ონიშჩენკოს სინდრომი. ონიშჩენკოს სინდრომი

იმპორტული პროდუქციის შემოტანის აკრძალვა კარგად ცნობილი პრაქტიკაა ისეთ შემთხვევებში, როდესაც პროდუქციის მიმღები ქვეყნის სანიტარიული სამსახურები შეტანილი პროდუქტების დაბალი ხარისხის გამო შეშფოთებას გამოხატავენ. ექსპორტიორი ქვეყანას ან საპასუხო არგუმენტები მოაქვს, ან მდგომარობას ასწორებს ანუ ხარისხს აუმჯობესებს – პროდუქტები ხარისხიან სტანდარტებამდე და იმპორტიორების სანიტარიულ ნორმებამდე აჰყავს.

რუსეთის სანიტარიულ სამსახურს, ხარისხის კონტროლის გარდა, პოლიტიკური დატვირთვა გაუჩნდა, როდესაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გართულების დროს – ეს, ჩვეულებრივად, რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს შორის ხდება – პროდუქტების იმპორტი პოლიტიკური ზემოქმედების ნაწილად იქცა. მას შემდეგ, რაც რუსეთის მთავრობაში მთავარი სანიტარიული ექიმი გენადი ონიშჩენკო გამოჩნდა, პოლიტიკური “დარეგულირების” ასეთი მეთოდი უფრო ხშირად გამოიყენება, ვიდრე თანამედროვე რუსეთის მთელი ისტორიის განმავლობაში. მაგრამ როგორც მოვლენების განვითარებიდან ჩანს, პროდუქტების შეტანის აკრძალვას არა მხოლოდ პოლიტიკური საფუძველი აქვს – არასასურველ ქვეყანაზე ზეწოლის მეთოდად გამოყენება, არამედ უფრო საინფორმაციო. ონიშჩენკოსა და რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლებისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, სანიტარიული ნორმების რაღაც დარღვევებზე “ყვირილი აეტეხათ”, ვიდრე სიტუაციის გამოსწორება და ხარისხის გაუმჯობესების მიღწევა ეცადათ.

რუს პოლიტიკოსებს აკრძალვების მეშვეობით თავიანთი პოლიტიკური ნების, უფრო სწორად, განდევნილი ქვეყნის პოლიტიკით უკმაყოფილების გამოხატვა მოეწონათ. ლატვიიდან შპროტის შეტანა აკრძალეს, ბელარუსიდან – რძის პროდუქტების, მოლდავეთიდან და საქართველოდან – ღვინის, ტაჯიკეთიდან – ჩირის. რუსეთში ექსპორტირებული საქონლიდან ხარისხობრივ ოსტრაკიზმს არასდროს დაქვემდებარებია მხოლოდ ნავთობი და გაზი, რაც იქ თურქმენეთიდან, აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან მილსადენებით შედის.

აკრძალვა, ჩვეულებრივად, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ეხება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, რომელთათვისაც პროდუქტების ექსპორტი სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი შემავსებელი ნაწილია. რუსული სანიტარიულ კონტროლს განსაკუთრებულობას სძენს არა იმდენად თვითონ აკრძალვა, რამდენადაც მისი პროპაგანდისტული ნაწილი. ონიშჩენკო დაუფარავი კმაყოფილებით ხსნის პრეტენზიების არსს და მიზეზებს ხშირად არ ასაბუთებს. 2002 წელს ერთ-ერთი პირველი აკრძალვა აშშ-დან შეტანილ ქათმის ხორცს შეეხო და ონიშჩენკო პირველად გამოვიდა როგორც პოლიტიკოსი, ლობისტად უფრო წარმოაჩინა თავი, ვიდრე ექიმად: “ბუნებრივია, უპირატესობას მივანიჭებდი ჩვენს გალურჯებულ ქათამს მდიდრულ ამერიკულთან შედარებით”.

2006 წელს ასეთი განდევნილი ქვეყანა საქართველო გახდა. მაგრამ ვიდრე ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყლებზე – “ბორჯომსა” და “ნაბეღლავზე” გაჩნდებოდა აკრძალვა, 2005 წლის ბოლოს რუსეთმა საქართველოდან იმპორტირებულ მთელ სასოფლო სამეურნეო პროდუქციაზე შემოიღო აკრძალვა: ციტრუსებზე, ხილზე, ღვინოზე, ჩაიზე, ყურძენზე. რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის ფედერალური სამსახურის ინფორმაციის თანახმად, აკრძალვის შემოღება განპირობებული იყო სერტიფიკატების მასობრივი ფალსიფიკაციით და ქართული მხრიდან ფიტოსანიტარიული შემოწმების არარსებობით.

მაშინ გამოცემა “გაზეტას” საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ოთარ სხვიტარიძემ აცნობა, რომ რუსეთში მიმავალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემოწმების საშუალება დღეს მხოლოდ რუსეთ-საქართველოს საზღვრის ყაზბეგის მონაკვეთშია. მოსკოვის მთელი პრეტენზიები იმ საქონლისკენ უნდა მიიმართოს, რომელიც იქ უკონტროლო ტერიტორიების – აფხაზეთის და “სამხრეთ ოსეთის” გავლით ჩადის. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ჯამბულ მაღლაკელიძემ თავის მხრივ იმავე “გაზეტას” განუცხადა, რომ რუსეთის შესაბამისმა სამსახურებმა მანამდეც რამდენჯერმე აკრძალეს ქართული მეცხოველეობის პროდუქტების იმპორტი. მისი თქმით, ეს აკრძალვა ძირითადად არაობიექტური იყო, რამდენადაც “საქართველოდან შესული პროდუქცია რუსეთის ეპიდემიოლოგიურ უსაფრთხოებას არ ემუქრებოდა”.

2005 წელს რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების ურთიერთობებში პოლიტიკური ისტერია დაიწყო. მთლად გარკვეული არ არის, განაპირობა თუ არა ეს პოლიტიკა ვლადიმირ პუტინის მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყებამ და “დაჩოქილი მდგომარეობიდან წამოდგომის” იდეოლოგიის განვითარებამ, მაგრამ იმდროინდელი რუსეთის პრესა ბრძოლაში აქტიურად ჩაერთო. კრემლის ერთ-ერთმა მთავარმა საგაზეთო რუპორმა “კომსომოლსკაია პრავდამ”, რუსეთის პრეზიდენტის აღიარებით – მისმა საყვარელმა გაზეთმა, 2005 წლის პირველ ივნისს გამოაქვეყნა სტატია: “იყიდე ბალტიური შპროტი – იგივეა, რომ დაეხმარე “ეს-ეს»-ის ვეტერანებს”. სტატია ორი სიმპტომატური აბზაცით იწყება.

