მოწამლული ტელევიზია

რუსეთში შეიძლება, აქა-იქ კიდევ დაინახოთ ძველი საბჭოთა ლოზუნგი – მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის ვ. ი. ლენინის ზოგადი სიტყვებიდან ამოგლეჯილი ფრაზა იმის შესახებ, რომ “ხელოვნების დარგებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია კინო”.

რუსეთში შეიძლება, აქა-იქ კიდევ დაინახოთ ძველი საბჭოთა ლოზუნგი – მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის ვ. ი. ლენინის ზოგადი სიტყვებიდან ამოგლეჯილი ფრაზა იმის შესახებ, რომ “ხელოვნების დარგებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია კინო”.

ორიგინალში, მართალია, ის ცირკსაც ახსენებდა, მაგრამ ლენინის საბჭოთა მიმდევრებმა, როგორც ჩანს, ცირკი ხელოვნების ძალიან ბანალურ სახეობად მიიჩნიეს, რომლის იდეოლოგიასთან დაკავშირება ძნელია. თუმცა ამის მცდელობაც იყო, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც კლოუნები ჰიტლერის პაროდიას აკეთებდნენ, მანამდე კი [აშარჟებდნენ] ანტანტას, ბიძია სემს, სხვა ბურჟუებს.

საბჭოთა იდეოლოგიამ უპირატესობა კინოს მიანიჭა, რომელიც მოსახლეობის შეგნების დასამუშავებლად უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი გახდა. კინოში, ცირკისგან განსხვავებით, უფრო ადვილია დრამატურგიის აგება, მსახიობების მიერ სათქმელ სიტყვებში დიდი იდეოლოგიური დატვირთვის მოთავსება. კინემატოგრაფს მართლაც გამოსდიოდა საბჭოთა ადამიანების განწყობის შექმნა – ჰყვარებოდათ ის, ვისაც მიუთითებდნენ, ხოლო მტრები შეეძულებინათ, მათ წინააღმდეგ ებრძოლათ და გაენადგურებინათ. გახსოვთ ფილმი “კომუნისტი”, რომელშიც, როგორც ახლა იტყვიან, სექს-სიმბოლოს გარეგნობის მსახიობი პატიოსან, მიზანდასახულ და უკომპრომისო ადამიანს თამაშობს? ან ფილმები მეორე მსოფლიო ომის შესახებ, რომლებშიც ყველა გერმანელი სრულ იდიოტად იყო წარმოჩენილი, ხოლო საბჭოთა ჯარისკაცები – მამაც მებრძოლებად? ფილმებში არავინ ხსნიდა, როგორ მოახერხეს ამ იდიოტებმა ვოლგამდე მისვლა, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო საბჭოთა ადამიანების სულისკვეთების გაძლიერება და ფილმების დახმარებით ეს ხერხდებოდა. ტყუილად არ ხდებოდა ქვეყნის სიღრმეში, ქარხნებთან ერთად, კინოსტუდიების ევაკუაცია. მათ პროპაგანდის შექმნა უნდა გაეგრძელებინათ, მსახიობები კი ჯავშანს იღებდნენ – გაწვევისგან თავისუფლდებოდნენ, ისინი ხალხის სულისკვეთების ამაღლებისკენ იყვნენ მოწოდებულნი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსული კინემატოგრაფი წამგებიან საქმიანობად იქცა, რადგანაც ბორის ელცინის პერიოდის ახალი რუსეთის იდეოლოგებს ეს სფერო არ აინტერესებდათ. ხელისუფლებაში პუტინის მოსვლის შემდეგ სიტუაციამ შეცვლა დაიწყო. კინემატოგრაფი უფრო მოქნილი გახდა, რეჟისორები კი მიხვდნენ, რომ უკეთესია, ტელევიზიისთვის იმუშაო – ჯერ ერთი, მას ყველა უყურებს და მეორეც, ეს უფრო მომგებიანია, რადგან საჭირო არ არის, კინოთეატრების დარბაზების გავსებას ელოდო. ისიც მართალია, რომ რუსეთის კინო, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ხელოვნება აღარ არის. უფრო გულახდილად თუ ვიტყვით და რუსეთის ტელევიზიის თავისებურებებსაც თუ გავითვალისწინებთ, რომლებიც საბჭოთა ტელევიზიის, საბჭოთა პროპაგანდის საფუძველზეა ჩამოყალიბებული, ამჟამად რუსეთში “ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვნება” ტელევიზია გახდა. ხოლო კინო ტელევიზიაში – სერიოზულ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად იქცა.

