მილიარდერები რუსულ პოლიციაში

რუსეთი უზარმაზარი და მდიდარი ქვეყანაა. ხოლო იქ, სადაც სიმდიდრეა, უნდა იყვნენ ამ სიმდიდრის დამცველები. ნორმალურ ქვეყნებში სიმდიდრე ინახება ბანკებში, იქმნება საინვესტიციო ფონდები და კომპანიები. არანორმალურ ქვეყნებში ფული ინახება სახლის სეიფებში, ჩემოდნებში ან ჩამალულია ავეჯში. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი ფული უკანონოდაა მოპოვებული – ან მოპარულია ან აღებულია ქრთამის და „ატკატების“ სახით.

რუსული პოლიციის პოლკოვნიკს დიმიტრი ზახარჩენკოს, რომელიც დროებით ასრულებდა რუსეთის შსს-ს ეკონომიკური უსაფრთხოების და კორუფციასთან ბრძოლის დეპარტამენტის მთავარ სამმართველოში ე.წ. „ტ“ სამმართველოს უფროსის მოვალეობას, აღმოუჩინეს უზარმაზარი ფული 9 სექტემბერს, იეჭვეს რა მის მიერ 7 მილიონი მანეთის ქრთამად აღება.

ფულადი სახსრების რაოდენობა, რომელიც მისი საქმის გამოძიებისას ამოიღეს, შეადგენს 8,5 მილიარდ მანეთს, ასევე, 120 მილიონ დოლარზე მეტს ნაღდი ფულით და 2 მილიონ ევროს.

ზახარჩენკოს ოჯახის საზღვარგარეთულ ანგარიშებზე აღმოჩნდა 300 მილიონი ევრო. ზახარჩენკოს კუთვნილი უძრავი ქონების ღირებულება არის 700 მილიონი მანეთის ქონება. მის საქმეში ყველაზე ძვირფას უძრავ ქონებად მიჩნეულია ის სახლი, სადაც ზახარჩენკო ფაქტიურად ცხოვრობს. ესაა პრეჩისტენსკის სანაპიროზე სახლი №19 , კორპუსი 3. ამ მისამართზე არის ელიტური საცხოვრებელი კომპლექსი Barkli Plaza.

რუსმა ჟურნალისტებმა დათვალეს, რომ პოლიციის პოლკოვნიკს აღმოუჩინეს სულ 30 მილიარდი მანეთის ტოლი ფული და Forbes-ის სიაში იგი 77-ე ადგილზეა ხოდორკოვსკის წინ, მაგრამ იგორ როტენბერგის შემდეგ. ეს თანხა უდრის ერთად რუსეთის ხუთი რეგიონის – კოსტრომის, მაგადანის, ჩრდილო ოსეთის, ინგუშეთის და ჩუკოტკის – ბიუჯეტებს. გაჩნდა ჯერ დაუდასტურებელი ცნობები იმაზე, რომ ზახარჩენკოს ფულების კვალი მიდის პანამაში, სადაც ოფშორში, შესაძლოა, სხვა მილიარდებიცაა გადამალული. რუსეთი პირისპირ აღმოჩნდა თავისი მასშტაბით არნახული მოვლენის წინაშე – აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში არიან უმდიდრესი ვიოლონჩელისტები, მაგალითად პუტინის მეგობარი ალექსანდრე როლდუგინი და უპრეტენზიო პოლკოვნიკი, რომლის მოვალეობაც იყო კორუფციასთან ბრძოლა. ზახარჩენკომ, ეტყობა, ისე კარგად იცის კორუფციული სქემები, რომ ადვილად იყენებს მათ, ოღონდ, საკუთარი თავის გასამდიდრებლად.

რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ინფორმირებულია რუსეთის შსს-ს ანტიკორუფციული მთავარი სამმართველოს სამსახურებრივი შემოწმების შესახებ პოლკოვნიკი დიმიტრი ზახარჩენკოს დაკავების შემდეგ – განაცხადა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

ისე, სხვათაშორის, რუსეთში, საბჭოთა კავშირის მსგავსად, მიღებულია, რომ ყოველი გახმაურებული მოვლენა აიყვანონ „განსაკუთრებულ კონტროლზე“,

