ბიზნესი არჩევნებზე. საინფორმაციო ომის ერთ-ერთი ილეთია საქმიანობის იმიტაცია, რაც თითქოს არაფერს არღვევს, მაგრამ ქმნის “მნიშვნელოვანი” მოვლენის გარეგნულ სახეს.

საინფორმაციო ომის ერთ-ერთი ილეთია საქმიანობის იმიტაცია, რაც თითქოს არაფერს არღვევს, მაგრამ ქმნის “მნიშვნელოვანი” მოვლენის გარეგნულ სახეს.

ჩვეულებრივად ამ საქმიანობის უკან სხვა მოტივები ან სხვა მიზეზებია დაფარული. პოსტსაბჭოთა სივრცეში პუტინის ეპოქის დასაწყისში მომრავლდნენ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას “არჩევნებზე დაკვირვებას” უწოდებენ. ისინი ლეგალურად მოქმედებენ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში რეგისტრირდებიან, შესაბამის აკრედიტაციას იღებენ, საარჩევნო უბნებზე დადიან და კანდიდატებს ხვდებიან. ხშირ შემთხვევებში იმ ორგანიზაციების სახელწოდებებში, რომლებსაც ეს “დამკვირვებლები” წარმოადგენენ, არის სიტყვები “დემოკრატია” ან “პატიოსანი არჩევნები”, მაგრამ, როგორც გაირკვა, ამ ორგანიზაციებიდან ბევრი ფიზიკურად არ არსებობს, ანუ მათი ადგილსამყოფელი უცნობია, ან მათი არსებობა იმდენად ფორმალურია, რომ ცუდად დამზადებულ ვებგვერდებზე მათ კოორდინატებში მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მისამართია მითითებული.

სინამდვილეში ეს “დამკვირვებლები” მხოლოდ საინფორმაციო საფუძველს ქმნიან იმისთვის, რომ დასახული მიზნიდან გამომდინარე, პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩატარებულ არჩევნებს “ლეგიტიმური” ან “არალეგიტიმური” უწოდონ. რამდენადაც ასეთ “დამკვირვებლებს” ძალიან მალე უჩნდებათ პოლიტიკური მიდრეკილებები, ცხადი ხდება, რომ მათი საქმიანობის უკან დგანან ადამიანები, ან ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთათვისაც “დამკვირვებლების” მონაწილეობა მხოლოდ საბაბია, რათა საკუთარი ბრძოლა შესაბამისი საინფორმაციო სკანდალით უზრუნველყონ.

ასეთი “დამკვირვებლები” და ყალბი “სადამკვირვებლო” ორგანიზაციები პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში არჩევნებზე 2002 წლიდან გამოჩნდნენ, მაგრამ განსაკუთრებით აქტიურად – საქართველოში და უკრაინაში მომხდარი რევოლუციების შემდეგ. ამ “დამკვირვებლებს” არანაირი ფუნქციონალური დატვირთვა არა აქვთ, რადგან იმ ქვეყნების მთავრობები, სადაც არჩევნები ტარდება, ყურადღებას აქცევენ მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების – ეუთო-ს, ევროსაბჭოს, ევროკავშირის ან აღიარებული ადამიანის უფლებათა დამცავი და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებებს (მაგალითად Human Rights Watch ან Freedom House). არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია აგრეთვე ადგილობრივი ორგანიზაციების მონაწილეობა და შეფასებები. ამიტომ საარჩევნო კამპანიის დროს ან უშუალოდ არჩევნების წინ გამოჩენილ, ნაჩქარევად შექმნილ “სადამკვირვებლო” ორგანიზაციებს მხოლოდ ერთი ფუნქციური დატვირთვა აქვს – სკანდალი, საინფორმაციო ხმაური და მეტი არაფერი.

პოსტსაბჭოთა სივრცის პრაქტიკულად ყველა ქვეყნის საარჩევნო კანონმდებლობაშია გათვალისწინებული შესაბამისი მუხლი და ფორმალურად არავის შეუძლია, ვინმეს უარი უთხრას დამკვირვებლის უფლებებზე, თუ განაცხადი ორგანიზაციის სახელით კეთდება. განაცხადის რეგისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხდება და დამკვირვებლებს საშუალება აქვთ, როგორც ხმის მიცემის, ასევე ხმების დათვლის დროს იყვნენ საარჩევნო უბნებზე, აწარმოონ წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგი. ისეთი “დამკვირვებლებისთვის”, რომელთა შესახებაც ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია აგრეთვე თავიანთი ოფიციალური სტატუსით სარგებლობა, საკუთარი შეფასებების საჯაროდ გამოცხადება, პრესკონფერენციების ჩატარება, ჟურნალისტებთან ურთიერთობა. რეალურად სწორედ ეს არის ამ “დამკვირვებელთა” – საინფორმაციო ომების ერთგვარ ბოევიკთა მთავარი მიზანი.

ასეთი “დამკვირვებლების” კიდევ ერთი თავისებურებაა მათი პოლიტიკური ორიენტაცია. როგორც წესი, ეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან – ყველაზე ხშირად ჟურნალისტები, იურისტები ან მკვლევარები. მათ უმრავლესობას, პირველ რიგში, აერთიანებს წარმოშობა (იმ შემთხვევაშიც კი თუ სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ) – თითქმის ყველა მათგანი საბჭოთა კავშირშია დაბადებული. ხანდახან მათ შორის ეგზოტიკური “დამკვირვებლებიც” არიან – ლათინური ამერიკიდან ან აფრიკიდან. მეორე გამაერთიანებელი ნიშანია პრორუსული პოლიტიკური ორიენტაცია. მათი პოლიტიკური შეხედულებების სპექტრი, რომლის დაფიქსირებაც მათ პუბლიკაციებში ან საჯარო გამოსვლებში შეიძლება, განსხვავებულია – სოციალისტურიდან ნაციონალისტურამდე და თვით ანარქისტულამდე, მაგრამ მთლიანობაში მათი პოზიცია კრემლის შეხედულებებს პასუხობს. ამიტომ “დამკვირვებელთა” რანგში ისინი მხოლოდ პრორუსული პოზიციით ცნობილ კანდიდატთა მხარეზე მოქმედებენ. ან ისინი “აკვირდებიან” იმ კანდიდატების წინააღმდეგ, როგორც ეს საქართველოში და უკრაინაში ხდებოდა, რომლებიც კრემლს ხელს არ აძლევენ.

