ომის წინათგრძნობა.

თავი წიგნიდან “რუსეთი-საქართველო: საინფორმაციო ომი”

საქართველოში ომის მიზეზებისა და მიზნების გასარკვევად სულაც არ იყო აუცილებელი, ტალიავინის კომისიას მოხსენება მოემზადებინა. მაგრამ ევროკავშირი ევროპული პრინციპების თანახმად აგებული ორგანიზაციაა და ეს პრინციპები მხოლოდ ობიექტურობასა და პოლიტიკურ ბალანსირებას არ გულისხმობს. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება მსოფლიოს ყველაზე დიდ ქვეყანას – თავისი ენერგორესურსებითა და არაადეკვატური პოლიტიკით.

სინამდვილეში, ძალიან ადვილი გასარკვევია, თუ ვის უნდოდა ომი. საკმარისია ერთი ან ორი წლის შემდეგ იმ პუბლიკაციების შეგროვება, რომლებიც რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში საქართველოს შესახებ გამოქვეყნდა – რამდენიმე თვე ომამდე და ომის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მედიასაშუალებებს, ძირითადად, სახელმწიფო აკონტროლებს, ჟურნალისტური სტანდარტების არარსებობა, ვთქვათ საბჭოთადროინდელის, აგრეთვე პოლიტიკოსთა ქედმაღლობა და საკუთარი თავით ტკბობის მანერა, ბევრის დანახვის საშუალებას იძლევა.

ომამდელ პუბლიკაციებში პოლიტიკოსების ციტატებსა და ექსპერტთა ანალიზებში ადვილად მოძებნით ისეთ ადგილებს, რომლებშიც მეტნაკლები სიცხადით არის ლაპარაკი ომის შესაძლებლობაზე. ზოგიერთი ფრაზა ომისკენ ღია მოწოდებებსაც შეიცავს. ხანდახან მზა სცენარებიც კი იბეჭდებოდა, რომლებიც “ბედნიერი დამთხვევის გამო” რეალობაში ზუსტად მეორდებოდა. ხოლო ომის შემდეგ თავისთავად, უკვე პოსტ-ფაქტუმ, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ყველაფერი დაგეგმილის მიხედვით გაკეთდა.

ჟურნალ “ექსპერტში”, რომელიც 18 აგვისტოს გამოვიდა, ავტორები არც მალავენ, რომ “სამხრეთ ოსეთში საბრძოლო მდგომარეობის გასაგებად საჭიროა, დავაზუსტოთ რამდენიმე მომენტი. რუსეთის არმია, ისევე როგორც ქვეყნის ხელმძღვანელობა, ცხადია, არ გამორიცხავდნენ სამხრეთ ოსეთში ომის შესაძლებლობას. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, 58-ე არმია კონფლიქტისთვის მთელი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ემზადებოდა, რეგულარულად ატარებდა სწავლებებს. აგრეთვე ახორციელებდა მე-19 მოტომსროლელი დივიზიის ბატალიონების როტაციას სამშვიდობო კონტინგენტის შემადგენლობაში, მომავალი სამხედრო მოქმედებების თეატრის შესწავლის მიზნით”.

თავისთავად ცხადია, რომ ამის გარდა, ტექსტში რუსეთის არმიის სიმამაცეზე ბევრი “ურა-პატრიოტული” დასკვნაა. მაგრამ ავტორები, რომლებსაც ტექსტიდან გამომდინარე სერიოზულ ანალიზზე აქვთ პრეტენზია, არაფერს ამბობენ იმის შესახებ, თუ როგორ გაიარა 58-ე არმიამ ორრიგიანი გზის 3600 მეტრი რამდენიმე საათში. მაგრამ, როგორც წესი, ასეთ წვრილმანებს ჟურნალისტები პროპაგანდისტული აღტკინების დროს ვერ ამჩნევენ, ხოლო ექსპერტები – განზრახ ჩქმალავენ.

2008 წლის 20 ივნისს საინფორმაციო სააგენტომ Грузия-Online რუს ექსპერტზე პავლე ფელგენგაუერზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა წერილი სათაურით: “აგვისტოში ვლადიმირ პუტინი საქართველოს წინააღმდეგ ომს დაიწყებს?”

“რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი ამტკიცებს, რომ მოსკოვში საქართველოსთან ომის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და, სავარაუდოდ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო მოქმედებები აგვისტოში დაიწყება. როგორც ფელგენგაუერმა განაცხადა, საქართველოსთან სამხედრო დაპირისპირების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა და ქვეყნის დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო. ამაში მას მხარს უჭერენ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების აგრესიულად განწყობილი გენერალიტეტის წარმომადგენლები. “ჩვენთან გადაწყვეტილებებს მხოლოდ ერთი ადამიანი იღებს – ვლადიმირ პუტინი,” – აღნიშნა ფელგენგაუერმა.

მისი მტკიცებით, საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების გეგმა საბოლოოდ განსაზღვრული არ არის, მაგრამ მოვლენების ესკალაციის სავარაუდო თარიღად აგვისტოს ბოლო სახელდება – საკურორტო სეზონის მიწურულიდან ზამთრამდე პერიოდი. ეს ლოგიკურია, რადგან ზამთარში უღელტეხილზე თოვლი დადებს, ნისლი ჩამოწვება და რუსეთის საავიაციო უპირატესობა ნულის ტოლი იქნება.

ექსპერტის ვარაუდით, სამხედრო მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ ჯერ ზემო აფხაზეთში დაიწყება, შემდეგ კი – სამხრეთ ოსეთში.

