ტაჯიკეთი: უცნობი რევოლუცია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

თბილისის მოვლენებიდან 10 თვის თავზე კიდევ ერთი საბჭოთა რესპუბლიკა მოიცვა მღელვარებამ. 1990 წლის 11-14 თებერვალს ტაჯიკეთში განვითარებული მოვლენები ბევრი რამით ჰგავდა თბილისის მოვლენებს. ფსკოვის სადესანტო დივიზიისა და “კგბ”-ს სპეციალური ქვედანაყოფის შესვლის შემდეგ, 25 ადამიანი მოკლეს, ხოლო 565 – დაჭრეს. მოქმედი გმირებიც კი იგივენი იყვნენ – სსრკ-ს თავდაცვის მინისტრი დმიტრი იაზოვი, “კგბ”-ს თავმჯდომარე ნიკოლაი კრიუჩკოვი, სკკპ ცკ-ს პარტიული კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარე ბორის პუგო, სსრკ-ს პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი. ორი წლის შემდეგ დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელმაც 150 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო მილიონზე მეტი დევნილად აქცია.

1989 წლის თბილისის მოვლენები საბჭოთა იმპერიის დაშლის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ტაჯიკეთის მოვლენებს კი, სსრკ-ს ისტორიის ერთ ჩვეულებრივ ფაქტად მოიხსენიებენ და ჩემი აზრით, დაუმსახურებლად.

“ნაკლული მთვარის დღეები” – 1990

მშვიდ ტაჯიკეთში არც მღელვარებას მოასწავებდა რამე და არც შეტაკებას. თუმცა, ტაჯიკეთის საზოგადოება შუა 80-იანი წლებიდან საუბრობდა კომპარტიის ალტერნატიული პარტიის ჩამოყალიბების იდეაზე. ინტელიგენცია წერდა და აქვეყნებდა სტატიებს ეროვნულ აღორძინებაზე, დამწერლობის აღდგენაზე, რომელიც 1929 წელს ბოლშევიკებმა გაანადგურეს და არაბული გრაფიკა კირილიცით შეცვალეს. 1989 წელს ჩვენ, რამდენიმე თანამოაზრემ შევძელით შეგვექმნა ტაჯიკეთის კულტურის ფონდი. ეს იყო ორგანიზაცია, რომელმაც პირველად ბოლშევიკების 68 წლიანი მმართველობის შემდეგ, კულტურის პრობლემების შესწავლა დაიწყო. მოკავშირე რესპუბლიკების შექმნისა და სტალინის მიერ საზღვრების ლაღად დაჭრის შემდეგ ტაჯიკები დარჩნენ ორი კულტურული ცენტრის – ბუხარისა და სამარყანდის გარეშე.

1990 წლის 12 თებერვალს ფონდში ვიყავი, როდესაც მოვიდნენ მეგობრები და მითხრეს, რომ ტაჯიკეთის კომპარტიის ცკ-ის შენობასთან ხალხი იკრიბება. ლენინის ცენტრალური ქუჩა უკვე პარალიზებული იყო, შენობის წინ, მოედანზე რამდენიმე ასეული ადამიანი იდგა. ხალხის მოთხოვნა იყო ხელმძღვანელობა სოციალური პოლიტიკით დაკავებულიყო და უმუშევრობის დონე დაეწია. არავითარი პოლიტიკური ლოზუნგი – ხალხი ელოდა როდის გამოვიდოდა მათთან პირველი მდივანი კახორ მახმაკოვი, ან ვინმე ხელმძღვანელობიდან.

მოედნის შუაგულში ტროლეიბუსები იდგა. როცა სროლა გაისმა, ერთ-ერთ მათგანს შევაფარე თავი. ხალხი ყვიროდა, ერთმანეთს ხელს კრავდა და აქეთ-იქეთ გარბოდა. ასფალტზე ეყარა ფეხსაცმელები, ქუდები, ქოლგები. რამდენიმე თვის შემდეგ იორმამად არალევმა და ვალენტინ მაკსიმენკოვმა გვიჩვენეს ფილმი “ნაკლული მთვარის დღეები”, სადაც უნიკალური კადრებია. როგორც აღმოჩნდა, სროლა არ იყო მიმართული ხალხისკენ. ისროდნენ იქვე მდგომი შენობების ფანჯრების მიმართულებით. სროლის დროს დაიღუპა ლენინგრადელი ოპერატორი ნიკიტა მატროსოვი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი სვეტლანა ნაბილუევა. ფილმში მოდელირებულია ტყვიის ტრაექტორია, რომელიც შევარდა ფანჯარაში, სადაც მატროსოვი იდგა. ტყვია გაისროლეს ცენტრალური კომიტეტის შენობის სახურავიდან. სწორედ იქ იდგა “კგბ”-ს სპეციალური ქვედანაყოფი.

