რუსეთი G20-ზე – გაცრუებული იმედი

G20-ის სამიტის პირველ დღეს, რომელიც ჩინეთის ქალაქ ხანჯოუში ჩატარდა 4-5 სექტემბერს, რუსული და პოსტსაბჭოთა სივრცის ბევრი გაზეთი წერდა „რუსული გარღვევის“ შესახებ. წერდენენ, რომ რუსეთი იბრუნებს წარსულ დიდებას და ადგილს მსოფლიო ეკონომიკაში. განსაკუთრებით ცდილობდნენ რუსი ჟურნალისტები იმ არხებიდან, რომლებიც კუდში დასდევდნენ პუტინს და იჭერდნენ თავიანთი ბელადის ყოველ გამოხედვას, ყოველ ხელის ჩამორთმევას და ბეჭზე მოთათუნებას.

პრინციპში, ეს ოცეულის ლიდერების ჩვეული ქვევაა, რომლებიც ესწრაფვიან ურთიერთობას და გლობალური პრობლემების შესახებ მსჯელობას. ყველაზე მთავარია – პირადი ურთიერთობა. მაგრამ უფრო მთავარი და მნიშვნელოვანია – მოლაპარაკებები. როგორც აღმოჩნდა, ამ მოლაპარაკებების გამო, პუტინს ცოტა ვინმე თუ ეპატიჟებოდა. ყველა ელოდა, რა მოხდებოდა ორ, რუსეთისთვის უკიდურესად მნიშვნელოვან პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან და საუდის არაბეთთან. პირველი განსაზღვრავს დასავლეთის დამოკიდებულებას რუსეთთან, ხოლო მეორეს გავლენა აქვს ნავთობის ფასზე – სწორედ ამაზეა დამოკიდებული რუსეთის ბიუჯეტი და მისი ეკონომიკური მომავალი.

ისინი, მართლაც, შეხვდნენ, მაგრამ შედეგები სრულიად საწინააღმდეგო აღმოჩნდა იმისა, რასაც რუსეთი ელოდა. ორი დღის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ უფრო მკაცრი სანქციები – პერსონალურიც და ტექნოლოგიურიც – შემოიღეს რუსეთის მიმართ, ხოლო საუდის არაბეთმა ნავთობის ფასის ახალი ვარდნა დაიწყო. მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა გამოაცხადა, რომ გადაწყვიტა თავისი ნავთობის რეზერვების ნაწილის გაყიდვა, ფასები კვლავ დაეცა. სამიტში პუტინის მონაწილეობით გამოწვეული აღტაცება და შესაბამისი მოლოდინები უნაყოფო აღმოჩნდა – შედეგები სავალალოა და, ბევრწილად, ტრაგიკულიც. ახალი სანქციები ძალიან ჰგავს იმას და კიდევ უფრო მძიმეა, რაც შემოიღეს 1980-იანი წლების შუაში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, რამაც დაანგრია საბჭოთა ეკონომიკა და დასაბამი დაუდო საბჭოთა იმპერიის რღვევას.

„პუტინი სამიტზე მიემგზავრებოდა ნაპოლეონისებური გეგმებით, მაგრამ შედეგად მიიღო გამანადგურებელი დამარცხება“ – განაცხადა რუსმა ისტორიკოსმა და პუბლიცისტმა ანდრეი პიონტროვსკომ ინტერვიუში გამომცემლობა Newsader-თან. „პროპაგანდისტული ვერსიები ძალიან სასაცილოდ ცვლიდნენ ერთმანეთს. თავიდან, თითქოს, პუტინი და ობამა ერთმანეთს პირისპირ შეეჯახნენ დერეფანში. მერე, ვითომ, ობამა პირველი მივიდა პუტინთან. მესამე ვერსია – ობამა ყველგან ეძებდა პუტინს. მაგრამ, აი, კისელიოვის ვერსიით, მსოფლიოს ყველა ლიდერი რიგში ჩადგა „მსოფლიო ბელადთან შესახვედრად“. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი საგარეო პოლიტიკის სრულ სიმდაბლეს. იგი მთლიანად ჩიხშია შესული“ – განაცხადა პიონტკოვსკიმ.

რა მოხდა? შეუძლია პუტინს რამე ყურადღების იმედი ჰქონდეს მომავალში? G20-ს , ჩვეულებრივ, უწოდებენ „დიდი ინდუსტრიული ოცეულის“ ორგანიზაციას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან – ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო (დიდი ბრიტანეთი), გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, კანადა, ჩინეთი, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, იაპონია და ევროკავშირი. თუ შევადრით ფეხბურთს, ეს უბრალოდ, არის იმ ქვეყნების მსოფლიო ჩემპიონატი, რომლებიც ვითარდებიან და შეუძლიათ, რომ მიაღწიონ უმაღლეს ლიგას – G7-ს. ფინანსურ პრობლემებზე ერთობლივად მსჯელობის იდეა გაჩნდა 1997 წელს, როცა ჩამოყალიბდა G33 – ჯგუფი, შემდგარი 33 ქვეყნისგან, რომელშიც იყვნენ, ასევე, კუბა, ბენინი, ჰაიტი და სხვა ქვეყნები, რომლებსაც, ნამდვილად, ვერ ვუწოდებთ განვითარებადს. ეს იდეა ჩაანაცვლა 1999 წელს G22-მა, რომელმაც ერთ წელზე მეტი იარსება და სწრაფად დაუთმო ადგილი G20-ს.