“რამდენი შეიძლება? – აღშფოთდნენ “კომსომოლსკაია პრავდას” კორესპონდენტები, როდესაც ლატვიის მიერ გასულ ორშაბათს განხორციელებული მორიგი ხრიკების შესახებ შეიტყვეს. ამ ქვეყნის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში რუსულ ენაზე სწავლება კერძო საფუძველზეც კი აიკრძალა. და როგორ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენს კაპრიზულ მეზობლებზე? მოლდოვაზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეეებს ვირის აბანოში ამწყვდევს, საქართველოზე, რომელმაც ჩვენი სამხედრო ბაზები გამოყარა, უკრაინაზე, რომელიც ყირიმს ოფიციალური დოკუმენტების რუსულად წერის უფლებას ართმევს. დაბოლოს პოლონელებზე, რომლებმაც რუსი არტისტების გასტროლისთვის ნაყიდი ბილეთები მხოლოდ იმიტომ გააუქმეს, რომ პუტინმა 9 მაისს “სათანადოდ არ აღნიშნა” მათი როლი ფაშიზმთან ბრძოლაში.

არადა, ხომ არის საშუალება! ნუ დაველოდებით ჩვენი მთავრობის საჩვენებელ და მკვეთრ ზომებს (რადგან ლოდინი მაინც ძალიან დიდხანს მოგვიწევს) და მთელი დიპლომატიური “დემარშები” ჩვენს თავზე ავიღოთ. მაგალითად, უარი ვთქვათ ბალტიისპირული შპროტის, მოლდავური და ქართული ღვინოების, პოლონური იოგურტებისა და უკრაინული გორილკის ყიდვაზე”.

კამპანიის პოლიტიკურმა საფუძველმა ჟურნალისტები არ შეაცბუნა, მთავარია ჭირვეული ყოფილი “ძმების” დასჯა, რომლებიც რუსეთს არ უჯერებენ. და ამ კამპანიაში პოლიტიკოსებიც სიამოვნებით ჩაერთვნენ.

სახელწიფო დუმის დეპუტატი, დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორი კონსტანტინ ზატულინი:

– რუსეთს ადვილად შეუძლია, ზეგავლენა მოახდინოს თავის არამეგობარ მეზობლებზე მათი პროდუქციის ყიდვაზე უარის თქმით. მაგრამ დასაწყისისთვის საჭიროა, შპროტი და ღვინო ერთმანეთისგან გავმიჯნოთ. ბალტიის ქვეყნები უკვე ევროკავშირში არიან, თუმცა თითქმის ყველა საქონელი, რომელსაც ისინი აწარმოებენ, რუსეთისთვის არის განკუთვნილი. მათზე უარის თქმა ბალტიის ქვეყნებში რიგი დარგების გაჩერებას გამოიწვევს. სხვათა შორის, ევროპისთვის ეს მომგებიანი იქნება, მათ ბალტიისპირეთის საქონელი საერთოდ არ სჭირდებათ. სანქციები მოლდავეთის წინააღმდეგ მაშინვე მოიტანდა შედეგს – მათი ბაზარი ასევე მთლიანად რუსეთზეა ორიენტირებული. სანქციების გამაგრება სავიზო რეჟიმის შემოღებით შეიძლება – მილიონნახევარი მოლდაველი რუსეთში მუშაობს. შედეგები ადვილი წარმოსადგენია. რაც შეეხება საქართველოს – ის სამჯერ მეტ ღვინოს აწარმოებს, ვიდრე თვითონ შეუძლია მოიხმაროს. მათი ღვინო მხოლოდ ჩვენთან იყიდება, სხვას არავის სჭირდება. მით უმეტეს, რომ მისი ხარისხი ყოველწლიურად უარესდება. ვფიქრობ, რომ დღესდღეობით სავაჭრო სანქციების გამოყენება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ყველაზე ქმედითი ელემენტი იქნება.

გაზეთმა “კომსომოლსკაია პრავდამ” მკითხველებს არა მხოლოდ ის ასწავლა, განდევნილი ქვეყნები “არ ჰყვარებოდათ”, არამედ ამ სტატიას იმ ქვეყნების პროდუქტების შტრიხ-კოდების ცხრილიც დაურთო, რომელთა ყიდვასაც არ ურჩევს. “შავ სიაში” ის სახელმწიფოები შევიდნენ, რომლებიც რუსეთის მიმართ დემარშის უფლებას აძლევენ თავს. სია ორია: ჯერ “მტრები”, შემდეგ “მეგობრები”.

მტრები:

ლატვია – 475

მოლდავეთი – 484

უკრაინა – 482

ესტონეთი – 474

ლიტვა – 477

პოლონეთი – 590

საქართველო – 466

და მეგობრები:

რუსეთი – 460

ბელარუსი – 468

სერბეთი და ჩერნოგორია – 860

სომხეთი – 485

კუბა – 850

კამპანია ძალას იკრებდა და 2006 წლის 6 ივნისს გაზეთში “მოსკოვსკაია პრავდა” გაჩნდა სტატია “ილუზიის წამალი. რუსეთს მოუწევს, ზოგიერთ მეზობელ სახელმწიფოსთან ეკონომიკურ ურთიერთობებს გადახედოს”. პრეამბულა ასე ჟღერს: “საგარეო პოლიტიკას პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთი განსაკუთრებული თვისება აქვს. პრობლემები, რომლებიც დროდადრო ყველა სახელმწიფოს ურთიერთობებში აუცილებლად ჩნდება, იქნება ეს ეკონომიკური, სამხედრო თუ ჰუმანიტარული ხასიათის, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების შემთხვევაში არსებითად იმის საბაბი ხდება, რომ საერთაშორისო არენაზე კიდევ ერთხელ მოახდინონ საკუთარი პოზიციის საფუძვლიანობის, პოლიტიკური სიმწიფის და რუსეთისგან დამოუკიდებლობის დემონსტრირება”. შემდეგ კი მოყვანილია საქართველოს მიმართ რუსეთის მთავრობის სტრატეგიული მოქმედებების ჩამონათვალი. რამდენადაც საქართველოში ნავთობის და გაზის იმპორტი რუსეთზე უკვე აღარ იყო დამოკიდებული, მოყვანილია სხვა არგუმენტები.

ევროპასა და აზიას შორის გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს ტერიტორიას რუსეთისთვის სტრატეგიული სატრანზიტო მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით – შავ ზღვაზე გასასვლელად. რუსეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. მხოლოდ მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში რუსეთმა საქართველოს 78,4 მილიონი დოლარის პროდუქცია მიაწოდა, ხოლო საქართველომ რუსეთს – 27,4 მილიონი დოლარის.

