ლილიპუტინი. თავი წიგნიდან “რუსეთი-საქართველო: საინფორმაციო ომი”

თავი წიგნიდან “რუსეთი-საქართველო: საინფორმაციო ომი”

2008 წლის 29 ნოემბერს, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე, პაატა დავითაიამ ჰკითხა მიხეილ სააკაშვილს: “მე მოვიყვან ამ რიტორიკის ერთ მაგალითს, რატომ უწოდეთ რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტს პუტინს “ლილიპუტინი” და ამან ხომ არ გამოიწვია აგრესიული მომენტები”? სააკაშვილის პასუხი: “საზოგადოებაში ბევრი ხმა შეიძლება გავრცელდეს, მაგრამ მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არასდროს, არც ერთ სიტუაციაში, არც პირადი შეხვედრის, არც საჯარო გამოსვლის და არც სხვა ლიდერების ან რიგითი ადამიანების, ჩვენი მოქალაქეების ან უცხოელების თანდასწრებით [არ მიწოდებია მისთვის ასე]. მე ყოველთვის ხაზგასმით პატივისცემით ვეპყრობოდი მათ და არასდროს მიმიყენებია მსგავსი შეურაცხყოფა, არც სხვა შეურაცხმყოფელი გამოთქმა მიხმარია რუსეთის ლიდერების მიმართ…”

ასე უნდა დამთავრებულიყო ერთ-ერთი ყველაზე უაზრო ისტორია, რომელსაც უკავშირებენ პუტინისა და საკაშვილის პირად დაპირისპირებას. უამრავი პუბლიკაცია რუსეთისა და საქართველოს ოპოზიციურ პრესაში ამტკიცებდა, რომ სააკაშვილმა მოიგონა ეს მეტსახელი, რომ არაფრის მაქნისი პოლიტიკოსის იმიჯი დაეკავშირებინა პუტინის სიმაღლესთან. არც ერთ პუბლიკაციაში მტკიცებულებები არ არის, მაგრამ პროპაგანდის პირობებში ამას უკვე არ აქვს მნიშვნელობა – მოსახლეობამ უნდა ირწმუნოს მტკიცებულებების გარეშეც.

მაგრამ ბოლო პუბლიკაცია ამ თემაზე, მიუხედავად ყველაფრისა, 2009 წელსაც გაჩნდა, როდესაც 26 თებერვალს გაზეთმა “დელოვიე ვედომოსტიმ”, რომელიც ტალინში გამოდის, ასეთი პასაჟი მოიყვანა: “ადრე მასობრივი ინფორმაციის ზოგიერთი საშუალება იტყობინებოდა, რომ სააკაშვილი კერძო საუბრებში უწოდებდა რუსეთის პრემიერს და ყოფილ პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს “ლილიპუტინს”. მიუხედავად იმისა, რომ გამოცემა ესტონურია, მაგრამ რუსულენოვანი, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არის რუსეთ-საქართველოს საინფორმაციო ომის გამოძახილი, რამდენადაც რუსულენოვანი გამოცემები, ბალტიის ქვეყნებშიც კი, აქტიურად მონაწილეობდნენ რუსულ პროპაგანდაში, და ამისთვის ისევ რუსულ წყაროებს იყენებდნენ.

“პიარის” თვალსაზრისით ეს მეტსახელი კარგად თავსდება “ხულიგანი” სააკაშვილის შექმნილ იმიჯში, რომელიც მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ მიაყენოს შეურაცხყოფა რუსეთის ხელმძღვანელს და რომლისთვისაც ჭკუის სწავლებაა საჭირო. სააკაშვილის საქციელის შეფასება ასეთ შემთხვევაში მხოლოდ უარყოფითი შეიძლება იყოს და როდესაც ვლადიმირ პუტინმა თავს უფლება მისცა, თავისუფალი გამოთქმები გამოეყენებინა სააკაშვილის მიმართ, საზოგადოებამ ეს აღიქვა როგორც პასუხი საქართველოს პრეზიდენტის გამოთქმებზე.