არჩევნებზე დაკვირვების პროექტები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან უხვად ფინანსდება. ეს ბევრ “დამკვირვებელს” საშუალებას აძლევს, ფულიც კარგად გამოიმუშაოს, გარდა იმისა, რომ როგორც იდეოლოგიურმა მებრძოლმა თავი გამოიჩინოს. სხვადასხვა პუბლიკაციებში მოყვანილია ციფრების თანახმად, ანაზღაურება დღეში 500 დოლარიდან არის, ამას ემატება სამივლინებო ხარჯები, კარგი სასტუმროები, ოფიციალური ანტურაჟი, პოლიტიკოსებთან კავშირის დამყარების საშუალება შემდგომი “დაკვირვებებისთვის”.

პირველი მსხვილი სკანდალი, რომელიც ასეთი “დამკვირვებლების” საქმიანობას მოჰყვა, უკრაინაში 2004 წლის არჩევნების დროს აგორდა. მაშინ რუსეთში ახალშექმნილმა და, რატომღაც, ნიჟნი ნოვგოროდში რეგისტრირებულმა ორგანიზაციამ CIS EMO-მ ბევრი საბაბი შექმნა იმისთვის, რომ იგი პოლიტიკურ მიკერძოებაში და ერთ-ერთი მთავარი კანდიდატის – ვიქტორ იანუკოვიჩის პირდაპირ მხარდაჭერაში დაედანაშაულებინათ.

უკრაინელმა ჟურნალისტმა სერგეი ილკომ დაწვრილებით გამოიკვლია CIS EMO-ს საქმიანობა. იგი ყველაზე მეტად ამ ორგანიზაციის წარმოშობამ გააკვირვა, რომელსაც ხელმძღვანელობს ალეკსეი კოჩეტკოვი, ფაშისტური ორიენტაციის “რუსეთის ეროვნული მოძრაობის” ერთ-ერთი ყოფილი აქტივისტი. ის აგრეთვე ცნობილი იყო როგორც გაზეთ “რუსკი პორიადოკის” რედაქტორი. მოგვიანებით იგი პრესაში სხვადასხვა თანამდებობზე ჩანს – “დსთ-ს ქვეყნებში არჩევნებზე დამკვირვებელი საერთაშორისო ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაციის მისიის” წარმომადგენლად; НП СРО “РОС ПК-ს აღმასრულებელ დირექტორად; გეოპოლიტიკური ანალიზის ევროპული ცენტრის რეგიონული პროგრამების ხელმძღვანელად; დემოკრატიული პროცესების მონიტორინგის ცენტრ “კვორუმის” დირექტორად და ბოლოს CIS EMO-ს გენერალურ დირექტორად.

მონიტორინგის პროფესიული ორგანიზაციებისგან განსხვავებით, CIS EMO-ს უარი არ უთქვამს თვითგამოცხადებულ “სახელმწიფოებში” აფხაზეთსა და დნესტრისპირეთში 2007 წელს გამართულ არჩევნებში მონაწილეობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს სეპარატისტული რეგიონები მაშინ პოსტსაბჭოთა სივრცის არც ერთი ქვეყნის მიერ არ ყოფილა აღიარებული. როგორც ჩანს, ლათინური აბრევიატურის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, რათა მათ იფიქრონ, რომ სეპარატისტულ ტერიტორიებზე ჩატარებული არჩევნები ასეთი ლამაზი და გაუგებარი სახელის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის აღიარებული. სერგეი ილკომ გამოთქვა ეჭვი, რომ CIS EMO მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის სპეცსამსახურებთან, ამაზე არაპირდაპირ მიანიშნებს ზოგიერთი “დამკვირვებლის” ბიოგრაფიაც.

სერგეი ილკოს მონიტორინგის მწარმოებელი კიდევ ერთი ორგანიზაციის შექმნისა და საქმიანობის შესახებ მოაქვს მონაცემები. ეს არის “ტრანსევროპული დიალოგი” (TED). ისევ ლათინური აბრევიატურა სახელში და თვით ნამდვილი ევროპელების – ბელგიელების, პოლონელების, იტალიელების მონაწილეობაც, რომლებიც თავიანთი ფაშისტური და ულტრანაციონალისტური შეხედულებებით არიან ცნობილები. მაგრამ ყველაზე საკვირველი TED-ის წარმომავლობაა, რომელიც, როგორც ილკო ამტკიცებს, სამი ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობით არის შექმნილი, ესენია – დემოკრატიულ პროცესებზე დამკვირვებელი ევრაზიული ორგანიზაცია (EODE), ბელგიური European network for political monitoring (ENPM – პოლიტიკური მონიტორინგის ევროპული ქსელი) და გეოპოლიტიკური ანალიზის ევროპული ცენტრი. ვერ მოხერხდა რაიმე კვალის აღმოჩენა – წარმოშობის, მისამართის, სხვა კონტაქტების. ეს ორგანიზაციები არც ინტერნეტშია მოხსენებული. სწორედ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩაიყვანა ალეკსეი კოჩეტკოვმა აფხაზეთში 2007 წლის მარტის არჩევნებზე, ხოლო 2007 წლის ივლისში – ყარაბაღში. ბუნებრივია, “დამკვირვებლებს” იქ არავითარი დარღვევები არ აღმოუჩენიათ, მათ შორის თვით ამომრჩევლების არყოფნაც, რომლებიც ამ ტერიტორიებიდან 90-იან წლების დასაწყისში მომხდარი კონფლიქტების დროს გაყარეს.

ალეკსეი კოჩეტკოვის ცოლმა მარინა კლებანოვიჩმა ერთხელ ახსნა, თუ რა ორგანიზაციაა ეს და რისთვის არის შექმნილი: “ტრანსევროპული დიალოგი” – ეს მთელს მსოფლიოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელია. მთელს მსოფლიოში უკვე ბევრს მობეზრდა ოფიციალური ევროპული და ამერიკული სტრუქტურების ორმაგი სტანდარტები. ჩვენ გვინდა პოლიტიკური სიტუაციის შესწავლის ალტერნატიული ცენტრის შექმნა, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში არჩევნებზე დაკვირვება და აგრეთვე საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა, გამომდინარე მიმდინარე პოლიტიკური პროცესის საკუთარი გაგებიდან.” ანუ მათთვის ამოსავალია არა საყოველთაოდ მიღებული დემოკრატიული ნორმები – მათ შორის დსთ-ს ქვეყნების ეუთო-ში შესვლის დროს, ხოლო პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ნაწილის ევროსაბჭოში შესვლის დროს აღებული ვალდებულებები – არამედ რაღაც “ალტერნატივა”, მათ შორის საზოგადოებრივი აზრის შეცვლის სურვილი. სხვა სიტყვებით, ეს ნიშნავს ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევას, უფრო კონკრეტულად კი – საინფორმაციო ომის წარმოებას, მოჩვენებითი დემოკრატიული პროცესების შექმნას.