(…)

საკვები პროდუქტების ექსპორტი საქართველოდან რუსეთში მიწოდებული საქონლის საერთო როდენობის, დაახლოებით, 79 პროცენტს შეადგენს. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, ექსპორტის ძირითადი პროდუქტებია ციტრუსები და ღვინო. ამასთან, რუსეთისთვის ძნელი არ იქნებოდა, უარი ეთქვა ქართული საკვები პროდუქტების იმპორტზე, რადგან ეს პროდუქტები ქვეყანაში წლის განმავლობაში იმპორტირებული მთელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 0,5 პროცენტს შეადგენს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უარს იტყვის საქართველოში მარცვლეულის მიწოდებაზე, ეს ფაქტი კავკასიის ამ სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

(…)

გენადი ზიუგანოვი, სახელმწიფო დუმაში «კომპარტიის» ფრაქციის ხელმძღვანელი:

ჩემი აზრით, საქართველო ეკონომიკურად მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. მას საკუთარი ენერგომატარებლები არ გააჩნია. ერთი ხაზიც რომ გამოვურთოთ, იქ სიბნელე და სინესტე იქნება. რუსეთისთვის მომგებიანია ენერგორესურსები ნახევარ ფასად საქართველოს კი არ მივყიდოთ, არამედ მსოფლიო ფასებით სხვა ბაზრებზე მივმართოთ. გარდა ამისა, მთელ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას ისინი რუსეთში ყიდიან. ჩვენ საჯაროდ [მათი] ლანძღვა არ გვჭირდება, არამედ საჭიროა, ვიმოქმედოთ პრინციპით “ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის” და ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ენერგომატარებლები 20 პროცენტამდეა. ბერკეტები გვაქვს, თან – ძალიან ძლიერი, მაგრამ მათ ასამოქმედებლად პოლიტიკური ნება არ არის.

გენადი ზიუგანოვი წინასწარმეტყველი აღმოჩნდა, თუმცა რთული არც იყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სწორედ ასეთი მიმართულებით განვითარების წარმოდგენა. მაგრამ ზიუგანოვის ოპონენტები მუდმივად მიუთითებდნენ მეზობელ სახელმწიფოებთან რუსეთის ხელმძღვანელობის ასეთი დამოკიდებულების შედეგებზე. 2005 წლის 21 დეკემბერს გაზეთმა “მოსკოვსკი კომსომოლეცმა” გამოაქვეყნა სტატია “ტყუილად გაწეული ხარჯი. რითი ხვდება რუსეთის ეკონომიკა ძაღლის წელიწადს”, რომელშიც სოციალური კვლევებისა და ინოვაციების ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის ევგენი გონტმახერის კომენტარია: “გაისად ოთხ პრობლემას შევეჩეხებით: საბოლოოდ გაფუჭდება ურთიერთობები მეზობლებთან: უკრაინასთან, საქართველოსთან, მოლდავეთთან და ბალტიის ქვეყნებთან. დაიწყება ნამდვილი საინფორმაციო ომი. შეუძლებელია, რომ ეს ყველაფერი ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობებზე და “დიდი რვიანის” მეთაურთა შეხვედრის შედეგებზე არ აისახოს, რომელიც გაისად ზაფხულში სანკტ-პეტერბურგში უნდა გაიმართოს.” რუსეთის ხელისუფლება ასეთ პროგნოზებს ყურს არ უგდებს ხოლმე, მიიჩნევს რა, რომ აგრესიამთავარი იარაღია “მტრების” წინააღმდეგ, საინფორმაციო ომები კი – კრემლის ჩვეულებრივი მდგომარეობა.

დაბოლოს 2005 წლის 19 დეკემბერს რუსეთმა საქართველოდან მთელი მცენარეული პროდუქციის იმპორტი შეაჩერა. აკრძალვის ოფიციალური ვერსია “როსსელხოზნადზორის” ხელმძღვანელმა სერგეი დანკვერტმა განმარტა. მისი სიტყვებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზია სერტიფიკატების მასობრივი გაყალბება და ფიტოსანიტარიული კონტროლის არარსებობა.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვა, როგორც წესი, მოლაპარაკებების საგანი ხდება. ამან ხელი უნდა შეუწყოს პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესებას, თუ ექსპორტიორი ქვეყანა პრეტენზიებს დაეთანხმება. მაგრამ უკვე 2006 წლიდან რუსეთსა და საქართველოს შორის გააფთრებული საინფორმაციო ომი დაიწყო, როდესაც რუსეთის არგუმენტები სულ უფრო აშკარა – პოლიტიკური ხდებოდა.

ამ ომის ზოგიერთი მიზეზი საქართველოს ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ 2006 წლის 19 აპრილს გაზეთ “არგუმენტი ი ფაქტის” მოლდავურ გამოცემაში ახსნა.

– უახლესი სკანდალი რუსეთში ქართული ღვინის შეტანის აკრძალვის გამო წარმოიშვა. ამაში მიხეილ სააკაშვილმა და თქვენ მხოლოდ პოლიტიკა დაინახეთ. რატომ არ ფიქრობთ, რომ როდესაც რუსეთი თქვენს ღვინოს ყიდულობდა, რომელიც სხვა ქვეყნებში არ ფასობს, ან როცა გაზს იაფად გაძლევდათ – ეს იყო პოლიტიკა, ხოლო ახლა რეალური ეკონომიკა დაიწყო?

– ვფიქრობ, რომ ჩვენი ღვინის შეტანაზე აკრძალვა ეს არის რეაქცია დნესტრისპირეთის ბლოკადაზე. მაგრამ იმისთვის, რომ “შეტევა” “პირდაპირი” არ გამოსულიყო, მოლდავეტს საქართველოც დაუმატეს. ჩვენც ხომ “კარგით” არაფრით გამოგვიცენია თავი და არავის ვენანებით.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართული ღვინოების ექსპორტის 70 პროცენტი რუსეთზე მოდიოდა, ეს ფაქტი სასიამოვნო არ არის. მაგრამ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთში თითქოს უხარისხო საქონელი შედის: უკრაინული რძე, ნორვეგული ორაგული, ტიტა ჰოლანდიიდან. ოთხი წლის წინ კი რუსეთმა შვეიცარული საათების სერტიფიცირების ჩატარებაც მოითხოვა, რათა დაედგინა, თუ რამდენად მავნებელია მათი სამაჯურები. მთავარი სანიტარიული ექიმი ონიშჩენკო – ანუ ჭანჭიკი პოლიტიკურ თამაშში, კერძო მოვაჭრეთა ერთ ნაწილს (ვინც ღვინოს საქართველოში ყიდულობს) აკოტრებს სხვა კერძო მოვაჭრეთა სასარგებლოდ (რომლებიც საქონელს, მაგალითად, საფრანგეთში ყიდულობენ). აქ ორიდან ერთია – ეს ან პოლიტიკაა, ან “ბარდაკი”.