როგორც საინფორმაციო ომის ნაწილს, სიტყვა “ლილიპუტინს” აქვს აბსოლუტურად მკაფიო და განსაზღვრული კონტექსტი. პირველად ამ მეტსახელის დაკავშირება სააკაშვილთან 2006 წელს დაფიქსირდა, როდესაც ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის სერიოზულად გამწვავდა. პირველად ეს სიტყვა მოხსენიებულ იქნა 2006 წლის ივნისში, “სამხრეთ ოსეთის” რადიოზე დაყრდნობით: “როგორც ჩანს, შეხვედრის (პუტინის და სააკაშვილის – ო. პ.) საჭიროება იმდენად ძლიერია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა თვალი (და ყური!) დახუჭა ყველა იმ შეურაცხყოფაზე, რომელიც იფრქვეოდა რუსეთის და პირადად მის მიმართ საქართველოს პრეზიდენტის და მისი გუნდის პირდან: რუსული ფაშიზმის, ფეკალიების თაობაზე, რაც კარგად იყიდება რუსეთში, ქონდრისკაცი ლილიპუტინის შესახებ და სხვა”.

21 სექტემბერს გაზეთმა “პრავდამ” გამოაქვეყნა საქართველოს კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელის პანტელეიმონ გიორგაძის სტატია, რომელმაც სააკაშვილის შესახებ თქვა: “ცოტა ხნის წინ პოლონეთში მან რუს ხალხს ჰუნები, ველურები უწოდა, რუსეთის პრეზიდენტს კი – ლილიპუტინი.”

შემდეგი პუბლიკაცია ამ თემაზე გაჩნდა გაზეთ “კომერსანტში” 2006 წლის 23 ოქტომბერს: “დავითის მეზობლები ღვინის რიგიდან უარყოფენ: “ჯერ არ ვკვდებით, მაგრამ რა იქნება შემდეგ? პროდუქტები უკვე გაძვირდა. წიწიბურის ფასი უკვე სამჯერ გაიზარდა, ზეთიც ასევე. ჯერ უნდა ეფიქრა, სანამ პუტინს ლილიპუტინს დაუძახებდა.” ეს იყო თბილისის ერთ-ერთი მცხოვრების აზრი, რომელიც აგრეთვე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი დამნაშავეა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გამწვავებაში.

და ბოლოს, 2006 წლის 18 დეკემბერს ფრანგულ გაზეთში გამოქვეყნებულმა პუბლიკაციამ გამოაშკარავა ერთ-ერთი წყარო იმ ვერსიის წარმოშობისა, რომელიც ამ გამოთქმას სააკაშვილს აწერს. “ცნობილი გალერისტისა და მოსკოველი პოლიტიკური პროპაგანდისტის მარატ გელმანის ბლოგში შეგვიძლია გავიგოთ რუსულ-ქართული კონფლიქტის ნამდვილი მიზეზები. ამ კონფლიქტმა რუსეთიდან ქართველთა ნაწილის გასახლება გამოიწვია. “სანკტ-პეტერბურგში შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა პუტინს “ლილიპუტინი” უწოდა”.

მართლაც მარატ გელმანის ბლოგში “LiveJournal”-ში არის 2006 წლის 11 ნოემბრის ჩანაწერი: “ჩემთან სტუმრად იყო ერთი დიპლომატი. სრული სერიოზულობით განაცხადა, რომ ანტიქართული კამპანიის “უკომპრომისობა” იმით არის გამოწვეული, რომ სააკაშვილმა პუტინს პიტერში შეხვედრის შემდეგ “ლილიპუტინი” უწოდა. ვინმეს ასეთი ვერსია გაგიგონიათ? არ მჯერა. თუმცა “ენ-ტე-ვესთან” დაკავშირებული მოვლენების დროსაც ბევრი ამბობდა, რომ რეალური მიზეზი იყო – გუსინსკის მიმართ პირადი შურისძიება. უკვე აღარ მახსოვს რისთვის”.

სხვა ბლოგერმა – trilbyhat-მა იმავე დღეს დაწერა: “ამასობაში ზოგიერთები (maratguelman-ის, ანუ მარატ გელმანის ინიციატივით – ო. პ.) მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ გაბრაზდა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილზე იმისთვის, რომ ამ უკანასკნელმა მას “ლილიპუტინი” უწოდა. მგონი სასაცილოა. თუმცა მე სააკაშვილის ადგილზე მას უფრო წვრილ ქრცვინს (хорёк) ვუწოდებდი. არა უშავს, რომ უშნოდ გამოდის.”

