პუტინი დიქტატურის საფუძვლებს იმყარებს

რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებში არაფერი მოულოდნელი არ მომხდარა – აირჩიეს საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭო. ისევე, როგორც საბჭოთა კავშირში, იმთავითვე გასაგები იყო, რომ კრემლს არ აინტერესებს თვისობრივი ცვლილებები. მას ურჩევნია უძრაობა და არა განვითარება. რამდენადაც რუსეთში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება ბოლო 16 წელია კონტროლდება, იმდენად სახელმწიფო დუმის მორჩილი შემადგენლობის არჩევა ადვილი იყო. ახლა, ისევე, როგორც სსრკ-ს უზენაეს საბჭოში, დეპუტატები მორჩილად მისცემენ ხმას კრემლის და პირადად ამხანაგი პუტინის ყველა წინადადებას, დაუჭერენ რა ამითი მხარს პარტიისა და მთავრობის ხაზს.

არჩევნებმა აჩვენა არა მხოლოდ მეფის მიმართ სტაბილური რწმენა, არამედ, სინამდვილეში, ფსბ-ს მიერ საზოგადოებაზე დამყარებული კონტროლი და, ამ მხრივ, მიღწევები შინაგან პოლიტიკაში. უკვე, ყოველგვარი მორიდების გარეშე, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ნებას რთავდა თუ უკრძალავდა არჩევნებში მონაწილეობის უფლებას იმ პარტიებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც იწვევდნენ პირადად პუტინის და მისი პოლიტიკური სისტემის გაღიზიანებას და ხიფათის განცდას. „საყოველთაო მოწონება“ იყო საბჭოთა ხელისუფლების ბრენდი, ისევე, როგორც საბჭოთა ბელადების პიროვნების კულტი. ახლა რუსეთში პუტინის პიროვნების კულტიცაა და მორჩილი პარლამენტიც, რომელსაც, რატომღაც, „სახელმწიფო დუმა“ ჰქვია. ამ დროს, რუსეთის იმპერიის 1905-1917 წლების სახელმწიფო დუმაში ბევრად მეტი პოლიტიკური მრავალფეროვნება იყო, ვიდრე ახლაა. იმ, რუსეთის იმპერის ხანმოკლე დუმაში იყო 11-16 ფრაქცია, რომლებიც რუსეთის მთლიან პოლიტიკურ სპექტრს წარმოადგენდნენ – დაწყებული სოციალ-დემოკრატებიდან და დამთავრებული „მშრომელებით“ თუ მუსულმანური ფრაქციით.

მხოლოდ ორი მოწვევის პოსტსაბჭოთა სახელმწიფო დუმის ისტორია ხასიათდებოდა წარმომადგენლობით და მრავალფეროვნებით – კომუნისტებიდან ლიბერალებამდე თუ დემოკრატებამდე. კრემლში პუტინის გამოჩენის შემდეგ პარლამენტარიზმმა რუსეთში კვლავ დაიწყო დაბრუნება საბჭოთა ტრადიციებთან. პირველი მოწვევის პარლამენტში, 1993-1996 წლებში, იყო რვა პარტია. მეორეში, 1995-2000წწ. – უკვე შვიდი. მესამეში, 1999-2003წწ. – ექვსი, მეოთხეში, 2003-2007 წწ. – ხუთი. მეხუთე მოწვევის დუმიდან მოყოლებული, 2007 წელს, დარჩა მხოლოდ ოთხი პარტია დ ასეა უკვე სამი მოწვევაა ზედიზედ. ყველა დეპუტატი, ვითომ სახელწოდებით განსხვავებული პარტიებიდან, ხმას აძლევენ ერთნაირად. ისინი მხოლოდ იმ უმნიშვნელო მიზეზებით თუ ედავებიან ერთმანეთს, რაც არა სახელმწიფოებრივ, არამედ მათ პარტიების ინტერესებთან არის დაკავშირებული.

ბოლო 9 წლის განმავლობაში – მას შემდეგ რაც „ერთნაირ-ფიქრიანობა“ დამყარდა დუმაში – ჯერ არ ყოფილა, რომ რომელიმე პარტია ყოფილიყო კრემლისა და პირადად პუტინის ინიციატივების წინააღმდეგი. ყველა კანონპროექტი, რომლებიც ეხება საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას, მიიღება ერთხმად – ასე იყო რუსული ჯარის გამოყენების შესახებ საქართველოში და სირიაში, უკრანაში სეპარატისტებისთვის „ჰუმანიტარული“ დახმარების გაწევის შესახებ და ა.შ. თავის ანტიამერიკანიზმში და ანტიდასავლურ პოზიციაში მთელი სახელმწიფო დუმა ერთიანია, ზუსტად ისე, როგორც სსრკ-ს უზენაესი საბჭო იღებდა გადაწყვეტილებებს საბჭოთა კავშირის საქმეებში დასავლეთის ჩაურევლობის შესახებ. ეს ხდებოდა მაშინ, როცა სხვაგვარად მოაზროვნეებს უწყობდნენ რეპრესიებს და ციხეში სვამდნენ. ახლაც ასეა – სახელმწიფო დუმა იცავს პროპაგანდისტებს დონბასში და დუმს შიგნით, რუსეთში ჟურნალისტების მკვლელობების გამო.