უკვე 2000 წელს, პუტინის პრეზიდენტობის პირველივე წელს სახელმწიფო სათათბირომ საჭიროდ მიიჩნია კანონის მიღება, რომელიც ტელევიზიებში ზნეობრივ კრიტერიუმებს განსაზღვრავდა. დეპუტატების ჯგუფმა, იოსიფ კობზონის და სტანისლავ გოვორუხინის ხელმძღვანელობით, რუსეთის ფედერაციის ტელე და რადიომაუწყებლობის სფეროში ზნეობრიობის დამცავი უმაღლესი საბჭოს შექმნის წინადადება წამოაყენა.

ისევე როგორც საბჭოთა დროს, ვლადიმირ პუტინის სახელზე კოლექტიური წერილების გაგზავნა დაიწყეს. ერთ-ერთი მათგანი 2000 წლის 29 თებერვალს “პარლამენტსკაია გაზეტაში” გამოქვეყნდა.

ტელეეკრანის მაღალი ზნეობრიობისა და სულიერებისთვის სააქციო საზოგადოება “ტულამაშზავოდის” კოლექტივის მიმართვა რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე ვ. ვ. პუტინს რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს ე. ს. სტროევს რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარეს გ. ნ. სელეზნიოვს

სასიხარულოა იმის გაცნობიერება, რომ ბოლო დროს ეკონომიკის აღმასვლა არა მარტო თავდაცვით, არამედ სახალხო მეურნეობის სხვა სფეროებშიც დაიწყო. გვახარებს ისიც, რომ “რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში” ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა რუსეთის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება. დღეს დადებითი ცვლილებების ბევრი მაგალითი გვაქვს, რომელთა შესახებაც თამამად შეიძლება მოვუთხროთ [ხალხს] მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, განსაკუთრებით რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით.

მაგრამ, რას ვხედავთ? ტელევიზიის ყველა არხზე გადის ფილმები, რომლებიც მკვლელობას და ძალადობას ქადაგებენ და ღიად ტკბებიან. დამნაშავეობამ ეკრანიდან ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოაბიჯა.

რატომ ხდება, რომ ცენტრალური ტელევიზიის ეკრანებზე იშვიათად უჩვენებენ სამამულო წარმოების საუკეთესო ფილმებს და სპექტაკლებს? რატომ ვერ ვხედავთ შემოქმედებით შეხვედრებს რუს მწერლებთან და პოეტებთან, მეცნიერების, ხელოვნებისა და კულტურის გამოჩენილ მოღვაწეებთან?

ტელეეკრანი არ ასახავს რუსი ხალხის ტრადიციებსა და სულიერ მემკვიდრეობას და არ ეწევა მათ პროპაგანდას, ხელს არ უწყობს ახალ თაობაში პატრიოტიზმის აღზრდას…

განსაცვიფრებელია ის ფაქტი, რომ ანტონ პავლეს ძე ჩეხოვის იუბილეზე (დაბადებიდან 140 წელი) მასობრივი ინფორმაციის პრაქტიკულად ყველა საშუალება დუმდა.

პირველი კოლექტიური წერილი, რომელშიც ვლადიმირ პუტინს ტელევიზიისთვის ყურადღების მიქცევა მოუწოდეს, სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინიციატივო ჯგუფის განცხადება იყო, რომელიც 2000 წლის 8 თებერვალს გაზეთ “სანკტ-პეტერბურგსკიე ვედომოსტიში” გამოქვეყნდა და რომელშიც პუტინი პრეზიდენტობის კანდიდატად წამოაყენეს. უნივერსიტეტის რექტორი ვერბიცკაია და იურიდიული ფაკულტეტის თანამშრომლები თავიანთ ყოფილ სტუდენტს გამოექომაგნენ და “ენ-ტე-ვე”-ს ცნობილი პროგრამის ბოლო ორ გამოშვებაში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თოჯინის გამოყენების გამო აღშფოთება გამოხატეს. განცხადების ავტორების სიტყვებით, ” განსაკუთრებული გაბოროტებით და გააფთრებით სცადეს მისი (პუტინის) სახელის გატეხა.” გადაცემის ავტორები უნივერსიტეტელი მეცნიერებების “ღრმა აღშფოთებას და უკიდურეს უკმაყოფილებას” იწვევენ. მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ამ მოწოდებას საჯაროდ გაემიჯნა და მხარი არ დაუჭირა, ორი წლის შემდეგ რუსული ეთერიდან პროგრამა “თოჯინებიც” გაქრა და “ენ-ტე-ვე”-ს მთელი ძველი გუნდიც, რომელიც ამ პროგრამას ამზადებდა.

