ვიზიტის შემდეგ იაპონიის საელჩომ საქართველოში გავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ “დელეგაციის სტუმრობა აფხაზეთში არ ცვლის იაპონიის მთავრობის პოლიტიკას საქართველოს მიმართ. იაპონია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც არანაირი დამოკიდებულება არ აქვს იაპონიის ხელისუფლებასთან”.

ფილიპ ფუნოვიცი, ავსტრიის კომუნისტური პარტიის წევრი: 31 წლის ფილიპ ფუნოვიცი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მემარცხენე მოძრაობებში, 2003 წლიდან 2005 წლამდე იყო გრაცის უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის თავმჯდომარე. აფხაზეთის არჩევნებზე ის წარდგენილი იყო როგორც “ავსტრიის პარლამენტის დეპუტატი”. ასევე უწოდებდნენ მას რიგ სხვა ღონისძიებებზე, მაგალითად მინსკში საერთაშორისო კონფერენციაზე “აღმოსავლეთის პარტნიორობის პერსპექტივები”. ორენბურგის ოლქის მთავრობის საიტზე ფილიპ ფუნოვიცი მოხსენიებულია როგორც “ავსტრიის რეგიონული პარლამენტის დეპუტატი”, რომელიც 2011 წლის მაისში ჩასული იყო რუსეთში ადგილობრივ არჩევნებზე “საერთაშორისო ექსპერტის” რანგში.

მისი რეალური სტატუსის ძიებამ მოულოდნელ შედეგამდე მიგვიყვანა – ავსტრიის კომპარტიის საიტზე ის მოხსენიებულია როგორც Klubreferent im Landtagsklub der KPუ (ლანდტაგის კლუბრეფერენტი). პროვინცია შტირიას ლანდტაგის საიტზე ფილიპ ფუნოვიცი სულ ხუთჯერ იხსენიება, მათგან სამჯერ – როგორც ავსტრიის კომპარტიის კანდიდატი ევროპარლამენტში, სადაც, ის შემდეგ ვერც მოხვდა. როგორც ჩანს, პოსტსაბჭოთა სივრცეში გამართულ არჩევნებზე ცენტრალური საარჩევნო კომისიები თავს არ იწუხებენ “დამკვირვებელთა” მიერ წარდგენილი მონაცემების შემოწმებით. აფხაზეთის შემთხვევაში დამახინჯება შესაძლოა განზრახ იყო გაკეთებული. ცხადია უმჯობესია, როდესაც “საერთაშორისო დამკვირვებელს” დეპუტატის ბიოგრაფია აქვს და არა ჩვეულებრივი საერთაშორისო აფერისტის რეპუტაცია.

პიოტრ ლუჩაკი, პოლიტიკოსი-სოციალისტი, ჟურნალისტი, გერმანია:

სოციალისტი და ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობისათვის” საიტის ავტორი ბევრს წერს ბელარუსზე. აფხაზეთის არჩევნებზე წარდგენილი იყო როგორც გაზეთ “იუნგე ველტის” თანამშრომელი (ამ გაზეთს არავითარი კავშირი არ აქვს ცნობილ გამოცემა “დი ველტთან”). ხანდახან პიოტრ ლუჩაკი თავს წარმოადგენს, გაზეთ “ნოიეს დოიჩლანდის” კორესპონდენტად. 2011 წლის ივლისში ბელარუსის ინფორმაციის სამინისტროს მიწვევით ტრენინგები ჩაუტარა ჟურნალისტებს. 2011 წლის 6 ივლისს ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო “ბელტა” მასზე წერდა: “პიოტრ ლუჩაკი მიიჩნევს, რომ ევროპაში ეშინიათ ბელარუსის მაგალითის. ქვეყნის, სადაც ევროპული სახელმწიფოებისგან განსხვავებით ჯერ კიდევ არსებობს სოციალური პაკეტი. ევროპაში სერიოზული პრობლემებია უმუშევრობასთან დაკავშირებით. ადამიანებს უჭირთ ცხოვრება. პიოტრ ლუჩაკი შეგვპირდა, რომ ჩასვლის შემდეგ ბელარუსის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიდა ევროპელებს”.

პიოტრ ლუჩაკი არის მემარცხენე მიმართულების პარტიის “დი ლინკე”-ს აქტივისტი. პარტიის პროგრამაში წერია: “ჩვენი ალტერნატივაა სოციალური, დემოკრატიული და სამშვიდობო რეფორმები კაპიტალიზმის გადასალახავად”. ის ცნობილია, როგორც ოსური ორგანიზაცია “აღორძინების” წარმომადგენლების მიერ 2010 წლის იანვარში მოსკოვში, ბრიუსელსა და ბერლინში ჩატარებული აქციების ორგანიზატორი. აქციებზე ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტებისგან მოითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლების ქმედებათა დაგმობას, რომლებიც ოსებს იტაცებდნენ. მათ უნდოდათ ამით მიეღწიათ ქართული ციხეებიდან ოსი პატიმრების დაუყოვნებლივი განთავისუფლებისთვის. 2009 წელს იყო სამხრეთ ოსეთ-გერმანიის მეგობრობის საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი. 2011 წლის 4 ივლისს ედუარდ კოკოითიმ ლუჩაკს გადასცა “ხალხთა მეგობრობის” ორდენი.

პოსტსაბჭოთა სივრცეში სეპარატისტების მხარდაჭერა ლუჩაკის საყვარელი საქმიანობაა. 2010 წლის 12 დეკემბერს ტირასპოლში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ დნესტრისპირეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ხმის მიცემა “მთელი დღის განმავლობაში შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს”. “ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, თამამად შემიძლია მოვუწოდო ჩემს თანამემამულეებს დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკის აღიარებისაკენ,” – თქვა მან. სააგენტო “რეგნუმის” ცნობაში ის მოხსენიებულია, როგორც “დი ლინკეს” ფრაქციის ლიდერი ბერლინის პარლამენტში”, მაგრამ ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ მისი დეპუტატობის დამადასტურებელი ინფორმაცია.