2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო კამპანიის დროს საქართველოში ისტორია განმეორდა, მაგრამ ამჯერად დაინტერესებული “დამკვირვებელი” ბევრად უფრო ბევრი იყო. პრორუსულმა პოლიტტექნოლოგებმა მოახერხეს საქართველოში “დამკვირვებელთა” დიდი რაოდენობის კონცენტრირება, რომელთა წარმოშობაც ერთი შეხედვით ეჭვს არ იწვევდა – ისინი ყველანი ან უკრაინელები, ან ისრაელის, ან ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ.

საქართველოსადმი უზარმაზარი ინტერესი იყო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ არჩევნები რიგგარეშე იმართებოდა, რომელიც სააკაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბრის კრიზისის შემდეგ დანიშნა. მაშინ ხელისუფლება იძულებული გახდა, სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით გამოსული დემონსტრანტების დასაშლელად ძალა გამოეყენებინა. მეორეც, კრემლი ძალიან იყო დაინტერესებული მოქმედი პრეზიდენტის წაგებით. საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ 2007 წლის შემოდგომაზე ქუჩაში გამოსულ ოპოზიციას მოსკოვი უჭერდა მხარს და მასობრივ წინააღმდეგობას და გადატრიალებას ამზადებდა. რამდენადაც ეს არ გამოვიდა, შეიძლებოდა, რევანში უკვე დემოკრატიული გზით – არჩევნების საშუალებით განხორციელებულიყო.

მხოლოდ ასე შეიძლება 2008 წლის იანვრის არჩევნებისადმი კრემლის ინტერესისა და თბილისში ჟურნალისტების დიდი რაოდენობით ჩამოსვლის ახსნა. ისინი თავიანთ რეპორტაჟებში საქართველოდან სააკაშვილის დამარცხებას წინასწარმეტყველებდნენ. ჩვეულებრივ საინფორმაციო მხარდაჭერას “საერთაშორისო დამკვირვებლების აზრით” გამაგრება სჭირდებოდა. და ისინიც გამოჩნდნენ.

იმის შესახებ, რომ საკუთარი ეგზიტპოლების შედეგებს 5 იანვარს საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოაქვეყნებდნენ, არჩევნებამდე სამი დღით ადრე განაცხადეს ორგანიზაციებმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა ცენტრმა “საერთო ევროპული საქმისთვის” და ევროპულმა ფონდმა “დიალოგი დემოკრატიის განვითარებისთვის”. ეს ორივე ორგანიზაცია ფორმალურად უკრაინული იყო და მათ მიერ არჩევნებამდე ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვებში ოპოზიციის კანდიდატები ლიდერობდნენ.

წინასაარჩევნო კამპანია ძალიან აგრესიული იყო. კანონით გათვალისწინებული უფასო ეთერის გარდა, საარჩევნო რეკლამის კომერციული ჩვენების უფლება მხოლოდ ორმა კანდიდატმა გამოიყენა – მიხეილ სააკაშვილმა და ტელეკომპანია “იმედის” მფლობელმა, რუსეთ-საქართველოს ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა. “იმედის” მაუწყებლობა სამართალდამცავებმა 2007 წლის 7 ნოემბერს ძალით შეწყვიტეს, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერები მასობრივი არეულობებისა და არსებული ხელისუფლების დამხობისკენ ეთერში მოუწოდებდნენ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სწორედ ბადრი პატარკაციშვილმა დაიქირავა “საერთაშორისო დამკვირვებლები”, რომლებიც მზად იყვნენ, ეგზიტპოლების შედეგი მისთვის სასარგებლოდ დაეფიქსირებინათ, მასობრივი დარღვევების შესახებ განეცხადებინათ და ამით საზოგადოების უკმაყოფილება გამოეწვიათ, რაც შეიძლებოდა, ახალი დაპირისპირების ბიძგად ქცეულიყო. ბადრი პატარკაციშვილი თავის სარეკლამო გამოსვლებში საქართველოს გაჭირვებულ მოქალაქეებს საკუთარი სახსრებიდან დახმარებასაც სთავაზობდა, მაგრამ ტელევიზიით საჯარო დებატებზე უარი თქვა, ალბათ ვარაუდობდა, რომ სააკაშვილთან დავის დროს ვერ შეძლებდა ამომრჩეველთა უმრავლესობის ნდობის მოპოვებას.

უკრაინული ორგანიზაციები – საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი “საერთოევროპული საქმისათვის” და ევროპული ფონდი “დიალოგი დემოკრატიის განვითარებისათვის” – იმ “საერთაშორისო დამკვირვებელთა” შორის იყვნენ, რომლებიც არჩევნების ოფიციალური მონაცემების უარყოფას ცდილობდნენ. ამ ორგანიზაციების წარმოშობის გარკვევის მცდელობები უშედეგოდ დამთავრდა – მათ შესახებ უკრაინელმა ჟურნალისტებმა და ექსპერტებმა არაფერი იცოდნენ. ინტერნეტში ძებნამ უჩვეულო დეტალი გამოავლინა – ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ივან შერსტიუკი მოხსენიებულია როგორც ოფისის მფლობელი პოლონეთში, სადაც უაღრესად ლიბერალური კანონებია და ორგანიზაციის რეგისტრაციაში გატარება, თან მისთვის საერთაშორისო სტატუსის მიცემა ძალიან ადვილია.

“უკრაინელი დამკვირვებლების” საქმიანობაში მეორე უცნაურობაა – მონიტორინგის ჩატარება, რაც ძვირადღირებული ღონისძიებაა, თან მოითხოვს ამ საქმის სპეციალისტებს, აგრეთვე სოციოლოგიურ გამოკვლევებს, რომლებსაც სჭირდება მომზადებაც, უნარიც და გამოცდილებაც. უკრაინელმა ჟურნალისტმა მუსტაფა ნაიემმა “უკრაინელი დამკვირვებლების” საქმიანობის შესახებ საკუთარი გამოძიების შედეგები “უკრაინსკაია პრავდას” საიტზე 2008 წლის 3 იანვარს გამოაქვეყნა.