იმ დღეებში არავინ იცოდა, რომ ამ მოვლენებში სპეციალური ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ, მაგრამ გაგონილი ჰქონდათ ცენტრალური კომიტეტის და “კგბ”-ს ვერსია – მომიტინგეები იანვარში, ბაქოში მომხდარი მოვლენების შემდეგ ქალაქში ჩამოსული სომხების გასახლებას მოითხოვენო. ქალაქში პანიკა ატყდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა პირველი დაღუპულების შესახებ – ესენი იყვნენ “კგბ”-ს სპეცდანიშნულების რაზმის მიერ დახვრეტილი ეთნიკური რუსები. სპეცსამსახურები ავრცელებდნენ ხმებს იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას დევნილი სომხებისთვის ბინების გადაცემა სურდა. ეს ჭორები აღაშფოთებდა იმ ხალხს, ვინც წლების განმავლობაში იდგა რიგში ბინების მოლოდინში. დევნილები სასწრაფოდ გაამგზავრეს ერევანში; ამავე დროს ჩამოიყვანეს სსრკ-ს თავდაცვის და შს სამინისტროს 5 000 მოსამსახურე, რომელთაც ცეცხლის გახსნა ჰქონდათ ნაბრძანები; შემოიღეს კომენდანტის საათი.

ქალაქში დარბევები დაიწყო. პირადად გავხდი იმ უცნაური სქემის მოწმე, რომლითაც ქალაქის ცენტრში მაღაზიები იძარცვებოდა – არჩევით, იმის მიხედვით, თუ რომელ კრიმინალურ დაჯგუფებას ეკუთვნოდა მაღაზია. ერთ დღეს ორ ცნობილ რეკეტიორსაც ვესაუბრე. ეს დაჯგუფება ძარცვავდა იმ მაღაზიებს, რომლებიც მათ კონკურენტ რეკეტიორს ეკუთვნოდა. ორი წლის შემდეგ ორივე – იაკუბ სალიმოვმაც და ჰაფორ მირხოევმაც ჩაიცვეს ფორმები. ერთი შს მინისტრი გახდა, ხოლო მეორე პრეზიდენტის გვარდიის მეთაური. რამდენიმე წლის შემდეგ ორივე ციხეში აღმოჩნდა, რადგანაც ტაჯიკეთის პრორუსული მთავრობისთვის ასე უფრო ადვილი იყო იმ ხალხის კონტროლი, ვინც კონფიდენციალურ ინფორმაციას ფლობდა.

ქალაქი ჩაკვდა. ერთი კვირის განმავლობაში დაიკეტა საწარმოები, მაღაზიები და სკოლები, არ გამოდიოდა გაზეთები. პანიკას ზრდიდა ჭორები, რომელიც რუსულენოვან მოსახლეობაში ვრცელდებოდა. მოსახლეობის ეს ნაწილი კახორ მახკამოვის მოწოდებით თავდაცვით რაზმებს ქმნიდა. წლების შემდეგაც მრცხვენია იმ ხალხის სტატიების კითხვა, რომლებიც წერდნენ “როგორ კლავდნენ რუსებს” და “აუპატიურებდნენ რუს გოგონებს”. მაშინ ტაჯიკეთიდან გაქცეული რუსები აქამდე ცდილობენ თავი შეაცოდონ რუსულ ხელისუფლებას ზღაპრებით ანტირუსული აჯანყების შესახებ.

იმ დღეეებში “კგბ”-სთვის აუცილებელი იყო სიტუაციის გამართლება და მიტინგზე მისული ხალხის კონტროლი. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე “კომიტეტი 17″-ს შემქმნელების – ინტელიგენციისა და პარლამენტის დეპუტატების წარმომადგენელთა წინააღმდეგ, რომლებიც ხელისუფლებას საკუთარ თავს მომლაპარაკებლად თავაზობდა.