პაველ ფელგენგაუერის მიმართ რა განწყობაც არ უნდა ჰქონდეთ მის კოლეგებს რუს სამხედრო ექსპერტთა საზოგადოებიდან, რომლის წევრთა უმრავლესობა საბჭოთა არმიის გადამდგარი ოფიცერია, ეს პროგნოზი ორი წლის შემდეგ ისმის როგორც გაფრთხილება, რომელსაც ბევრმა იმ ადამიანმა, რომელთა ხელშიც საქართველოს ბედი იყო, ყური არ უგდო. თავად საქართველოში ინფორმაციას სერიოზულად მოეკიდნენ, რადგან სახელმწიფოს საზღვრებთან, ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე 58-ე არმიის ფართომასშტაბიანი სწავლებებისთვის მზადება მიმდინარეობდა.

მაშინ, 2008 წლის ივნისში, საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში სიტუაციის სერიოზულ გართულებაზე მხოლოდ საინფორმაციო პორტალმა www.iamik.ru – მ გაამახვილა ყურადღება და შესაბამისი ფაქტებიც მოიყვანა:

“15 ივნისის ღამეს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში განლაგებულმა შერეულმა სამშვიდობო ძალებმა დააფიქსირეს ინტენსიური ორმხრივი სროლა ცხინვალის სამხრეთ გარეუბანსა და ქართულ დასახლებულ პუნქტ ერგნეთის ჩრდილოეთ განაპირა ნაწილს შორის. ვერ მოხერხდა იმის გარკვევა, თუ პირველად ვინ გახსნა ცეცხლი. ქართულმა და ოსურმა მხარეებმა სროლის დაწყება ერთმანეთს დააბრალეს.

ავტომატებისა და ყუმბარმტყორცნების ინტენსიური ცეცხლი ეუთო-ს დამკვირვებელთა მისიის ავტომანქანასაც დაუშინეს. “ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის აგრესიულ დამოკიდებულებას კონფლიქტურ რეგიონში მოქმედი ეუთო-ს მისიისადმი,” – ნათქვამია ქართული მხარის განცხადებაში. ამგვარად, თბილისის აზრით, “ცხადია, კონფლიქტის ზონაში არსებული სამშვიდობო მექანიზმი არ მუშაობს”, რადგან “რუსი სამშვიდობოები არ ასრულებენ თავიანთ პირდაპირ მოვალეობებს, რაც ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის უკანონო ფორმირებების განიარაღებას ითვალისწინებს”.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა აფხაზეთიდან რუსი “სამშვიდობოების” გაყვანა მოითხოვა. პასუხად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნესტერენკომ განაცხადა, რომ ეს “სიტუაციის გამძაფრებას და კავკასიაში კონფლიქტს გამოიწვევს.”

საქართველოს ხელისუფლება, საუბრობს რა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტის შესაძლებლობაზე, უნდა აცნობიერებდეს, რომ ასეთ გაუაზრებელ ნაბიჯს აუცილებლად მოჰყვება სიტუაციის გამწვავება და კონფლიქტის “გალღობა”, რაც, სავარაუდოდ, მთელ კავკასიაში სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლას მოასწავებს. ასეთ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება ოფიციალურ თბილისს და მათ, ვინც თვალს ხუჭავს მათ მიერ გატარებულ საშიშ კურსზე”.

15 ივნისს საქართველომ რუსეთს ასევე ბრალი დასდო, რომ თბილისთან შეთანხმების გარეშე, აფხაზეთში კიდევ ერთი სამხედრო ბაზა გახსნა. როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელმა თორნიკე კილანავამ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, ბაზა მწყობრში ჩადგა ოჩამჩირის რაიონის სოფელ აგუბედიასთან. მისი მონაცემებით, იქ მძიმე სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს, მათ შორის ტანკები და ჰაუბიცები. ბაზის ტერიტორიაზე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებიც დაამონტაჟეს. 17 ივნისს საღამოს კოლექტიური სამშვიდობო ძალების რუსი სამხედრო მოსამსახურეები დააკავეს, რომლებიც სატვირთო ავტომანქანას აცილებდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ამ ავტომანქანით “ზუგდიდის რაიონის სამართალდამცავ ორგანოებთან შეუთანხმებლად, გალის რაიონიდან ზუგდიდის რაიონში საბრძოლო მასალები და ყუმბარები გადაჰქონდათ”.

მანამდე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა რუსეთს აფხაზეთიდან სარკინიგზო ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა და საქართველოს მიმართ რუსეთის მოქმედებები მთლიანობაში დაგმო. მან აღნიშნა, რომ რუსეთის მოქმედებები არღვევს ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკატერინე ტყეშელაშვილმა, თავის მხრივ, ნატო-ს შტაბ-ბინაში განაცხადა, რომ “საქართველოს სჭირდება დასავლეთის სახელმწიფოების დახმარება რუსეთის გეგმების აღსაკვეთად, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიის ანექსირებას ცდილობს.” “გრძელდება ტერიტორიების მიერთების მასშტაბური პოლიტიკა. რუსეთი აწარმოებს ესკალაციას, – ყურადღება გაამახვილა მინისტრმა, – თუ ეს პოლიტიკა შენარჩუნდება, ზაფხულის ბოლოსთვის სრული ანექსია მოხდება.”

18 ივნისს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დენიელ ფრიდმა განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოზე პოლიტიკური და სამხედრო ზემოქმედება გააძლიერა, რაც შეერთებული შტატების შეშფოთებას იწვევს. იგი სიტყვით გამოვიდა აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოსმენებზე, რომელთა თემა იყო “კავკასია: გაყინული კონფლიქტები და დახურული საზღვრები”. ფრიდის განცხადებით, შეერთებული შტატები უაღრესად შეშფოთებულია ამ მოქმედებებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას და რომლებმაც გააძლიერა დაძაბულობა სეპარატისტულ რეგიონებში”. “ეს (რუსეთის მოქმედებები) ქმნის კონფლიქტის გაფართოების საფრთხეს და ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის, როგორც მშვიდობისმყოფელისა და შუამავლის როლს საქართველოს მოლაპარაკებებში აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან,” – დასძინა ფრიდმა.

