სააკაშვილის ჰალსტუხი. თავი წიგნიდან “რუსეთი-საქართველო: საინფორმაციო ომი”

თავი წიგნიდან “რუსეთი-საქართველო: საინფორმაციო ომი”

თუ შევაფასებთ რუსული პროპაგანდის წარმატებას რუსი და რუსულენოვანი ობივატელის გონების დასაუფლებლად წარმოებულ გრძელ და მომქანცველ ბრძოლაში, გამორჩეულ შედევრად უნდა მივიჩნიოთ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩატარებული ოპერაცია, სახელწოდებით “სააკაშვილის ჰალსტუხი”. ეს, თითქოს, ერთი დეტალია საქართველოს პრეზიდენტის ქცევიდან, რომელიც ემოციური ადამიანია და საკუთარი მანერების ნაკლს ყურადღებას არ აქცევს. ჩვეულებრივ სიტუაციაში ალბათ არც მიიქცევდა რუსეთის პოლიტიკური პიარის სპეციალისტთა ყურადღებას. მაგრამ მათ ომის მდგომარეობაში, მით უმეტეს – რუსეთის მხრიდან არც ისე წარმატებულის, როდესაც საბოლოოდ ვერ განადგურდა საძულველი “ფაშისტური რეჟიმი”, სააკაშვილის ჰალსტუხის ისტორია ბევრი პრობლემის თავიდან აცილებაში დაეხმარა. წესით, მათ უნდა აეხსნათ, სად გაქრა “მძინარე ცხინვალში მოკლული ორი ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე”, რატომ დაკარგა რუსეთის არმიამ 7 თვითმფრინავი, რატომ ვერ შეძლეს აღეკვეთათ რუსი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოსი თანამებრძოლების მაროდიორობის მრავალრიცხოვანი შემთხვევები. დაბოლოს, რატომ მიუდგა ასე ნეგატიურად მსოფლიო თანამეგობრობა “ოსების გადარჩენას გენოციდისგან”? რუსებს ძალიან ბევრი კითხვა გაუჩნდებოდათ. “სააკაშვილის ჰალსტუხმა” კი სიტუაცია გადაარჩინა – თუნდაც, მცირე ხნით.

ჩვეულებრივად პოლიტიკურ პიარში ცდილობენ, ლიდერების უმნიშვნელო ნაკლი სხვა თვისებებით დაფარონ. მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტს არ რცხვენია იმის, რომ დაბალია და ამის კომპენსირებას თავისუფალი ქცევით ახდენს, ხოლო პრეზიდენტ მედვედევისთვის პირიქით – სქელძირიან ფეხსაცმელს იყენებენ ან დამატებით საფეხურს აკეთებენ სტანდარტული ტრიბუნის უკან მისი საჯარო გამოსვლის დროს. კრემლის ფოტოგრაფები ფოტოშოპით “ადაბლებენ” იმ მაღალ ადამიანებს, რომლებიც მედვედევს ხვდებიან. BBC-ს პირდაპირ ეთერში გასული კადრი, როდესაც სააკაშვილი ვიღაცასთან სატელეფონო საუბრის დროს ემოციურად კვნეტს თავის ჰალსტუხს, მოულოდნელი საჩუქარი იყო უარყოფითი პიარისთვის. სააკაშვილი, სავარაუდოდ, ტელეფონით სერიოზულ საკითხზე საუბრობდა და შესამჩნევად ღელავდა. ეს ნებისმიერი ადამიანისათვის ჩვეულებრივი სიტუაციაა, ზოგი ყურის ბიბილოს ისრესს, ზოგი კეფას იფხანს, სააკაშვილმა ჰალსტუხის ღეჭვა დაიწყო.

ისე, რუსეთის პიარი სააკაშვილთან დაპირისპირებისათვის დიდ ხანს ემზადებოდა. ჯერ კიდევ 2006 წლის 6 ოქტომბერს გაზეთმა “კომსომოლსკაია პრავდამ” გამოაქვეყნა სტატია “მეცნიერები სააკაშვილის სახეს აანალიზებენ”. სტატიის დასაწყისში საუბარი იყო “ფიზიოგნომიკის ცნობილი სპეციალისტის, მერილენდის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორ ტიმოტი ვანის” მოსკოვში სტუმრობის შესახებ. მან, როგორც გაზეთი ამტკიცებს, “თავისი ხელოვნების რამდენიმე დემონსტრაცია ჩაატარა. [ტიმოტი ვანს] აქვს უნარი, სახის ნაკვთების მიხედვით განსაზღვროს ადამიანის არა მხოლოდ ხასიათი, არამედ მისი ბედიც”. ტიმოტი ვანმა სააკაშვილიც დაახასიათა – ალბათ, გაზეთის თხოვნით. ანალიზში უარყოფითი არაფერი ყოფილა. პირიქით, სახის ნაკვთების გაანალიზებისას პროფესორმა ვანმა განსაზღვრა, რომ “ფართო და გამოზნექილი შუბლი – ეს ადამიანი აზროვნებს შემოქმედებითად, მაგრამ მიდრეკილია დაუოკებელი ფანტაზიისკენ არასტანდარტული გადაწყვეტილებების ძიებისას”. ან “ყურის დიდი ბიბილოები ადასტურებს, რომ ეს ადამიანი ძალიან დაკვირვებული და გამჭრიახია”.