თუ რუსეთის გაზეთებში გამოქვეყნებული პუბლიკაციებით ვიმსჯელებთ, რომლებშიც მხარდაჭერილია ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვა, პოლიტიკოსები აპირებენ, საზოგადოება საქართველოსთან გრძელვადიანი დაპირისპირებისათვის მოამზადონ, ხოლო [ურთიერთობების] გამწვავების მთავარ დამნაშავედ მიხეილ სააკაშვილს ასახელებენ. მორიგი გამწვავება 2006 წლის 27 სექტემბერს დაიწყო – ოთხი რუსი სამხედრო მოსამსახურის (“გრუს” თანამშრომლები) დაკავების შემდეგ, რომელთაც შპიონაჟი დაბრალდათ. რუსმა პოლიტიკოსებმა კი, ღვინის იმპორტის აკრძალვის გარდა, “თბილისზე ზემოქმედების” უფრო კარდინალური ზომების შეთავაზება დაიწყეს. მოსკოვმა თბილისიდან რუსეთის ფედერაციის თითქმის მთელი საელჩოს ევაკუაცია განახორციელა, მიანიშნა რა დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესაძლებლობაზე. ერთდოულად შეწყდა რუსეთის ვიზების გაცემა საქართველოს მოქალაქეებისთვის. ტრანსპორტის სამინისტრომ საქართველოსთან საავიაციო, სარკინიგზო, საავტომობილო და საზღვაო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, კავშირგაბმულობის სამინისტრომ კი საფოსტო კავშირის შეჩერების შესახებ გამოაცხადეს. სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვის საკითხი დააყენეს.

ჟურნალი “ბოლშოი ბიზნეს” 2007 წლის 21 დეკემბერი:

“დაიწყო საქართველოს მოქალაქეებისა და ზოგადად ქართული გვარის მქონე ადამიანების მასობრივი დევნა. რამდენიმე დღეში ათას კაცზე მეტი იქნა დეპორტირებული. ისინი მოსკოვიდან თბილისში სატვირთო თვითმფრინავებით გადაიყვანეს. დეპორტაციის შესახებ განაჩენის მოლოდინში გადატვირთულ საკნებში მყოფი ორი ადამიანი გარდაიცვალა. ზოგიერთ სკოლაში შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოთხოვნა მივიდა და დირექტორებს ქართული გვარის მქონე მოსწავლეების სიების შედგენა შესთავაზეს, ხოლო საგადასახადო და სხვა ორგანოებმა ქართული წარმოშობის მქონე რუსეთის რიგი მოქალაქეების კომპლექსური შემოწმებები დაიწყეს. ეროვნული ნიშნით დევნის მიმართ პროტესტის ნიშნად მოსკოვში ჩატარდა აქციები “მე ქართველი ვარ”, ხოლო ცნობილმა მსახიობმა სტანისლავ სადალსკიმ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. მიუხედავად ამისა, ეროვნული ნიშნით ადამიანების დევნამ, რაც ხელისუფლების მიერ იყო სანქცირებული, ნაციონალისტური პარტიების და მოძრაობების მხარდაჭერის მკვეთრი ზრდა, აგრეთვე ეროვნულ ნიადაგზე კონფლიქტების რაოდენობის მომატება გამოიწვია.”

2009 წლის 30 ნოემბერს ჟურნალმა “ბოლშოი ბიზნეს” გამოქვეყნა სტატია “დარტყმა გენადი ონიშჩენკოთი”. მათში ჩამოთვლილი იყო რუსეთის მთავარი სანიტარიული ექიმის გადაწყვეტილებები, რომლებსაც სტატიის ავტორმა უწოდა “შანტაჟი, როგორც პოლიტიკური პრესინგის ინსტრუმენტი”:

2006 წლის გაზაფხულზე რუსეთმა საქართველოდან ღვინის მიწოდებაზე შემოიღო ემბარგო. მოტივაცია ძალიან მარტივი იყო: იმპორტირებული პროდუქტის დაბალი ხარისხი და უამრავი ფალსიფიკაცია. “ჩვენ მხოლოდ ერთი, უბრალო მოთხოვნა გვაქვს: მოწოდებული პროდუქტები ხარისხიანი იყოს”, – განაცხადა მაშინ გენადი ონიშჩენკომ. ეს ქართული ღვინო კი ვერ სწვდება რუსეთის სტანდარტებს! ღვინის ემბარგოს “მიაწებეს” მინერალურ წყალ “ბორჯომის” შეტანაზე აკრძალვა. ეს წყალი, რომელიც უკვე რამდენიმე საუკუნის განმავლობაშია ცნობილი და მთელ მსოფლიოშია განთქმული, რუსებისთვის ასევე ეკოლოგიურად არასაკმარისად სუფთა და გამოუსადეგარი აღმოჩნდა.

საქართველოს ხელისუფლებამ, მართალია მაშინვე არა, მაგრამ მაინც დაიმცირა თავი და თხოვნით მიმართა გენადი ონიშჩენკოს და რუსეთის ელჩს. მათ 2007 წლის დასაწყისში გაუგზავნეს წერილები, რომელშიც ითხოვეს სპეციალისტების ადგილზე გაგზავნა დასარწმუნებლად, რომ ღვინო “სუფთაა”. ეს იყო შედარებით ახალარჩეულ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და ორიგინალური სახელის მქონე სამთავრობო პროგრამის “საქართველო სიღარიბის გარეშე” ერთ-ერთი პირველი ინიციატივა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის ახალგაზრდა მინისტრმა მიხეილ სვიმონიშვილმა ლოგიკურად, მაგრამ მიამიტურად შესთავაზა რუსეთის მხარეს ქართული ღვინოები ნებისმიერ, ყველაზე დამოუკიდებელ ევროპულ ლაბორატორიაში შეემოწმებინათ. მაგრამ, რისთვის სჭირდებოდა ეს რუსეთის ხელისუფლებას? აკრძალვას ხომ სულ სხვა მიზეზები ჰქონდა. არ მოსწონდათ, რომ საქართველო რუსეთს არ აძლევდა თანხმობას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შესასვლელად, ვიდრე არ მოგვარდებოდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი – კერძოდ საბაჟო პუნქტების ლეგალიზაცია საქართველო-რუსეთის საზღვრის სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მონაკვეთებზე. და საერთოდაც, საქართველო და რუსეთი, როგორც ცნობილია, უკვე დიდი ხანია, ვერ თანხმდებოდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბედზე (სხვათა შორის, როდესაც ქართულმა ღვინომ იძულებით დატოვა რუსეთის ბაზარი, იქ აფხაზურის მდგომარეობა გამყარდა), აგრეთვე საქართველოს შესვლა ნატო-ში და მის ტერიტორიაზე რუსეთის ბაზების დისლოკაციის საკითხი.