ეს ომი, როგორც პაველ ფელგენგაუერი 11 აგვისტოს “ნოვაია გაზეტაში” წერდა, დიდი ხანია, მწიფდებოდა, მაგრამ ფორმალური საბაბი გახდა 31 ივლისს თვითნაკეთ რადიომართვად ნაღმზე ქართული პოლიციის მანქანის აფეთქება. ეს სოფელ ერედვთან მოხდა – ცხინვალიდან აღმოსავლეთით სათადარიგო გზაზე. რუსმა მშვიდობისმყოფელებმა გამოძიების ჩატარება მოასწრეს და გაარკვიეს, რომ გამოყენებულ იქნა 122-მილიმეტრიანი ჰაუბიცის რუსული მოდელის ორი ჭურვი. პოლიციის ტოიოტა ჯართში ჩასაბარებლად თუღა გამოდგებოდა, ხუთი ქართველი დაიჭრა. თითქმის იმავე ადგილას 4 ივლისს მსგავს ნაღმზე ააფეთქეს მანქანა, რომლითაც სამხრეთ ოსეთის დროებითი პროქართული ადმინისტრაციის უფროსი დმიტრი სანაკოევი მგზავრობდა. 1 აგვისტოს ქართველებმა ოსურ პოზიციებს საპასუხო დარტყმა მიაყენეს, მაშინ პირველად გამოიყენეს შორსმსროლელი მსხვილკალიბრიანი შაშხანები. სეპარატისტები ამას არ მოელოდნენ და საგრძნობი დანაკარგი განიცადეს. პასუხად მათ ქართული სოფლები ნაღმტყორცნებით დაბომბეს, რაც რუსმა მშვიდობისმყოფელებმაც დააფიქსირეს. შემდეგ დღეებში ოსებმა სრულმასშტაბიანი კონფლიქტის აქტიური პროვოცირება დაიწყეს და მასში რუსეთის ჩათრევას აშკარად ცდილობდნენ, რაც საბოლოოდ გამოუვიდათ კიდეც. 7 აგვისტოს ოსები სიტყვიდან საქმეზე გადავიდნენ და კანტიკუნტად სროლის ნაცვლად ნაღმტყორცნებით ცხინვალის ახლოს მდებარე ქართული სოფლების მასირებული დაბომბვა დაიწყეს, რაშიც აქტიურად მონაწილეობდა ოსური სამშვიდობო ბატალიონი. 7-ში საღამოს ცნობილი გახდა, რომ შედეგად ქართველებმა მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს – 10 დაღუპული და 50 დაჭრილი, ძირითადად, მშვიდობიან მცხოვრებთა შორის.

ასე წერდა პაველ ფელგენგაუერი პოსტ-ფაქტუმ, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან ორი დღის შემდეგ. 14 აგვისტოს “ნოვაია გაზეტაში” მან ახალი სტატია გამოაქვეყნა, – “ეს იყო არა სპონტანური, არამედ დაგეგმილი ომი”. როგორც ის წინასწარ ჭვრეტდა შექმნილ მდგომარეობას, უფრო სწორად – აანალიზებდა, რუსეთის შეჭრა ერთდროულად უნდა დაწყებულიყო აფხაზეთშიც და “სამხრეთ ოსეთშიც” მაშინვე, რაც 2 აგვისტოს ჩრდილოეთ კავკასიაში დამთავრდა 58-ე არმიის სწავლებები – “კავკაზ-2008″. პრესაში გაჟონილი სხვადასხვა მონაცემებით, სწორედ ამ დროს რუსეთის არმიის ქვედანაყოფებმა, რომლებმაც მანევრებში მონაწილეობა დაამთავრეს, უკვე დაიწყეს როკის გვირაბის მიმართულებით გადაადგილება. ორგანიზაცია “სანკტ-პეტერბურგელი ჯარისკაცების დედების” მტკიცებით, ჯარისკაცებმა, რომლებიც ჩვენების მიცემაზე დათანხმდნენ, განაცხადეს, რომ ისინი “სამხრეთ ოსეთის” ტერიტორიაზე უკვე 4 აგვისტოს აღმოჩნდნენ.

სპეციალიზებულ გამოცემებში ომის დაწყებამდე განიხილებოდა საქართველოს არმიის მდგომარეობა, მისი შესაძლებლობები და პოტენციალი. ყოველკვირეულ გამოცემა “ნეზავისიმოე ვოენნოე ობოზრენიეში” 1 აგვისტოს გამოქვეყნდა პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის ანალიტიკური განყოფილების გამგის ალექსანდრ ხრამჩიხინის სტატია. იგი ირონიულად ამტკიცებს, რომ საქართველოს “ამბოხებული ტერიტორიების” კონტროლის ძალა არ შესწევს. მაგრამ განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ამ სტატიის ერთი ფრაზა: “ქართველ რეზერვისტებს აფხაზები და ოსები, ჩრდილოეთ კავკასიიდან და რუსეთის სხვა რეგიონებიდან ჩასულ მოხალისეებთან ერთად, უპრობლემოდ გაუმკლავდებიან”.

რას ნიშნავს რუსეთის სხვა რეგიონებიდან ჩასული მოხალისეები? ის ხომ არ იგულისხმება, რომ რუსი სამხედროები ამ მოხალისეებს წინასწარ ამზადებენ? თუ მოხალისეების ხსენება მხოლოდ ომის გარდუვალობაზე მიანიშნებს, ხოლო როგორ და ვის შეებრძოლებიან საქართველოს ტერიტორიაზე, მნიშვნელობა არა აქვს. მოგვიანებით, საქართველოში აქტიური სამხედრო მოქმედებების შემდეგ, სხვადასხვა გამოცემები დასცინოდნენ ფელგენგაუერს, განსაკუთრებით ქართული არმიის გამო, მაგრამ არ იხსენებდნენ მის გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ სწორედ რუსეთი დაიწყებდა ომს.