მაგრამ რუსეთის პროპაგანდამ ხელიდან არ გაუშვა კონტრანალიზის გაკეთების შესაძლებლობა. ამისთვის შეაფერისი კანდიდატურაც ადვილად მოიძებნა – მიხაილ ვინოგრადოვი, ფსიქიატრი-კრიმინალისტი, პროფესორი, სერბსკის სახელობის სოციალური და სასამართლო ფსიქიატრიის ცენტრის ფსიქოლოგიის კათედრის გამგე. ეს ცენტრი საბჭოთა პერიოდიდან ცნობილი იყო იმით, რომ სადამსჯელო ფსიქიატრიაში მონაწილეობდა. ამ საქმიანობას ის თანამედროვე რუსეთშიც აგრძელებს. მაგალითად, სერბსკის სახელობის სოციალური და სასამართლო ფსიქიატრიის სახელმწიფო სამეცნიერო ცენტრის წარმომადგენელმა ბრიტანულ გაზეთ “დეილი მეილისთვის” (Daily Mail) მიცემულ ინტერვიუში 2007 წლის 13 აგვისტოს განაცხადა, რომ დისიდენტი, ადამიანის უფლებათა დამცველი, მწერალი და რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმირ ბუკოვსკი “ყოველგვარ ეჭვგარეშე – ფსიქოპატია”.

სერბსკის ცენტრის ისტორია მჭიდრო კავშირშია “კა-გე-ბე”-ს დროინდელ სადამსჯელო ფსიქიატრიასთან. პროფესორ სერბსკის სახელობის სასამართლო ფსიქიატრიის ინსტიტუტი ყოფილი საპოლიციო მიმღების ბაზაზე 1923 წელს ჩამოყალიბდა. თავიდან იუსტიციისა და შინაგან საქმეთა ორგანოებს, შემდეგ კი სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარებოდა.

სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებიდან, რომელიც სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის პრობლემებს და მასთან დაკავშირებულ საკითხთა კომპლექსს (შერაცხადობა, ქმედობაუნარიანობა) სწავლობდა, 30-იანი წლების შუახანებში (ანუ ფსიქიატრიული რეპრესიებისთვის აღმასრულებელი ორგანოების შექმნის პერიოდისთვის) ინსტიტუტი გადაიქცა მონოპოლიურ უკონტროლო ორგანოდ, რომელიც ატარებდა (და დღემდე ატარებს) სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ყველა მნიშვნელოვან საქმეზე – ცხადია, ეგრეთ წოდებულ კონტრრევოლუციურ საქმეებზეც.

ასეთი მონოპოლიური ორგანო, რომელიც სხვა სამედიცინო ფსიქიატრიული დაწესებულებებისგან განსაკუთრებული საიდუმლოების ფარდით არის იზოლირებული, დამჯერ იარაღად იქცა გამოძიების და სახელმწიფო უშიშროების ხელში. ის მათ პოლიტიკურ შეკვეთებს ასრულებდა.

ამას მნიშვნელოვანწილად ხელი შეუწყო სსრკ იუსტიციის სახალხო კომისარიატის, სსრკ ჯანდაცვის სახალხო კომისარიატის, სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატისა და სსრკ პროკურატურის მიერ 1940 წელს გამოცემულმა და დღემდე აქტუალურმა ინსტრუქციამ. ამ დოკუმენტის თანახმად, “სასამართლო ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე მეთოდური და სამეცნიერო ხელმძღვანელობა ხორციელდება სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პროფ. სერბსკის სახელობის სასამართლო ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეშვეობით”.

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში “მკურნალობდნენ” ცნობილ ბიოლოგ ჟორეს მედვედევს, რომლის დასაცავადაც გამოდიოდნენ სოლჟენიცინი, კაპიცა, ტამი, სახაროვი, ლეონტოვიჩი, ენგელგარდტი. იძულებით მკურნალობას დაექვემდებარნენ ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველები – პატრუშევი, გორბანევსკაია, გრიგორენკო, ნარიცა, ბუკოვსკი, ესენინ-ვოლპინი, საბჭოთა პერიოდის სხვა ასეულობით დისიდენტი. ყველაფრიდან ჩანს, რომ საბჭოთა სადამსჯელო ფსიქიატრიის გამოცდილება დღესაც გამოიყენება. იური ალექსანდროვის მონაცემებით (ჟურნალი “ნევოლია” 6/2005), მხოლოდ 2004-2005 წლებში რუსეთის “ფსიხუშკებში” იძულებითი მკურნალობისთვის 20452 ადამიანი იმყოფებოდა.

2008 წელს გამოქვეყნდა ანატოლი პროკოპენკოს წიგნი “შეშლილი ფსიქიატრია”, რომელშიც გამოყენებულია მასალები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო არქივებიდან და კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივიდან. ავტორი წარსულში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საარქივო სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და რუსეთის პრეზიდენტთან არსებული, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სარეაბილიტაციო კომისიის კონსულტანტი იყო.

ამ წიგნის შესავალში ნათქვამია: “ადამიანის ყველაზე ფასეული საკუთრებაა მისი ფსიქიკა. ამ საკუთრების წართმევის, გასრესის ან სხვისი ახირების გამო მისით მანიპულირების ნებისმიერი მცდელობა ადამიანში იწვევს შიშს, პროტესტს, ზიზღს. წიგნი, რომელსაც მკითხველს ვთავაზობთ, არის ზნეობრივად ჯანმრთელი და სუფთა ადამიანის ბუნებრივი რეაქცია ფსიქიკით ასეთ მანიპულაციაზე, ადამიანის ღირსების აბუჩად აგდებაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში მრავალი ათწლეულის განმავლობაში ხდებოდა. ეს კეთდებოდა ნორმატიული აქტების, ბრძანებების, დადგენილებების და “ზეპირი აზრის” საფუძველზე, რამაც სამედიცინო მეცნიერებებიდან ყველაზე ჰუმანური დარგი – ფსიქიატრია – სპეცსამსახურების და მმართველი კომუნისტური პარტიის იდეოლოგიური სტრუქტურების მორჩილ ხასად გადააქცია.”