მას შემდეგ, რაც “ძველი” “ენ-ტე-ვე”-ს გუნდი გაანადგურეს, მიიღეს გადაწყვეტილება, შეექმნათ მძლავრი პროპაგანდისტული გაერთიანება – ჰოლდინგი “ვე-გე-ტე-ერ-კა” (ВГТРК) რომელიც იმ დროისთვის არსებულ ყველა რეგიონულ ტელეკომპანიას გააერთიანებდა. რუსეთის ფედერაციის მთავრობის 2004 წლის 26 თებერვლის N 111 დადგენილებით “სრულიად რუსეთის სახელმწიფო სატელევიზიო და რადიომაუწყებლობის კომპანიის შესახებ”, ყველა რეგიონული შვილობილი სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიები ფილიალებად გადაკეთდა. 2002 წლის 1 ივლისს მაუწყებლობა დაიწყო “ვე-გე-ტე-ერ-კა”-ს მესამე არხმა – “ერ-ტე-ერ – პლანეტამ”. ეს იყო რუსეთში პირველი სახელმწიფო ტელეარხი, რომელიც უცხოეთშიც მაუწყებლობდა. 2004 წლის 1 ნოემბერს მაუწყებლობა დაიწყო რადიოარხმა “კულტურა”, ეს “ვე-გე-ტე-ერ-კა”-ს ფარგლებში შექმნილი მეორე არხი იყო. 2006 წლის 1 ივლისს მაუწყებლობა დაიწყო “ვე-გე-ტე-ერ-კა”-ს მეექვსე ტელეარხმა “ვესტიმ”. 2008 წლის 5 თებერვალს მაუწყებლობა დაიწყო რადიოარხმა “ვესტიმ”, “ვე-გე-ტე-ერ-კა”-ში შექმნილმა მესამე არხმა. 2009 წლის 1 ნოემბერს ამოქმედდა ტელეარხი “მოია პლანეტა” (ჩემი პლანეტა). 2010 წლის 1 იანვარს მაუწყებლობა დაიწყო ტელეარხმა “როსია 2″-მა. ამ მომენტისთვის “ვე-გე-ტე-ერ-კა” აერთიანებს 107 სახელმწიფო ტელეარხს და მათ შორის რამდენიმე რადოსადგურს. ანუ რუსეთი, ასევე მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე გადახურულია მძლავრი საინფორმაციო-პროპაგანდისტული გუმბათით, რომელსაც პუტინის პრეზიდენტობის დასაწყისში უცნაურ ტერმინს “ერთიან საინფორმაციო სივრცეს” უწოდებდნენ.

“ერთიანი საინფორმაციო სივრცის” ნაწილია, ფაქტობრივად, ყველა ეროვნული ტელეარხი – პირველი არხი (ყოფილი “ო-ერ-ტე”), რომელიც ბორის ბერეზოვსკის ეკუთვნოდა და რომელიც იძულებული გახადეს, 2001 წლის დეკემბერში თავისი აქციები გაეყიდა; ტელეარხი “ენ-ტე-ვე”, რომელიც ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრისა და სლოვაკური ორგანიზაციის “მემო 98″-ის გამოკვლევის თანახმად პროპაგანდის ლიდერია; ტელეარხი “ტე-ვე-ცე”; მოგვიანებით შეიქმნა კიდევ ერთი არხი “ზვეზდა”. 2005 წელს, როგორც სააგენტო “რია-ნოვოსტის” ნაწილი, შეიქმნა ტელეარხი “რაშა თუდეი” (Russia Today), რომელსაც დღეს ინგლისურ ენაზე მაუწყებლობის გარდა, ესპანური და არაბული ვერსიებიც აქვს. პროპაგანდისტულ “მუშტშია” გაერთიანებული აგრეთვე სააგენტოები: “რია – ნოვოსტი” (საბჭოთა “ა-პე-ენ”-ის მემკვიდრე), სააგენტო “იტარ-ტასი”, აგრეთვე “ინტერფაქსი”, “რეგნუმი”, “როსბალტი” და რამდენიმე ათეული სხვა რეგიონული სააგენტო. ისინი ფორმალურად დამოუკიდებლები არიან, მაგრამ შინაარსით სახელმწიფო სააგენტოებისგან ბევრით არაფრით განსხვავდებიან.