ომამდე რამდენიმე თვით ადრე რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ნატო-ს საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო,

ჩრდილოატლანტიკური ბლოკისა და საქართველოს ურთიერთობის კონტექსტში. რუსეთის მედიაზე არსებული კონტროლისა და გავლენის პირობებში ამის გაკეთება ადვილი იყო. ხოლო როდესაც რუსეთმა პირველად აღიარა 10 ივლისს საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო თვითმფრინავების ფრენის ფაქტი, ნატო-ს საწინააღმდეგო ისტერია მხოლოდ გაძლიერდა. უკვე ღიად გამოჩნდა მისი საფუძველი – “იარაღის ჟღარუნი”, რასაც კრემლი მანამდე საგულდაგულოდ მალავდა და ამისთვის სხვადასხვა ისტორიებს იგონებდა – მაგალითად აცხადებდა, რომ ქართველები თავის ტერიტორიას თვითონ ბომბავენ.

3 აგვისტოს, ფედერაციის საბჭოს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვადიმ გუსტოვს გამოცემა “გაზეტა” უსვამს კითხვას – “ვინ შეარიგებს საქართველოს და სამხრეთ ოსეთს?” რესპოდენტი ასე პასუხობს: “საქართველო ახლა ტყუილად არ გააქტიურებულა სამხრეთ ოსეთში. ყველაფერი ეს ჰგავს დეკემბრისთვის მზადებას, როდესაც საქარველოს უნდა კვლავ მიიღოს თანხმობა ნატო-ში მიღებაზე ფორსირებული ტემპებით. ეს დუნედ მიმდინარე პროცესი ასევე გაგრძელდება, იმიტომ, რომ საქართველოს უნდა დაანახოს თავის დამფინანსებელ ამერიკელებს, რომ უბრალოდ არ შეუძლია გაძლება ამ ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში გაწევრიანების გარეშე. და ეს, სამწუხაროდ, ხდება ახლა, როდესაც სამხრეთ ოსეთმაც და აფხაზეთმაც შესთავაზეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა. პრინციპში უკვე ჩანდა აბსოლუტურად სხვა ეტაპი, როდესაც ბევრი რამ შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო მოლაპარაკებების გზით. საქართველოს კი არ უნდა პრობლემის ისეთი გადაწყვეტა, რომელიც ჩვენთვისაც და ოსებისთვისაც ხელსაყრელი იქნებოდა. ცხადია, შუამავალი ამ პროცესის დარეგულირებაში მაინც რუსეთი იქნება. ჯერ ერთი, კონფლიქტის ცალ მხარეს დგანან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ისინი კი ცალსახად უჭერენ მხარს რუსეთს. მეორეც, იქ დგანან მთლიანად რუსული სამშვიდობო ძალები. მესამეც, ეს ხდება რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან. ამიტომ ეს ყველაფერი უკავშირდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, რომელიც იქ ყოველთვის იქნება.”

მოსკოვის საქალაქო დუმის დეპუტატი მიხაილ მოსკვინ-ტარხანოვი 2008 წლის 5 აგვისტოს გაზეთ “გუდოკში” რუსეთის მიმართ ვალზე საუბრობს. “მაგრამ – ეს მილიარდებია. საიდან მოიტანს ამ ფულს ღარიბი აფხაზეთი (ან კიდევ უფრო ღარიბი სამხრეთ ოსეთი)? ცხადია რუსეთისგან, რომელსაც შეუძლია ახალ სახელმწიფოებს მისცეს შეღავათიანი კრედიტი ქართველი ლტოლვილებისთვის კომპენსაციების მისაცემად. ეს მოხსნიდა დაძაბულობას და დააწყნარებდა ლტოლვილთა ოჯახებს. მისცემდა მათ უკეთესი ცხოვრების იმედს საკუთარ ქვეყანაში – საქართველოს რესპუბლიკაში. რითი დაფარავდნენ ახალი რესპუბლიკები რუსეთის მრავალმილიარდიან ვალებს? სამხრეთ ოსეთისთვის ეს საკითხი ძალიან მარტივია. ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება რუსეთის შემადგენლობაში გამოიწვევს სუვერენული ვალის მთლიანად ჩამოწერას. აფხაზეთმა შეიძლება აირჩიოს სხვა გზა – გაწელოს მისი დაფარვის ვადა, ნაწილობრივ დაფაროს ერთობლივი საინვესტიციო პროექტებით. ეს საკითხი ადვილად გადაწყდება აფხაზეთის და რუსეთის მეგობრობის და თანამშრომლობის პირობებში. ხოლო ის ქართველი ხელმძღვანელი, რომელიც ითანამშრომლებდა რუსეთთან აფხაზეთის და ოსეთის საერთაშორისო-სამართლებრივი საკითხების მოსაგვარებლად, პირველ რიგში სარგებელს მოუტანდა საკუთარ ხალხს, მოუხსნიდა ქართველებს სამხედრო კონფლიქტის საშიშროებას და გადაწყვეტდა ლტოლვილების პრობლემას”.