კარგად ახსოვდათ რა, რომ რუსული სადამსჯელო ფსიქიატრია საბჭოთა პერიოდის მემკვიდრეა, კრემლის “პიარშჩიკებმა” ხელიდან არ გაუშვეს შესაძლებლობა, ენახათ თავიანთი მტერი დამცირებული და უბადრუკი. თავისთავად არაფერია საზრახისი, რომ ნერვიულობის დროს ჰალსტუხის ღეჭვის, ისევე როგორც ყურის ბიბილოს სრესის ან კეფის მოფხანის ჩვევა გქონდეს. მაგრამ ოპერაციაში “სააკაშვილის ჰალსტუხი” – მთავარია, დროულად წარმოაჩინო საქართველოს პრეზიდენტის ჩვევა და “სწორად” ახსნა მისი ქცევა.

ადამიანებზე ზემოქმედების მცდელობა მათ დასარწმუნებლად, რომ სააკაშვილი ფსიქიკურად ჯანმრთელი არ არის, ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო. იმავე პროფესორმა მიხაილ ვინოგრადოვმა, დაივიწყა რა სამედიცინო ეთიკა, აუხსნა “კომსომოლსკაია პრავდის” მკითხველებს სააკაშვილის ქცევის თავისებურებები, მხოლოდ ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების ანალიზის საფუძველზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს გაკეთდა საჯაროდ და პროპაგანდისტული მიზნებით, “სპეციალისტის ანალიზი” უნდა განვიხილოთ, მხოლოდ როგორც პოლიტიკური აქცია. მისი მიზანია რუსეთის საზოგადოებაში იმ აზრის დამკვიდრება, რომ სააკაშვილი “ფსიქოპატი” და “გაუწონასწორებელი ადამიანია”. ეს უნდოდა კრემლს, ეს სწყუროდა ქართულ ოპოზიციას და ქართული საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს.

“მიხეილ სააკაშვილის ზოგადი გარეგნული იერი მიუთითებს მიდრეკილებებზე ენდოკრინული, ჰორმონალური დარღვევებისკენ. ამაზე მეტყველებს დონდლო კანი, შეშუპებული სახე, გაბერილი ტუჩები. ასეთი პიროვნებებს, როგორც წესი, სექსუალური კომპლექსები აქვთ, რომელთა დათრგუნვასაც აგრესიის მეშვეობით ცდილობენ – კერძოდ მოუსვენარი სექსუალურობითა და თვითდამკვიდრების მუდმივი მოთხოვნილებით.” ლოგიკური აზროვნება მსგავს ადამიანებში სუსტად არის განვითარებული, ემოცია სჭარბობს გონიერებას. ასეთი ხალხი პოლიტიკაში პრინციპში იშვიათობა არ არის. მაგრამ ისინი მიზნისკენ თანმიმდევრულად არ მიდიან, არამედ, როგორც წესი, ამოტივტივდებიან ხოლმე მღვრიე ტალღებში. მათი პრეტენზიების დონე პირადი შესაძლებლობების დონეზე მაღალია. ისინი არიან მოწყვლადები და წყენიები. ბუნებით მამაცები არ არიან და რთულ სიტუაციებში იმპულსურად მოქმედებენ. მათი ქმედებები ხშირად ექსპანსიურია და რეალურ სიტუაციას არ შეესაბამება. სააკაშვილის ლაპარაკის მანერა, წარბშეკვრით ცქერა მიუთითებს მის სიჯიუტეზე, ადამიანზე, რომელმაც შეცდომების აღიარება არ იცის. მოთამაშე ბაგეები წარმოაჩენს ნერვიულ ადამიანს, რომელიც არ არის დარწმუნებული თავის თავში. ამ ტიპის ადამიანები ძალიან არიან დამოკიდებულნი სხვების აზრზე. ეს ინფანტილური პიროვნებაა. მუდმივად ბავშვურია, რომელსაც თავისი საქციელის დამოუკიდებლად გაანალიზება არ შეუძლია და ელოდება, რომ ვინმე, ზრდასრული და ჭკვიანი, თავზე ხელს გადაუსვამს. ასეთ პიროვნებებს, როგორც წესი, ლოგიკური დასკვნების ათვისების უნარი არა აქვთ. მათთან მხოლოდ ძალის პოზიციიდან შეიძლება ლაპარაკი”.

შეადარეთ ტიმოტი ვანის დასკვნებს, რომლებიც “კომსომოლსკაია პრავდის” იმავე ნომერშია გამოქვეყნებული და გაიგებთ, რით განსხვავდება რუსული (საბჭოთა) ფსიქიატრია დასავლურისგან. ორი ექსპერტი, ორი სხვადასხვა მეთოდი, ორი სხვადასხვა შედეგი.

პროფესორი ვინოგრადოვი იქვე აღმოჩნდა ორი წლის შემდეგაც, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო და როდესაც აუცილებელი გახდა მოსახლეობაზე ზემოქმედების ოპერაციის განხორციელება. როდესაც საჭირო გახდა, რომ ხალხს ზედმეტი არ ეფიქრა პროპაგანდის სიცრუეზე და რუსეთის ხელისუფლების აგრესიულ საქციელზე.