ესეც შენი ღვინო…

რამდენადაც ონიშჩენკომ ქართული ღვინის იმპორტის შეწყვეტის მთავარ მიზეზად ღვინოში პესტიციდების არსებობა დაასახელა, ექსპერტებმა ამ არგუმენტს საკმაოდ ირონიული კომენტარი გაუკეთეს: “თუ იქნება პოლიტიკური ნება, პესტიციდები ჯადოსნურად აორთქლდება მოლდავური და ქართული ღვინიდან, ხოლო მთავრობა განაცხადებს, რომ მან “შეცდომით” არ მიიღო შესწორებები, რომლებიც გააგრძელებდნენ აკრძალვის ვადას საქონლის შემოტანაზე ძველი მარკებით”, – ვარაუდობს კომპანია “ვინარ”-ის რეგიონალური გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვასილი მუდროვი. “მე ვფიქრობ, რომ ასეთი იმპულსური მიდგომისას მარტო პესტიციდების ძებნას კი არ დაიწყებენ, არამედ შეიძლება ნებისმიერი რამის ძებნას შეუდგნენ სადაც უნდათ”, – ამბობს რუსეთის ფედერაციის ევროპული ბიზნესის ასოციაციის, ალკოჰოლური პროდუქციის მწარმოებელთა კომიტეტის საგარეო კავშირების დირექტორი ალექსანდრ რომანოვი. – “და რაც მთავარია აუცილებლად იპოვნიან. მთავარია სურვილი იყოს”. (გაზეთი “გაზეტა”, 2006 წლის 30 მარტი).

ციტრუსებისა და ჩაის იმპორტის შეწყვეტის შემდეგ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების აკრძალვის ოფიციალური ვერსიებისა და მიზეზების გარდა რუსმა პოლიტიკოსებმა იმის შესახებაც დაიწყეს ლაპარაკი, თუ რა გავლენას მოახდენდა ეს აკრძალვები შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე თვით საქართვეელოში. 2006 წლის 11 მაისს გაზეთმა “გუდოკი” მოიყვანა პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორის, სერგეი მარკოვის სიტყვები. “ბიჭებო, აირჩიეთ ორიდან ერთი: ან მეგობრობა და ვაჭრობა, ან თავდასხმები. და მესამეც. შეზღუდვები ღვინის სფეროში აუცილებლად გააძლიერებენ ოპოზიციურ განწყობას საქართველოში. რუსეთს კი ეს დღეს ხელს აძლევს, იმიტომ რომ საქართველოს მთავრობა ჩვენს მიმართ არამეგობრულად არის განწყობილი”.

“ნოვაია გაზეტა”, 2006 წლის 17 აპრილი:

ჰენრიეტა ბოროდკო, სავაჭრო სახლ “რუსიმპორტის” გენერალური დირექტორი:

– მე ვერ ვხედავ ვერანაირ იურიდიულ საფუძველს რუსეთის ტერიტორიაზე მოლდავური და ქართული ღვინოების შემოტანის ასაკრძალავად. რუსეთში არ არის “გოსტ”-ის შესაბამისი მეთოდიკა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ღვინოში პესტიციდების არსებობა განვსაზღვროთ.

საერთაშორისო ექსპერტებმა, კონიაკში პესტიციდების არსებობის შესახებ რომ შეიტყვეს, სიცილი და საფეთქელთან თითის ტრიალი დაიწყეს. პესტიციდები კონიაკში საერთოდ არ შეიძლება იყოს – ისეთია პროდუქტის წარმოების ტექნოლოგია. შესაბამისად ნებისმიერ მოქმედებას, რაც ამის შემდეგ ხდება, საკანონმდებლო საფუძველი არ აქვს.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ არც ონიშჩენკოს, არც რუსეთის სხვა წარმომადგენლებს არ აუხსნიათ, კერძოდ რომელ ღვინოებში აღმოაჩინეს პესტიციდები. ნუთუ შეიძლება “შავ სიაში” ჩავსვათ ღვინო “თალისმანი”, რომელმაც ცოტა ხნის წინ მოიპოვა უმაღლესი ჯილდო საერთაშორისო გამოფენაზე ლონდონში?

ამას გარდა მთელმა პროდუქციამ, რომელსაც იღებენ ვაჭრობიდან, გაიარა ექსპერტიზა “როსპოტრებნადზორის” დაქვემდებარებულ სამსახურებში. მათ გასცეს ჰიგიენური სერტიფიკატი. საკითხავია მაშინ რატომ არ დაისაჯნენ ჩინოვნიკები, რომლებმაც გასცეს ასეთი სერტიფიკატები?

ბატონ ონიშჩენკოს ჩვენს კონკრეტულ კითხვებზე პასუხი არ აღმოაჩნდა. თუ ადამიანი ანადგურებს ლეგალურ ბაზარს, მაშინ ის ვის ინტერესებში მოქმედებს? პასუხი ერთია: არალეგალური მწარმოებლების ინტერესებს ემსახურება.

თუ ბატონი ონიშჩენკოს ლოგიკაც მივყვებით, რომელმაც აკრძალა არა მხოლოდ მზა პროდუქციის, არამედ ღვინომასალების შემოტანაც, რუსეთის ქარხნებიც ასევე გაჩერების პირას არიან. ყუბანის ნედლეული მათ უბრალოდ არ ეყოფათ.

გამოდის, ჩვენ იმაში გვადანაშაულებენ, რომ ათი წლის განმავლობაში ვწამლავდით ხალხს. ჩვენ ამას კატეგორიულად არ ვეთანხმებით და მზად ვართ ნებისმიერ პირობებზე დავიწყოთ მოლაპარაკებები ჩვენს სახელისუფლო სტრუქტურებთან, რომ მივიღოთ პროდუქციის კონკრეტული დასახელებების, რომლებშიც პესტიციდები აღმოაჩინეს, გამოცდის ოქმები.

(…)

ირინა პიმკინა, სენსორული და ფიზიკურ-ქიმიური გამოცდების ლაბორატორიის უფროსი.