გაზეთ “გუდოკის” იმავე ნომერში სიტუაცია შეაფასა ანალიტიკური ჯგუფის “მერკატორის” ხელმძღვანელმა დმიტრი ორეშკინმა: “რუსეთს დიდი არჩევანი არ აქვს: ან პოზიციების ეტაპობრივად ჩაბარება, ან “ცხელი” კონფლიქტის მცდელობა, რომელშიც რუსეთი მხოლოდ იმიტომ წააგებს, რომ გამოვა მთელი მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ.” ანუ, ომის წინათგრძნობა ბევრს ჰქონდა. ანტონ კრივენიუკი და გაზეთი “დელოვოი ვტორნიკ” 29 ივლისს წერდნენ: “10 ივლისს ბევრი რამე შეიცვალა. რუსეთმა, გაგზავნა რა თავისი საბრძოლო თვითმფრინავები სამხრეთ ოსეთში და საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით განაცხადა, რომ ეს სწორედ მისი თვითმფრინავებია, პირველად მიანიშნა, თუ რა უნდა. მას უნდა, რომ არ დაიწყოს ომი სამხრეთ ოსეთში, რომელიც უკვე თითქმის დაიწყო. მან მიანიშნა, რომ არ იქნება ნეიტრალური შუამავალი ამ ომში და ცხინვალს დაუჭერს მხარს. როგორც ჩანს, რუსეთი პირველად არ გზავნის თავის საბრძოლო თვითმფრინავებს საქართველოსა და მისი ყოფილი ავტონომიების კონფლიქტურ ზონებში. მაგრამ გუშინდლამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კოლოსალურ ძალისხმევას ახმარდა იმას, რომ უარეყო მოსკოვის მონაწილეობა ამ ნახევრად საბრძოლო ფრენებში.”

მართლაც ბევრ რუს კომენტატორს ბოლოს და ბოლოს ფრთები შეესხა სამხედრო თვითმფრინავების დემარშით და განსაკუთრებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადებით. ალექსანდრ იაშვილი (ეს ფსევდონიმია, ნამდვილი სახელია – თამაზ ლომსაძე) და მაქსიმ იუსინი გაზეთ “იზვესტიაში” 14 ივლისს ნიშნის მოგებით წერენ: “რუსეთმა თავის მხრივ პირველად აღიარა, რომ მისმა სამხედრო თვითმფრინავებმა გადაუფრინეს სამხრეთ ოსეთს (ანუ ფორმალურად დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცე). მიზანი – თბილისში ზოგიერთების სიფიცხის განელება”. ამითი მოსკოვმა მიანიშნა მიხეილ სააკაშვილს: თუ საქართველოს არმია დაიწყებს ომს აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, მას საქმე ექნება არა მხოლოდ ადგილობრივ შეიარღებულ ფორმირებებთან, არამედ რუსეთის ჯარებთანაც. არ არის გასაკვირი, რომ თბილისის რეაქცია ამ განცხადებაზე ასეთი ემოციური იყო – თვით ელჩის გაწვევამდე. კრემლი ყოველ დღე ასე მკაფიოდ არ აფიქსირებს თავის პოზიციას. და თან ასეთ მკვეთრ პოზიციას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კი საბოლოო წერტილს სვამს და აფრთხილებს სააკაშვილის გუნდს: საქართველოს შესვლა ნატო-ში არათუ არ მოაახლოვებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემის გადაწყვეტას, არამედ პირიქით, მოსპობს მათი მოგვარების იმედს”.

მათვე შემოგვთავაზეს მოვლენების განვითარების საკუთარი სცენარი ომის დაწყების შემთხვევაში, რომელიც თითქმის მთლიანად დაემთხვა პოლიტიკურ საფუძველს, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ ომის დასაწყისშივე გახმოვანა:

“მართლაც მზად არის რუსეთი ასე აშკარად, ლამის დემონსტრატიულად ჩაერიოს ომში მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე? ასეთი სცენარის დაჯერება ძნელია. არც აფხაზებს, მითუმეტეს მოსკოვს არ სჭირდება არავითარი შეტევითი ოპერაცია საქართველოს არმიის წინააღმდეგ. ძალიან დიდი ხმაური ატყდება მთელ მსოფლიოში – და რისთვის? პრობლემის მასშტაბი აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ “თავის ტკივილს”, რაც გაუჩნდება რუსეთს, თუ ჩვენი მედესანტეები მართლაც დაიძრებიან 20 აგვისტოს შემდეგ კოდორის ხეობის ზედა ნაწილის შტურმით ასაღებად.

სულ სხვა საქმეა თავდაცვითი მოქმედებები. აქ მოსკოვს ბევრად უფრო გაუადვილდება თავისი პოზიციის მოტივირება. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის ათობით ათასი მოქალაქე ცხოვრობს (და ამ შემთხვევაში სულ არ არის მნიშვნელოვანი, რომ მოქალაქეობა ამ ხალხმა ბოლო წლებში მიიღო). თუ მიხეილ სააკაშვილი დაიძრება სოხუმის ან ცხინვალის ბრძოლით დასაბრუნებლად, ამ ხალხის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. თანამემამულეთა დაცვა – ეს არგუმენტი არაერთხელ გამოიყენა იგივე შეერთებულმა შტატებმა, როდესაც თავის ჯარებს სხვადასხვა ქვეყნებში გზავნიდა. ჩვენ რითი ვართ ნაკლები?”

აგვისტოს დასაწყისში “სამხრეთ ოსეთში” დაიწყეს ჩასვლა “მოხალისეებმა”, როგორც “იზვესტიის” კორესპონდენტები წერენ – “რუსეთის სხვადასხვა კუთხიდან”. გაიხსენეთ ალექსანდრ ხრამჩიხინის სიტყვები შესაძლო ომის სცენარზე, რომელიც მან გამოთქვა “ნეზავისიმოე ვოენნოე ობოზრენიე”-ში 1 აგვისტოს “მოხალისეების” შესახებ. აი ისინიც გამოჩნდნენ, რომ გადაეტანათ ყურადღება რუსეთის არმიის იმ შენაერთებიდან, რომლებიც უკვე შედიოდნენ “სამხრეთ ოსეთის” ტერიტორიაზე.

მოხალისეების შესახებ ჯერ კიდევ 4 ივლისს ლაპარაკობდა რუსეთის წარმომადგენელი ნატო-ში დმიტრი როგოზინი.