იგივე “კომსომოლსკაია პრავდა”, (2008 წლის 14 აგვისტო), იგივე პროფესორი ვინოგრადოვი, მაგრამ ამჯერად ის უკვე მოქმედებს როგორც პროფესიონალი “პიარშჩიკი” და სააკაშვილს ამკობს იმ მომენტში ყველაზე მოსალოდნელი ეპითეტებით: “ცხოვრებაში სააკაშვილის ტიპის ადამიანებს სჭირდებათ “ყავარჯნები” ამა ქვეყნის ძლიერთა მხარდაჭერის სახით. როდესაც ზურგი გამაგრებული ეგულება, სააკაშვილი შეიძლება, თავხედობამდე გაბედული იყოს, თვალებიდან ელვა დააკვესოს და “ფიურერად” მოჰქონდეს თავი. მაგრამ როცა მარტო, დამოუკიდებლად უწევს გადაწყვეტილების მიღება, უკან იხევს, ნერვიულობს, შეიძლება, ისტერიული შეტევებიც დაემართოს. წინა პლანზე გამოდის ბუნებრივი სილაჩრე. ასეთ ხალხში შიშისა და უკიდურესი შინაგანი დაურწმუნებლობის სიმბიოზი უზომო სისასტიკეს ბადებს. ახლა სააკაშვილში გამოჩნდა საშიში სოციოპატის ნიშნები – ადამიანის, რომელიც ვერ აცნობიერებს, რომ საზოგადოების ნაწილია. ხელისუფლების შესანარჩუნებლად თავის ხალხს ფეხებზე იკიდებს. ევროკავშირის დროშა, რომელიც მან საქართველოს დროშის გვერდზე დაკიდა და რომელიც მისი ყველა გამოსვლის დროს ჩანს, მას სჭირდება, როგორც მორიგი “ყავარჯენი”, რომლის გარეშეც მუხლები უკანკალებს. ახლა მისი მდგომარეობა შეიძლება, უბრალოდ აღვწეროთ: დაბნეულობა, სისასტიკე, შექების მოლოდინი. ხოლო მისი ქცევა, როდესაც თვითმფრინავების ხმის შეეშინდა, კინოკამერების არსებობაც დაავიწყდა და მიწაზე დაეცა, ნიშნავს, რომ ის, როგორც ქალაჩუნა, დაუოკებელ პანიკაში ჩავარდა. პრინციპში ასეთი ადამიანების საქციელის წინასწარმეტყველება შეიძლება. ერთადერთი არგუმენტი, რომელიც მას ესმის – ძალაა”.

ბოლო წინადადება თითქოს სპეციალურად სამხედროების გასაგონად იყო ნათქვამი – გააგრძელეთ მოქმედება, რამდენადაც შეიძლება აქტიურად და მკვეთრად, სააკაშვილის მიმართ ლმობიერების გამოჩენა საჭირო არ არის. შესაბამისად “კომსომოლსკაია პრავდამაც” ვინოგრადოვთან ინტერვიუს სიამოვნებით დაადო სათაურად “ჭირვეული მარიონეტი თუ პატარა ფიურერი?”.

ერთი დღის შემდეგ, 15 აგვისტოს, სააგენტო “რია ნოვოსტიზე” გავიდა ცნობა, რომ ბრიტანულმა არხმა “ბი-ბი-სი”-მ სააკაშვილთან ინტერვიუ აჩვენა, ხოლო რუსულმა არხმა “ვესტიმ” მხოლოდ ინტერვიუს ის ნაწილი, ანუ დასაწყისი, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ვიღაცასთან სატელეფონო საუბრის დროს ემოციური შეტევისას თავის ჰალსტუხს კვნეტს.

აქ ისევ დროული აღმოჩნდა მიხაილ ვინოგრადოვის ჩარევა, რომელმაც ამ ეპიზოდს კონმენტარი გაუკეთა. “ის, რომ სააკაშვილი უცხოელი კორეპონდენტის წინაშე ღეჭავს ჰალსტუხს, ადასტურებს მის სერიოზულ ღელვას”. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მან დაკარგა “კონტროლი თავის ქცევაზე, [მეტყველებს მის] დაბნეულობაზე და იმ უდიდეს შიშზე, რომელიც დაეუფლა ამ ფსიქიურად არასრულფასოვან ადამიანს”, – მიაჩნია პროფესორ ვინოგრადოვს. “რია ნოვოსტის” იმავე ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 13 აგვისტოს გაზეთმა “კრასნაია ზვეზდამ” გამოაქვეყნა რაღაც დოკუმენტი, რომელიც ქართველი პრეზიდენტის მდგომარეობას ეხება – “მიხეილ სააკაშვილი: პიროვნების ფსიქოლოგიური გამოკვლევა” და რომელიც მთელი რიგი წამყვანი უცხოელი სპეციალისტების მიერ არის მომზადებული. სახელები, თავისთავად ცხადია, არ არის მოყვანილი, მაგრამ შემდეგ ეს “დოკუმენტი” სხვა გამოცემებმაც გადაბეჭდეს.