ბელა კოვაჩი, უნგრელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტის წევრი: მას 1986 წელს დამთავრებული აქვს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი (МГИМО), დიდხანს ცხოვრობდა და მუშაობდა რუსეთში, არის ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური პარტია Jobbik-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. როგორც პოლიტიკოსი და ეკონომისტი ემხრობა რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობებს, პირველ რიგში უნგრული საქონლისთვის ბაზრის გაფართოების მიზნით. 2009 წლის ოქტომბერში პარტია Jobbik-ი გახდა ევროპის ნაციონალური მოძრაობების ალიანსის შექმნის ინიციატორი. მასში გაერთიანებულნი არიან მემარჯვენე კონსერვატიული პარტიები, ლე პენის საფრანგეთის ეროვნული ფრონტის, ბრიტანეთის ეროვნული პარტიისა და ავსტრიული “ავსტრიის თავისუფლების პარტიის” ჩათვლით, რომელსაც ცნობილი ნაციონალისტი იორგ ჰაიდერი ხელმძღვანელობს.

პარტია თავს მიიჩნევს რადიკალურ და ნაციონალურ-კონსერვატიულ პოლიტიკურ ძალად. დამოუკიდებელი ექსპერტები Jobbik-ს ახასიათებენ, როგორც ულტრამემარჯვენე პარტიას. ისინი აქტიურად იყენებენ ანტიბოშურ, ანტისემიტურ და ანტიიმიგრანტულ რიტორიკას. მოითხოვენ ტერმინის “ბოშური დამნაშავეობა” აღიარებას და მასთან ბრძოლის დაწყებას, ატარებენ საპროტესტო აქციებს ბოშების მიერ ჩადენილი ხმაურიანი დანაშაულებების შემდეგ. პარტიის ლიდერი გაბორ ვონა გამოდის აგრეთვე ბოშებს შორის შობადობის შეზღუდვის მოწოდებით და მოითხოვს “ზარმაცი მშობლების” ბოშა ბავშვების სკოლა ინტერნატებში იძულებით გადაყვანას.

ბელა კოვაჩი უკრაინის მცხოვრებთათვის უნგრული პასპორტების დარიგების ინიციატორი და აქტიური მომხრეა. 2011 წლის მაისში მას უჟგოროდში შეხვედრა ჰქონდა კარპატისპირეთში არსებულ რუსინების მოძრაობის წარმომადგენლებთან. ამ უკანასკნელთაგან ზოგიერთები ემხრობიან კარპატისპირეთის უკრაინისგან გამოყოფის იდეას.

ანდრეა ბორბელი, უნგრეთი: უნგრეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (www.valasztas.hu) საიტზე ანდრეა ბორბელი მოხსენიებულია, როგორც დელეგირებული წევრი (დამკვირვებელი) 2010 წლის სექტემბრის არჩევნებში ნაციონალისტური პარტია Jobbik-იდან. მონაწილეობდა მუნიციპალურ არჩევნებში.

მატეუშ პისკორსკი, გეოპოლიტიკური ანალიზის ევროპული ცენტრის დირექტორი, პოლონეთის სეიმის ყოფილი დეპუტატი პარტია “თავდაცვიდან”: 34 წლის მატეუშ პისკორსკი იყო პოლონეთის სეიმის ფრაქცია “თავდაცვის” წევრი. Samoobrona Rzeczpospolitej Polskiej რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის პოლონური ანალოგია როგორც იდეოლოგიის, ასევე სკანდალურობის დონით. პისკორსკი ევროპაში ერთადერთი დეპუტატია (ამჯერად ყოფილი დეპუტატი), რომელიც რეალურად ჩამოყალიბებული “სკინჰედია”, ჩრდილოეთ პოლონეთის “სკინჰედთა” მოძრაობის იდეოლოგი, ნაცისტურ ჟურნალ “ოდალა”-ს გამომცემელი და “თავგადაპარსულთა” არაფორმალური ჯგუფის “ნიკლოტის” ლიდერი. თავის ქვეყანაში მას აქვს გამოუსწორებელი რასისტის და ანტისემიტის იმიჯი. “სკინჰედების” მოძრაობის რუსული ორგანიზაციის (Закон Задруги – Северный Волк) წარმომადგენლებთან ერთად პისკორსკი ესწრებოდა “სკინჰედების” და ნეოწარმართების ყრილობას მოსკოვში. 2000 წელს გაზეთში “ია – რუსკი” ის წერდა, რომ თეთრი პოლონეთი უნდა იყოს თეთრ რუსეთთან ერთად, იმიტომ, რომ “ის რაც ახლა ხდება პოლონეთსა და გერმანიას შორის… ეს არის ფარული გერმანული ეკონომიკური შემოჭრა, არსებითად შეღწევის ურიების მეთოდი”. დსთ-ის ქვეყნების მიერ მოვლინებული ამ დამკვირვებლის ზოგიერთი პუბლიცისტური კვლევა შეიძლება ნახოთ დამახასიათებელი სახელის მქონე საიტზე “თეთრი სამყარო”, რომელიც, სხვათაშორის, ყირიმის რუსეთისთვის “დაბრუნებისკენ” მოწოდებით გამოდის.

პისკორსკის უახლოესი თანამოაზრეები რუსეთში არიან დუგინის “ევრაზიელები”. ის ხელმძღვანელობს საერთშორისო ევრაზიულ მოძრაობას პოლონეთში. არის ავტორი სტატიისა “ახალი სლავური ნაციონალიზმი პოლონეთში”, რომელშიც ჩამოაყალიბა რუსი და პოლონელი ნაციონალისტების თანამშრომლობის პერსპექტივები. “პოლონელ და რუს ნაციონალისტებს შორის შეხვედრების სერიისა და საქმიანი კონტაქტების შემდეგ წარმართული და ახალი ტიპის მემარჯვენეთა ორგანიზაციების აქტივისტების უმრავლესობა მივიდა დასკვნამდე, რომ სლავური თანამეგობრობისთვის ერთადერთი გონიერი ალტერნატივაა რუსეთთან თანამშრომლობა. ეს ადამიანები, რომელთაც გარკვეული გავლენა აქვთ უფრო მსხვილ და ძლიერ პარტიებში, მზად არიან მომავალში განავითარონ დაწყებული თანამშრომლობა უფრო მაღალ დონეზე”.