“თბილისსა და ცხინვალს შორის შეიარაღებული დაპირისპირების განახლების შემთხვევაში მასში აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას მოხალისეეები ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან, რომელთა ნაკადების შეჩერებასაც რუსეთის ხელისფლება ალბათ ვერ შეძლებს – განაცხადა რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში დმიტრი როგოზინმა,

სამხრეთ ოსეთში რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ცხოვრობს და პარაქტიკულად ისინი ყველანი რუსეთის მოქალაქეები არიან. ამიტომ ლაპარაკია არა უბრალოდ კონფლიქტზე სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის, არამედ კონფლიქტზე, რომელშიც შეიძლება რეალურად ზიანი მიადგეს რუსეთის მოქალაქეთა უზარმაზარ რაოდენობას. ამიტომ, რუსეთი ვერ დარჩება უმოქმედოდ ამ პრობლემის წინაშე” – განაცხადა მან ტელეარხ “ვესტი-24″-ის ეთერში.

“მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ სიგნალს გაიგებენ ჩრდილოეთ ოსეთშიც. და უპირობოდ, სამხრეთ ოსეთის ხალხის ღვიძლი ძმები და დები, რომლებიც გაყოფილები არიან სტალინისტური საზღვრებით, ვერ დარჩებიან ადგილზე, როდესაც მათ რეალურ ნათესავებს დაჭრიან და მოკლავენ. ამიტომ თუ საქართველო დაიწყებს კონფლიქტს სამხრეთ ოსეთთან, მასში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას მოხალისეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან. და რუსეთის ოფიციალური ხელისუფლებაც ალბათ ვერ გამონახავს საშუალებას, რომ შეაჩეროს მოხალისეთა ნაკადები”, – ხაზი გაუსვა როგოზინმა.”

გაზეთმა “კომერსანტმა” 5 ივლისს გამოაქვეყნა ექსპერტთა მოსაზრებები კითხვაზე – “ომი შორს არის?” (Война за горами?).

კონსტანტინ ზატულინი, სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე:

– შეიძლება მხოლოდ გეოგრაფიულად, ხოლო საქმით იმაზე უფრო ახლოს არის, ვიდრე ჩანს. საქართველო მიიჩნევს, რომ მისი მოქმედებები აიძულებს დასავლეთის ქვეყნებს მისცენ მას ნატო-ში შესასვლელი “საგზაო რუკა”. ხოლო ამის გულისთვის ქართველები ყველაფერზე წავლენ. და კონფლიქტის ესკალაციამ აფხაზეთში ასევე იქონია გავლენა მათ საქციელზე. რუსეთი აგრძელებს აფხაზეთის დახმარებას და ეს აგულიანებს საქართველოს.

იური კობალაძე, X5 Retail Group-ის მმართველი დირექტორი:

– კი. იქ ასევე გაგრძელდება ხრწნადი კონფლიქტი. აქ ხომ მართლები და დამნაშავეები არ არიან. არის მხოლოდ თვალთახედვა და ინტერესთა სფეროები. მაგრამ, ეს არის პრინციპული და პრაქტიკულად გადაუწყვეტელი კონფლიქტი. ომი კი კატასტროფად შეიძლება იქცეს ყველასთვის, მათ შორის რუსეთისთვისაც. სამწუხაროა, რომ ის საშუალებას იძლევა, ჩაითრიონ კონფლიქტში ასე ღრმად – მომრიგებელი მოსამართლეები აქ არ სჭირდებათ.

ნიკოლაი ზლობინი, ვაშინგტონის მსოფლიო უსაფრთხოების ინსტიტუტის რუსეთის და აზიის პროგრამების დირექტორი:

– ძალიან შორს არის. საქართველოს ომი არ სჭირდება, ის უბრალოდ ცდილობს ყურადღება მიიქციოს, პირველ რიგში როგორც რუსეთის იმპერიული ამბიციების მსხვერპლმა, მეორეც, როგორც შეუდრეკელი პოზიციის მომხრემ. მათ უნდათ რაც შეიძლება სწრაფად ნატო-ში შესვლა და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მათ შორის თავის მხარეზე გადაიბირონ ევროპის სახელმწიფოები, რომლებმაც გაზაფხულზე ქართველებს უარი უთხრეს შესვლაზე.

ვასილი ლიხაჩოვი, ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:

– სამივე მხარე წინააღმდეგია, ამიტომ ომი არ იქნება. ცხინვალს და რეგიონში არსებულ საერთაშორისო ძალებს ის ნამდვილად არ ჭირდებათ. ქართველები ცდილობენ, სამაგიერო გადაუხადონ რუსებს აფხაზეთში გამაგრებისათვის, მაგალითად იქ სარკინიგზო ჯარების შეყვანისათვის. ეს მარტო იარაღის ჟღარუნია, მეტი არაფერი.

გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე:

– მთების იქით არიან სეპარატიზმის მთავარი სპონსორები და მფარველები. ჩვენ ეს ზუსტად ვიცით. საქართველო კი ყველაფერს აკეთებს, რომ ომი არ იყოს და პრობლემა მშვიდობიანად მოგვარდეს.

დმიტრი მედოევი, სამხრეთ ოსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი რუსეთში:

– ჩვენ ყველაფერ შესაძლებელს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოში საღი აზრი გაიმარჯვებს, ეუთო კი დაგმობს მათ მოქმედებას, როგორც აგრესიას. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება ხვალ ღამით და გვეშინია მხოლოდ საქართველოს კეთილი ნების იმედი გვქონდეს.

დავით ბერძენიშვილი, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი:

– არავითარი ომი არ იქნება. სამხრეთ ოსეთთან ომი არ შეიძლება იყოს, ის არ არის დამოუკიდებელი ერთეული. რაც შეეხება რუსეთს და საქართველოს, ორივეს ხელს აძლევს არსებული სიტუაციის შენარჩუნება: არც ომი, არც მშვიდობა. თვით ისეთ მმართველსაც კი, როგორიც სააკაშვილია, ომი არ უნდა.