მაგრამ ამ ინფორმაციის მთავარი გამავრცელებლები რუსული ტელეარხები გახდნენ. მათი კომენტატორები ისეთ ზმნებს იყენებდნენ, რომლებიც სრულებით არ შეესაბამებოდა იმას, რაც ტელეეკრანზე ხდებოდა – “დაღეჭა”, “ცდილობს, დაღეჭოს თავისი ჰალსუხი”, “დაიწყო მისი ღეჭვა”, “გააფრებულად იწყებს ღეჭვას”, “ჰალსტუხების შემსანსლავი (მჭამელი)”. 17 აგვისტოს ტელეარხ “ენ-ტე-ვე”-ს კორესპონდენტი რომან სობოლი აკეთებს კომენტარს – “უნდოდათ თუ არა რუსებს ომი?” რომელშიც გამოყენებულია კლასიკური პროპაგანდისტული საშუალება – თავად უპასუხოს კითხვას და ახსნას, რატომ: “მოსკოვში ამ კითხვაზე ცალსახად პასუხობენ – არა. ამ სიტუაციაში რუსეთი მოქმედებდა ერთადერთი შესაძლებელი მეთოდით, რომელიც რამდენიმე მიზეზით იყო ნაკარნახევი. უპირველესი იყო საკუთარი მოქალაქეების დაცვის აუცილებლობა; მეორე – საჭირო იყო რეგიონში მშვიდობის გარანტირება, მოვლენების განვითარების არაკონტროლირებადი სცენარის თავიდან აცილება; მესამე – ხელისუფლება, რომელმაც მიიღო ამომრჩეველთა ასეთი ნდობა, სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, რადგან მას, უბრალოდ, ვერ გაუგებდნენ. რაც შეეხება სააკაშვილის მიზეზებს, შეეტია სამხრეთ ოსეთისთვის სწორედ ახლა, აქ ერთი ვერსიით ვერ შემოვიფარგლებით. (…) სააკაშვილი ნერვიულობს და ახალ შეცდომებს უშვებს. ხელის ყოველი მოცარვა მის წინააღმდეგ მუშაობს. აი, უკვე მისი თანამგრძნობი დასავლელი ჟურნალისტებიც სიამოვნებით საუბრობენ იმაზე, თუ როგორ კვნეტდა ნერვიულად თავის ჰალსტუხს სააკაშვილი “ბი-ბი-სი”-ს პირდაპირ ეთერში”.

თავისთვად ცხადია, რომ ის დასავლელი ჟურნალისტების გვარებს არ ასახელებს, მაგრამ ეს არც არის საჭირო. მთავარია ყურადღების მიმართვა სააკაშვილის უარყოფითი ქცევისკენ, რომელიც ახსნილია არა ემოციურობით, არამედ ღრმა ფსიქოლოგიური დეპრესიით. ამ კადრს, ისევე როგორც 11 აგვისტოს ჩანაწერს, როდესაც “სააკაშვილი გაურბის რუსულ ბომბებს”, კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში თითქმის ყველა რუსული გაზეთი პირველ გვერდზე ბეჭდავდა და რუსული ტელეარხების საინფორმაციო პროგრამების ყველა გამოშვებაში აჩვენებდნენ. გაზეთი “მოსკოვსკი კომსომოლეცი” 18 აგვისტოს წერდა იმაზე, თუ როგორ აღიქვეს აფხაზეთის მცხოვრებლებმა ეს კადრები: “მოსახლეობა სიამოვნებით უყურებს ტელევიზორში სააკაშვილს, რომელიც ხან როგორც კურდღელი გაურბის არარსებულ თვითმფრინავს, ხან ამერიკასთან საუბრის დროს ღელვისგან ჭამს თავის ჰალსტუხს”.

მომხდარის შესახებ სხვა აზრი ძალიან ცოტა გაზეთში იწერებოდა. “ნეზავისიმაია გაზეტამ” 18 აგვისტოს გამოაქვეყნა ალექსანდრა სამარინას კომენტარი სათაურით “ომს ანგარიში გავუსწორეთ?” პირველად იმ რამდენიმე დღის განმავლობაში, რაც სააკაშვილის ჰასტუხის კადრები გაჩნდა, აქ გავლებული იყო პარალელი: “დაპირისპირების შესახებ რეპორტაჟების მაგივრად რუსები უყურებდნენ ქვეყნის ხელმძღვანელობის ოფიციალურ განცხადებებს, ხოლო კვირის ბოლოს ერთ-ერთ არხზე მიიღეს შესაძლებლობა, გაცნობოდნენ სააკაშვილის ფსიქიატრიულ დიაგნოზს: ის წარმოადგინა პროფესორმა მიხაილ ვინოგრადოვმა, რომელზეც შთაბეჭდილება მოახდინა ქართველი ლიდერის სახემ. ის აღელვებისას გამოსვლის წინ თავისი ჰალსტუხის ბოლოს ღეჭავდა. როგორც იქნა, ისევ არის მოთხოვნილება ჩვენი სამედიცინო სამსახურის დაუზარებლობაზე ხალხის მტრებისათვის დიაგნოზების დასმაში…”

საერთო პროპაგანდისტული მიმართულებიდან ამოვარდნილია კიდევ ერთი სტატია – ცნობილი რუსი ტელეკრიტიკოსის, იური ბოგომოლოვის პუბლიკაცია 19 აგვისტოს “როსიისკაია გაზეტაში”: “უფრო მეტი სიამოვნებით ჩვენმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა გაათამაშეს “სურათი”, რომელზეც სააკაშვილმა მოიკვნიტა არა ენა, არამედ ჰალსტუხი. ტელევიზიის ვერსიით, ეს კაცი ფსიქიკურად ჯანმრთელი არ არის და, გარდა ამისა, მშიშარაა. თავის დროზე მთელ მსოფლიოში ასეთივე პატივით იყო დაჯილდოებული გერმანიის კანონიერად არჩეული ლიდერი ჰიტლერი. ვიმეორებ: საინფორმაციო ომის დროს იგივე კანონები მოქმედებს, რაც ნებისმიერი სხვა ომის დროს. აქ უადგილოა საინფორმაციო პოლიტიკის ნორმების ან საინფორმაციო ეთიკის წესების შეხსენება. აქ მოქმედებს მგზნებარე ეთიკა – ის, რაც დასაშვებია შენიანებისთვის, დაუშვებელია სხვებისთვის.”