პროპაგანდისთვის ბრძოლა “ვე-გე-ტე-ერ-კა”-ს შექმნით და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების “ერთიან საინფორმაციო სივრცეში” გაერთიანებით არ დამთავრებულა. “რუსების მორალური სახის” შექმნა დღემდე გრძელდება. 2008 წლის 7 ოქტომბერს ვლადიმირ პუტინი სიტყვით გამოვიდა პროფკავშირების სანკტ-პეტერბურგის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის აუდიტორიის წინაშე. მისი განცხადებით, არსებობს მეთოდები, რომელთა დახმარებითაც სახელმწიფოს შეუძლია, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე გავლენა ჰქონდეს – ეს არის სახელმწიფო შეკვეთა, “სახელმწიფო შეკვეთა ტელევიზიისთვისაც, კინემატოგრაფისთვისაც, თეატრისთვისაც, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვისაც. სახელმწიფო შეკვეთა შეიძლება იყოს სახელმწოფოს გავლენის მძლავრი და ქმედითი საშუალება”. ამ ტირადით პუტინმა პასუხი გასცა პროფკავშირების სანკტ-პეტერბურგის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის რექტორ ალექსანდრ ზაპესოცკის რეპლიკას. რექტორმა აღნიშნა, რომ აუცილებელია, “სახელმწიფომ რუსების მორალური სახე ჩამოაყალიბოს, მათ შორის ტელევიზიისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების დახმარებით”.

თანამედროვე რუსული ტელევიზია ხელოვნურ ცხოვრებას, ხელოვნურ ახალ ამბებს აჩვენებს. შეზღუდულია იმ ადამიანთა ჩამონათვალი, რომლებიც სერიოზულ პრობლემებს განიხილავენ, თანაც ამას მხოლოდ ხელისუფლების ზნეობრივი პოზიციიდან გამომდინარე აკეთებენ. ტელევიზიის მეშვეობით ადვილია საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება და თუ აუდიტორიის სიდიდეს გავითვალისწინებთ – მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი, არსებობს დამჯერი საზოგადოების შექმნის შესაძლებლობა. რუსეთში ხელისუფლებამ მოახერხა, საზოგადოებრივი აზრი მთლიანად დაექვემდებარებინა. შეუძლია ამ აზრის ჩამოყალიბება, შეცვლა და საბოლოო სასურველი შედეგის მიღება – არჩევნებზე რუსები ხმას იმას აძლევენ, ვისაც ტელევიზიით უფრო ხშირად აჩვენებენ. საზოგადოებრივი აზრის ხელოვნურად შექმნის შედეგია, რომ ხალხი “სწორად” აფასებს იმ პოლიტიკოსების საქციელს, რომლებიც, მაგალითად, საქართველოსთან ომისკენ ან მისი ტერიტორიის ნაწილის ანექსიისკენ მოუწოდებენ, რომელსაც შემდეგ “დამოუკიდებლად” აღიარებენ.

რუსეთის თანამედროვე ტელევიზიამ მთლიანად შეცვალა თავისი პროპაგანდისტული არსით და ამოცანებით ტელევიზიამდელი საბჭოთა პერიოდი. მაშინ გაზეთები მრავალმილიონიანი ტირაჟებით გამოდიოდა, “რკინის ფარდას” აძლიერებდა მრავალრიცხოვანი “ჩამხშობი სადგურები”, რომლებიც რუსულ ენაზე მაუწყებელ დასავლურ რადიოსადგურებს ებრძოდნენ, ხოლო განმარტებითი ფუნქცია კინემატოგრაფს ჰქონდა მინიჭებული. დღეს რუსებს აქვთ ალტერნატიული ინფორმაციის მიღების საშუალება – შეუძლიათ თანამგზავრული არხებით ახალი ამბების სხვა გამოშვებების ყურება და ინტერნეტის გამოყენება, თუმცა ამას, ძირითადად, არ აკეთებენ. ეს ფაქტი კი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში ძლიერია ტრადიცია, დაეთანხმონ პროპაგანდას. სიტყვის თავისუფლებისა და დისკუსიის ტრადიციების არარსებობა კვებავს რუსული საზოგადოების ნიჰილიზმს ნებისმიერი ალტერნატიულობის მიმართ – ინფორმაციაშიც და პოლიტიკაშიც. გამოთქმა “უმეფოდ თავში” (Без царя в голове), სწორედ რუსებზეა, რომლებსაც სჯერათ ოფიციალური პროპაგანდის, სჯერათ ქვეყნის კეთილი ხელმძღვანელის, რომელიც ტრადიციულად მათ ნათელი მომავლისკენ წაიყვანს.

თუ საბჭოთა პროპაგანდის ანალოგიებს დავუბრუნდებით, როდესაც პრესა ინფორმაციის მთავარი წყარო იყო, ხოლო კინემატოგრაფი საბჭოთა ადამიანების საბრძოლო სულს აძლიერებდა, ეს ყველაფერი რუსეთის თანამედროვე ტელევიზიას “ერთ ფლაკონში” აქვს – “სწორად” ნაჩვენები ახალი ამბებიც და “სწორად” გადაღებული კინოც. ახალი ამბების შემთხვევაში ყველაფერი მარტივად არის – ტექნოლოგია ცნობილია. სახელმწიფოს მომხრე ჟურნალისტებმა იციან, რა და როგორ აჩვენონ და რის შესახებ ილაპარაკონ. კინოს მხრივ კი საქმე თავიდან ცოტა რთულად იყო, მაგრამ როდესაც სერიალების გადაღება კონვეიერის პრინციპით დაიწყეს, სცენარების საფუძვლად იმავე “ახალ ამბებს” იყენებდნენ, რომლებსაც საინფორმაციო პროგრამებში აჩვენებდნენ.

