რუსული ინტელიგენციის წითელი შარვლები

რუსეთში ინტელიგენცია არასდროს არავის უყვარდა, სანამ ბოლშევიკები არ მიხვდნენ, რომ ინტელიგენცია უნდა დააშინო. ვინც არ შეშინდება – უნდა დახვრიტო, გადაასახლო ან გააგდო ქვეყნიდან. მაშინ ინტელიგენცია ხდება მორჩილი და იმას აკეთებს, რაც ხელისუფლებას სურს.

რუსეთში მუდამ უყვარდათ მითები. მაგალითად, მითი იმის შესახებ, რომ ივან ფიოდოროვმა, წიგნის პირველმბეჭდავმა, პირველი წიგნი გამოსცა მოსკოვში. მაგრამ იშვიათად თუ ვინმემ იცის, რომ შემდეგ იგი ლვოვში გაიქცა, სადაც გარდაიცვალა კიდეც. ცოტამ თუ იცის, რომ მრავალი რუსი მწერალი დევნილი იყო მეფის ხელისუფლებისგან. ბევრი, მსგავსად თეოდორ დოსტოევსკისა, კატორღაზე იყო გაგზავნილი. ალექსანდრ გერცენს სიკვდილი მიუსაჯეს, ხოლო ლევ ტოლსტოი განკვეთეს ეკლესიისგან, რომელიც მაშინ სახელმწიფო რეპრესიული აპარატის ნაწილს წარმოადგენდა. ივან ტურგენევი დააპატიმრეს და გაასახლეს – იგი უცხოეთში, საფრანგეთში გარდაიცვალა. რუსეთის იმპერიაში მძვინვარებდა ცენზურა და თავისუფალი აზროვნების ნებისმიერი ცდა სასტიკად აღიკვეთებოდა.

ასი წლის წინ ბოლშევიკები ოცნებობდნენ, რომ დაესრულებინათ მეფეები, ყველას პირდებოდნენ თავისუფლებასა და უფლებებს. ბევრი ბოლშევიკი იყო ინტელიგენტური ოჯახებიდან და, ამიტომაც, ნდობით სარგებლობდნენ მწერლების, მუსიკოსების და კომპოზიტორების, მეცნიერების და მასწავლებლების ნაწილში. ასე იყო, ვიდრე ნოემბერში არ მოხდა ბოლშევიკური გადატრიალება, რომლის მერეც რუსეთიდან გაიქცა ასიათასობით ინტელიგენციის წარმომადგენელი. 1922 წლის 29-30 სექტემბერს პეტროგრადიდან ორი გერმანული გემით, ძალით გაუშვეს ემიგრაციაში ინტელიგენციის 160 წარმომადგენელი, ბევრი გამოჩენილი ფილოსოფოსისა და მოაზროვნის ჩათვლით. ამ გემებს ასეც უწოდებენ – „ფილოსოფიური ხომალდები“. მაგრამ, არა მხოლოდ პეტროგრადიდან – გასახლებები მიმდინარეობდა გემებით ოდესიდან და სევასტოპოლიდან, მატარებლებით მოსკოვიდან ლატვიასა და გერმანიაში. მანამდე წავიდნენ მწერალი ივან ბუნინი და საოპერო ბანი ფეოდორ შალიაპინი.

ბოლშევიკების ზიზღი ინტელიგენციის მიმართ გამოხატულია ლენინის სიტყვებში, რომელიც მან მაქსიმ გორკისთვის მიწერილ წერილში იხმარა 1919 წლის 15 სექტემბერს: „მუშათა და გლეხთა ინტელექტუალური ძალები იზრდება და ძლიერდება ბრძოლაში ბურჟუაზიის და მისი დამქაშების, ინტელიგენტულიკების, კაპიტალის მოახლეების დასამხობად, რომელთაც თავი ერის ტვინად წარმოუდგენიათ. სინამდვილეში, ეს ტვინი კი არაა – ეს მძღნერია“. გიმნაზიის დირექტორის შვილის ასეთი დამოკიდებულება ადვილი ასახნელია – „ნათელი მომავლის“ ახალი იდეოლოგია მიუღწეველი იყო და ბოლშევიკებს ესმოდათ, რომ პირველი, ვინც ამას იტყოდა, ეს ინტელიგენცია იქნებოდა. ამიტომ, ორი გზა იყო – ან განადგურება ან დაჩოქება. აღმოჩნდა, რომ დაჩოქება უფრო ადვილია. მართლაც, ასწლიანი სელექციის შედეგად გამოიზარდა მორჩილი მწერლების, პოეტების, მუსიკოსების, კომპოზიტორების, მსახიობების და მხატვრების რამდენიმე თაობა.