პროფესორ მიხაილ ვინოგრადოვს მიმდევარი გამოუჩნდა – ისევ სერბსკის სახელობის ცენტრიდან. 2008 წლის 19 აგვისტოს სააგენტო “ინტერფაქსმა” მოიყვანა პროფესორ ფარიდ საფუანოვის სიტყვები. მაგრამ მიმდევარი პოლიტიკურად ისეთივე ანგაჟირებული არ აღმოჩნდა, ამიტომ მისი დასკვნები უფრო ვარაუდს ჰგავს, ვიდრე იმ დასკვნებს, რომელსაც ჩვეულებრივ პროფესორი ვინოგრადოვი აკეთებს. “ასეთი უჩვეულო საქციელი, რომლის დემონსტრირებასაც საქართველოს პრეზიდენტი ახდენს, საფუანოვის აზრით, შეიძლება აიხსნას მისი ემოციური გამოფიტვის უკიდურესი ხარისხით და ემოციური არამდგრადობით. როგორც ფსიქოლოგმა აღნიშნა, ნებისმიერმა ადამიანმა ძალიან ძლიერი სტრესის პირობებში შეიძლება, ასეთი უნებლიე მოძრაობები აკეთოს და თავი ვერ აკონტროლოს, მაგალითად დაიღრღნას ფრჩხილები. მაგრამ სააკაშვილი თავს ამის უფლებას ვერ მისცემს, თუნდაც მხოლოდ თანამდებობის გამო. თავზე კონტროლი ჩვეულებრივად ბრუნდება იმ პირობებში, როდესაც სიტუაცია განჭვრეტადი და სტაბილური ხდება. მაგრამ, როგორც საფუანოვმა განმარტა, სააკაშვლი ამჟამად ისეთ მდგომარეობაშია, სადაც ძალიან ბევრი გაურკვევლობაა და ვიდრე ეს შენარჩუნდება, მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.”

კიდევ ერთი იშვიათი პუბლიკაციის ავტორია პიოტრ მაევი. საინფორმაციო საიტი “Lenta.ru”, 29 აგვისტო: “ცხადია, სახელმწიფო თვალსაზრისი ყველა მხრიდან ისმის. მიხაილ ლეონტიევი პროგრამა “ოდნაკოში” ცდილობს, თავს მოგვახვიოს თავისი აზრი დღის აქტუალურ თემაზე. ახალი ამბების წამყვანები კითხულობენ პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის და სხვა პირველი პირების განცხადებებს. ბობოქრობს საინფორმაციო ნაკადი, ოღონდ ერთი მიმართულებით. ცხადია, რომ ტელევიზიის არც ერთი პროფესიონალი თანამშრომელი ხელიდან არ გაუშვებს სააკაშვილს, რომელიც ჰალსტუხს ღეჭავს: ძალიან მკვეთრი კადრებია, ცოდვაა მისი იგნორირება. საინტერესო სხვა რამეა: დართავს ნებას ხელმძღვანელობა თუნდ ერთ რუს ტელეჟურნალისტს, რომ ინტერვიუ აიღოს საქართველოს პრეზიდენტისგან? ან ქართველი მინისტრისგან? ვითომ, რატომაც არა? კონფლიქტის მეორე მხარესთან დალაპარაკება – ეს პოლიტიკური ინტერვიუს სწორედ ის ჟანრია, რომელიც, “ვე-გე-ტე-ერ-კას” (ВГТРК სრულიად რუსეთის სახელმწიფო ტელერადიო კომპანია) გენერალური დირექტორის დობროდეევის სიტყვები რომ ვიხმაროთ, ჩვენს ტელევიზიაში “პრაქტიკულად დაკარგულია”. ცხადია, არ დართავენ ნებას. რადგან ახლა, როგორც რუსეთის სატელევიზიო აკადემიის პრეზიდენტ ვლადიმირ პოზნერს უყვარს ხოლმე თქმა, ასეთი დროა.

საოცარია, მაგრამ რუსმა ჟურნალისტებმა თვითონ დაიწყეს ისეთი აქციების გამოგონება, რომლებმაც, ამ ჟურნალისტების აზრით, უნდა აამაღლონ მკითხველების სული რუსეთის მთავარი მტრის – სააკაშვილის წინააღმდეგ საბრძოლველად. 20 აგვისტოს გაზეთი “მოსკოვსკი კომსომოლეცი” აქვეყნებს ირინა რინაევას და კონსტანტინ ნოვიკოვის მასალას “ჭამე ანანასები და დაღეჭე ჰალსტუხები!” “მოსკოვსკი კომსომოლეცმა” გადაწყვიტა, ამ სტრესულ დღეს ჰუმანიტარული დახმარება აღმოეჩინა საქართველოს ხელმძღვანელისთვის – ჩვენმა კორესპონდენტმა დაუმორჩილებელი რესპუბლიკის საელჩოში საჩუქარი მიიტანა. ჰალსტუხი, რომელიც იჭმევა. მამაკაცის ტუალეტის ასეთი საგნები გაყიდვაში არ არის – “სექს-შოპები” მხოლოდ საკვებ ტრუსებს გვთავაზობდნენ. ამიტომ მოგვიწია “მოსკოვსკი კომსომოლეცის” დიზაინერების საქმეში ჩართვა, რომლებმაც ჰალსტუხი სპეციალური საკონდიტრო მასალისგან გამოჭრეს (გემოთი, დაახლოებით, უმარილო ცომს ჰგავს), საკვები პიგმენტით მყვირალა წითელ ფერად შეღებეს და დეტალები სახამებლისგან დამზადებული წებოთი შეაწებეს. ჩავდეთ საჩუქარი ლამაზ კოლოფში, მოვრთეთ მდიდრული ბანტით და საქართველოს საელჩოში დავრეკეთ.