მრავალრიცხოვანი ცნობები კრიმინალურ გარჩევებსა და ჟოლოსფერ პიჯაკებში გამოწყობილ ახალ რუსებზე, საფუძვლად დაედო პოპულარულ ფილმ “ბრიგადას” და ათობით მის მსგავსს, ჩეჩნეთის ომი გახდა მრავალრიცხოვანი სერიალების საფუძველი “კავკასიელ ტყვეებზე” და რუსეთის არმიის სხვა გმირობებზე მსოფლიო ბოროტების – ისლამური ფუნდამენტალიზმისა და კავკასიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ პრძოლაში. მრავალრიცხოვანი გლამურული ისტორიები, შესაბამისად, ბრაზილიური ტიპის სერიალებს დაედო საფუძვლად, მაგრამ აუცილებლად სროლით და სისხლის მდინარეებით. ცდილობენ რუსების დარწმუნებას, რომ რუსული მილიცია სინამდვილეში კორუფციონერებისა და კანონის დამრღვევთა უზარმაზარი არმია კი არ არის, არამედ მისი თანამშრომლები პატიოსანი, კეთილი და სამართლიანი ადამიანები არიან, როგორც ეს ნაჩვენებია სერიალში “დამტვრეული ფანრების ქუჩა”. რუსი ტელემაყურებლები თანდათანობით ემზადებოდნენ იმისთვის, რომ სამყარო კრემლის გალავნის ქონგურებიდან და ოსტანკინოს ტელეანძის შპილიდან აღექვათ. ისინი ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის მეორე ვადის შუახანებისთვის უკვე პრაქტიკულად მზად იყვნენ იმისთვის, რომ [ობიექტი] ბრძანებით შეეყვარებინათ ან შეეძულებინათ. ტელესერიალებმა ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის ნდობა განამტკიცეს, ხელისუფლებამაც ამ ნდობით სასწრაფოდ ისარგებლა.

რუსულ არხებზე ძალიან ბევრი სერიალი გამოჩნდა, რომლებშიც მამაცი რუსი მეომრები მსოფლიო ტერორიზმს ებრძვიან. მაგრამ გარდა იდეოლოგიური საფუძვლისა, რომლის მთავარი მიზანიც “დიადი ქვეყნის დაჩოქილი მდგომარეობიდან წამოდგომის” პროცესის ჩვენება იყო, სატელევიზიო კინემატოგრაფი რუსულ საზოგადოებაში ქსენოფობიის მკვეთრი ზრდის მიზეზი გახდა. როგორც პუბლიცისტი და ისტორიკოსი ბორის სოკოლოვი წერდა, “გავიხსენოთ უამრავი “ანტიკავკასიური” ფილმი, სადაც ჩეჩნები და კავკასიელი ხალხების სხვა წარმომადგენლები ყოველთვის სისხლისმხმელი დაქირავებულები არიან, რომლებიც ჩეჩნეთში მამაც ფედერალურ მეომრებს ებრძვიან. აზიელებიც უმეტესად ნარკომოვაჭრეებად და მაფიოზებად ჰყავთ გამოყვანილები “. ირინა იასინა, რომელიც რეგიონული პრესის პრობლემებით არის დაკავებული, განმარტავს: “ამ მოვლენის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ახალგაზრდობის დიდი ნაწილი გაუნათლებელი და ზომბირებულია, რომელსაც საქმე არა აქვს. ახალგაზრდობა ისრუტავს ჩვენი ტელევიზიის გადაცემებს. იქ კი პრაქტიკულად ყველა დიქტორი სლავია, სამაგიეროდ სერიალებში ნაჩვენები ყველა ბანდიტი სხვა ეროვნების წარმომადგენელია”.