ერთ-ერთ ინტერვიუში მიხაილ გორბაჩოვმა თქვა, რომ დუშანბეს ცკ-ს შენობის წინ მომიტინგეთა წინააღმდეგ გახსნილი სროლა არ შეიძლება სტიქიური ყოფილიყო, ამისთვის აუცილებელი იყო მაღალჩინოსნის ბრძანება. სოლეხჯონ ჯურაევის სიტყვებით, რომელიც ოფიციალურად იძიებდა მოვლენებს, ეს შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ სსრკ-ს “კგბ”-ს თავმჯდომარე კრიუჩკოვი და მისი ტაჯიკი კოლეგა – პეტკელი. სწორედ კრიუჩკოვის ბრძანებით გაგზავნეს დუშანბეში “ალფას” და “ზ”-ს 790 მებრძოლი, რომლებსაც მეთაურობდნენ გენერლები გოლოვანოვი და ვოროტნიკოვი.

“შემიძლია ზუსტად ვთქვა: 1990 წლის თებერვალში მასობრივი არეულობები გარე ძალებისა და სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული. ისინი ჭორებს ავრცელებდნენ “სომხური საკითხის” გარშემო, ოსტატურად იყენებდნენ რესპუბლიკის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სირთულეებს, სოციალურ პრობლემებს, უკმაყოფილო ხალხს, სასულიერო პირთა რეაქციულ ნაწილს და დამნაშავე ელემენტებსაც კი,” – ამბობდა ჯურაევი.

23 წლის შემდეგ ამ მოვლენებზე ბევრი სხვადასხვა ვერსია წავიკითხე. მათ უმრავლესობას საბჭოთა ხელმძღვანელობისთვის ხელსაყრელი შეფასება აქვს. თუმცა, მოვლენათა ჯაჭვი – სოხუმის, თბილისის, ბაქოს ცოტა ადრე კი, ოშას და ფერგანას მოვლენებს გარკვეული მიზანი ჰქონდა – შეენარჩუნებინათ საბჭოთა კავშირი, რადაც არ უნდა დაჯდომოდათ.

ყოველ ამ შემთხვევას თავისი საბაბი ჰქონდა. ფერგანაში, ოშაში, ბაქოსა და სოხუმში იყენებდნენ ეროვნებათშორის წინააღმდეგობებს, თბილისში და დუშანბეში – პოლიტიკურ და სოციალურ დაძაბულობას. და თუ საქართველოში უკვე არსებობდა პოლიტიკური კულტურის გარკვეული ტრადიცია, ტაჯიკეთში ამ ინტერესის მხოლოდ ჩანასახი იყო.

1989 წელს ტაჯიკეთში შეიქმნა დემოკრატიული პარტია. აკადემიური ინტელიგენცია გაერთიანდა სახალხო მოძრაობაში “რასტოხეზ” (“აღორძინება”). იატაქვეშეთში უკვე დიდი ხანი არსებობდა ისლამური პარტია. ხალხმა “პერესტროიკა” პირდაპირ აღიქვა ტაჯიკეთის აღორძინებაზე, კულტურასა და ენაზე ღიად საუბრების დაწყების შესაძლებლობად. ვილნიუსში არალეგალურად იბეჭდებოდა გაზეთი “რასტოხეზი”. რომელიც “კგბ”-ს შიშით არალეგალურადვე ვრცელდებოდა.

საბჭოთა ხელისუფლების დროს ტაჯიკეთმა ბოლშევიზმის “სრული მშვენიერება” შეიგრძნო – სამოქალაქო ომი, რომელსაც სსრკ ბასმაჩებთან ბრძოლას უწოდებდა, კოლექტივიზაცია, დამწერლობის განადგურება, რეპრესიები, რელიგიასთან ტოტალური ბრძოლა. საბჭოთა რესპუბლიკებიდან ერთ-ერთმა უღარიბესმა რესპუბლიკამ სოვიეტიზაცია უდიდესი დანაკარგებით გადაიტანა – ისტორიკოსთა ცნობით, წითელი არმიის ინტერვენციის დროს, ჯერ კიდევ 20-იან წლებში ავღანეთში გადარეკეს ასობით ათასი ადამიანი, რომელთაც საბჭოთა ხელისუფლება არ მიიღეს. იქვე, ავღანეთში იმყოფებოდა ბუხარას დევნილი ემირი სეიდ მირ მუჰამედ ალიმ-ხანი. მე შეხვედრივარ ავღანეთში იმ დევნილთა შთამომავლებს, რომელთაც აქამდე შეინარჩუნეს საკუთარი მიწის სიყვარული.