ორი წლის შემდეგ, 2008 წლის 10 აგვისტოს ბლოგერ borko-ს მოჰყავს საუბარი ანონიმ პოლიტოლოგთან.

“- … და მერე სააკაშვილმა მას შეურაცხყოფა მიაყენა. ხოლო პუტინს ეს ძალიან არ უყვარს!

– როგორ?

– მათი პირველი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებმა ჰკითხეს სააკას – აბა როგორ მოგეწონათ რუსეთის პრეზიდენტი? ხოლო მან უპასუხა: ა-ა-ა (და ხელი ჩაიქნია) ისე რა, ლილიპუტინია!”

როგორც ჩანს, ბოლო ჩანაწერი ამ ლეგენდის “სიცოცხლისუნარიანობაზე” მეტყველებს, ხოლო თარიღი კარგად აკავშირებს მას კონკრეტულ მოვლენასთან – ომთან საქართველოში. ეს უბრალოდ ლეგენდა იყო, მაგრამ ახლა ამით ომის მიზეზების ახსნაც შეიძლება – პუტინის წყენა სააკაშვილზე ყველაფერი ძალიან მარტივია.

უფრო ადრე სააკაშვილის კავშირი სიტყვა “ლილიპუტინთან” არსად არ ჩანს. ეტყობა ის გაჩნდა სადღაც 2006 წლის პირველ ნახევარში, როდესაც მოხდა პირველი სერიოზული კონფლიქტები რუსეთის და საქართველოს ურთიერთობებში – რუსეთის ავიაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა, საქართველოს ღვინის და მინერალური წყლების ბლოკადა.

ძნელი სათქმელია, ვინ იყო ვითომ სააკაშვილის გამოთქმის ავტორი “ლილიპუტინზე”, მაგრამ შეიძლება ვივარუდოთ, რომ ეს არ იყო ცუდი “პიარ”-სვლა. მისი მიზანი იყო საქართველოს დაბომბვის, აგრეთვე ღვინისა და მინერალური წყლების ემბარგოს დაწყების გამო დასავლეთის სახელმწიფოების მიერ რუსეთის კრიტიკიდან საზოგადოებრივი ყურადღების გადატანა. ლოგიკიდან გამომდინარე გასაგებია, რომ რუსეთის საზოგადოება ვალდებული იყო, განაწყენებულიყო პუტინის [დამცირების] გამო და გაეკიცხა სააკაშვილი.

მარატ გელმანის ბლოგში წყაროს ერთხელ დასახელების შემდეგ სხვა დადასტურება არ არის. მაგრამ მარატ გელმანსაც არ მოჰყავს ამის მთქმელი დიპლომატის გვარი. მხოლოდ ის შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს რუსი დიპლომატი იყო და მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დგება – ლეგენდა ცოცხლობს და მას აქტიურად იყენებენ ისინი, ვინც დაინტერესებულები არიან რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის განვითარებით.

მაგრამ, საინტერესოა რუსეთის პრესაში ამ მეტსახელის გამოყენების ისტორიისთვის თვალის მიდევნება. ყოველ შემთხვევაში, საინფორმაციო ბაზა “ინტეგრუმის” მონაცემებით სიტყვა “ლილიპუტინი”, თითქოს სააკაშვილის გამოთქმებთან დაკავშირებით, 100-ჯერ არის ნახსენები – ყველა მსხვილ რუსულ გაზეთში, ჟურნალში, ვებ-გვერდზე და ტელევიზიაში 2006 წლიდან მოყოლებული, ანუ საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებული ლეგენდის გამოჩენიდან.