2011 წლის ივლისში ედუარდ კოკოითიმ დააჯილდოვა მატეუშ პისკორსკი მედლით “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად”. 2005 წელს მონაწილეობდა დნესტრისპირეთში არჩევნებზე “დაკვირვებებში” და ისინი “დემოკრატიულად” აღიარა.

იანუშ მაქსიმუკი, პოლონეთი: “დამკვირვებელთა” პრესკონფერენციაზე წარადგინეს, როგორც პარტია “თავდაცვის” პრეზიდიუმის წევრი.

ბოგდან სოხა, პოლონეთი: მეოცე საუკუნის 70-იან წლებში იყო პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტიის (სკკპ-ის პოლონური ანალოგი) წევრი. მუშაობდა პოლონეთის პრეზიდენტ ალექსანდრ კვასნევსკის შტაბში, 1994-1998 წლებში იყო დემოკრატიულ მემარცხენე ძალების კავშირის წევრი, 1998-2001 წლებში პოლონეთის სოციალისტური პარტიის წევრი, 2002 წელს შევიდა ნაციონალისტურ პარტია “თავდაცვაში”. 2011 წლის მაისიდან ამ პარტიის ეროვნული საბჭოს წევრია.

ვალერი გულბასი, ლატვია: ინტერნეტში შეიძლება მისი სტატუსის პოვნა – ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უშტატო მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ლატვიასა და ბალტიის ქვეყნებში. არის აგრეთვე ფონდ VIV-Foundation გამგეობის თავმჯდომარე. ამ ფონდზე მონაცემები ვერ აღმოვაჩინეთ. ვერ გავარკვიეთ აგრეთვე რას წარმოადგენს ფონდი “თანაბარი შესაძლებლობები ყველასთვის”. ცნობილია, რომ გულბასი სწავლობდა მოსკოვში, დაამთავრა უმაღლესი პარტიული სკოლა ყაზახეთში. ყაზახეთის პრეზიდენტის უშტატო მრჩევლის სტატუსით მონაწილეობდა ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის Mazeikiu nafta პროექტში. გამოცანაა, თუ როგორ მოხვდა 62 წლის გულბასი “საერთაშორისო დამკვირვებლების” ჯგუფში.

ამ გამოცანის გასაღები შეიძლება იყოს გულბასის მიერ ყაზახეთის გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, რომელშიც მან ისაუბრა თავის მონაწილეობაზე ყაზახეთსა და ფიჯის კუნძულებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებაში. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ კუნძულოვანი სახელმწიფო მოხვედრილი იყო იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც შეეძლოთ ეღიარებინათ და დიპლომატიური ურთიერთობა დაემყარებინათ აფხაზეთთან. უცნობია არის თუ არა ამ ისტორიასთან დაკავშირებული გულბასი, მაგრამ მის მონაწილეობას აფხაზეთის არჩევნებში სხვა ახსნა არ აქვს.

ავიგდორ ესკინი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, ისრაელი: 51 წლის ავიგდორ ესკინი ცნობილია თავისი პრორუსული შეხედულებებით პოსტსაბჭოთა სივრცესთან მიმართებაში, მას აგრეთვე კავშირი აქვს რუსეთის ნაციონალისტურ მემარჯვენე ორგანიზაციებთან. 2007 წელს დაპატიმრებული იყო ისრაელში ბიზნესმენ მიხაილ ჩორნის და მისი უახლოესი გარემოცვის სატელეფონო საუბრების უკანონო მოსმენის ორგანიზაციის ბრალდებით. ამას აკეთებდა რუსი ბიზნესმენის ოლეგ დერიპასკას შეკვეთით.

2010 წლის 29 ოქტომბერს ისრაელის გაზეთმა “ჰაარეცი” მას მიუძღვნა მრავალგვერდიანი დამატება. რომელშიც მის შესახებ ბევრი რამაა მოთხრობილი. იყო დაპატიმრებული ალექსანდრ სოლჟენიცინის ნაწარმოებების გავრცელების გამო; მონაწილეობდა ამერიკელების მიერ ირანისთვის იარაღის საიდუმლო მიწოდებაში; ნიკარაგუას ამბოხებულების ფინანსური მხარდაჭერისთვის (თავის დროზე, როდესაც რეიგანის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი გახმაურდა, ამას ძალიან სერიოზული სკანდალი მოჰყვა ამერიკაში, სპეციალური გამოძიება რამდენიმე წელი გრძელდებოდა); ჩარეული იყო კონფლიქტში ალუმინის ბიზნესის ოლიგარქებს ოლეგ დერიპასკასა და მიხაილ ჩორნის შორის; PR-კონსულტაციებს უწევდა ბრიტანელ კონსერვატორებს და ამერიკელ რესპუბლიკელებს; ჩამოაყალიბა მემარჯვენე რადიკალური მოძრაობა “კახ”-ის პროპაგანდის კონცეფცია; მონაწილეობდა კრემლის საერთაშორისო აქციებში და იანუკოვიჩის წინასაარჩევნო კამპანიაში. ეს ყველაფერი უცნაურად არის გადახლართული ერთი ადამიანის ისტორიაში. ის არის პუბლიცისტი და პოლიტტექნოლოგი, ბიბლიური ფსალმუნების ყველაზე სრული რუსულენოვანი კომენტარების ავტორია; აქვს მუსიკალური განათლება – სწავლობდა გნესინის ინსტიტუტში; არის ფრანგი ფილოსოფოსების თანამოსაუბრე და ინტერპრეტატორი; ძველი სლავური ლექსიკის კარგი მცოდნეა, არის ორთოდოქსი იუდეველი და რუსეთის ნაციონალისტების მრჩეველი; ალექსანდრ დუგინის კომერციული შუამავალი და თანამოაზრე; სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის თეთრკანიანი უმცირესობის და უკრაინის რეგიონების პარტიის საერთაშორისო ლობისტი. ამ ადამიანში გაერთიანდა ძნელად თავსებადი ან საერთოდ შეუთავსებელიც კი (www.kompromat.ru).