ტაჯიკი ინტელიგენციის განწყობა საბჭოთა ხელისუფლების მიმართ, მკვეთრად შეცვალა საბჭოთა ჯარების მიერ ავღანეთის ოკუპაციამ (1979-1989). ათობით ათასი ტაჯიკი თარჯიმნად იყო მივლინებული. ბევრი ჩემი მეგობარი დაბრუნდა იქიდან გაჭაღარავებული და საკუთარ თავში ჩაკეტილი – მათ საკუთარი თვალით ნახეს “საბჭოთა ინტერნაციონალიზმი”.

მაგრამ, 1990 წელს კიდევ ერთი რევოლუცია მოხდა, რომელსაც არც არავინ უწევდა კოორდინაციას, და არც არავინ ამზადებდა. “კგბ”-ს მოკლევადიანი მიზანი შესრულებული იყო: ფორმირების პროცესში მყოფი ოპოზიცია დისკრედიტებული იყო, ტაჯიკეთიდან რამდენიმე ათასი რუსულენოვანი ადამიანი გადასახლდა. “კგბ” მარაგში ინახავდა ისლამურ საფრთხეს, რადგან ესმოდა “ისლამური ფუნდამენტალიზმის” აბსურდულობა “განვითარებულ სოციალიზმში”. ერთადერთი რამ იყო მნიშვნელოვანი – ტაჯიკეთის დამოუკიდებლობის განხილვის ნებისმიერი მცდელობის ჩახშობა.

ლენინის ბოლო, 1991

მოსკოვის 1991 წლის პუტჩი ტაჯიკეთმა მშვიდად გადაიტანა. რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ მხარი დაუჭირა პუტჩისტებს. პირველი პრეზიდენტი – კახორ მახკამოვი იძულებული გახდა გადამდგარიყო გკჩპ-ს მხარდაჭერისთვის. 1991 წლის 9 სექტემბერს ტაჯიკეთი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა.

უმაღლესმა საბჭომ მიიღო კანონი საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესახებ. ამ კანონის მიღების პირველსავე კვირას 16 პარტია დარეგისტრირდა. ქვეყანაში 32 დამოუკიდებელი გაზეთი გამოდიოდა. პლურალიზმის დონე ბევრ სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შეშურდებოდა.

ტაჯიკი კომუნისტები არ შეურიგდნენ ძალაუფლების დაკარგვას, ამიტომ ნოემბრისთვის დანიშნულ სარეზიდენტო არჩევნებს მორიგ შოუდ გადაქცევა ემუქრებოდა. საბჭოთა რევანშის აღსაკვეთად 21 სექტემბერს ლენინის მოედანზე, უმაღლესი საბჭოს შენობასთან სამი წამყვანი ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერი რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. მათ მოითხოვეს პატიოსანი ალტერნატიული არჩევნები და შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელიც იმ დროისთვის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.

დიალოგი არ შედგა. დემონსტრანტებმა ლენინის 19 მეტრიანი ძეგლი ჩამოაგდეს. მეორე დღეს ცარიელ კვარცხლბეკთან კომუნისტების მიტინგი შეიკრიბა, კიდევ მომდევნო დღეს კი, კვლავ ოპოზიციონერები დაბრუნდნენ. ოღონდ, ამჯერად დიდი ხნით დარჩენა გადაწყვიტეს და კარვებიც გაშალეს.

სიტუაცია იძაბებოდა. მომიტინგეთა მხარეს დადგა არამხოლოდ დეპუტატთა ნაწილი, არამედ დუშანბეს მერიც. მოსკოვში პანიკა დაიწყო. გორბაჩოვის ბრძანებით, სექტემბრის ბოლოს ტაჯიკეთში გააგზავნეს ჯგუფი ანატოლი სობჩაკის მეთაურობით. ამ ჯგუფში იყვნენ – აკადემიკოსი ლეონიდ ველიხოვი, ისტორიკოსი ალექსანდრ იანოვი და სობჩაკის თანაშემწე ვლადიმირ პუტინი. მათ კონფლიქტის მხარეები უნდა დაერწმუნებინათ დამსხდარიყვნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან და არჩევნებისთვის მომზადებულიყვნენ.