“როსტესტ-მოსკვა”:

იანვრიდან დღემდე სერტიფიკაციის მიზნით ჩვენ გამოვცადეთ ღვინისა და კონიაკის პროდუქციის 380 ნიმუში. მათ შორის დაწუნებული ნიმუშები საერთოდ არ ყოფილა. განმცხადებელთა წერილების საფუძველზე ჩვენ გამოვცადეთ 220 ნიმუში და მათ შორის წუნდებული 33 აღმოჩნდა. კიდევ ერთი კონკრეტული პროგრამის ფარგლებში ჩვენ გამოვცადეთ 92 ნიმუში და მათგან 7 დავიწუნეთ.

მე დაგისახელებთ ქვეყნებს – ამ ღვინის მწარმოებლებს და იმ მაჩვენებლებს, რის გამოც ისინი დავიწუნეთ.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ უფრო ხშირად მოგვმართავენ მოლდავეთის და საქართველოს ღვინის პროდუქციის შემოწმების თხოვნით, თან არა მხოლოდ უსაფრთხოების და ხარისხის მაჩვენებლებით, არამედ მასში პესტიციდების ნარჩენი რაოდენობით. პატიოსნად ვიტყვი: ქართული და მოლდავური ღვინოების მწარმოებლების წარმოდგენილ ვერცერთ ნიმუშში პესტიციდების ნარჩენი რაოდენობა ვერ ვიპოვეთ. ეს იმ დროს, როდესაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით ასი ნიმუში გამოვცადეთ.

ცხადია, მაქვს პრეტენზიები როგორც მოლდავურ, ასევე ქართულ ღვინოებთან ორგანოლეპტიკური მონაცემების გამო, რადგანაც ხშირად ეს ღვინოები დაჟანგულია, აგრეთვე არის ნალექის შემცველი ღვინოები და ხანდახან მათში არის საღებავები.

განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გამოცდების მონაცემები წმინდა ინფორმაციულ ხასიათს ატარებს და მტკიცებულებად ვერ გამოიყენება.

“ნოვაია გაზეტამ” სცადა ონიშჩენკოსგან გაეგო მოლდავური და ქართული ღვინოების აკრძალვის მიზეზები, რისთვისაც ოფიციალური მოთხოვნა გაგზავნა. ონიშჩენკომ მოთხოვნას პასუხი არ გასცა, დუმილი არჩია სამ მომდევნო შემთხვევაშიც. მაშინ “ნოვაია გაზეტას” რედაქციამ სასამართლოში იჩივლა, თუმცა პროცესი წააგო. 2008 წლის 21 ივლისის სტატიაში: “სასამართლომ გააუქმა კანონი ბეჭდვითი სიტყვის შესახებ?” მოთხრობილია სასამართლო გარჩევის პერიპეტიები.

ქალაქ მოსკოვის ტვერის რაიონის სასამართლოს მიერ კანონგარეშედ არის გამოცხადებული კორუფციასთან ბრძოლა, გაუქმებულია ადმინისტრაციული და სასამართლო რეფორმები და საბოლოო აკორდის სახით – ნაწილობრივ ლიკვიდირებულია კანონი “მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ”.

ეს გააკეთა მოსამართლე ტ. ა. ფედოსოვამ მდივნის ნ. ს. პროკოპენკოვას მონაწილეობით და “ნოვაია გაზეტას” წარმომადგენლებისა (მოსარჩელე) და მომხმარებელთა უფლებებისა და ადამიანის კეთილდღეობის დაცვაზე ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (მოპასუხე) – თანდასწრებით. აქვე აღვნიშნავთ, რომ ადამიანის კეთილდღეობაზე და მომხმარებელთა უფლებებზე რუსეთში პასუხს აგებს ყოფილი მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშჩენკო. ეს მნიშვნელოვანი შენიშვნაა, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ჩაიცვა რა “როსპოტრებნადზორის” ბორდოსფერი მუნდირი, ბატონი ონიშჩენკო გახდა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი. მას შეუძლია გენერალურ შტაბსაც გაუწიოს მეტოქეობა მოსაზღვრე ტერიტორიებზე ომის გაჩაღების საქმეში.

ჩვენი სასამართლო პროცესის ისტორია წელიწადზე მეტი გრძელდებოდა. დაიწყო იმით, რომ ნორვეგიულ ჩრდილოეთის ორაგულთან და აფხაზურ მანდარინებთან პოლიტიკური მებრძოლის უწყებამ უარი თქვა ეპასუხა გაზეთის წერილობით შეკითხვებზე.

საქმე ის არის, რომ “მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ” კანონის 39-ე მუხლის თანახმად მასობრივი ინფორმაციის საშუალებას უფლება აქვს ნებისმიერ უწყებაში გაგზავნოს შეკითხვა, რომელიც ეხება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და ეს უწყება – ვალდებულია უპასუხოს.

უკვე წელიწადზე მეტია ჩვენ მიზანმიმართულად ვმუშაობთ სხვადასხვა სამინისტროსა და სამსახურთან, ვუგზავნით შეკითხვებს და თუ ვერ ვიღებთ პასუხს – სარჩელი შეგვაქვს სასამართლოში და საჯარო გარჩევის პერსპექტივა “ფე-ეს-ბესაც” კი აიძულებს კურიერის საშუალებით, ხანდახან პირდაპირ სასამართლო დარბაზში გადმოგვცეს ამომწურავი პასუხები.

მაგრამ რა არის “ფე-ეს-ბე” ონიშჩენკოსთან შედარებით?

ონიშჩენკომ ოთხჯერ არ გაგვცა პასუხი. თავიდან ჩვენ გვაინტერესებდა ქართული და მოლდავური ღვინოების ბედი. ჩვენ ვეკითხებოდით: ვინ ჩაატარა ექსპერტიზა და შიგ მავნე მინარევები აღმოაჩინა, ვთხოვდით გამოეგზავნათ ამ ექსპერტიზების შედეგები, აგრეთვე – მწარმოებელი ფირმების სახელები და პროდუქციის მარკები, რომლებიც სახიფათოა მოსახლეობის სიცოცხლისათვის. გაზეთიდან ადრესატამდე მიტანილი ორი წერილი უპასუხოდ დარჩა.

შემდეგ ჩვენ ვიკითხეთ: ჩაატარეს თუ არა სანიტარულმა სამსახურებმა რაიმე სამუშაო, რომ დაედგინათ ბავშვების მასობრივი მოწამვლის მიზეზები ჩეჩნეთის შელკოვსკის რაიონის სკოლებში?

რა იპოვეთ? ვინ ჩაიდინა ეს? რა ზომები იქნა მიღებული? და კიდევ ორი წერილი ფოსტამ ტყუილად ატარა.