2016 წლის არჩევნებზე რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 100 დარეგისტრირებული და არჩევნებში მონაწილეობის სურვილის განაცხადის გამკეთებელი პარტიიდან მონაწილეობის მისაღებად დაუშვა მხოლოდ 14 პარტია. სიაში აღმოჩდა სამი ლიბერალური პარტია – „იაბლოკო“, „სახალხო თავისუფლების პარტია“ და „სამოქალაქო თავისუფლება“, ასევე, არჩევნებამდე შექმნილი „განვითარების პარტია“. დანარჩენები წარმოადგენდნენ მემარცხენე და ცენტრისტულ – თავისი იდეოლოგიით პროკრემლის – პარტიებს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებზე დაუშვა ლიბერალებიც, რათა შეეძინა არჩევნებისთვის პარტიული სპექტრის ლეგიტიმურობის და არჩევნებში მონაწილე პარტიების და მოსახლეობის დემოკრატიულობის თვალთმაქცური შესახედაობა. შედეგი კი იყო ის, რომ აირჩიეს სახელმწიფო დუმის ახალი შემადგენლობა, სადაც პუტინის პარტიას აქვს ადგილების 54,20% ანუ 343 ადგილი. მეორეა „რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია“ – 13,34% და 42 ადგილი. მესამეა „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“ ანუ ჟირინოვსკის პარტია – 13,14% და 39 ადგილი, ასევე, „სპრავედლივაია როსია“ – 6,22% და 23 ადგილი.

„ერთნაირადმოფიქრალი“ დეპუტატების არჩევა დუმაში, მიუხედავად იმისა, თუ ფორმალურად რომელ პარტიას ეკუთვნიან ისინი – ესაა პუტინისთვის სიწყნარის გარანტია უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში. როგორც ჩანს, იგი ემზადება საკუთარი თავის მეოთხე ვადით ასარჩევად, უფრო სწორად, 2000 წლიდან დაწყებული ქვეყნის მართვის გაგრძელებას. თუ გავითვალისწინებთ ეკონომიკურ სიტუაციას ანუ გარდაუვალ ეკონომიკურ კრახს და სოციალურ მღელვარებას, მაშინ ცხადია – მოახლოებულ დიქტატურას სჭირდება მორჩილი პარლამენტი. ასეთმა პარლამენტმა უნდა მიიღოს ყოველგვარი რეპრესიული კანონი, რაც პუტინს დასჭირდება ხელისუფლების გასახანგძლივებლად. პუტინმა კურსი აიღო მართვის საბჭოთა სისტემის ისეთი რეფორმირებისკენ, როცა რეპრესიებისა და თავისუფლების მოსპობის შემდეგ დაისადგურებს ხოლმე – სიმშვიდე დიქტატორისთვის და საერთო თანხმობის გამოხატვა. ამის შესრულება ახლა ძალიან ძნელია, მაგრამ პუტინს სხვა გზა არ აქვს – მხოლოდ წინ!

მაგრამ პუტინს გაუჩნდა თავად მის მიერ შექმნილი პრობლემა – ყირიმი. უკრაინისგან მიტაცებულმა და ანექსირებულმა ნახევარკუნძულმა რუსეთს ყველა საერთაშორისო ვალდებულება და, უპირველეს ყოვლისა, გაეროს წესდება დაარღვევინა. საბჭოთა კავშირი ერთხელ უკვე გააგდეს „ერთა ლიგიდან“ , როცა 1939 წელს ფინეთს თავს დაესხა. ახლა რუსეთს ეს არ ემუქრება, რადგან იგი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. მაგრამ, დასავლეთის ქვეყნები ეცდებიან კვლავაც გააგრძელონ სანქციების დამატება, ხოლო სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ შეიძლება გაჩნდეს განცხადებები რუსული პარლამენტის უფლებამოსილების არაღიარების შესახებ, რადგან არჩევნები ყირიმის ტერიტორიაზეც ჩატარდა. რამდენად ქმედითი იქნება ეს პოლიტიკური ნაბიჯები, ძნელი სათქმელია, მაგარამ რომ იქნება – ეს უაჭველია.

რუსეთი შედის დასავლეთთან ურთიერთობების გართულების მორიგ პერიოდში, როგორც ჩანს, უფრო ღრმად, ვიდრე ეს ჰქონდა სსრკ-ს 1980-იან წლებში. იმ დრომ, მაშინ, საბჭოთა იმპერიის რღვევა მოიტანა. საერთაშორისო თვალსაზრისით არალეგიტიმური რუსული პარლამენტი – კიდევ ერთი არგუმენტია დასავლეთისთვის. უნდა ველოდოთ, ასევე, განცხადებებს იმის შესახებ, რომ სხვა ქვეყნების, პირველ რიგში, დასავლეთის პარლამენტები უარს იტყვიან რუს კოლეგებთან თანამშრომლობაზე. ეტყობა, რუსეთი ვერ მოახერხებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნებასაც, საიდანაც იგი სწორედ ყირიმის ანექსიის შემდეგ გამოაგდეს.

http://www.qartuligazeti.com/single-post/2016/09/28/%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1