ოპოზიციამ საკაუთარი კანდიდატი დაასახელა – ცნობილი კინორეჟისორი დავლატ ხუდონაზაროვი, კომუნისტებმა ცკ-ს ყოფილი პირველი მდივანი რახმონ ნაბიევი, რომელმაც “მოიგო” კიდეც ფალსიფიკაციის წინასწარი ბრალდებების მიუხედავად. არჩევნების შემდეგ დავლატს მოსკოვში ვაცილებდი. აეროპორტში დავინახე მთვრალი და კმაყოფილი რუსი გენერლების ჯგუფი, რომელთაც ხელში საჩუქრები ეჭირათ. კრემლი მცირე ხნით დამშვიდდა. მაგრამ, მხოლოდ 6 თვით.

სამოქალაქო ომი, 1992

1992 წლის 26 მარტს ახალი მიტინგი შეიკრიბა, რომელმაც მასობრივი გამოსვლების ყველა რეკორდი მოხსნა – დუშანბეს ცენტრში, 46 დღე-ღამის განმავლობაში ითხოვდა ათასობით ადამიანი ახალი პრეზიდენტის გადადგომას და დემოკრატიულ რეფორმებს. კომუნისტური ნომენკლატურის ძველი წარმომადგენელი რახმონ ნაბიევი დამოუკიდებელ ტაჯიკეთში საბჭოთა სისტემის შენარჩუნებას ცდილობდა. ამისთვის კი, არამხოლოდ ძველ თანამებრძოლებს ეყრდნობოდა, არამედ რუს გენერლებსაც.

ავღანეთის მოსაზღვრე ტაჯიკეთთან დაკავშირებით, რუსეთის გენშტაბს საკუთარი გეგმები ჰქონდა. ცოტამ იცოდა, რომ სამხედროები ნარკოტიკების კონტრაბანდით იყვნენ დაკავებული, მაგრამ რუსეთიდან საკმაოდ შორეულ ქვეყანაში ყოფნას გეოპოლიტიკური ინტერესებით ამართლებდნენ. ერთხელ, რუსული არმიის ვერტმფრენის პილოტმა ვალერ კიმმა ჟურნალისტებს იმის შესახებ უამბო, თუ როგორ გადის ავღანეთიდან ჰეროინი. ტაჯიკეთის პრეზიდენტზე გავლენის მოპოვებას არაფერი ჭირდებოდა – ის ალკოჰოლიზმით იყო დაავადებული.

მოსკოვსა და დუშანბეს შორის ურთიერთობებს კიდევ ერთი თავისებურება ჰქონდა. სსრკ-ს დაშლის შემდეგ ტაჯიკეთისთვის ერთი ტყვიაც კი არ გადაუციათ მაშინ, როცა სხვა ახალმა დამოუკიდებელმა ქვეყნებმა მემკვიდრეობით მიიღეს შეიარაღებაც და ფლოტიც. დამოუკიდებლობის პირველ თვეებში ტაჯიკეთს საკუთარი თავდაცვის სამინისტროც კი არ ჰქონდა. ქვეყანას მხოლოდ 500 კაციანი ე.წ. ეროვნული გვარდია ჰყავდა.

ახალმა პრეზიდენტმა პოლიტიკური ცხოვრება დაჭერებით დაიწყო. დაიჭირეს დუშანბეს მერი, რამდენიმე ოპოზიციონერი, ტელევიზიაში უმკაცრესი ცენზურა დაწესდა, იყო დამოუკიდებელი გაზეთების დახურვის რამდენიმე მცდელობა. ქვეყანა დუღდა.

26 მრტს შედგა პარლამენტის სესია, რომელზეც თავმჯდომარემ ოპოზიციისადმი ლოიალურობის გამო შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა მინისტრს. საღამოს პარლამენტის წინ მდებარე მოედანზე ხალხმა დაიწყო შეკრება. მერე მიხვდნენ, რომ კონფლიქტის ინიციატორი იყო პრეზიდენტი და გადაინაცვლეს მის სასახლესთან, სწორედ იმ შენობასთან, სადაც 1990 წლის თებერვლის მოვლენები განვითარდა. იქ დიდხანს, 11 მაისამდე დარჩნენ, იქამდე, სანამ კოალიციური მთავრობა არ ჩამოყალიბდა.