რაში გამოიხატება მორჩილება? ადრე, საბჭოთა ხელისუფლების ჩამოყალიბების დროს, ინტელიგენცია მონაწილეობდა იდეოლოგიია შექმნაში – წერდნენ ლექსებს და პროზას ლენინზე, სტალინზე, ბოლშევიკ ბელადებზე, სადაც სიმართლე რამდენიმე პროცენტი იყო, დანარჩენი კი – ტყუილი, მოგონილი ზღაპრები. მეორენი, კომპოზიტორები და პოეტები, ქმნიდნენ უამრავ სიმღერას, ისევ ლენინ-სტალინზე და „ნათელ მომავალზე“ უაზრო სიტყვებით, რომ „მარსზე მოისხამს ვაშლი“ ან „ლენინი მუდამ ცოცხალია, ლენინი მუდამ ჩემთანაა, ლენინი შენშია და ჩემშია“. ბოლო სტროფი, შესაძლოა, ახლა შეფასებული იყოს ჰომოსექსუალობად, მაგრამ მაშინ არავინ ფიქრობდა ასე – მაშინ „სხვანაირად“ ფიქრი არ შეიძლებოდა. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ კინომატოგრაფები, რომელთაც უზარმაზარ ფულს აძლევდნენ, რათა შეექმნათ ცრუ ისტორიები კომუნისტების, საბჭოთა ჯარისკაცების გმირობების, წარმოებისა და კოლმეურნეობების მოწინავეების, ასევე, ხალხთა მეგობრობის შესახებ.

როდესაც ადამიანების რამდენმე თაობა იზრდება ასეთ პირობებში, დისიდენტები და სხავაგვარად მოაზროვნეები ძალიან იშვითად, უკიდურესად იშვითად ჩნდებიან. თუ ჩნდებოდნენ, ისინიც, უმრავლესობა, თანდათან, ემიგრაციაში მიდიოდნენ. დიდი ნაწილი ცხოვრობდა და დღესაც ცხოვრობს მუდმივი ბრძოლის პირობებში, რომ, რაც შეიძლება, ახლოს იყვნენ ხელისუფლებასთან. ეს საჭიროა, რომ მიიღონ „დამსახურებული არტისტის“ ან „სახალხო არტისტის“ წოდება. ცხადია, საკუთრივ ხალხთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს, რადგან ამ წოდებებს მთავრობა ანიჭებს უფრო რეკომენდაციების, ანდა, უბრალოდ, როგორც საბჭოთა კავშირში ამბობდნენ – „ბლატით“, ჩაწყობით.

ინტელიგენციის მოსყიდვა დაიწყეს ჯერ კიდევ 1919 წელს, როცა საბჭოთა მთავრობამ დააწესა „რესპუბლიკის სახალხო არტისტის“ წოდება. საბჭოთა მთავრობის 1936 წლის 6 სექტემბერს № 47 დადგენილებით დაწესდა „სსრკ სახალხო არტისტის“ წოდება.1936 წლიდან 1991 წლამდე „სახალხო არტისტის“ ეს წოდება მიენიჭა 1006 ადამიანს. ყველაზე მეტი მოდის ბრეჟნევის, ანდროპოვის, ჩერნენკოსა და გორბაჩოვის პერიოდებზე. კიდევ მეტი, ათასობით იყო „რესპუბლიკის სახლახო არტისტის“ და „დამსახურებული არტისტის“ წოდებამინიჭებული. „სახალხო“ რომ მიგეღო, ათი წლის „ დამსახურებული“ უნდა ყოფილიყავი.

ალბათ, არც ღირს იმ დავების, ინტრიგების და ანონიმური წერილების შესახებ ლაპარაკი, რითაც ერთმანეთს ეს „სახალხოები“ და „დამსახურებულები“ ამკობდნენ. თეატრალური ისტორიები სავსეა ამაზრზენი და წარმოუდგენელი ტრაგედიებით, რაც უკავშირდებოდა შურს და ჩასაფრებებს. საბჭოთა დროს წოდება საშუალებას იძლეოდა ჯამაგირის დანამატის თეატრის მსახიობებისთვის, რომელთაც ძალიან პატარა ხელფასები ჰქონდათ. „წოდებიანებს“ დანამატები ეძლეოდათ შემოქმედებითი საღამოებისთვის, კინოგადაღების დღიურ გასამრჯელოზე, ესტრდის მსახიობებს განაკვეთი ემატებოდათ კონცერტზე. და, რასაკვირველია – შეღავათები იყო გათვალისწინებული პროდუქტებისა და სხვა საქონლის შესაძენად სპეცმაღაზიებში. განსაკუთრებით ფასობდა ფილმებში მონაწილეობა, სადაც სოციალიზმის მშენებლობა იყო განდიდებული, ხოლო უმაღლესი პილოტაჟი იყო – ლენინის როლის შესრულება. საბჭოთა დროს სახალხო არტისტს ( მაგალითად, მხატიდან) გასტროლებისას ეკუთვნოდა საძილე ვაგონი და ლუქსი სასტუმროში, ხოლო დამსახურებულს – კუპე და ერთადგილიანი ნომერი. სახალხო არტისტებს ოფიციალურად ემატებოდათ საცხოვრებელი ფართი, სახელმწიფო აგარაკი, სპეცპოლიკლინეკებსა და სანატორიუმებში მომსახურება და, ასევე, შავი „ვოლგა“ სპექტაკლზე წასასვლელ- წამოსასვლელად.