2010 წლის 13 სექტემბერს საქართველოს სასაზღვრო სამსახურმა ავიგდორ ესკინს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა.

ოლივიე დეკროკი, საფრანგეთი: პარტია “მემარცხენე რადიკალების” მდივანი. მისი სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, “გამოხატავს მადლიერებას, რომ მიეცა საშუალება ჩამოსულიყო აფხაზეთში და საკუთარი თვალით ენახა, როგორ მიმდინარობს იქ დემოკრატიული პროცესი”.

ანრი პოლ ფალავინია, საფრანგეთი: არის ჰუმანიტარული ასოციაციის “ბესლანის ბავშვებისადმი სოლიდარობა” პრეზიდენტი. ბესლანის საპატიო მოქალაქე. მას ეკუთვნის სტატია “რატომ უნდა ვთქვათ ტყუილი ბესლანზე და სამხრეთ ოსეთზე?” საიტზე http://beslan.hautetfort.com. იზიარებს კრემლის ოფიციალურ თვალთახედვას ბესლანის მოვლენებზე და ცხინვალის რეგიონზე.

ორანგე ლოპესი, ვენესუელა: რუსულ და აფხაზურ მედიაში წარმოდგენილია, როგორც ვენესუელის პარლამენტის დეპუტატი, თუმცა მოქმედი ეროვნული ასამბლეის სიაში ამ სახელის და გვარის მქონე ადამიანი არ არის.

რამონ ფერნანდესი, დომინიკის რესპუბლიკა: აფხაზეთის არჩევნების შესახებ ცნობებში მოხსენიებულია “დომინიკის რესპუბლიკის ეროვნული კონგრესის დეპუტატი”. შეიძლება ის არის Ramon Arcangel Santana Ramirez-ი დომინიკის მემარცხენე რევოლუციური პარტიის წევრი, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში ჰავანაში, კუბაშია დაარსებული.

ლუდვიგ სკოტი, ნაურუს პარლამენტის სპიკერი: ეს არის 63 წლის პოლიტიკოსი უცნაური რეპუტაციით. 2007 წლის 25 აგვისტოს ნაურუში ჩატარდა მორიგი საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც სკოტის მომხრეებმა ხმების უმრავლესობა მიიღეს და ის 28 აგვისტოს ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტად, 14 ხმით სამის წინააღმდეგ. ამ სამმა მარკუს სტივენს დაუჭირა მხარი. მაგრამ 19 დეკემბერს, უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების შემდეგ, მაინც იძულებული გახდა სავარძელი სტივენისთვის დაეთმო. როგორც ჩანს, სწორედ ლუდვიგ სკოტი იყო 2009 წლის დეკემბერში აფხაზეთის “დამოუკიდებლობის” აღიარების ლობისტი. “კომერსანტის” წყაროებმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ გაზეთს განუცხადეს, რომ მოსკოვმა შეიძლება აღმოუჩინოს რესპუბლიკა ნაურუს ჰუმანიტარული დახმარება 50 მილიონი დოლარის ოდენობით.

სებასტიან დროუდონი, საფრანგეთი: მედიაში მოხსენიებულია, როგორც “ერთ-ერთი ფრანგული ტელეარხის დირექტორთა საბჭოს თანათავმჯდომარე”. თუმცა ამ ადამიანის სამუშაო ადგილი ვერ ვიპოვეთ. აფხაზეთის საარჩევნო პროცესი დაახასიათა, როგორც დემოკრატიული და ღია. “აფხაზები დაინტერესებულნი იყვნენ არჩევნების ნორმალური შედეგით. რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს ჰქონდა ხმის მიცემის თანაბარი უფლება, პროცესი მთლიანად კონტროლირებადი იყო როგორც მრავალრიცხოვანი დამკვირვებლების, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. მიმაჩნია, რომ არჩევნები ჩატარდა უმაღლეს დონეზე აფხაზეთში დემოკრატიის განვითარების და მისი სუვერენიტეტის უზრუნველყოფის თვალსაზრისით”.

ბარბარა მაპიშალი, ფიჯი: მასზე მხოლოდ ის იყო ნათქვამი, რომ “სამშობლოში ის მუშაობს უმაღლესი სასამართლოს ადვოკატად”. ფიჯის უმაღლესი სასამართლოს მონაცემთა ბაზაში (www.paclii.org/fj/cases/FJSC/) ამ სახელის ადვოკატი ვერ აღმოვაჩინეთ.

ენდრიუს სუონი, არაღიარებული ხალხების და ერების ორგანიზაციის წარმომადგენელი.

მატეო ენჯოლი, არაღიარებული ხალხების და ერების ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ვლადიმირ პეხტინი, რუსი დამკვირვებლების მისიის ხელმძღვანელი: 60 წლის პოლიტიკოსია, რომელმაც გაიარა თანამედროვე ნომენკლატურის საბჭოთა გზა ენერგეტიკოსიდან მაგადანის საოლქო დუმის თავმჯდომარემდე. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმაში არის პარტია “ედინაია როსიას” ფრაქციის ხელმძღვანელის მოადგილე.

კონსტანტინ კოსაჩოვი, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი: სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქცია “ედინაია როსიას” წევრი.