არჩევნების წინ უკრაინიდან საქართველოში სოციოლოგების და დამკვირვებლების სამი ჯგუფი ჩამოვიდა. ოფიციალურ ხელისუფლებასთან ადგილობრივ სოციოლოგიურ სამსახურებთან თანამშრომლობს ილკო კუჩერევის “დემოკრატიული ინიციატივების ფონდი”. რამდენად ძლიერია ამ თანამშრომლობის გავლენა ფონდის მუშაობის შედეგებზე, ამის გარკვევა ძნელია. თუმაცა, მიუხედავად ამისა, ეს ერთადერთი სტრუქტურაა, რომლის უკრაინული წარმოშობაც ეჭვს არ იწვევს.

ხოლო ორი სხვა პროექტი, რომლის ხელმძღვანელებიც თითქოს უკრაინელები არიან, ძალიან უცნაურია. ორივე პროექტის მთავარი მიზანია ეროვნული ეგზიტ-პოლების ჩატარება 2008 წლის 5 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევის დღეს. გარდა ამისა, ისინი თავს დამკვირვებლებს უწოდებენ. ყველაზე პრეზენტაბელურად ჟღერს პროექტი “ეგზიტპოლი: საქართველო 2008″. მისი ხელმძღვანელი, ხანშიშესული პროფესორი, ვინმე ლეონიდ ბელოუსოვი წარმოდგენილია როგორც საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრ “საერთო ევროპული საქმის” პრეზიდენტი. ამასთან დასახელების შემდეგ ფრჩხილებში აუცილებლად აღნიშნულია უკრაინა. ბატონი ბელოუსოვი საქართველოში წარმატებით ატარებს სოციოლოგიურ გამოკვლევებს, რომლის თანახმადაც არჩევნებში პრეზიდენტობის ოპოზიციური კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე იმარჯვებს. პრინციპში ამაში ცუდი არაფერია, ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ თვითონ უკრაინაში ლეონიდ ბელოუსოვს არავინ იცნობს.

ლეონიდ ბელოუსოვს თანამოაზრე ჰყავს. საქართველოში დემოკრატიისთვის ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მონაწილედ უკრაინელი ხალხის სახელით ახალგაზრდა სოციოლოგ-დამკვირვებელი ივან შერსტიუკი გამოდის. გაირკვა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მან თავისი სტატუსი და მუშაობის ადგილი ოთხჯერ შეიცვალა. 2005 წლის დეკემბერში ივან შერსტიუკი უკრაინული, ბელარუსული და პოლონური მასობრივი ინფორმაციის დამოუკიდებელი საშუალებების დამკვირვებელთა საერთაშორისო მისიის წარმომადგენელი იყო. მაშინ ის ალმა-ატაში დაკავებული უკრაინელი ჟურნალისტების უფლებებს იცავდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს სამი უკრაინელი ჟურნალისტი ყაზახეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული არ ყოფილა. უფრო მეტიც, მათ სამჯერ სცადეს ამ აკრედიტაციის მიღება და ყოველ ჯერზე სხვადასხვა გამოცემების და ორგანიზაციების სახელით: როგორც “ახალგაზრდული მოძრაობის სადამკვირვებლო ცენტრის” წარმომადგენლები, როგორც “იურიდიული გაზეთის” ჟურნალსტები, ქალაქ უჟგოროდის გაზეთ “პრავოზაშჩიტნიკის” (უფლებათა დამცავი) თანამშრომლები და როგორც “საერთაშორისო მისიის” წარმომადგენლები, რომელსაც ბატონი შერსტიუკი ხელმძღვანელობდა. ახლა ივან შერსტიუკი პროექტ “ევროპული თანამშრომლობა 2008″ ხელმძღვანელის როლში გამოდის და თავს უწოდებს ევროპული ფონდის “დიალოგი დემოკრატიის განვითარებისათვის” თანათავმჯდომარეს.

ისევე როგორც ლეონიდ ბელოუსოვი, ივან შერსტიუკიც ოპოზიციის უფლებებს იცავს. იმ დროს, როდესაც პრაქტიკულად ყველა გამოკითხვით საქართველოში სააკაშვილს 22-დან 70 პროცენტამდე მხარდაჭერა აქვს – ხელისუფლების მიმართ ლოიალობიდან გამომდინარე, ივან შერსტიუკის გამოკითხვები ლევან გაჩეჩილაძის გამარჯვებას წინასწარმეტყველებს. ბატონი შერსტიუკი დარწმუნებულია, რომ გაჩეჩილაძე მიიღებს 22,1 პროცენტს სააკაშვილის 20,3 პროცენტის წინააღმდეგ.

გაურკვეველი რჩება იმ ორგანიზაციების დაფინანსების წყაროებიც, რომელთა სახელითაც ეს ადამიანები მუშაობენ. პირდაპირ კითხვაზე ისინი რაღაც ერთიან ევროპულ ფონდს ასახელებენ, რომლის კვალსაც ინტერნეტში ვერ ვპოულობთ. გუშინ (ანუ 2008 წლის 2 იანვარს – ო. პ.) ივან შერსტიუკი მთელი დღის განმავლობაში გვპირდებოდა, რომ თავისი ფონდის შესახებ ორგანიზაციის ელექტრონულ გვერდზე განათავსებდა. მაგრამ ვერც საიტის მისამართის მიღება და ვერც მასზე ინფორმაციის მოძიება მოვახერხეთ. ბატონი პატარკაციშვილი, უფრო სწორად, მისი ტელეარხი “იმედი”, რომლის მაუწყებლობაც ჯერ ხელისუფლებამ შეაჩერა და შემდეგ ეს თვით არხის თანამრომლებმა გააკეთეს, დამკვირვებელთა ორივე ჯგუფის, ბელოუსოვის და შერსტიუკის ერთადერთი დამაკავშირებელი რგოლია. საქმე ის არის, რომ “იმედი”, რუსულ “რია-ნოვოსტისთან” ერთად იყო მასობრივი ინფორმაციის ერთადერთი საშუალება, რომელმაც გამოკითხვის შედეგების შესახებ პრესკონფერენცია გადასცა. ამ გამოკითხვების თანახმად, არჩევნებზე გამარჯვებას ოპოზიციამ უნდა მიაღწიოს. სხვათა შორის, ივან შერსტიუკი თვითონაც არ მალავს, რომ საქართველოში “იმედის” მიწვევით იმყოფება. მისივე სიტყვებით, ტელეარხი მისი ფონდის ერთადერთი პარტნიორია საქართველოში. “ესენი ჩვენი პარტნიორები არიან და ბოლო მომენტამდე მხოლოდ მათ შეეძლოთ ჩვენი გამოკითხვების ტრანსლირება. ჩვენ არ ვიცით, ახლა რა უნდა ვქნათ,” – აცხადებს უკრაინელი სოციოლოგი.