ცხადია, იმის მტკიცება საჭირო არ არის, რომ ორივე სიტუაცია, რომელში გარკვებაც “ნოვაია გაზეტამ” სცადა, განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, დაკავშირებულია სიცოცხლის საფრთხესთან და მოსახლეობის ჯანმრთელობასთან. ასევე ცხადია, რომ ორივე საკითხი გენადო ონიშჩენკოს კომპეტენციაში შედის. ქართველებზე საერთოდ მან პირველმა დაიწყო ლაპარაკი და სწორედ როსპოტრებნადზორის ტერიტორიული ორგანოები უგზავნიდნენ ამკრძალავ წერილებს რესტორნებსა და სადეგუსტაციო დარბაზებს. მოსკოვის ტვერის რაიონის სასამართლოს დამარცხება ჩვენ ერთ წელიწადში მოვახერხეთ. მოსამართლეებს არ უნდოდათ ონიშჩენკოსთან საქმის დაჭერა, თითქოს სამსახურიდან თავისუფალ დროს რაღაც სახინკლეებს ხელმძღვანელობდენ და სანიტარულ-ეპიდემიურ სადგურებზე უფრო საშიში ორგანიზაცია მათი კანტორებისთვის არ არსებობს. სხვადასხვა საბაბით ჩვენ ან უარს გვეუბნებოდნენ სარჩელის მიღებაზე, ან ამ სარჩელებს თაროზე დებდნენ უმოქმედოდ. მოგვიწია მოსკოვის საქალაქო სასამართლოს საქმეში ჩართვა, რომელმაც ორჯერ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელიც ავალდებულებდა ქვემდგომ კოლეგებს განეხილათ ჩვენი სარჩელი არსებითად. მივაღწიეთ.

“როსპოტრებნადზორის” წარმომადგენელმა, რომელიც სასამართლოში გამოცხადდა, იქვე გაგვაოგნა. განაცხადა, რომ ქართულ ღვინოს და ჩეჩენ ბავშვებს მის უწყებასთან არავითარი კავშირი არ აქვთ. არ იციან მათ არანაირი ექსპერტიზის შესახებ, არც მძიმედ ავადმყოფი სკოლის მოსწავლეების შესახებ და არც უნდათ იცოდნენ. თითქოს ონიშჩენკომ არ დაიწყო სავაჭრო ომი საქართველოსთან და მოლდავეთთან და თითქოს სანიტარულ-ეპიდემიური სადგურების თანამშრომლები არ ამოწმებენ სკოლებს და საბავშვო ბაღებს ისევე რეგულარულად, როგორც საგარეუბნო მატარებლები მოძრაობენ. თუ რაღაც არ გვეშლება, საზაფხულო ბანაკებში ბავშვების მოწამვლისთვის წელს იძლეოდა განმარტებებს სწორედ ბორდოსფერ ფორმაში გამოწყობილი კაცი – ონიშჩენკო. ამას გარდა თითქოს მისი უწყების დასახელებაში არ არის ასახული ვალდებულებების წრე: “მომხმარებელთა უფლებების და ადამიანის კეთილდღეობის დაცვა”?

მოსამართლეც კი სახტად დარჩა, თუმცა ფრთხილად დააზუსტა: მაშინ ასეთი პასუხი მაინც რატომ არ გასცეს [რედაქციას]? ამაზე მოპასუხე არ დაიბნა: იმიტომ რომ მისი უწყება აზრს ვერ ხედავს რედაქციასთან უშინაარსო მიმოწერის გამართვაში. უფლებებისა და კეთილდღეობის შესახებ არაფერი გახსენებია.

მოსამართლე ფედოსოვას ცოტა ეჭვი შეეპარა ფედერალური კანონების ასეთ ინტერპრეტაციაში და ათწუთიანი შესვენება გამოაცხადა. ალბათ უნდოდა კანონის გადაკითხვა ან კონსულტაციისთვის დარეკვა სამოქალაქო სამართალში თავის ყოფილ მასწავლებელთან.

დაბრუნდა ბევრად უფრო დარწმუნებული გრძნობით და გადაწყვეტილებაც გამოიტანა: “ნოვაია გაზეტას” სარჩელზე უარი ეთქვას. სასამართლოს აზრით საკითხები, რომელიც ჩვენ გვაინტერესებდა, გაზეთთან არანაირ კავშირში არ არის. ჩვენ რომ ქართული ღვინით გვევაჭრა, მაშინ ონიშჩენკოს შეიძლებოდა ჩვენთვის პასუხი გაეცა, ხოლო უპასუხოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებას – მეტი საქმე არ აქვს!

სხვათაშორის მოსამართლე ფედოსოვას აზრით “განმცხადებელს (ანუ ჩვენ – რედაქციას) საშუალება აქვს მიმართოს სხვა საწარმოებს, დაწესებულებებს და ორგანიზაციებს მისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად”. ანუ ჩვენ შეგვეძლო ამ მიზნით სადმე სხვაგან გაგვეგზანა წერილი: მეზობელ ჯიხურში ან ფსიქიატრების ასოციაციაში, მაგრამ არ გავგზავნეთ – თვითონ ვართ დამნაშავეები.

ამ პრინციპში უმნიშვნელო და ფორმალურ სარჩელთან დაკავშირებული გარჩევა – დამანგრეველი ძალის სასამართლო პრეცედენტია, რომელიც ქმნის არა მხოლოდ საშიშ სამართლებრივ მდგომარეობას, არამედ გვიხსნის ჩამოყალიბებული სახელმწიფო სისტემის მთელ ფილოსოფიას და მასში მოქალაქეების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების და სასამართლო ხელისუფლების ადგილს.

თუ სასამართლო თავს უფლებას აძლევს დამორჩილდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას ასეთ წვრილმანშიც კი, როდესაც უბრალოდ ეშინია მიიღოს სარჩელი მაღალი რანგის ჩინოვნიკის წინააღმდეგ, მაშინ როგორ აიძულებს მას კანონის შესრულებას. სასამართლოს არ შეუძლია კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმე ეხება არა მრავალმილიონიან ჯარიმებს, არა ჩინოვნიკის გასამართლებას თანამდებობრივი დანაშაულის ან ქრთამისთვის, არამედ სულ რაღაც რედაქციაში პასუხის გაგზავნას, თუნდ უბრალო ფორმალური უარისთვის. ეს ყველაფერი განსაზღვრავს სასამართლოების ადგილს რუსეთის ვერტიკალში ნებისმიერ GPS-ნავიგატორზე და სისტემა “გლონასსზე” (ГЛОНАСС) უკეთესად. როგორც იტყვიან – ქვედა ზღვარზე დაბლა.