მაგრამ გაირკვა, რომ მეტსახელი მას არ მოუგონია და 2000 წლის მაისის შემდეგ ეს მეტსახელი პუტინთან მიმართებაში არაერთხელ იყო ნახმარი. 8 მაისს მემარცხენე-რადიკალურ გაზეთ “მოლნიაში”: “ახლა პუტინი და მისი ლილიპუტინები ცდილობენ დასავლეთის დარწმუნებას იმაში, რომ პატარა, წარმატებული და თითქმის უსისხლო ომი, ანუ უსისხლო ოპერაცია დამთავრდა, და თუ ვინმე კიდეც სჩადიოდა ამ დროს დანაშაულს (ცხადია იგულისხმებიან რუსი სამხედროები!), ისინი უკვე მკაცრად დაისაჯნენ”.

შემდეგი მოხსენიება იყო ინტერნეტ-საიტის “Русский Deadline” პუბლიკაციაში 2000 წლის 18 მაისს და ის ისევ კომუნისტებთან არის დაკავშირებული: “გვერდით დაუძლურებული მუსიკოსი გაცვეთილ ტანსაცმელში და ძველ გარმონზე მონდომებით მღეროდა “მტერს არ ჩაბარდება ჩვენი ამაყი “ვარიაგი”, ოდნავ მოშორებით კი ამაყად იდგა კაცი პლაკატით “ლილიპუტინი”.

მარია როზანოვას ინტერვიუში, რომელიც მან მისცა “Время MN”-ს, და დაიბეჭდა 17 ივნისს [ნათქვამია]: “თუ საუბრის დასაწყისს დავუბრუნდებით, ჩემი ინტერესი პუტინის ფიგურის მიმართ უბრალოა: რად დარჩები ამხანაგო პუტინ, სიკვდილის შემდეგ? დიდ ადამიანად თუ ლილიპუტინად?”.

შემდეგ წლებში მეტსახელ “ლილიპუტინს” აქტიურად იყენებდა პატრიოტული პრესა – გაზეთები “დუელი”. “პატრიოტ” და “ზავტრა”.

გაზეთი “დუელი”, 2001 წლის 21 იანვარი: “აი ასე, მითიდან ვოვაჩკაზე და მითიდან ჩეკისტზე დაიბადა ვოვა ლილიპუტინის ნათელი სახე. თვითონ ვოვამ ამასთან სულაც არ შეიძინა რეალურობა”.

გაზეთი “ზავტრა”, 2003 წლის 17 სექტემბერი: “პუტინი ამ ურდოს ნამდვილად აღარ მართავს. ტელევიზორში ის – პუტინია, ხოლო “ჩახეთქვისგან სიმახინჯემდე გასიებული” ამ ჩინოვნიკების თვალში კი – ვიღაც ლილიპუტინი”.

გაზეთი “პატრიოტი”, 2005 წლის 3 მაისი: “პუტინში კი – წვრილმანი სიცარიელე რჩება, რომლის მიმართ ერთგულებისთვის მას უკვე დიდი ხანია დარქვეს “ლილიპუტინი” და “პუსტინი”.

ეს ლეგენდა, ისევე როგორც ბევრი სხვა რუსეთ-საქართველოს საინფორმაციო ომში, დღეგრძელი არ ყოფილა. მან შეასრულა თავისი როლი – განაწყო რუსეთის საზოგადოება სააკაშვილის წინააღმდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მორიგი გამწვავებისას. რამდენადაც, პრაქტიკული თვალსაზრისით, ძნელი ასახსნელია ემბარგოს დაწესება ქართულ ღვინოზე და მინერალურ წყლებზე. ასეთმა ლეგენდებმა რუსულ საზოგადოებაში უნდა აღზარდოს პატრიოტიზმის გრძნობა, რომელიც ქართველი ლიდერის სიძულვილზე იქნება დამყარებული. ხოლო რამდენადაც ის ლიდერია, მთელი პასუხისმგებლობაც მას უნდა დაეკისროს. 2006 წელი ხელსაყრელი იყო პუტინისთვის. ის უკვე მეორეჯერ იყო არჩეული პრეზიდენტად და სოციოლოგიური გამოკითხვები მოსახლეობაში მის პოპულარობაზე მიუთითებდნენ. ხოლო თუ ის პოპულარულია, მაშინ მისი პირადი მტერი სააკაშვილი ამავე დოზით საძულველი უნდა იყოს. ლეგენდა მეტსახელ “ლილიპუტინზე” ეხმარებოდა მოსახლეობას, უფრო მკაფიოდ გაემიჯნა გმირები და მტრები.