არ არის გამორიცხული, რომ დღეს ოპოზიციის სასარგებლოდ მიმდინარე გამოკითხვები ამ გეგმის ნაწილია. არჩევნების ოფიციალური შედეგების მნიშვნელოვანი განსხვავება იმ მონაცემებისგან, რომელსაც ლეონიდ ბელოუსოვისა და ივან შერსტიუკის “უკრაინული” ჯგუფები 5 იანვრის 20.00 საათზე გამოაქვეყნებენ, ერთადერთი და მთავარი საბაბი გახდება ქუჩის დემონსტრაციების დასაწყებად.

უკრაინელი “დამკვირვებლების” გარდა, წინასაარჩევნო კამპანიას კიდევ რამდენიმე მისია ადევნებდა თვალყურს, რომლებიც რაღაც კოალიციაში გაერთიანდნენ. და მათ ჯერ კიდევ 3 იანვარს ჩაატარეს პრესკონფერენცია “წინასაარჩევნო პერიოდში შენიშნული დარღვევების გამო”. როგორც ისრაელის წარმომადგენელმა ბარუხ ბენ ნერიამ განაცხადა, “სამწუხაროდ, წინასაარჩევნო პერიოდი საქართველოში ძალიან მძიმე სიტუაციაში მიმდინარეობს,” და გამოთქვა იმედი, რომ “ის მშვიდობიანად ჩაივლის”. მან პირობა დადო, რომ თავიანთი დაკვირვების შედეგებს გამოაქვეყნებენ არჩევნების მეორე დღეს.

როგორც იმ დღეებში სააგენტოები იტყობინებოდნენ, ეს მისია ოთხი ქვეყნის – დიდი ბრიტანეთის, ისრაელის, აშშ-ს და გერმანიის წარმომადგენლებს აერთიანებს, რომლებმაც ჯერ კიდევ არჩევნებამდე ორი დღით ადრე დააფიქსირეს “დარღვევის რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითი, რომელსაც შეეჯახნენ დაკვირვების პროცესში”. მისიის წევრთა განცხადებით, “ერთ-ერთი კანდიდატის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას აქვს ადგილი” და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები კანდიდატების მიმართ დაუბალანსებელია. მაგალითად ის ფაქტი მოიყვანეს, რომ საახალწლო მილოცვით მხოლოდ ერთი კანდიდატი – მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა. როგორც ბარუხ ბენ ნერიამ აღნიშნა, მათი წარმომადგენლები 2007 წლის 26 დეკემბრიდან თითქმის მთელ საქართველოში იყვნენ მივლინებულები, მაგრამ არჩევნებამდე ორი დღით ადრე საქართველოში “დამკვირვებელთა” მხოლოდ ორი ჯგუფი იმყოფებოდა, დანარჩენები 4 იანვარს უნდა ჩამოვიდნენ.

ანუ ვინ იმყოფებოდა საქართველოში უცნაურ “დამკვირვებელთა” მხრიდან?

უპირველესად პოლიტიკური მონიტორინგის დამოუკიდებელი ამერიკული ცენტრი (www.iacopm.org), საიტზე არ არის ოფისის მისამართი, არც ტელეფონები, მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მისამართია, მაგრამ მოყვანილია პარტნიორების სია: International Expert Center for Electoral Systems, London International Democracy Institute (Great Britain), The Baltic Forum (Latvia), International Monitoring Bureau (Russia), The Central Asian Foundation for the Development of Democracy (Kazakhstan), Central European Group of Political Monitoring (Germany).

ორგანიზაციების უმრავლესობის ვებგვერდების მითითებული მისამართები არ მუშაობს და უცნობია, არსებობდნენ თუ არა ისინი ოდესმე, გარდა სამი დაწესებულებისა: International Expert Center for Electoral Systems, პრორუსული ორგანიზაცია The Baltic Forum და გერმანიაში განთავსებული ორგანიზაციის Central European Group of Political Monitoring.

ექსპერტთა სია: Lidia Lawson, Alex Yar, Reverend Sergey Dezhniuk, William O’Brien, Tia McKittrick, Alex S. Yar Jr. Miller R. Hicks, Dr. Rachel Ehrenfeld, Prof. John Swails – ყველა მოხსენებულია როგორც აშშ-ს მოქალაქე. მათი კვალის მიგნება, მაგალითად, ჟურნალისტ ალეკს იარის (Alex Yar) თუნდ რაიმე პუბლიკაციის ან შემოქმედებითი ბიოგრაფიის პოვნის მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.

“დამკვირვებელთა” მეორე კოლექტივია – European Group for Political Monitoring (http://sites.google.com/site/ ceumonitorgroup/expert-ru). ვებგვერდის მისამართიდან გამომდინარე, ორგანიზაცია სარგებლობს ჰოსტინგით უფასო, რაც “საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის” ძალიან არასერიოზულია.

პარტნიორებად ნახსენები არიან: საარჩევნო სისტემების საერთაშორისო საექსპერტო ცენტრი /ICES/, საზოგადოებრივი სამართლის რუსეთის საზოგადოებრივი ინსტიტუტი, ბალტიური ფორუმი (ლატვია), ლონდონის დემოკრატიის საერთაშორისო ინსტიტუტი (დიდი ბრიტანეთი), დემოკრატიის განვითარების ცენტრალური ფონდი (ყაზახეთი), პოლიტიკური მონიტორინგის დამოუკიდებელი ამერიკული ცენტრი (აშშ), მონიტორინგის საერთაშორისო ბიურო (რუსეთი), აღმოსავლეთ ევროპის და დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტი (ისრაელი).

მათგან მხოლოდ სამი არსებობს, რომლებსაც აქვთ ვებგვერდები და უმნიშვნელო ინფორმაციაა მათ საქმიანობაზე.