ახლანდელი რუსული ინტელიგენცია ზუსტად ისეთივეა, როგორიც იყო საბჭოთა – ისეთივე აგრესიით ებრძვის ერთმანეთს, ისევე ეზიზრება კონკურენტები ადგილის მოსაპოვებლად, ამჯერად, პუტინის გვერდით. 20-25 წლის წინ თითქოს შეიქმნა ილუზია, რომ პიროვნების კულტი რუსეთში დამთავრდა. მაგრამ კრემლში პუტინის მოსვლით კვლავ აღდგა ტრადიცია, რომ – „გიყვარდეს ხელისუფალი“! პუტინზე თხზავენ სიმღერებს და იღებენ ფილმებს, ქმნიან მონუმენტური ხელოვნების ნიმუშებს, წერენ ლექსებს და პროზაულ ნაწარმოებებს. პუტინიც, ძველი დროის მსგავსად, არიგებს ორდენებსა მედლებს, წოდებებს… ახლა მთავარ სანატრელ მიღწევად გახდა კრემლის სპორტის სასახლეში კონცერტზე გამოსვლა ან იმ კონცერტში მონაწილეობა, რომელიც ყოველწლიურად ეძღვნება პოლიციის, არმიის და ფლოტის ან ჩეკისტების დღეებს. ძველებურად იწერება კოლექტიური წერილები ან პუტინის მხარდასაჭერად, ან იმ კოლეგების დასაგმობად, ვისაც პუტინი არ უყვარს.

ახლა რუსულ ინტელიგენციას მეტი თავისუფლება აქვს. ისინი თავად განსაზღვრავენ, თუ რომელ კონცერტში რა ჰონორარი უნდათ. ისინი თავად არკვევენ ურთიერთობებს საავტორო უფლებების აგენტებთან, როდესაც, ჩვეულებისამებრ, კვლავ იპარავენ მელოდიებს დასავლელი კომპოზიტორებისგან. მაგრამ ტრადიციაა – მსგავსად ძაღლის რეფლექსისა – რომ, შედარებითი თავისუფლების გარდა, უნდა ჰყავდეთ პატრონი, ვინც თავზე ხელს გადაუსვავს და რამე კარგ ნიშანს მიგამაგრებს მკერდზე. რუსეთში შენარჩუნდა უცნაური ტრადიცია – მსახიობის გვარის წინ უნდა ითქვას, რომ იგი „ფართოდ ცნობილია“. არადა, თუ „ფართოდ ცნობილია“, რად უნდა ამას აღნიშვნა? ეს საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ინტელიგენციის მარტივი ფორმულაა – იყოს გამოჩენილი, თუნდაც ტალანტი დიდი ხნის დაფანტულია და აღარავინ დადის მის კონცერტებზე, თუ არავინ ეძახის ტელევიზიაში, მაგრამ „ სახალხოს“ და „დამსახურებულის“ წოდებები მაინც შველის.

ბოლშევიკებმა 99 წლის წინ მოსპეს კერძო საკუთრება და, მასთან ერთად, ხელოვნებაც, როცა გადაწყვიტეს, რომ შემოქმედება, შესაძლოა აკონტროლო. არტისტები და მხატვრები, კომპოზიტორები და პოეტები. მოკლებულნი შესაძლებლობას, გადაიქცნენ უბრალო კოლმეურნეებად, როცა მათი შემოქმედება ფასდებოდა დახარჯული საღებავების წონით კილოგრამებში და შეთხზული მელოდიის დროით წამებში. ახლა რუსული ინტელიგენცია დაუბრუნდა მშობლიურ ატმოსფეროს და ელოდება, თუ როდის გაუღიმებს პუტინი და როდის ჩამოკიდებენ მკერდზე მორიგ მედალს.

პრინციპში, ლენინი სწორი იყო, როცა „მძღნერი“ ახსენა – უბრალოდ, მან შეძლო უფრო ხარისხიანი „მძღნერი“ შეექმნა.

http://www.qartuligazeti.com/single-post/2016/09/07/%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98