G20, სინამდვილეში, აერთიანებს ქვეყნებს, რომლებიც მოიცავენ მსოფლიო მოსახლეობის ორ მესამედს და ერთობლივად წარმოადგენენ მსოფლიო საერთო პროდუქტის 85%-ს, ასევე, 75% -ს მსოფლიო ვაჭრობისას, ევროკავშირის შიდა ვაჭრობის ჩათვლით. G20-ის შიგნით არის შვიდი ქვეყანა, რომელიც ქმნის G7-ს. ესაა ყველაზე განვითარებული და მსოფლიო ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი ქვეყნები – დიდი ბრიტანეთი, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, აშშ, იტალია, იაპონია და, ასევე, ევროკავშირი. თექვსმეტი წლის განმავლობაში, 1999 წლიდან, რუსეთი იყო „დიდი შვიდეულის“ წევრი.

ის დროებით მიიღეს. ეს ხდებოდა 2014 წლამდე, ვიდრე რუსეთი არ გააგდეს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისა და ყირიმის ოკუპაციის გამო. მაშინდელი G7 გადაიქცა რუსეთის მეგობრიდან მის მტრად – მან მიიღო პირველი სანქციები ცოტა ხნის წინანდელი მეგობრის წინააღმდეგ.

ორი წლის წინ მოხდა ის, რაც ძალიან ჰგავს 1939 წელს, როცა სსრკ, ფინეთის წინააღმდეგ აგრესიის გამო, გარიცხეს „ერთა ლიგიდან“. მაგრამ რუსეთთან პარტნიორობის უხერხულობა მარტო ეს არ არის. რუსეთი არ ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს და პერიოდულად თავს ესხმის მეზობლებს, მაგალითად, საქართველოს. ის, აგრეთვე აწარმოებს ომს საკუთარი „ინტერესებისთვის“ თავისი ტერიტორიიდან შორს, მაგალითად, სირიაში. კრემლს შეაქვს განხეთქილება სახელმწიფოებს შორის, ცდილობს რა მათ გახლეჩას ან ალტერნატიული ორგანიზაციების შექმნას. 2006 წელს, რუსეთის ინიციატივით, შეიქმნა „ბრიჩს“-ი (БРИКС) იმ ქვეყნებისგან, რომლებიც შედიან G20-ში. 2001 წელს , ასევე, პუტინის ინიციატივით, შეიქმნა „შთო“ (ШОС) – შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, სადაც G20-დან არის რუსეთი, ჩინეთი და, შესაძლოა, ინდოეთი. ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ პუტინს უნდა სსრკ-ს აღდგენა და „მსოფლიო ლიდერი“ სტატუსი, თუმცა მას არ ესმის, რომ ეს სრულიად შეუძლებელია. ეს შეუძლებელია მრეწველობის დაბალი დონის, რუსეთის ბიუჯეტის ნავთობისა და გაზის ფასთან უშუალო მიბმის და კონტროლირებული ეკონომიკის პირობებში.

დაბნეულობის ასეთი სიტუაცია არის არა მხოლოდ ეკონომიკასა და პოლიტიკაში. კრემლს დღემდე ვერ გაუგია, რა მოუხერხოს სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახებს. იგი მათ მხოლოდ რეპრესიებით უპირისპირდება. რუსებს ისედაც ყოველთვის ჰქონდათ თავისუფლების და დემოკრატიის გაცნობიერების დაბალი დონე. ახლა რუსული იდეოლოგია ქვეყანას აბრუნებს იმ შიშის მდგომარეობაში, როცა მონას, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ესმის მხოლოდ ბელადის ლოზუნგები და არ გააჩნია დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი. სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობა რუსეთში ბევრად ჩამორჩება G20-ის ბევრ ქვეყანას. ეს ქვეყნები ან განვითარებულები არიან ან განვითარების გზაზე არიან. რუსეთი კი დეგრადაციის გზაზეა.

პუტინის მოლოდინები არ იყო დაგეგმილი – მას კვლავინდებურად ეწადა კოლექტიურ ფოტოზე მსოფლიო ლიდერებთან დგომას. ის ცდილობდა, ახლოს ყოფილიყო, ვიღაცეებს თვალებში უყურებდა, ვიღაცეების ხელი პროტოკოლით გათვალისწინებულზე დიდხანს ეკავა. რუსული პროპაგანდა, რასაკვირველია, გაიძახოდა, რომ – სამიტის ყველა მონაწილე „მოუთმენლად ელოდა“ პუტინთან შეხვედრას. სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ ელოდნენ ამ შეხვედრას, რათა გამოეხატათ უკმაყოფილება მისი მუდმივი აგრესიისა და მსოფლიოსთვის საფრთხის შექმნის გამო. ყველაზე ბრიყვული პუტინის შემთხვევაში ისაა, როცა მას ჰგონია, რომ არავინ არაფერი იცის რუსეთის ეკონომიკის და სანქციების მოქმედების შესახებ. ამიტომ, G20-ის სამიტი უფრო რუსეთთან გამომშვიდობება იყო, წინასწარი ქელეხი, შესაძლოა, იმ ქვეყანასთან გამომშვიდობებაც კი, რომელიც უკვე რამდენი საუკუნეა, დასცინის საღ აზრს.

http://www.qartuligazeti.com/single-post/2016/09/14/%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98-G20-%E1%83%96%E1%83%94—%E1%83%92%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98