ექსპერტთა სიაში არიან: დოქტორი ალექსანდრ გერანდი, ტატიანა რეცნიკი, ალექსანდრ ლურიე, ელენა გელერი, არმინ ებერტი, დიტერ ბახი, ოლგა შტიბენი, დოქტორი მუ იემინა მალუ, ალეკს იარი, დანიელ ალალუფი, დოქტორი ვლადიმირ ბრიუხანოვი, დოქტორი მიხაელ პელივერტი, ტამარ დე ტრევე.

დაბოლოს, მესამე ორგანიზაცია – International Expert Center for Electoral Systems (www.elections-ices.org).

პარტნიორები: პოლიტიკური მონიტორინგის დამოუკიდებელი ამერიკული ცენტრი (აშშ), არაკომერციული ფონდი “ევრაზიის მემკვიდრეობა” (რუსეთი), ადამიანის უფლებების მოსკოვის ბიურო (რუსეთი), საარჩევნო სამართლის რუსეთის საზოგადოებრივი ინსტიტუტი (რუსეთი), საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ბალტიის ფორუმი” (ლატვია), “ვესტნიკ კავკაზა (ИПИ Вестник Кавказа)” (რუსეთი), სამოქალაქო საზოგადოების პრობლემების კვლევის ცენტრი (უკრაინა), მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტსაბჭოთა სივრცის შემსწავლელი საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი (რუსეთი), აქტუალური კვლევების ცენტრი “ალტერნატივა” (ყაზახეთი), საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი “ევრაზიული სახლი” (რუსეთი), პოლიტიკური მონიტორინგის ცენტრალურ-ევროპული ჯგუფი (გერმანია), საარჩევნო უფლებების დაცვის არაკომერციული ორგანიზაციების ასოციაცია “სამოქალაქო კონტროლი” (რუსეთი), აღმოსავლეთ ევროპის და დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტი (ისრაელი).

პარტნიორების სიაში განსაკუთრებული მომენტია აღმოჩენილი: ორ ორგანიზაციას ერთი და იგივე ადამიანი ხელმძღვანელობს. ეს არის საარჩევნო უფლებების დაცვის არაკომერციული ორგანიზაციების ასოციაცია “სამოქალაქო კონტროლი” – თანათავმჯდომარე ალექსანდრ ბროდი, ის არის აგრეთვე ადამიანის უფლებების მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი. სხვათა შორის, საბჭოს წევრებს შორის არიან: ალეკსეი კოჩეტკოვი – სწორედ ის, რომელმაც ორგანიზაცია CIS EMO დააარსა და ვლადიმირ ხომერიკი, მოსკოვის ქართულ სათვისტომოში ერთ-ერთი კრემლის მომხრე აქტივისტი. უჩვეულო გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ აგრეთვე ფაშიზმთან მებრძოლი ბროდისა და “რუსეთის ეროვნული მოძრაობის” ყოფილ აქტივისტ კოჩეტკოვის ერთ კამპანიაში ყოფნა.

ექსპერტები: ვიტალი ანდრიევსკი (მოლდოვა), ადვოკატი ავი აპტეკმანი (ისრაელი), ბარუხ ბენ-ნერია (ისრაელი), დოქტორი იოსეფ ბოდანსკი (აშშ), ადვოკატი კონსტანტინ ბოიკო (აშშ), ალექსანდრ ბროდი (რუსეთი), დოქტორი ლევ ვერშინინი (ისრაელი, ესპანეთი), ალეკსეი ვლასოვი (რუსეთი), პროფესორი დმიტრი ვიდრინი (უკრაინა), დოქტორი გრიგორი გოლოსოვი (რუსეთი), ალექსანდრ ისკანდერიანი (სომხეთი), ვადიმ კარასევი (უკრაინა), ნათან კოენი (ისრაელი), ვიტალი კულიკი (უკრაინა), დოქტორი ლიდია ლოუსონი (აშშ), ალექსანდრ ლურიე (გერმანია), ლევ მალინსკი (ავენაისი) (ისრაელი), სერგეი მარკედონოვი (რუსეთი), დოქტორი ვლადიმირ მესამედი (ისრაელი), დავიდ პეტროსიანი (სომხეთი), მიხაილ პოგრებინსკი (უკრაინა), დოქტორი დმიტრი რადიშევსკი (აშშ, ისრაელი), სერგეი რასოვი (რუსეთი, ყაზახეთი), ტატიანა რეზნიკი (გერმანია), ბორის სლუცკი (ისრაელი), პროფესორი ჯონ სუეილზი (აშშ), სერგეი ტოლსტოვი (უკრაინა), ანტონ ფინკო (უკრაინა), დოქტორი ზეევ ხანინი (ისრაელი), დოქტორი ალექსანდრ ცინკერი (ისრაელი), ბოგდან ცირდია (მოლდოვა), ანდრეი ჩებოტარიოვი (ყაზახეთი), ემილ შლეიმოვიჩი (ისრაელი), ოლგა შტიბენი (გერმანია), დოქტორი რეიჩელ ერენფელდი (აშშ), დოქტორი არიფ იუნუსოვი (აზერბაიჯანი), დოქტორი ვალენტინ იაკუშიკი (უკრაინა).

გასაკვირია, მაგრამ არავის მიუქცევია ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ განაცხადის შემომტან “დამკვირვებელთა” სამივე ორგანიზაციას პარტნიორებში ერთსა და იმავე ორგანიზაციებს მოუთითებენ, რომელთა უმრავლესობაც არ მალავს კრემლის მომხრე ორიენტაციას. მაგრამ ყველაზე განსაცვიფრებელია ექსპერტების შემადგენლობა. ზოგი მათგანი ორ ან სამივე ორგანიზაციაშია წარმოდგენილი: ალექსანდრ ბროდი, ალექს იარი, ალექსანდრ ლურიე, ლიდია ლოუსონი.

სხვა გვარები კიდევ რამდენიმე ორგანიზაციაში გვხვდება, რომლებიც საქართველოს არჩევნებს არ “აკვირდებოდნენ”, მაგრამ სხვა ქვეყნების არჩევნებზე დაფიქსირდნენ. მაგალითად, 2004 წელს უკრაინაში, სადაც “ნარინჯისფერი რევოლუციის” ბედი წყდებოდა და “დამკვირვებლები” კრემლის მომხრე კანდიდატ ვიქტორ იანუკოვიჩის დასახმარებლად ჩავიდნენ. მაშინ ისრაელში სკანდალი ატყდა, რადგან ამ ქვეყნის სახელით მოქმედებდა ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც “დსთ-ს ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტის დამკვირვებლები” იყვნენ.