მოსკოველ ჟურნალისტებს მიმდევრები უკრაინაში გამოუჩნდნენ. 22 აგვისტოს სააგენტო “იტარ ტასს”-მა (ИТАР-ТАСС) გვაცნობა, რომ “რეგიონების პარტიამ” გაუგზავნა ჰუმანიტარული დახმარება სამხრეთ ოსეთის ბავშვებს, მაგრამ ამას გარდა, აქციაც გამართა. “უპასუხა რა ჟურნალისტების კითხვას: ხომ არ აპირებს “რეგიონების პარტია”, რამე გაუგზავნოს პირადად საქართველოს პრეზიდენტს, კოლესნიკოვმა უპასუხა, რომ “სააკაშვილისთვის ჩვენ უკვე ვიყიდეთ სპორტული ფეხსაცმელი, იმის ანალოგიური, რომლითაც ოლიმპიურმა ჩემპიონმა იამაიკიდან ბოლტმა ასმეტრიანი დისტანცია გაირბინა. ახლა შევაგროვებთ 365 ჰალსტუხს, რათა ამ აგრესიული პოლიტიკოსის მადა თუნდაც ერთი წლით დავაკმაყოფილოთ,” – აღნიშნა დონეცკელი “რეგიონალების” ლიდერმა. მას მხედველობაში ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტის ტირაჟირებული კადრები, რომელიც “რუსულ თვითმფრინავს” გაურბოდა და პირდაპირ ეთერში თავის ჰალსტუხს ნერვიულად კვნეტდა.”

28 აგვისტოს ასეთივე აქცია მოსკოვშიც ჩაატარეს, ოღონდ უკვე არა ჟურნალისტებმა, არამედ ჩინოვნიკებმა: “მოსკოვში დამთავრდა აქცია ჰალსტუხების შესაგროვებლად საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისათვის. აქცია მოაწყო მოსკოვის მუნიციპალური წარმონაქმნის გაგარინსკოეს ახალგაზრდულმა პალატამ. ორი დღის განმავლობაში ორგანიზატორებმა მოახერხეს 120 ნახმარი ჰალსტუხის შეგროვება საქართველოს პრეზიდენტისთვის, გვაცნობებს “ინტერფაქსი”. მუნიციპალური კრების დეპუტატ კირილ მირონოვის თქმით, მოსახლეობას აქტიურად მიჰქონდა სხვადასხვა ფერის ჰალსუხები. ძირითადად – წითლები, როგორც ითხოვეს აქციის მომწყობებმა. მირონოვმა დაამატა, რომ ღონისძიების ორგანიზატორები შეეცდებიან, შეგროვებული ჰალსტუხები სააკაშვილს მოსკოვში საქართველოს საკონსულოს მეშვეობით გადასცენ, ხოლო თუ ეს არ მოხერხდება – მაშინ უკრაინულის მეშვეობით”.

მხოლოდ 2008 წლის ნოემბერში, როდესაც რუსეთის საზოგადოება საკმარისად გაერთო სააკაშვილის ქცევის განხილვით, სააგენტოებმა თვით საქართველოს პრეზიდენტის კომენტარების გამოქვეყნება დაიწყეს. “საქართველოს პრეზიდენტის დაცვა მზად არის, მოიგერიოს სახელმწიფოს მეთაურზე ხმელეთიდან განხორციელებული თავდასხმა, ამიტომ რუსული ბომბდამშენების გამოჩენისას და ჩვენგან საკმაოდ ახლოს ბომბების ჩამოყრისას ისინი მეცნენ და ჩემი დაცვა სცადეს,” – სააკაშვილი თავისი პირადი მცველების მოქმედებების ახსნას შეეცადა. საქართველოს ლიდერმა აგრეთვე განაცხადა, რომ კამერებმა აღბეჭდეს მისი გაკვირვებული სახე, რომელიც თითქოს მოითხოვდა, მისთვის თავი დაენებებინათ და პირიქით გაშლილიყვნენ, რათა არ გამოეწვიათ “წერტილოვანი” დარტყმა პირდაპირ მიზანში, – იუწყება “რია ნოვოსტი”. “შენს ქვეყნაზე ნერვიულობამ შეიძლება, საკუთარი ჰალსტუხის შეჭმაც გაიძულოს. მაგრამ მთავარია, რომ მოწინააღმდეგემ მიიღო ღირსეული პასუხი და ჩვენი ზურგი არ უნახავს,” – განაცხადა სააკაშვილმა, გადმოგვცემს “რია ნოვოსტი”.

მაგრამ ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში 2009 წლის აპრილში დაიწყო, როდესაც საქართველოს ოპოზიცია სააკაშვილის პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებით გამოვიდა. 14 აპრილს სააგენტო “რია ნოვოსტიმ” გადმოსცა, რომ “საქართველოს ოპოზიციამ, რომელიც მოითხოვს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას, სამშაბათს თბილისში პრეზიდენტის რეზიდენციის წინ “ჰალსტუხების აქცია” მოაწყო. ოპოზიციის მომხრეები რეზიდენციის გალავანს სხვადასხვა ფერის ჰალსტუხებით “რთავენ”. “თითოეულს, ვინც ჰალსტუხს დაკიდებს, შეეძლება სურვილის ჩაფიქრება. დარწმუნებული ვარ, ყოველ ჩვენგანს ერთი სურვილი ექნება – პრეზიდენტის გადადგომა,” – განაცხადა “კონსერვატორების” წარმომადგენელმა კახა კუკავამ. ჰალსტუხი აუცილებელი ატრიბუტია აგრეთვე ოპოზიციურ ტელეკომპანია მაესტროს პოპულარულ პოლიტიკურ რეალიტი-შოუში “საკანი N5″. გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა ცოტა ხნის წინ მიიტანა სტუდიაში ტყლაპისგან დამზადებული მამაკაცის ჰალსტუხები და ღეჭავდა პირდაპირ ეთერში წამყვანთან – “პატიმართან” ერთად. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის ძმა, პოპულარული მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე (“უცნობი”) უკვე სამი თვეა საკუთარი ნებით იმყოფება ჩაკეტილ იმპროვიზირებულ საკანში, რომელშიც აპირებს ჯდომას “ხელისუფლების შეცვლამდე.” გაჩეჩილაძეს მასთან სტუმრად მისულ პოლიტიკოსებთან და კულტურის მოღვაწეებთან ერთად, თავისი საკნიდან მიჰყავს გადაცემები.