ვასილი ვოლკოვი, “რუსეთის ფედერაციის თავისუფალი არჩევნების ფონდის” საბჭოს თავმჯდომარე: გენერალ-პოლკოვნიკი, დაამთავრა ბლაგოვეშჩენსკის უმაღლესი სატანკო სამეთაურო სასწავლებელი და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ინსტიტუტის სამხედრო-იურიდიული ფაკულტეტი. 1994-1996 წლებში იყო დსთ-ის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრთა საბჭოს წარმომადგენელი დსთ-ის აღმასრულებელ სამდივნოში, ერთდროულად სამხედრო თანამშრომლობის და უშიშროების დეპარტამენტის დირექტორი; 1996 წლიდან დსთ-ის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრთა საბჭოს მდივანი. 1999 წლის 15 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებით დაინიშნა რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში. არის “რუსეთის ფედერაციის თავისუფალი არჩევნების ფონდის” საბჭოს თავმჯდომარე, რომელშიც ძირითადად სახელმწიფო ჩინოვნიკები არიან გაერთიანებულნი.

ვერა ლეკარევა, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატი: ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (სადისერტაციო თემაა – ფიზიკური კულტურის როლი სახელმწიფოს სოციალური სტაბილურობის განმტკიცებაში 1917-1928 წლებში შუა ვოლგისპირეთის მასალებზე). ფრაქცია “სამართლიანი რუსეთის” წევრი.

სერგეი მარკოვი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატი: 2007 წელს არჩეულ იქნა დეპუტატად პარტია “ედინაია როსიას” სიით.

ალექსანდრ პოჩინოკი, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი: ახალი რუსული ნომენკლატურის წარმომადგენელია. 1993-1994 წლებში იყო რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილე, რუსეთის უმაღლესი საბჭოს საქმეების გადაცემის კომისიის თავმჯდომარე. 1994-1995 წლები – სახელმწიფო დუმის პირველი მოწვევის დეპუტატი ჩელიაბინსკის ოლქის მაგნიტოგორსკის საარჩევნო ოკრუგიდან, ფრაქცია “რუსეთის არჩევანის” წევრი. 1996-1997 წლები, სახელმწიფო დუმის მეორე მოწვევის დეპუტატი, დუმის ბიუჯეტის, გადასახადების, ბანკების და ფინანსების კომიტეტის წევრი, სადეპუტატო ჯგუფის “რუსეთის რეგიონების” წევრი. ერთდროულად იყო დსთ-ის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საკონტროლო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 1997-1998 წლებში იყო რუსეთის საგადასახადო სამსახურის უფროსი. 1998-1999 წლებში რუსეთის მთავრობის აპარატის ფინანსებისა და ფულად-საკრედიტო რეგულირების დეპარტამენტის უფროსი. 1999-2000 წლებში რუსეთის გადასახადების და მოსაკრებლების მინისტრი. 2000-2004 წლებში რუსეთის შრომისა და სოციალური განვითარების მინისტრი. 2004 წელს იყო რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მიხაილ ფრადკოვის თანაშემწე.

ვიქტორ ოზეროვი, რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს დამკვირვებელთა დელეგაციის მეთაური: ის კადრის სამხედრო პირია, ფედერაციის საბჭოს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. ცნობილია თავისი გამონათქვამებით ნატოსთან მიმართებაში. 2006 წლის მაისში ის ერთ-ერთი რუსი პოლიტიკოსი იყო, რომელიც გამოდიოდა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების “დაცვის” მოწოდებით. “აღიარებს რა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რუსეთს ამასთან ერთად არ შეუძლია დაივიწყოს თავისი ათასობით მოქალაქე, რომლებიც აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობენ”. 26 აგვისტოს დილით, არჩევნების დღეს, მისი აზრი კატეგორიული იყო: “არჩევნები იქნება პატიოსანი და დარწმუნებული ვარ არაფერი მოგვცემს მათ პატიოსნებაში და სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საბაბს”. 2009 წლის თებერვალში გამოდიოდა აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ბაზის შექმნის ინიციატივით: “რუსეთის საზღვაო ბაზა აფხაზეთში აუცილებელია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად”.

ალექსანდრ ბროდი, რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის წევრი: ადამიანის უფლებათა მოსკოვის ბიუროს დირექტორი. ცნობილია, როგორც კრემლის პოლიტიკის აქტიური მომხრე. 2007 წელს, სახელმწიფო დუმაში არჩევნების შედეგების კომენტირებისას განაცხადა, რომ მასობრივი დარღვევები არ მომხდარა, ხოლო არსებულმა დარღვევებმა გავლენა ვერ მოახდინეს არჩევნების შედეგზე. 2008 წელს “სამხრეთ ოსეთში” მიმდინარე ომის შესახებ ალექსანდრ ბროდმა განაცხადა: “მსხვერპლის რაოდენობისა და ნგრევის მასშტაბებით თუ ვიმსჯელებთ, ქართველებს უნდოდათ გაემართლებინათ მათ მიერ ჩატარებული ოპერაციის სახელი “სუფთა მინდორი”. სავსებით ცხადია, რომ მსგავსი დასახელების ოპერაციის მიზანი იყო სამხრეთ ოსეთში ოსების სრული განადგურება”. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ქართველი სამხედროები ნარკოტიკების ზემოქმედების პირობებში იბრძოდნენ. ბროდი დაეყრდნო თვითმხილველთა მონათხრობს და “სამხრეთ ოსეთის” ხელისუფლებას, რომლებმაც, როგორც ბროდმა აღნიშნა, ტყვედ ჩავარდნილ ჯარისკაცებს ხელებზე ინექციის კვალი აღმოუჩინეს. ბროდის სიტყვებით მსგავსი პრეპარატების გარეშე “ადამიანები ვერ გაბედავდნენ ეკლესიებში ქალების და ბავშვების ცოცხლად დაწვას, იმ სარდაფებში ხელყუმბარების ჩაყრას, სადაც მშვიდობიანი მცხოვრებლები ტყვიების წვიმას ემალებოდნენ”.