ისრაელის ჟურნალისტმა შლომო გრომანმა საკუთარი გამოძიება ჩაატარა. მან ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში წინასწარ გაგზავნა შეკითხვა, რომელშიც ითხოვდა დაზუსტებას, იყო თუ არა იულია ბრაია ისრაელის ოფიციალური წარმომადგენელი არჩევნებზე უკრაინაში.

2004 წლის 13 დეკემბერს შლომო გრომანმა საიტზე www.jewniverse.ru გამოაქვეყნა მასალა თავისი გამოძიების შესახებ – “იანუკოვიჩის “ევსექსია” ან “დსთ-ს და აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტი” აგრძელებს “დაკვირვებას” უკრაინის არჩევნებზე”. ებრაელი ჟურნალისტი ცდილობდა, გაერკვია, თუ ვინ შექმნა ეს უცნაური ინსტიტუტი და რა კავშირი აქვს მას ისრაელთან. გაირკვა, რომ ამ ინსტიტუტს არანაირი რეკვიზიტი არა აქვს – არც შენობა, არც ტელეფონი, არც ოფიციალური საიტი, არც ელაქტრონული მისამართი.

სადისკუსიო ჯგუფ “მეგაფორუმის” მონაწილეებმა ინტერნეტში ძებნის შედეგად აღმოაჩინეს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ზემოთ ნახსენები “ინსტიტუტი” მიმდინარე წლის სექტემბერში შეიქმნა, სპეციალურად ვიქტორ იანუკოვიჩის წინასარჩევნო კამპანიის ჩარჩოებში იმ თანხის საფუძველზე, რომელიც, სხვადასხვა ვერსიებით, უკრაინიდან, რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან ან აშშ-დან მოდიოდა. “ინსტიტუტის” სავარაუდო დამფუძნებელმა, აშშ-ს მოქალაქემ ალეკს კისელიოვმა – დაადასტურა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მუშაობისთვის “დაწესებულების” თანამშრომლები, სატრანსპორტო ხარჯების გარდა, დღეში 500 დოლარს იღებენ,.

ვინ შეიყვანეს დამკვირვებელთა სიაში ამ იდუმალი “აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტიდან”? უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე შენარჩუნებულია სია:

ემილ შლეიმოვიჩი, ლევ ვერშინინი, ალექსანდრ ცინკერი, ნათან კოენი, სერგეი ბარგონი, იაკოვ როტმანი, ლეონიდ დოკსი, არკადი აპტეკარი, ელიზერ ფელდმანი, მარკ ბასინი, იური ლიტვაკი, ლევ ბალცანი, ალეკს მაიდინი, მარკ ვაისი, სერგეი პოდრაჟანსკი, ბორის სლუცკი, მიხაილო გერშმანი, ემილ ტევოსოვი, მიხაელ ბენხინი, მიხაელ კაინერი, ევგენ მალამუდი, მიხაილო ერლიხმანი, ბარუხ ბენ ნერია, ალიკ სოლტანოვიჩი, ინა პელესი, ალეკს კლევიცკი, სერგეი ინდიკტი.

თუ გადავხედავთ ექსპერტთა ცენტრ ICES-ის ექსპერტების სიას, რომელიც, ამ ორგანიზაციის ვებგვერდის თანახმად, დარეგისტრირებულია 2007 წლის 23 ივლისს, ანუ აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის შექმნიდან სამი წლის შემდეგ, შეიძლება უხუცესი “დამკვირვებლები” ვიპოვოთ:

ალექსანდრ ცინკერი, ბორის სლუცკი, ავი აპტეკმანი, ბარუხ ბენ-ნერია, ლევ ვერშინინი, ნათან კოენი, ემილ შლეიმოვიჩი.

უკრაინიდან შორს რომ არ წავიდეთ, ღირს, ამ ქვეყანაში უკვე 2010 წელს მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებს მივუბრუნდეთ. ახლა მათ აკვირდებოდნენ კიდევ ერთი ორგანიზაციის – “სამართლიანი არჩევნებისათვის” წარმომადგენლები. უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ სიაში “დამკვირვებლებს” შორის იგივე გვარები გვხვდება:

ლევ ვერშინინი, არინა ვერშინინა, ნათან კოენი, ალექსანდრ ლურიე, ემილ შლეიმოვიჩი, ალექსანდრ სემიონოვიჩ ბროდი.

როგორც ჩანს, “დამკვირვერბლებს” შორის იყო ლევ ვერშინინის ქალიშვილი არინაც, ამით მეგობრებისა და თანამზრახველების სია ახალი კატეგორიით გაფართოვდა – “ოჯახური დამკვირვებლით”. საპარლამენტო არჩევნები ჩვენს გმირებს მაინცდამაინც არ აინტერესებთ, რადგან უკრაინა საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, ამიტომ 2006 წელს უმაღლესი რადას არჩევნებზე მხოლოდ ერთი ნაცნობი ჩანდა – ალექსანდრ ლურიე. თუმცა ისევ იმავე ორგანიზაციიდან – “სამართლიანი არჩევნებისათვის”.

ცხადია, “დამკვირვებლები” მხოლოდ უკრაინასა და საქართველოში არ ჩნდებიან. ისინი დროს ატარებენ პრაქტიკულად ყველგან, სადაც რუსეთის ინტერესები ამა თუ იმ დონეზე არსებობს – ყირგიზეთში, ყაზახეთში, ან აზერბაიჯანში. მგონი, ჯერ არავის მოსვლია თავში, რომ ამ “დამკვირვებლებისთვის”, თვალყური ედევნებინა, არჩევნების შედეგების შესახებ მათი განცხადებების მონიტორინგი ჩაეტარებინა, მათი პოლიტიკური მიდრეკილებები დაეფიქსირებინა და გაერკვია, თუ რისთვის ჩამოდიან ისინი. ყველგან, სადაც პრორუსული კანდიდატები იმარჯვებენ, “დამკვირვებლები” აცხადებენ, რომ არჩევნები “ობიექტურად და დემოკრატიულად” ჩატარდა. ხოლო თუ ხმათა უმრავლესობას მათი ოპონენტები იღებენ, მაშინ “დამკვირვებლები” საინფორმაციო სკანდალის აგორებას ცდილობენ და არჩევნებს “არადემოკრატიულს და მრავალრიცოვანი დარღვევებით ჩატარებულს” უწოდებენ.

უკრაინის პრეზიდენტის 2010 წლის არჩევნები, პირველი ტური, გამარჯვებულად აღიარებულია ვიქტორ იანუკოვიჩი.