ალექსანდრ შარავინი, პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის დირექტორი:

– ომი იქ არც შეწყვეტილა. ყველა, ვისაც ასე უნდა ომი, უნდა დაწყნარდეს. ხოლო ამის მიღწევა ისევ ომის საშუალებით შეიძლება – იმათ წინააღმდეგ ომით, ვისაც რეგიონში სიტუაციის გამწვავება უნდა.

11 ივლისს სააგენტო Regnum-მა გაავრცელა ინტერვიუ რუსეთის ფედერაციაში “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” სრულუფლებიან წარმომადგენელთან დმიტრი მედოევთან. ძნელია წარმოვიდგინოთ, რითი ხელმძღვანელობდა მედოევი, როდესაც აცხადებდა, რომ “სამხრეთ ოსეთი” რუსეთის დაუხმარებლად გაუმკლავდება საქართველოს, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იყო ერთ-ერთი მანევრი ყურადღების გადასატანად. მიუხედავად ამისა, მედოევს ზედმეტი წამოსცდა. მან ახსნა-განმარტების ის გამზადებული ფორმულირებები გამოიყენა, რომელიც გახმოვანდა შემდეგ, ომის პირველ დღებში, განსაკუთრებით უცხოელი ინსტრუქტორების შესახებ.

“დმიტრი მედოევმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ 8 ივლისს რეგიონში თავიდან იქნა აცილებული საჯარისო ოპერაციის დაწყება. “საზღვრის მთელ პერიმეტრზე თავმოყრილი იყო ქართული არტილერია, მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა. 18.00 საათზე უნდა დაწყებულიყო საარტილერიო მომზადება და მხოლოდ მათ თავზე რუსული გამანადგურებლების გამოჩენამ მოგვცა დაძაბულობის მოხსნის და ომის დაწყების საფრთხის თავიდან აცილების საშუალება”.

ამასთან, მედოევის სიტყვებით, კონფლიქტის გადასვლის შემთხვევაში შეიარაღებულ სტადიაში რუსეთის ჯარების დახმარება სამხრეთ ოსეთს არ დასჭირდება. “ასეთი დიდი ბირთვული სუპერსახელმწიფოს სამხედრო დახმარება, როგორიც რუსეთია, პრინციპში საჭირო არ არის. ჩვენ საკმარისად გვაქვს საკუთარი ძალები და საშუალებები და ჩვენ ძალიან ბევრი მოკავშირე გვყავს”, – თქვა ელჩმა.

მედოევის სიტყვებით, ამას გარდა მისთვის ცნობილია, რომ შესაძლო საბრძოლო მოქმედებებში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ უცხოელმა სამხედრო ინსტრუქტორებმა. მან თქვა, რომ საქართველოში შეიარაღებასთან ერთად შედის “ტერორისტული ტექნოლოგიები”. “ესეც ასევე შემოდის აქ. ამას ასწავლიან ქართველ დივერსანტებს. შემიძლია ვთქვა, რომ მომხდარი ტერაქტების ხელწერით და ხასიათით ადვილად შეიძლება განსაზღვრა, ვინ იყო შემსრულებელი. ჩვენ მზად ვართ ადეკვატური პასუხი გავცეთ ნებისმიერ აგრესორს, ვინც არ უნდა იყოს ის, გულს არავის დავწყვეტთ”, – თქვა სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა.”

12 ივლისს გაზეთ “მოსკოვსკი კომსომოლეც”-ში დაიბეჭდა ვადიმ რეჩკალოვის სტატია – “საქართველო ომზე ოცნებობს”, რომელშიც მეორდება ზოგიერთი სენტენცია, რომელიც ადრე პაველ ფელგენგაუერმა გააჟღერა. მაგრამ რეჩკალოვმა იპოვა ამ “სენაციის” ნამდვილი “ავტორი”, თუმცა მისი ვინაობა არ დაასახელა.

“მოსკოვსკი კომსომოლეცის” მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული წყაროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ამ უწყებაში დამუშავებულია პროპაგანდისტული ოპერაცია, რომლის მიზანიც არის ამერიკის შეერთებული შტატების დარწმუნება რუსეთის აგრესიულ გეგმებში. პიარ-ოპერაციის ერთ-ერთი კურატორია “გრუს” ყოფილი ოფიცერი, რომელიც საქართველოს სამსახურში გადავიდა 1993 წლის გაზაფხულზე საქართველო-აფხაზეთის ომის დროს.

ჩვენი კონტრდაზვერვისთვის ეს ყოფილი რუსი სპეცნაზელი – საკმაოდ ცნობილი ფიგურაა. მან 1989 წელს რიაზანის სადესანტო სასწავლებელი დაამთავრა. რუსია, დაიწყო სამსახური ოცეულის მეთაურად ფსკოვის 76-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიაში. ორი წლის შემდეგ გადაიყვანეს “გრუ”-ში. ამ თანამდებობაზე ყოფნისას მოხვდა საქართველოში რუსეთის და საქართველოს სპეცსამსახურების ერთობლივ ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად. ოპერაციის მიზანი იყო დევნილი პრეზიდენტის გამსახურდიას პოვნა და დაპატიმრება. როდესაც ოპერაცია ჩავარდა, რუსეთის შეიარაღებული ძალები დატოვა და სამუშაოდ გადავიდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში. ის ძალიან უბრალო რამით – თბილისში ოროთახიანი ბინით გადაიბირეს. რამდენადაც არანაირი განსაკუთრებული საიდუმლოება მან არ იცოდა, საბოლოოდ ის აღმოჩნდა უწყების პრეს-სამსახურის ჩრდილოვანი ხელმძღვანელის თანამდებობაზე. აგვისტოსთვის დაგეგმილი რუსეთის აგრესიის “სუნთქვისშემკვრელი” სცენარი – მისი ნამუშევარია. სპეციალურად “გაჟონილი” ინფორმაცია გამოქვეყნდა Грузия-Online-ში. ამ ყოფილი მედესანტის მიერ გამოგონილი გეგმის თანახმად, რუსეთი განახორციელებს ზემო აფხაზეთის შტურმს 14 აგვისტოს ღამით. ამისთვის აფხაზეთში გადაისვრიან ფსკოვის 76-ე საჰაერო სადესანტო დივიზიის ნაკრებ პოლკს.