რაის ატნაგულოვი, რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის წევრი: თადარიგის პოლკოვნიკი. საქველმოქმედო ფონდების “დედა” საერთაშორისო საზოგადოებრივი ასოციაციის პრეზიდენტი. ცნობილია როგორც ვლადიმირ პუტინის მიერ სახალხო ფრონტის შექმნის მომხრე. რაის ატნაგულოვი აცხადებს, რომ “სახალხო ფრონტმა” უნდა გადაწყვიტოს საზოგადოების გაერთიანების ამოცანა დიადი რუსეთის ასაშენებლად. მან ოპონენტებს შეახსენა, რომ სწორედ საზოგადოების ერთიანობა, ერთიანი მიზნისათვის ინტერესების დაქვემდებარება დაეხმარა საბჭოთა კავშირის ხალხებს დიდ სამამულო ომში გამარჯვებაში. “სამხრეთ ოსეთსა” და რუსეთის ფედერაციას შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის, “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” დამოუკიდებლობის აღიარების პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის, ოსი ხალხის მხრდაჭერისა და დახმარებისთვის ის დაჯილდოებულია “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” სახელმწიფო ჯილდოთი – მეგობრობის ორდენით.

მაქსიმ შევჩენკო, რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის წევრი: კრემლის მომხრე ორიენტაციის ცნობილი პროპაგანდისტი.

ალეკსეი კოჩეტკოვი, CIS EMO-ს გენერალური დირექტორი, რუსეთი: უკრაინელმა ჟურნალისტმა სერგეი ილკომ ჩაატარა CIS EMO-ს საქმიანობის დეტალური გამოძიება. ყველაზე მეტად ის გააკვირვა ამ ორგანიზაციის წარმომავლობამ, რომელსაც ხელმძღვანელობს ფაშისტური ორიენტაციის მოძრაობის – რუსული ეროვნული ერთიანობის – ერთ-ერთი ყოფილი აქტივისტი ალეკსეი კოჩეტკოვი. ის ცნობილი იყო აგრეთვე როგორც გაზეთ “რუსკი პორიადოკ”-ის რედაქტორი. მოგვიანებით კოჩეტკოვი პრესაში ჩნდება სხვადასხვა თანამდებობებით: “დსთ-ის ქვეყნებში არჩევნებზე დამკვირვებელი საერთაშორისო ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაციის მისიის” წარმომადგენელი; НП СРО РОС ПК-ს აღმასრულებელი დირექტორი; გეოპოლიტიკური ანალიზის ევროპული ცენტრის რეგიონალური პროგრამების ხელმძღვანელი; დემოკრატიული პროცესების მონიტორინგის ცენტრ “კვორუმის” დირექტორი და ბოლოს CIS EMO-ს გენერალური დირექტორი. ადრე საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმი” იტყობინებოდა, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია CIS EMO, რომელსაც სათავეში უდგას ალეკსეი კოჩეტკოვი, ტრადიციულად მოქმედებს პრეზიდენტის [ადმინისტრაციის] რეგიონთაშორისი და უცხოეთის ქვეყნებთან კულტურული კავშირების სამმართველოს უფროს სერგეი ვინოკუროვთან და ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორის ყოფილ მრჩეველთან მაქსიმ გრიგორიევთან შეთანხმებით.

ალეკსეი შაპოშნიკოვი, პოლიტიკური ინოვაციების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, რუსეთი: პარტია “ედინაია როსიას” გენერალური საბჭოს პრეზიდიუმის იმ სამუშაო ჯგუფის წევრია, რომელიც დაკავებულია მოქალაქეთა განცხადებების ანალიზით საარჩევნო კამპანიების პერიოდში არსებულ დარღვევებზე. კადრის სამხედრო პირია. დამთავრებული აქვს თავდაცვის სამინისტროს წითელი დროშის ორდენოსანი სამხედრო ინსტიტუტი. არის МГРО ВПП ЕДИНАЯ РОССИЯ-ს პოლიტსაბჭოს წევრი, აგრეთვე ВОО Молодая Гвардия Единой России-ს ფედერალური კოორდინატორი.

ევგენი ცარკოვი, უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი: უკრაინის კომპარტიის ოდესის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი (2006), კომკავშირულ ორგანიზაციათა კავშირის – ახალგაზრდობის სრულიად საკავშირო ლენინური კომუნისტური კავშირის (СКО-ВЛКСМ იგივე ВЛКСМ) თავმჯდომარე (2009), 2005-2009 წლებში იყო უკრაინის ახალგაზრდობის ლენინური კომუნისტური კავშირის (ЛКСМУ) ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, უკრაინის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი (2005 წლიდან), კომუნისტურ პარტიათა კავშირის – საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის (СКП-КПСС) საბჭოს წევრი 2009 წლიდან.

ალექსანდრ ახმეროვი, ოდესის საქალაქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, უკრაინა: ოდესის მერის არჩევნების დროს 2010 წლის ოქტომბერში აღმოჩნდა იმ სკანდალის ცენტრში, რომელიც აგორდა არჩევნების ფალსიფიკაციის ბრალდებების გამო. “რეგიონების პარტიის” მომხრე.

ვალენტინა კარტაშოვა, უკრაინა: კომუნალური დაწესებულების “საქალაქო სპეციალიზებული ბავშვთა სახლი N1″-ის მთავარი ექიმი. 2010 წელს მუშაობდა ოდესის საქალაქო საარჩევნო კომისიის მდივნად.

ანდრეი განჟა, ჟურნალისტი, უკრაინა: ალეკსეი კოჩეტკოვის რუსული ორგანიზაცია CIS-EMO-ს უკრაინის ოფისის სამეცნიერო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2008 წელს იყო გლებ პავლოვსკის ეფექური პოლიტიკის ფონდის ფილიალის, უკრაინაში რუსეთის მედია-ცენტრის ექსპერტი. ეს ფონდი დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტთან ერთობლივ პროექტებს ახორციელებდა უკრაინაში. სააგენტო “უნიანის” ცნობით არასამთავრობო ორგანიზაცია “რუსეთის მედია ცენტრის” შექმნის ინიციატორები არიან რუსული ორგანიზაციები: “მედიაკავშირი”, “რუსეთ-უკრაინის თანამშრომლობის საზოგადოებრივი საბჭო”, რუსული გამოცემა “უკრაინა.რუ”,

ოკსანა შკოდა, ჟურნალისტი, უკრაინა: უკრაინის პროგრესული სოციალისტური პარტიის პრეს-მდივანი, უკრაინაში ЕСМ-ის ფილიალის ხელმძღვანელი, “ობიეკტივნაია გაზეტას” მთავარი რედაქტორი. ზოგიერთ ცნობაში მითითებულია, რომ ოკსანა შკოდა არის უკრაინის სახალხო დეპუტატის თანაშემწე, ოღონდ ამის დამადასტურებელი ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ. 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში ჩავიდა რუსეთის სამხედრო ნაწილებთან ერთად, თავის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: “რუსეთის მხრიდან დაღუპულების შესახებ ითქვა, რომ დაიღუპა 64 ადამიანი. ჩვენი გამოთვლებით და ადგილობრივი ოსების სიტყებითაც მსხვერპლი ბევრად მეტი იყო. საქართველოს მხრიდან დაღუპულია დაახლოებით 7 ათასი ადამიანი”.