საერთაშორისო ორგანიზაციის “სამართლიანი არჩევნებისთვის” წარმომადგენლები ასკვნიან, რომ უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტური საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა. “არჩევნები შედგა, შედგა ხმის მიცემის ტური” – განაცხადა პრესკონფერენციაზე საერთაშორისო დამკვირვებელმა რუსეთიდან, იურისტმა სერგეი მირზოევმა, იტყობინება “ინტერფაქსი”. თავის მხრივ დამკვირვებელმა აშშ-დან, იურისტმა ლიდია ლოუსონმა (Lidia lawson) აღნიშნა, რომ არჩევნები ნორმალურად ჩატარდა. “გუშინ (17 იანვარს) ჩვენ სასიამოვნოდ გაკვირვებულები დავრჩით იმით, რომ მოვლენები კანდიდატებს შორის ძირითადად ცივილიზებულ ჩარჩოებში მიმდინარეობდა. სერიოზული დარღვევა ან ფალსიფიკაცია არ დაფიქსირებულა,” – განაცხადა მან. ისრაელელმა ანალიტიკოსმა, პოლიტოლოგმა ლევ ვერშინინმა გამოთქვა აზრი, რომ ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა უკრაინის სწრაფვა დემოკრატიის აღორძინებისკენ. “არის გარკვეული ტენდენცია იმისა, რომ უკრაინა დემოკრატიის განვითარების ნორმალურ გზას უბრუნდება,” – განაცხადა მან და არჩევნების პროცესი შეაფასა როგორც “ნორმალური” .

ყირგიზეთის პარლამენტის არჩევნები, 2005 წელი, გაიმარჯვეს ასკარ აკაევის მომხრეებმა:

დსთ-ს, თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, აგრეთვე ლონდონის დემოკრატიის საერთაშორისო ინსტიტუტის შეკრებილი ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელებმა გამოთქვეს საერთო აზრი, რომ ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები იყო “გაჭვირვალე, სამართლიანი და მთლიანობაში ამ ქვეყნის მოსახლეობის არჩევანს გამოხატავდა.” მათ დღეს ამის შესახებ “მრგვალი მაგიდის” ფორმატში გამართულ შეხვედრაზე წინა დღეს ჩატარებული კენჭისყრისა და წინასაარჩევნო კამპანიის შეფასებისას განაცხადეს.

“სასიამოვნოა აღვნიშნოთ ყირგიზეთის არჩევნების განსხვავება იმისგან, რაც ჩვენ საქართველოსა და უკრაინაში ვიხილეთ,” – აღნიშნა ლონდონის ინსტიტუტის მიერ შედგენილ ჯგუფში მყოფმა ლევ ვერშინინმა. “საარჩევნო პროცესში არ შეინიშნებოდა ცნობილი ტენდენცია “უპირატესობის მოპოვება ნებისმიერ ფასად”, რომელსაც შეუძლია, უკან გადაწიოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესები,” – განაცხადა ვერშინინმა. “წინასაარჩევნო პერიოდი და ხმის მიცემის პროცესი სამართლიანი და ლეგიტიმური იყო და მთლიანობაში ასახავდა ხალხის აზრს,” – აღნიშნა ლონდონის ინსტიტუტის დირექტორმა იოსიფ ბოდანსკიმ.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები, 2004 წელი, მეორე ტური, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების თანახმად გაიმარჯვა ვიქტორ იანუკოვიჩმა.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხელახალმა ხმის მიცემამ 26 დეკემბერს ლეგიტიმურად ჩაიარა, აცხადებენ საერთაშორისო დამკვირვებლები აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ს ინსტიტუტიდან. ამის შესახებ მისიის სახელით ორშაბათს პრესკონფერენციაზე მისიის პრესმდივანმა ემილ შლეიმოვიჩმა განაცხადა. “არ დაფიქსირებულა დარღვევების ისეთი რაოდენობა, რომ არჩევნების არალეგიტიმურად შეფასების საფუძველი იყოს. თქვენმა ქვეყანამ გააკეთა არჩევანი, ჩვენი მისია მისი აღიარების რჩევას იძლევა,” – შენიშნა მან.

თავის მხრივ მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ლევ ვერშინინმა განაცხადა, რომ “რამდენადაც შესაბამისი ორგანოები 21 ნოემბრიდან 26 დეკემბრამდე იღებდნენ სათანადო კანონებს და ეს კანონები ეჭვქვეშ არანაირ სასამართლოს არ დაუყენებია, მისიას არა აქვს ფორმალური საფუძველი, ეჭვი შეიტანოს ამ არჩევნების ლეგიტიმურობაში.”

როგორც წესია, “დამკვირვებლებისთვის” წარუმატებელი საარჩევნო შედეგების შემდეგ, სადაც “მათმა” კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა, კრემლის მომხრე გაზეთების მონაწილეობით საინფორმაციო შეტევა დაიწყო. სკანდალი უკრაინაში მას შემდეგ აგორდა, რაც “დამკვირვებელმა” ლევ ვერშინინმა მედიას “შეუგდო” ინფორმაცია “იუშჩენკოს სახელობის ფსიქიატრიულ კლინიკაში” კენჭისყრის ჩატარების შესახებ – საბჭოთა ჟურნალისტიკის საუკეთესო ტრადიციებში, გაათამაშა რა არჩეული პრეზიდენტის და ფსიქიატრის გვარი. სხვათა შორის, 2005 წლის 18 იანვარს ეს სტატია რუსეთის ნაციონალ-პატრიოტულმა გაზეთმა “დუელმა” გადაბეჭდა.

თითოეულ “დამკვირვებელს” ამ ისტორიაში მოხვედრის საკუთარი ისტორია აქვს, საკუთარი გზა ამ ერთგვარი ბიზნესისკენ. მათგან უმრავლესობის ცხოვრებისეული და შემოქმედებითი გზისთვის თვალის მიდევნება ძნელია – ინტერნეტის საძიებელი სისტემები დუმს მათ მიღწევებზე. ზოგიერთისა კი ძალიან ცნობილია – იმის, ვინც გარემოებათა უჩვეულო დამთხვევის გამო აირჩია ეკლიანი გზა “პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიის განვითარებისა”, უფრო ­სწორად, “მართვადი დემოკრატიისა” კრემლის იდეოლოგთა ვერსიით.

თარგმნა ივა შილაკაძემ