რუსეთის ხელისუფლების და საქართველოს მარგინალური ოპოზიციის აზრების და შეხედულებების დამთხვევა შემთხვევითი არ არის. ბევრ აქციას, რომლებსაც ოპოზიციონერები ატარებდნენ თბილისში აქვს რუსული წარმოშობა და მოგვაგონებდნენ მსგავს აქციებს, რომლებსაც მოსკოვში ეწყობოდა მოძრაობა “ნაშის” აქტივისტების და კრემლის მომხრე სხვა ორგანიზაციების თაოსნობით. მოგვიანებით კი ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა დაიწყო რუსეთში ხშირად სიარული, ზოგიერთი მათგანი პირადად შეხვდა პუტინსაც და მედვედევსაც. ხოლო “სააკაშვილის ჰალსტუხი” საქართველოს ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია, როდესაც ისინი საქართველოს პრეზიდენტის “არაადეკვატურობაზე” საუბრობენ.

2009 წლის 20 ნოემბერს მარგინალურობა რუსეთის პრემიერმაც გამოავლინა. “ვლადიმირ პუტინმა, მიხეილ სააკაშვილის კიევში ვიზიტის კომენტირებისას უკრაინის და საქართველოს პრეზიდენტებს ჰალსტუხების გარეშე შეხვედრა ურჩია. “ჰალსტუხები ახლა ფასობს, ვაი თუ … ვხედავ რომ გამიგეთ”, – კეკლუცად შენიშნა პრემიერმა, მიანიშნა რა ცნობილ სატელევიზიო სიუჟეტზე, სადაც სააკაშვილი ცდილობს შეჭამოს საკუთარი ჰალსტუხი. და მაინც თავი ვერ შეიკავა და გადალახა ზრდილობის ზღვარი: “იუშჩენკოს სტუმარი მის ჰალსტუხსაც შესანსლავს”.

ჰალსტუხის თემა კიდევ გარკვეული პერიოდი ჩნდებოდა საჯარო გამოსვლებში, მათ შორის თვით სააკაშვილის გამოსვლებშიც. 2009 წლის 22 ნოემბერს “რუსეთის პრემიერის ხუმრობის პასუხად, სააკაშვილმა მისი მუქარა გაიხსენა: “პუტინმა პირობა დადო, რომ ჩამომკიდებდა ჩემი სხეულის ზოგიერთი ნაწილით. ახლა ის ჩემს ჰალსტუხზე ლაპარაკობს. აქ ერთი კარგი ახალი ამბავია, რომ მან ცოტა ზევით აიწია, ჰალსტუხამდე, ასე მე უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს”.

2010 წლის 27 მაისს საქართველოს პრეზიდენტი ბათუმის ერთ-ერთ ახალ მოედანზე შეხვდა ადგილობრივი სკოლების კუსდამთავრებულებს და ზოგიერთ მათგანს პრეზიდენტის ხელმოწერილი ოქროს მედალი გადასცა. “თუ სადმე შავ ზღვაზე კიდევ არის ასეთი სილამაზე, მე შემიძლია მეორეჯერ შევჭამო ჩემი ჰალსტუხი”, – განაცხადა მან და სკოლის კურსდამთავრებულთა მქუხარე აპლოდისმენტები გამოიწვია.

ასეთია ყველაზე კაშკაშა რუსული პიარ-კომპანიის ბედი, რომლის მიზანიც სააკაშვილის დისკრედიტაცია იყო. “სააკაშვილის ჰალსტუხის” ისტორიამ ხელი შეუწყო 2008 წლის აგვისტოში რუსების სულისკვეთების გაძლიერებას. პიარის სპეციალისტებმა სააკაშვილის ქცევის უმნიშვნელო ნაკლი “არაადეკვატური, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანის” სახედ წარმოაჩინეს. დაახლოებით ისე, როგორც საბჭოთა კავშირის დროს მღეროდნენ “ჩასტუშკებს” ჰიტლერზე, ჩან კაი შიზე, მარშალ ბროზ ტიტოზე და საბჭოთა ადამიანების სხვა მტრებზე. აქ პარალელს ვავლებთ არა ისტორიულ ფიგურებს შორის, არამედ საბჭოთა პიარ-ტექნოლოგიის – პროპაგანდის გამოყენებას შორის. ინფორმაციის ალტერნატიული წყაროების, განსხვავებული აზრის გამოხატვის, ან თუნდაც დისკუსიის გამართვის შესაძლებლობის არარსებობის პირობებში, რუსეთის საზოგადოება იძულებულია, ძირითადად, ისევ რუსეთის ტელევიზიით ისარგებლოს.

ახლა “სააკაშვილის ჰალსტუხს” პირად საუბრებში ან ინტერნეტფორუმებში და ბლოგებში თუ იხსენებენ კომენტატორები. ორი წლის შემდეგ ჰალსტუხის ისტორია არააქტუალური გახდა და ის ნელ-ნელა მიავიწყდათ. მოჰყავთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სააკაშვილის კრიტიკოსებს სხვა არგუმენტები შემოელევათ.