რათა ხალხს შეუქმნან აზრი, რომ შეწუხდნენ და კანონს იცავენ. ალბათ, მკითხველს ახსენდება ყოფილი შს მინისტრისა და ყოფილი პრემიერის, ასევე, ახლანდელი პრემიერის თუ ძალოვანი მინისტრების მიერ „პირად კონტროლზე“ აყვანილი საქმეები – დაწყებული რაფალიანციდან და დამთავრებული კიწმარიშვილით თუ კორცხელით. საქართველო ახლა ცდილობას, ისევ დაემსგავსოს რუსეთს… როგორც წესი, „კონტროლზე აყვანა“ არაფერს იძლევა, რადგან კომუნისტებმა თითქმის ასი წლის წინ შექმნეს სისტემა, რომელიც ოფიციალურად იწოდება „სამართალდამცავად“, მაგრამ, თავისი შინაარსით, არავითარი შედეგის მომტანი არ არის არა მხოლოდ კანონების აღსრულების ან უსაფრთხო ცხოვრების უზრუნველსაყოფად, არამედ პირიქით – იცავს დანაშაულს.

უცნაურია, მაგრამ ახლა ბევრს დაავიწყდა, რომ საბჭოთა სამართალდამცავი ორგანოები იწყებოდა დანაშაულებებით, რომელთაც თავად ბოლშევიკები უწოდებდნენ „წითელ ტერორს“. მათ დაიწყეს დანაშაულებებით, რომლებსაც მეთოდურად სჩადიოდა მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში – შეიქმნა „გულაგი“, სასამართლოს მიღმა „სამეულები“, ასობით ათას ადამიანს ხვრეტდნენ, ასახიჩრებდნენ მილიონობით ადამიანის ბედს. შეიქმნა რესპრესიების სისტემა, როცა ღონიერი და შეიარაღებული კაცის უფლება აღემატებოდა დაუცველი, მუდამ შიშში მცხოვრები საბჭოთა ადამიანის უფლებას. ეს სისტემა არ კონტროლდებოდა საზოგადოების მიერ. ამ სისტემის წარმომადგენლებს ისევ სახელმწიფო დამნაშავეები სჯიდნენ – სჯიდნენ ისინი, ვინც უფრო ახლოს აღმოჩნდებოდა ბელადებთან, ვიდრე მათი მსხვერპლები.

დროთა განმავლობაში საბჭოთა სისტემა ეცადა გარეგნულად წესიერი სახე მიეღო – მწერლები, მხატვრები, კინოს მოღვაწეები იგონებდნენ პატიოსანი მილიციელების სახეებს, რომლებიც იბრძოდნენ საბჭოთა მოქალაქის უსაფრთხოებისთვის. ისევე, როგორც ნებისმიერი პროპაგანდა, ეს ხელოვნების ნაწარმოებები მხოლოდ ლამაზი შირმა იყო, რომლის უკანაც იმალებიდა მახინჯი დანაშაულებრივი სისტემა. ეს სისტემა გადაერთო ეკონომიკურ დანაშაულებებზე. „ობეხეესის“ (შსს-ს ეკონომიკურ დანაშაულებებთან მებრძოლი განყოფილება) სტრუქტურა ოფიციალურად ებრძოდა ეკონომიკურ დანაშაულებებს, სინამდვილეში კი იყვნენ აქტიური დამნაშავეები, რომლებმაც იცოდნენ კანონის შემოვლა. დაპატიმრებული პოლკოვნიკი ზახარჩენკო სწორედ იმ სტრუქტურიდან არის, რომელსაც ადრე „ობეხეესი“ ეწოდებოდა.

ხდებოდა ისიც, რომ კომუნისტების დროს ხელმძღვანელობა წუხდებოდა ქურდობის მასშტაბებით სახელმწიფო სტრუქტურებში. ერთი ასეთი გახმაურებული ამბავი იყო სსრკ-ს შინაგან საქმეთა მინისტრის ნიკოლაი შჩოლოკოვის ისტორია. იგი 20 წელი იყო მინისტრი და ცნობილი იყო, როგორც ბრეჟნევის ფავორიტი. კომპარტიის გენერალური მდივნის, ბრეჟნევის სიკვდილის შემდეგ შჩოლოკოვი მოხნეს, ჩამოართვეს გენერალ-ლეიტენანტის წოდება, ჩამოართვეს სახელმწიფო ჯილდოები და დაადანაშაულეს მრავალრიცხოვან ეკონომიკურ დანაშაულებებში. შჩოლოკოვი არ დაელოდა დაპატიმრებას, სასამართლოს და თავი მოიკლა.