სერიალების ქმედითობას რუსეთის ტელევიზიებში სოციოლოგიური გამოკვლევების მონაცემები ადასტურებს. 2010 წლის სექტემბერში ერთ-ერთმა წამყვანმა სოციოლოგიურმა ცენტრმა “ვციომ”-მა (ВЦИОМ – საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი სრულიად რუსეთის ცენტრი) ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმადაც რუსეთის კინოთეატრების აუდიტორია მოსახლეობის მესამედს არ აღემატება. მოსახლეობის 16 პროცენტი კინოში წელიწადში სულ რამდენჯერმე მიდის, 5 პროცენტი კიდევ უფრო იშვიათად – წელიწადში ან რამდენიმე წელიწადში ერთხელ. კინოთეატრებში თვეში რამდენჯერმე მხოლოდ 4 პროცენტი დადის. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი პრაქტიკულად არ დადის კინოთეატრებში (48 პროცენტი), ყოველი მეხუთე კი იქ არასდროს ყოფილა (20 პროცენტი). რეგულარულად (ანუ თვეში ერთხელ) კინოში დადის 18-დან 24 წლამდე ასაკის ყოველი მეათე რუსი (11 პროცენტი) და წინასაპენსიო ან საპენსიო ასაკის რესპონდენტების მხოლოდ ერთი პროცენტი. მსგავს დაწესებულებებში საერთოდ არ დადის, ძირითადად, ის, ვინც არ სარგებლობს ინტერნეტით (58 პროცენტი, ხოლო ინტერნეტის აქტიური მომხმარებლების 33 პროცენტი). კინოთეატრებში არ დადის უზუნველყოფილთა 54 პროცენტი, ხოლო დაბალი შემოსავლის მქონეთა – 40 პროცენტი.

ამის შესახებ საჭიროა “ვციომ”-ის სხვა მონაცემების მოყვანაც, რომლებიც 2010 წლის მაისში მიიღეს. კვლევის მიზანი იყო ტელევიზიასთან რუსების დამოკიდებულების გარკვევა. რუსების დიდი უმრავლესობა უკანასკნელ ამბებს ტელევიზიის მეშვეობით იგებს (92 პროცენტი). მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები ნაკლებად პოპულარულია: 20 პროცენტი ახალ ამბებს პრესიდან იგებს, 15 პროცენტი – ინტერნეტიდან, 12 პროცენტი – რადიოდან. უმცირესობაში ისინი არიან, ვინც მიმდინარე მოვლენებს ეცნობა გარშემომყოფთა მონათხრობის საფუძველზე. ტელევიზია ინფორმაციის ყველაზე პოპულარული წყაროა პატარა ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობისათვის (93-94 პროცენტი) და ხანში შესული ადამიანებისათვის (96 პროცენტი). პრესა პოპულარულია 45-59 ასაკის ადამიანებისათვის, ინტერნეტი – დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის (32 პროცენტი), აგრეთვე ახალგაზრდებისა და განათლებული რესპონდენტებისთვის (შესაბამისად 38 და 24 პროცენტი). რაც შეეხება რადიოს, მასობრივი ინფორმაციის ამ საშუალებას უპირატესობას ანიჭებენ, როგორც წესი, დიდი ქალაქების მცხოვრებლები (16 პროცენტი) და ხანში შესული რუსები (17 პროცენტი).

“ვციომის” პოლიტიკური კვლევების სამმართველოს უფროსი სტეპან ლვოვი ტელევიზიის მიმართ რუსების მაღალ ინტერესს ასე ხსნის: “ტელევიზიის ყურების მაჩვენებელი ასეთი მაღალია და მატულობს კიდეც იმიტომ, რომ ტელევიზორი ინფორმაციის მიღების ყველაზე მოხერხებული საშუალებაა. ის ადამიანს აძლევს საშუალებას, მუდმივად იყოს მოვლენების საქმის კურსში – არა მხოლოდ სპეციალურად დაინტერესების შემთხვევაში, არამედ სხვა საქმიანობის დროსაც, მაგალითად სახლში რამეს კეთების ან დასვენების დროს (ზოგჯერ სამსახურშიც). ინტერნეტი კი გარკვეულ ინტერაქტივს გულისხმობს – ადამიანი კომპიუტერს უნდა მიუჯდეს, რათა ახალი ამბები და ინფორმაცია მოიძიოს, ეს კი ცოტა ძალისხმევასაც მოითხოვს და გარკვეულ უნარსაც. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ განათლება რაღაც როლს თამაშობს – ჩვენი კვლევის მიხედვით, მაღალ დონეზე განათლებულებიც და შედარებით გაუნათლებლებიც ტელევიზორს ერთნაირად უყურებენ და მის ინფორმაციას ენდობიან.”

სხვადასხვა ორგანიზაციების კვლევების თანახმად, რუსეთში კატასტროფული სიტუაციაა. მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფმა, წამყვანმა რუსულმა ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, 2009 წლის სექტემბერში რუსეთის 21 რეგიონში მონიტორინგი ჩაატარა.