ალექსანდრ დუდჩაკი, International Education Consulting-ის დირექტორი, უკრაინა: ეს არის იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომლის საქმიანობის შესახებაც არაფერია ცნობილი. დუდჩაკი უკრაინის პრორუსული ორიენტაციის მომხრეა: “ნატო უბრალოდ პაუზას იღებს, რადგან ესმის, რომ უკრაინა თავის ხელმძღვანელობასთან და მოსახლეობასთან ერთად უბრალოდ არ არის მზად ალიანსში შესასვლელად,” – თქვა ექსპერტმა. თუმცა მან დასძინა, რომ “თუ ასარჩევად იქნება თუ ვის უნდა შევუერთდეთ, უკრაინისთვის ლოგიკური იქნებოდა რუსეთთან კავშირში შესვლა”. დუდჩაკის ეკონომიკური განათლება, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს უწოდებს თავს, საკმაოდ მწირია. 2009 წელს უკრაინის სოციალურ-კონსერვატიული პოლიტიკის ცენტრის სხდომაზე, თემაზე – “მემარცხენე მოძრაობა და გლობალიზაციის საკითხი” საუბრისას მან განაცხადა: “დოლარის ტერიტორიის ექსტენსიური განვითარება დასრულებულია – სწორედ ეს გახდა ფინანსური კრიზისის მიზეზი”. მისი სიტყვებით “ადრე შეიძლებოდა სამყაროს მართვა დოლარით, ახლა კი დედამიწის მთელი სიმდიდრე სხვის ხელშია კონცენტრირებული. კონკრეტულად თუ ვის ხელში, ამას შეიძლება მხოლოდ მივხვდეთ”.

ოლეგ ვერნიკი, მემარცხენე აქტივისტი, უკრაინა: დამოუკიდებელი პროფკავშირის Захист Праці-ის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე. 2007 წელს იყო ორგანიზაცია “მემარცხენე ინიციატივას” კოორდინატორი. 2004 წელს მოხსენიებული იყო როგორც CIS-EMO-ს ოფიციალური წარმომადგენელი უკრაინაში. იყო უკრაინის მუშათა და გლეხთა კომუნისტური პარტიის წევრი.

არაიკ სარგსიანი, გეოპოლიტიკური პრობლემების რუსეთის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, სომხეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი პალატის წევრი: მას ეკუთვნის გამონათქვამი: “ადრე თუ გვიან რუსეთი მოახერხებს სამხრეთ კავკასიის თავისი გავლენის სფეროში დაბრუნებას. აშშ გაყიდის თავის გეოპოლიტიკურ აქტივებს რეგიონში და მათ რუსეთი შეისყიდის” (2001 წლის 27 ივლისი).

არტურ მელქუმიანი, სომხეთი: ის, როგორც CIS-EMO-ს დამკვირვებელი სომხეთის მხრიდან შემჩნეულ იქნა უკრაინაში და ყირგიზეთში 2010 წელს.

გრიგორი მარაკუცა, თანამეგობრობის “დემოკრატიისა და ხალხთა უფლებებისათვის” საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარე: 1981-1991 წლებში იყო სახალხო დეპუტატთა კამენის რაიონული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. მოლდავეთის კომუნისტური პარტიის კამენის რაიკომის პირველი მდივანი. 1990 წლიდან არაღიარებული დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია. 1991 წლის იანვარში აირჩიეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ. ამ თანამდებობაზე ხელახლა აირჩიეს 1995 და 2000 წლებში. 2005 წლის არჩევნებში უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა მოიპოვა პარტიამ “განახლება” და მისმა მოკავშირე პოლიტიკურმა ძალებმა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე არჩეულ იქნა “განახლების” ლიდერი ევგენი შევჩუკი. 2005 წლიდან მარაკუცა არის დნესტრისპირეთის უმაღლეს საბჭოს სპეციალური წარმომადგენელი საპარლამენტთაშორისო კავშირებში. მისი ფრაზაა: “საქართველოს და მოლდავეთის ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ მათი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პასუხი ვაგებინოთ იმ პირებს, რომლებიც აწარმოებენ სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის და დნესტისპირეთის ხალხების გენოციდს” (2007 წლის იანვარი).