ახლა მივუბრუნდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჯერ ერთი სახელმწიფო ორგანოებს მართლაც შეუძლიათ არ გამართონ არანაირი მიმოწერა არცერთ ცნობისმოყვარესთან, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონით – მათი მოვალეობაა. შეუძლიათ არ მიაწოდონ ინფორმაცია, არ ჰქონდეთ რეაქცია საჩივარზე, არ მიიღონ პირადად, ანგარიში არავის ჩააბარონ, არ აიღონ ტელეფონის ყურმილი. ხოლო ჩინოვნიკს, რომელიც გადაწყვეტს არ შეამჩნიოს მოქალაქე, გაზეთი ან საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ახლა ყოველთვის შეიძლება ჰქონდეს სასამართლოს მხარაჭერის იმედი. ამ უკანსკნელის გადაწყეტილებაზე დაყრდნობით შეუძლია არა მხოლოდ კანონის არსის უგულებელყოფა – რომელიც (ამ შემთხვევაში) გულისხმობს შინაარსიანი პასუხის გაცემას, არამედ კანონის ფორმალური მხარის მოუსავლეთში “გაგზავნაც”.

ამასთან სასამართლო ამტკიცებს, რომ ჩინოვნიკის ასეთი ქცევა სულაც არ არღვევს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და მოქალაქეების უფლებებს. ამ შემთხვევაში – ინფორმაციის მოთხოვნის უფლებას. აქ ჩვენ მივდივართ უფლებების და თავისუფლების საოცარ ინტერპრეტაციამდე, რომელიც სასამართლოებში დე-ფაქტო ჩამოყალიბდა. სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში გვიხსნის, რომ ჩვენ საკუთარი უფლების რეალიზაცია მთლიანად მოვახდინეთ – შეკითხვა გავგზავნეთ, ამისთვის არავის დავუსჯივართ და სხვა წინააღმდეგობებიც არ შეუქმნიათ. ანუ ჩვენ არ გვაქვს პასუხის მიღების უფლება, მხოლოდ შეგვიძლია რომ ის უმორჩილესად ვითხოვოთ.

(…)

საინფორმაციო კამპანია ონიშჩენკოს კარგი გამოუვიდა. იმ დროის ინფორმაციების სათაურებს რომ ვკითხულობთ – გვესმის, რომ საინფორმაციო იარაღი, როგორც გაზეთებს და სააგენტოებს ვლადიმირ პუტინმა უწოდა 2000 წლის სექტემბერში, ხშირად უფრო დამანგრეველია ვიდრე საბრძოლო.

ბირობიჯანი, 11 აპრილი, /იტარ-ტასის კორესპონდენტი ვიქტორ გორელოვი/. ებრაულ ავტონომიურ ოკრუგში დღეიდან შეჩერებულია ქართული და მოლდოვური ღვინოების, კონიაკების და შუშხუნა ღვინოების რეალიზაცია. როგორც იტარ-ტასს “როსპოტრებნადზორში აცნობეს, ყველგან დაიწყო ალკოჰოლური სასმელების ხარისხის შემოწმება. ყველა პარტია, რომელიც არ შეესაბამება სანიტარულ მოთხოვნებს, მოიხსნება გაყიდვიდან.

12.04.06

“სტრანა.რუ” (Страна.Ru)

“როსპოტრებნადზორის” ტერიტორიული სამმართველოს შემოწმების შედეგების მიხედვით მოსკოვში გაყიდვიდან ამოღებულია 2,5 ათასი ლიტრი ღვინო საქართველოდან და მოლდოვიდან, შეგვატყობინეს ოთხშაბათს სამმართველოს პრეს-სამსახურში. მათ დააზუსტეს, რომ გაყიდვიდან ამოიღეს 1282 ლიტრი მოლდოვური ღვინო და 1243 ლიტრი ღვინო საქართველოდან.

12.04.2006

Regnum

“როსპოტრებნადზორის” ფედერალური სამსახურის მითითების თანახმად ტამბოვის ოლქის სავაჭრო ქსელში შეჩერებულიაიმპორტული ალკოჰოლური პროდუქციის 2484 პარტიის რეალიზაცია, რომლის მთელი მოცულობა 70 ათას ლიტრს აჭარბებს. მათ შორის 64 ათასი ლიტრი მოლდოვური და 4,5 ათასი ლიტრი ქართული ღვინო.

12.04.06

Regnum

ქალაქ ორიოლში და ოლქში მიმდინარეობს მსხვილი სავაჭრო დაწესებულებების, საბითუმო საწყობების მასობრივი შემოწმებები იქ ქართული და მოლდავური ღვინოების არსებობის გამოსავლენად. შეატყობინა “ИА REGNUM”-ის კორესპონდენტს “როსპოტრებნადზორის” ტერიტორიული სამმართველოს კონსულტანტმა ორიოლის მხარეში ვლადიმირ კოლოსოვიჩმა.

12.04.06

«ლიგა.ნოვოსტი” (ЛИГА.Новости)

ალტაის რესპუბლიკში (რუსეთი) რეალიზაციიდან მოხსნეს საქართველოს და მოლდავეთის წარმოების 6 ათას ლიტრზე მეტი ღვინო.

12.04.06

ეროვნული ახალი ამბების სააგენტო (Агентство национальных новостей)

დონის როსტოვი, 12 აპრილი. 65 ათასი ლიტრი მოლდავური ღვინის, აგრეთვე 23 ათასი ლიტრი ქართული ღვინის რეალიზაცია შეჩერებულია როსტოვის ოლქის “როსპოტრებნადზორის” ტერიტორიული სამმართველოს მიერ.

12.04.06

Regnum

ტიუმენის ოლქში დაიწუნეს ათას ბოთლზე მეტი მოლდოვური და ქართული ღვინო. “როსპოტრებნადზორის” ტიუმენის განყოფილებიის მონაცემებით ღვინის შემოწმება დაიწყო რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის, გენადი ონიშჩენკოს მოთხოვნის შესაბამისად.

12.04.06

Regnum

სმოლენსკის ღვინის მაღაზიების მფლობელები გააფრთხილეს საქართველოს და მოლდავეთის წარმოების ღვინის, შამპანურისა და კონიაკების გაყიდვის აკრძალვის შესახებ.

12.04.06

“ნაკანუნე” (Накануне)

შუა ურალში შეჩერებულია მოლდავეთის და საქართველოს ღვინოების და კონიაკების გაყიდვა. როგორც “Накануне.RU”-ს ალკოჰოლური პროდუქციის გასაღების ბაზრის ერთ-ერთმა მონაწილემ შეატყობინა, ასეთ განკარგულებას ხელი მოაწერა სვერდლოვსკის ოლქის მტავარი სანიტარული ექიმის მოადგილემ ვიქტორ ჩირკოვმა. მაღაზიების დახლებიდან უკვე დაიწყეს პროდუქციის აღება.

თარგმნა ივა შიკილაძემ