46 დღიანი მიტინგი თავისებურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა: მოედანზე კარვებს შორის სამედიცინო პუნქტები იყო განთავსებული, იქვე იყო რადიოს რედაქცია, სამზარეულო და საკუთარი უსაფრთხოების სამსახურიც კი. ადამიანები რამდენიმე ცვლად მოდიოდნენ მტინგზე. ისე ჩანდა, თითქოს პროტესტში სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დილა ლოცვით იწყებოდა, შემდეგ სიტყვით გამოსვლის მსურველთა რიგი დგებოდა. ლაპარაკობდნენ არამხოლოდ ტაჯიკები, მოდიოდა ყველა, ვისთვისაც სულერთი არ იყო ქვეყანა – უზბეკები, რუსები, უკრაინელები, ქართველები, კორეელები.

პარალელურად, რუსული პროპაგანდა დაუღალავად ცდილობდა მიტინგი “ისლამისტთა შაბაშად” მოენათლა იმიტომ, რომ მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი ისლამისტთა პარტია “აღორძინება” იყო. ისლამური ფაქტორი, განსაკუთრებით რუსეთში, “კგბ”-ს მიერ 80-იანი წლების შუიდან იყო გათამაშებული და ოსტატურად მანიპულირებდა საზოგადოებრივი აზრით. რუსული ტელევიზიის ეკრანებზე ჩნდებოდნენ გლეხები ნაციონალურ ტანსაცმელში, რომელიც პროპაგანდისტთა აზრით, სწორედ “ისლამისტებად” უნდა ყოფილიყვნენ აღქმული.

1992 წლის 5 მაისს “კგბ”-ს თანამშრომლებმა დახვრიტეს მიტინგზე მიმავალი ხალხით სავსე ავტობუსი. ერთი კვირის შემდეგ მომიტინგეები “კგბ”-ს შენობის აღებას შეეცადნენ. ისინიც დახვრიტეს. ნაჩქარევად შექმნილმა კოალიციურმა მთავრობამ სიტუაციის კონტროლი ვეღარ შეძლო – მოსახლეობამ იარაღის ძებნა დაიწყო. რუსეთი დაინტერესებული იყო სამოქალაქო ომით. 1992 წლის აგვვისტოში მე პირადად დავინახე, როგორ ურიგებდა კურგან-ტიუბინსკის პოლკის მეთაური პოლკოვნიკი მერკულოვი იარაღს კონფლიქტის ორივე მხარეს.

სამოქალაქო ომმა 150 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მილიონზე მეტი დევნილად იქცა. ომის მიმდინარეობისას, მოსკოვისა და ტაშკენტის ზეწოლით საპარლამენტო სესია ჩატარდა. ტაჯიკეთის ახალი ხელმძღვანელი გახდა ყველაზე ღარიბი, ლენინის სახელობის კოლმეურნეობის დირექტორი ემომალ რახმანოვი. რუსეთმა თავისას მიაღწია – ტაჯიკეთი კრემლის გავლენის ქვეშ დარჩა, მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში იქ არც ერთი ეკონომიკური პროექტი არ განუხორციელებია, თუმცა, 201-ე დივიზია შეინარჩუნა.

რუსული პროპაგანდის წყალობით, ტაჯიკეთის რევოლუცია “ისლამისტ-დემოკრატების” ბუნტად გადაიქცა, ხოლო თავად ტაჯიკები – განკვეთილებად, რომელთაც გაიზიარეს მილიონობით გასტერბაიტერის ბედი – ისინი რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებში ნებისმიერ ბინძურ სამუშაოზე იყვნენ თანახმა. დამოუკიდებლად ცხოვრების სურვილისთვის იმპერიამ ქვეყანა დასაჯა. რევოლუციის წარუმატებლობა აშკარაა – პოლიტიკური კულტურის ტრადიციის არქონა, რეგიონალიზმი, კლანურობა და საბჭოთა ხელისუფლების დროს აღზრდილი “მეხუთე კოლონა”.

შედეგი – სავალალოა. ტაჯიკეთი ძალიან შორს, უკან არის გადასროლილი. თანამედროვე პოლიტიკურ სისტემას შეიძლება ვუწოდოთ სოციალისტური ფეოდალიზმი, როდესაც სახელმწიფოს მმართველობაში შენარჩუნებულია საბჭოთა წესები. ამ ყველაფერს კი, ტოტალურად მართავს პრეზიდენტი და მისი მთავრობა. ტაჯიკეთის რეოლუცია მხოლოდ რომანტიკოსთა, ენთუზიასტთა და თანამედროვე სახელმწიფოზე მეოცნებეთა მეხსიერებას შემორჩა.