მონიტორინგის მონაცემების ანალიზის შედეგად ავტორები ახალგაზრდების სფეროში ქსენოფობიის არსებობისა და ამის წინააღმდეგ სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი სრუქტურების მოქმედების შესახებ საჭიროდ მიიჩნევენ შემდეგი დასკვნების გაკეთებას.

რუსეთის ახალგაზრდობა, სხვადასხვა ფაქტორების გამო, წარმოადგენს სოციალურ ჯგუფს, რომელიც ყველაზე მეტად ემორჩილება რადიკალურ-ნაციონალისტურ და ქსენოფობიურ იდეებს და განწყობილებას. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების და სხვა წყაროების მიერ გადმოცემულ ცნობებს, რომლებშიც უხვად არის “მტრული ლექსიკა”, არაკრიტიკულად აღიქვამს ახალგაზრდობა, კონსტრუქციული სამოქალაქო პოზიცია არ არსებობს და სამაგიეროდ არის იმის შესაძლებლობა, რომ საკმაოდ ღიად გამოხატონ ნაციონალისტური შეხედულებები სუბკულტურული არხების მეშვეობით. ეს ხელს უწყობს საყოფაცხოვრებო ქსენოფობიის გადაზრდას აგრესიის და ღია რასისტული ძალადობის წყაროდ.

მრავალწლიანმა კონფლიქტმა კავკასიაში საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ჩეჩენი ერს და კავკასიის სხვა ხალხებს უაღრესად ნეგატიურად აღიქვამს ის ახალგაზრდობა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ფარგლებს გარეთ (ანუ დანარჩენ რუსეთში) ცხოვრობს. სიტუაციის მიჩქმალვას, პირველწყაროდან მომავალი ინფორმაციის არარსებობას იქამდე მივყავართ, რომ ახალგაზრდებს უყალიბდებათ და უმტკიცდებათ ნეგატიური სტერეოტიპები, რაც რთულ წარსულსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ტენდენციურ ცნობებზეა დაფუძნებული. ამას გარდა, ეს ფაქტორები კავკასიელების მიმართ ძალადობის პროვოცირებას ახდენს.

რუსეთის ტელევიზიის პროპაგანდის წყაროდ გადაქცევის ჯერ კიდევ პირველ წლებში ახსნა წამყვანი გასართობი ტელეარხის “ეს-ტე-ეს”-ის შემქმნელმა ალექსანდრ როდიანსკიმ, თუ რატომ ხდებოდა ეს. გაზეთ “ვრემია ნოვოსტეისთვის” მიცემულ ინტერვიუში (2004 წლის 17 ივლისი) მან განაცხადა: “რუსეთში კი, ჩემი აზრით, ახალი ამბები ამ ეტაპზე აბსოლუტურად მხატვრულ ჟანრს წარმოადგენს. ეს არ არის ახალი ამბები ჩვეულებრივი გაგებით, რომელშიც ვგულისხმობთ ფაქტების ერთობლიობას დღის საინფორმაციო სურათის შესაქმნელად, რათა მსმენელს საკუთარი შეფასების და ექსპერტიზის საშუალება ჰქონდეს. არ ხდება მოვლენების წარდგენა სხვადასხვა კუთხით. ჩვენს შემთხვევაში ტელევიზია, ახალი ამბების ნაცვლად, რაღაც სუბიექტურ ნაწარმოებს გვთავაზობს. ყველაფერი იწყება მოვლენების თავისუფალი შერჩევით, რაც ნაკარნახევია კონიუნქტურით, შემდეგ ირთვება აწყობის დიადი მექანიზმი და წამყვანების და სიუჟეტის ავტორების ტექსტის დახმარებით მსმენელამდე მიტანა. ჩვენ ვიღებთ არა ფაქტებს, არამედ აზრებს, თვალსაზრისს, ინტერპრეტაციას”.

სხვადასხვა მკვლევარები და ტელეკრიტიკოსები ცდილობდნენ ხელისუფლების ყურადღების მიქცევას ქსენოფობიის პრობლემასა და “მტრულ ლექსიკაზე”, რომელსაც რუსეთის ტელევიზია იყენებს. ირინა პეტროვსკაია, გაზეთ “იზვესტიას” ყოველკვირეული სვეტის ავტორი და რადიოსადგურ “ეხო მოსკვიზე” პროგრამის წამყვანი, ჯერ კიდევ 2006 წელს საუბრობდა ხელისუფლების და ტელევიზიის პასუხისმგებლობაზე რუსული საზოგადოების ქსენოფობიით დაავადებაში.

საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი “სოვა”, 2006 წლის 27 ოქტომბერი:

2006 წლის 20 ოქტომბერს “იზვესტიის” ყოველკვირეულ ტელემიმოხილვაში ირინა პეტროვსკაია შეეხო ტელევიზიის პასუხისმგებლობის პრობლემას ქსენოფობიური განწყობილებების არსებობაზე საზოგადოებაში.