მიხაილ გარბუზი, მოლდოვა: პარტია “მოლდოვას პატრიოტების” თავმჯდომარე, რომელიც 2010 წლის 30 ივნისს არის რეგისტრირებული. 2011 წლის 15 ივნისს მოლდავეთში პარტია “მოლდოვას პატრიოტების” აქტიური ძალისხმევით სპეციალურ პრესკონფერენციაზე გამოცხადდა მოლდავეთის ეროვნული აღორძინების ფრონტის შექმნის შესახებ. გარბუზის ბიოგრაფიაში საქმიანობის ბოლო რამდენიმე წელიწადი დაფარულია და გაურკვეველია. 1994-2003 წლებში მუშაობდა სპეციალური კავშირის სახელმწიფო ცენტრში. გაიარა გზა წამყვანი სპეციალისტიდან ცენტრის უფროსამდე. 2003-2008 წლებში ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას. 2008 წლიდან პოლიტიკური პარტია “მოლდოვას პატრიოტების” თავმჯდომარეა. 2011 წლის 23 თებერვალს კიშინიოვში ჩატარდა არასაპალამენტო პარტია “მოლდოვას პატრიოტების” ლიდერების პრესკონფერენცია. პარტიის თავმჯდომარემ მიხაილ გარბუზმა აღნიშნა, რომ 23 თებერვალი მოლდავეთში ოფიციალურ დონეზე უნდა აღინიშნებოდეს. “თარიღი 23 თებერვალი უნდა აღინიშნებოდეს, რადგანაც წითელმა არმიამ გაგვათავისუფლა ჩვენ “რუმინელი ძმების” უღლისაგან, რომლებიც გვექცეოდნენ როგორც მეორეხარისხოვან ადამიანებს. 22 წელიწადი ბესარაბია იყო რუმინეთის კოლონია, გაძარცვული და სიღატაკემდე მიყვანილი მეფის რუმინეთის მიერ. და მხოლოდ წითელმა არმიამ მისცა მოლდავეთს, როგორც სახელმწიფოს და მოლდაველებს როგორც ხალხს არსებობის შანსი”, – აღნიშნა გარბუზმა. 2011 წლის 23 ივნისს, ნატოს ინფორმირების და დოკუმენტირების ცენტრის წინ კიშინიოვში ჩატარდა საპროტესტო აქცია, რომელიც ორგანიზებული იყო რუსული ახალგაზრდობის ლიგის და პარტია “მოლდოვას პატრიოტების” მიერ. როგორც რუსული ახალგაზრდობის ლიგის პრეს-სამსახურში განაცხადეს, აქციის მონაწილეები “მივიდნენ “არას!” სათქმელად ამ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკისა და მისი დანაშაულებრივი საქმიანობისთვის, აგრეთვე ევროკავშირის პროგრამის “აღმოსავლეთის პარტნიორობის” წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატავად, რომელსაც მოლდავეთი შეუერთდა”. “მოლდაველების უმრავლესობა რუსეთში ხედავს საუკუნეობრივ მეგობარს”, – განაცხადა 2011 წლის 9 აგვისტოს მიხაილ გარბუზმა მოსკოვი-კიშინიოვის ვიდეოხიდის დროს, რომლის თემაც იყო “რუსეთი მოლდავეთ-რუმინეთის ურთიერთობების კონტექსტში”. მისი განცხადებით აგრეთვე “პარტია “მოლდოვას პატრიოტები” მხარს უჭერს გაგაუზიის ინიციატივას, რომელიც მიმართულია ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად და ქვეყნის საგანმანათლებლო პროცესში მოლდავური ენის სწავლების დასაბრუნებლად” (ანუ რუმინული ენის, ოღონდ კირილიცაზე დაფუძნებულის).

ვლადიმირ იასტრებჩაკი, დნესტრისპირეთის “საგარეო საქმეთა მინისტრი”: იმყოფებოდა აფხაზეთში 2011 წლის აგვისტოს დასაწყისში, გამართა შეხვედრები ძალოვანი სამინისტროების ხელმძღვანელებთან. დაჯილდოებულია მეგობრობის ორდენით (სამხრეთ ოსეთი 2009 წლის 16 ივნისი) – აქტიური და ნაყოფიერი საგარეოპოლიტიკური საქმიანობისთვის და დიდი პირადი წვლილისთვის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკის ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებასა და განვითარებაში. აგრეთვე მედლით “აფხაზეთში მშვიდობის მხარდაჭერისთვის” (აფხაზეთი 2009 წელი).

ეფიმი კოვალი, დნესტრისპირეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: მონაწილეობდა დამკვირვებლად აფხაზეთის სახალხო კრების დეპუტატთა არჩევნებში 2007 წელს.

ალექსანდრ კორშუნოვი, დნესტრისპირეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: ცნობილია იმით, რომ 2006 წელს მონაწილეობდა დნესტრისპირეთის “პრეზიდენტის” არჩევნებში პოტენციური “ვიცე-პრეზიდენტის” რანგში. პიოტრ ტომაილოსთან ტანდემში დაიკავა ბოლო, მეოთხე ადგილი. იყო ქალაქ ბენდერის ქალაქის საბჭოს დეპუტატი. 2010 წელს აირჩიეს დნესტრისპირეთის უმაღლესის საბჭოს დეპუტატად.

პიოტრ დენისენკო, დნესტრისპირეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: ცნობილია იმით, რომ ჩაატარა დნესტრისპირეთის “პრეზიდენტის” ბოლო ორი არჩევნები, რომლებშიც უზარმაზარი უპირატესობით გაიმარჯვა იგორ სმირნოვმა, 1991 წლის დეკემბრიდან სეპარატისტული ტერიტორიის უცვლელმა ხელმძღვანელმა. 2006 წელს ერთდროულად მოახდინა დნესტრისპირეთის მოლდავეთისგან გამოყოფის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების ინიცირება. 30 აგვისტოს, აფხაზეთიდან სახლში დაბრუნების შემდეგ პიოტრ დენისენკომ განაცხადა, რომ “აფხაზეთის არჩევნების მონიტორინგში მონაწილეობდა 140 საერთაშორისო დამკვირვებელი”.

თვითმომსახურება

იმის გასაგებად, თუ ხალხის რა ჯგუფი მონაწილეობდა “დამკვირვებლებად” აფხაზეთის არჩევნებში, საკმარისია ყურადღებით მივადევნოთ თვალი მათ “შემოქმედებით გზას” დნესტრისპირეთის საპარლამენტო არჩევნებში შარშან დეკემბერში. იგივე პიოტრ ლუჩაკი გერმანიიდან, მაგრამ უკვე პომპეზური რეგალიების გარეშე და სხვებიც უკვე ნაცნობი სიიდან: პოლონელი მატეუშ პისკორსკი, ალეკსეი კოჩეტკოვი, სერგეი მარკოვი, აგრეთვე დელეგაციები აფხაზეთიდან, “სამხრეთ ოსეთიდან” და მთიანი ყარაბა