შსს-ს საშუალო შემადგენლობის ყველაზე მეტი დანაშაული გახმაურდა არა მხოლოდ სსრკ-ს შსს-ს ცენტრალური აპარატიდან და მოსკოვიდან, არამედ იმ რესპუბლიკების ანალოგიური სტრუქტურებიდან, სადაც კორუფციია დონე წარმოუდგენლად დიდი იყო – საქართველოდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან და უკრაინიდან.

თანამედროვე რუსული პოლიცია ინარჩუნებს ტრადიციას. ზახარჩენკოს დაპატიმრების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია ახალი დანაშაულის შესახებ. მოსკოვის პოლიციის იმ ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე, ვინც დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და უცხოეთის საკონსულოებს იცავს, ეჭვმიტანილია სამსახურებრივი მოვალეობების ბოროტად გამოყენებაში – ეს განაცხადა მოსკოვის პოლიციის მთავარი სამმართველოს პრეს-სამსახურმა. უფროსის მოადგილის მიმართ მიმდინარეობს სამსახურებრივი მოკვლევა ანონიმური წერილის საფუძველზე, რომელიც ამ სისტემაში შევიდა. წერილში ნათქვამია, რომ ამ მაღალჩინოსანმა პოლიციელმა, ფაქტიურად, ბეგარა დაუწესა პირად შემადგენლობასაც და უცხოურ საელჩოებსაც.

ეს კაცი არის ალექსანდე ჩორნი, მეტსახელად „ტარას ბულბა“. ანონიმური წერილის ავტორები წერენ, რომ პოდპოლკოვნიკი ჩორნი, ზეპირი გარიგების საფუძველზე, უცხოეთის რიგ საელჩოებს უგზავნის პირად შემადგენლობას სხვადასხვა პროტოკოლური ღონისძიებების ჩატარებისთვის. სანაცვლოდ იგი იღებს ანაზრაურებას ძვირფასი ალკოჰოლური სასმელების, ხილის, კარტოფილის(?), ხორცისა და ფულის სახით. მაგალითად, ანონიმები იტყობინებიან, რომ საახალწლოდ აფხაზეთის საელჩომ მოსკოვში (ასეთი არსებობს ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის გადაწყვეტილებით) „ტარას ბულბას“ საჩუქრად გადასცა ღვინის შვიდი ყუთი და რამდენიმე ყუთი მანდარინით, ხოლო მტვირთავებად იყვნენ რიგითი თანამშრომლები.

მსგავსი დანაშაულების ჩადენის მთავარი პრობლემა იმ ადამიანების მიერ, ვინც უნდა იცავდეს კანონს, ესაა უკონტროლობა და კორუპცია.

საზოგადოებას არ აქვს საშუალება, გააკონტროლოს სახელმწიფო სტრუქტურები. ეს ხდება იმიტომ, რომ სახელმწიფო დუმა, ისევე, როგორც პროკურატურა, კორუმპირებული სისტემის ნაწილია.

ზოგიერთი დანაშაული გამოაშკარავდება ხოლმე მხოლოდ იმის გამო, რომ, ჯერ ერთი – შეუძლებელია უკვე მისი დაფარვა. მეორეც ერთი – დამნაშავეები არ უყოფენ მოპარულს და მიტაცებულს უფრო მაღალ უფროსობას. სანამ იარსებებს ასეთი სახელმწიფო რეჟიმი – პუტინის მიერ აღდგენილი საბჭოთა ტრადიციების მატარებელი რეჟიმი – არავითარ სამართალზე და უფლებებზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული მთავარი სამმართველოს პოლკოვნიკ ზახარჩენკოს არ ესმის, რა ბრალდებას უყენებენ – განაცხადა ზახარჩენკოს ადვოკატმა ალექსანდრ ლებედევიჩმა. მისი, ლებედევიჩის, თქმით, ზახარჩენკოსთვს წარდგენილი ბრალეულობა არ არის კონკრეტიზირებული და ბუნდოვანია.

დიდად შესაძლებელია, რომ ეს ამბავი, მსგავსად სხვა ასეთი დანაშაულებებისა, არც მივა სასამართლომდე. კორუფციის სისტემა კვლავაც იფურჩქნება რუსეთში.

http://www.qartuligazeti.com/single-post/2016/09/21/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98