ამის საბაბი გახდა ბოლო თვის ანტიქართული ისტერია. პეტროვსკაია აღნიშნავს, რომ ეს, ცხადია, პროვოცირებულია არა ტელევიზიის, არამედ ხელისუფლების მიერ, რომელმაც “გადაწყვიტა, ეჩვენებინა, რომ მუშაობს, ან სარგებელი ენახა სხვა ერის წარმომადგენლების ხარჯზე, რომლებიც ოფიციალურად გამოაცხადეს განდევნილებად”. თუმცა, ტელეკრიტიკოსის აზრით, “ტელევიზიის ბრალი ის არის, რომ მლიქვნელურად შეასრულა რა საკუთარი უფროსობის ბრძანება, მზადყოფნით, ბრძანების განხილვის გარეშე ყოველდღიურად აძლიერებდა ანტიქართულ ისტერიას, ხოლო შემდეგ, ისევ ბრძანების თანახმად, სცადა მისი შეჩერება”.

ბრძანებით შეიძლება კამპანიის შეჩერება, მაგრამ განწყობა, მით უმეტეს ისეთი, რომელიც ირაციონალურ გრძნობაზე – ქსენოფობიაზეა დაფუძნებული, არანაირ ბრძანებას არ ემორჩილება. ხოლო ტელევიზია, რომელსაც რეალურად აქვს მასობრივი გავლენა რუსებზე, ვერ აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას ქსენოფობიური განწყობის გაღვივებაში. ტელევიზია “ბატონობს გონებასა და სულზე, აძლიერებს ადამიანების გონებას ყველაზე საშიშ შეცდომაში და ხელს უწყობს მათ სულს ყველაზე “უცენზურო” მოქმედებებში. შეიძლებოდა სხვანაირადაც ყოფილიყო, ტელევიზიას რომ გაეცნობიერებინა თავისი პასუხისმგებლობა არა ხელისუფლების, არამედ საზოგადოების წინაშე. ეცადა, ხალხის გონება და სული სწორი გზისკენ მიემართა. მაგრამ მას ამის გაკეთება არც უცდია.”

ერთადერთი პროგრამა, რომელმაც ანტიქართული პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მარიანა მაქსიმოვსკაიას “ნედელია” იყო. სხვა პროგრამები და სიუჟეტები მხოლლოდ სიძულვილის გაღვივებისაკენ იყო მიმართული. ირინა პეტროვსკაიას მოჰყავს ციტატა პროგრამიდან რადიოსადგურ “ეხო მოსკვიზე”: “ვინმე ვანიამ… განაცხადა რომ სიტყვა “ქსენოფობია” ამ შემთხვევაში არასწორი სიტყვაა: “მე, რუსს, არ მაქვს ფობია ანუ შიში. მაქვს სიძულვილი სხვა ერის მიმართ. ქსენოსიძულვილი”.

პეტროვსკაიას აზრით, უკვე ბოთლიდან ამოშვებული ჯინის უკან ჩაბრუნება ალბათ სწრაფად ვერ მოხერხდება. თუმცა, ახლა საერთოდ გაუგებარია, საერთოდ თუ მოხერხდება ეს.

ირინა პეტროვსკაიას ეს ხატოვანი გამოთქმა კარგად ერგება 2008 წლის აგვისტოში საქართველოსთან ომის მიმართ შექმნილ განწყობასაც. რუსეთის ტელევიზიაში საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომი, როგორც პეტროვსკაია აღნიშნავს, დიდი ხანია, მიმდინარეობდა, განსაკუთრებით აქტიურად კი – 2006 წლიდან, მაგრამ აგვისტოს ომისთვის რუსეთის საზოგადოება მზად იყო, ოფიციალური ვერსია თითქმის უსიტყვოდ მიეღო. და როდესაც რუსეთის პირველი არხის ეკრანზე პროპაგანდის შედევრი – ფილმი “08.08.08 ოლიმპუს ინფერნო” გამოჩნდა, იგი რუსეთის საზოგადოებამ აგვისტოს ომის დოკუმენტურ ქრონიკად აღიქვა, განსხვავებით კრიტიკოსებისგან, რომელთა უმრავლესობამაც ვაი-კინემატოგრაფისტების ამ ნაჯახით ნამუშევრისგან ქვა ქვაზე არ დატოვა. მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა, მთავარია, რომ ტელევიზია პრაქტიკულად მთლიანად ფლობს რუსების და სამწუხაროდ, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გონებას.

თარგმნა ივა შილაკაძემ