ახლა გასაგებია, თუ რატომ აირჩია ამ სამხრეებიანმა პიარშჩიკმა აგრესორის როლში მშობლიური დივიზია. საჭიროების შემთხვევაში რაღაც სიმართლის მსგავს დეტალებს დაუმატებს. მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ჩვენი წყაროების ცნობით, ორშაბათს ქართულ მედიაში გამოჩნდება ახალი სენსაცია, რომელიც სამხედრო პროპაგანდისტებმა შეთხზეს. გახმოვანდება, რომ თითქოს რუსეთი აპირებს ჩუმად გადაკვეთოს საქართველოს საზღვარი ჩეჩნეთის მონაკვეთზე, პანკისის ხეობის რაიონში, სადაც ეთნიკური ჩეჩნები – ქისტები ცხოვრობენ. ამ შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგ თითქოს იმოქმედებს 33-ე ცალკეული მოტომსროლელი სამთო ბრიგადის სადაზვერვო ბატალიონის რამდენიმე სადაზვერვო ჯგუფი. ეს ბრიგადა ამჟამად დაღესტანის სოფელ ბოტლიხშია დისლოცირებული. ამ ოპერაციის მიზანი თითქოს არის ის, რომ პანკისში მომზადდეს კიდევ ერთი არასტაბილურობის კერა საქართველოში. და, ცხადია, არც აქ გამოვა ყველგანმყოფი ჩეჩნების გარეშე. პანკისში ოპერაციის ჩასატარებლად ქართველების მიერ შერჩეულია ჩეჩნური ბატალიონი “ვოსტოკი”. ასე რომ, როდესაც ყველა ეს ზღაპარი გამოჩნდება ქართულ ონლაინ მედიაში, მათ მაინცდამაინც ნუ ენდობით.”

ბოლო წინადადება – კონტრპროპაგანდისტული კატეგორიიდანაა. მაგრამ საოცარია, რომ ომამდე ერთი თვით ადრე გადმოცემული ანონიმური წყაროს ინფორმაცია თითქმის დეტალების სიზუსტით გამეორდა. თარიღები მთლად არ დაემთხვა, მაგრამ სცენარი იმის მსგავსი გამოქვეყნდა, რაც შემდეგ სინამდვილეშიც განხორციელდა.

28 ივნისს სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ალექსეი ოსტროვსკიმ მოუთხრო “როსიისკაია გაზეტა”-ს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების თავისი ხედვის შესახებ. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ულტიმატუმი, რომელიც თბილისის მისამართით გაისმა:

“საქართველოს ხელმძღვანელობის მოძრაობა ნატოსკენ, აგრეთვე არაღიარებული რესპუბლიკების პრობლემის ძალისმიერი გზით გადაწყვეტის მცდელობები, ეჭქვეშ აყენებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. სააკაშვილი ცდილობს შევიდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, და ამით საბოლოოდ კარგავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. (…) მოსკოვმა პოლიტიკა უნდა გაატაროს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე. ხოლო ეს არ შეესაბამება საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.”

2008 წლის მაისის ბოლოს ვლადიმირ პუტინი ვიზიტით იმყოფებოდა პარიზში, სადაც მან მისცა ინტერვიუ გაზეთ “მონდს”. აქ მან ფაქტობრივად თავი აარიდა კითხვაზე პასუხს “სამხრეთ ოსეთთან” დაკავშირებით. ინტერვიუს თარგმანი 30 ივნისს გამოაქვეყნა “ნეზავისიმოე ვოენნოე ობოზრენიე”-მ.

კითხვა: – რუსეთი არ აღიარებს ამ ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობას, მაგრამ რუსეთი აძლიერებს მათზე თავის კონტროლს. სტატუს კვო საბოლოო ჯამში? ხომ არ გაძლევთ ხელს ის რაც არის? ეს პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტა ხომ არ არის?

ვ. პუტინი: – თქვენ თქვით “სეპარატისტული”? რატომ არ ხმარობთ იგივე ტერმინს კოსოვოსთან მიმართებაში? თქვენ არ გინდათ პასუხის გაცემა? თქვენ არ გაქვთ პასუხი. და არც შეიძლება გქონდეთ.

რეპლიკა: – მაგრამ აფხაზეთში იყო ბევრი ქართველი ლტოლვილი. იქ სულ საპირისპირო სიტუაციაა.

ვ. პუტინი: – არა. არ არის საპირისპირო. ათასობით სერბს არ შეუძლია კოსოვოში დაბრუნება. ასობით ათასს. იგივეა. სად გინახავთ კოსოვოში ლტოლვილების დაბრუნება?

იქიდან უკანასკნელ სერბებს აძევებენ. არაფერი მსგავსი არ ხდება. არ არის საჭირო. მე ვიცი იქაური რეალური სიტუაცია. იქ ლტოლვილები არ ბრუნდებიან. და თქვენ არ შეგიძლიათ მათ ამ ტერიტორიაზე უსაფრთხოების და ცივილიზებული ცხოვრების გარანტია მისცეთ. ეს არ ხდება. ეს მართალი არ არის. ანუ ეს აბსოლუტურად იგივე სიტუაციაა.

რაც შეეხება იმას, რომ ქართულმა მოსახლეობამ იქაურობა დატოვა, კი ეს სიმართლეა. მაგრამ 55 ათასი ქართველი უკვე დაბრუნდა აფხაზეთის გალის რაიონში. ამ პროცესის გაგრძელებაც შეიძლებოდა, თბილისისგან ძალისმიერი ზემოქმედება რომ არ ყოფილიყო. თქვენ იცით, რომ ჯერ კიდევ 1919 წელს, როდესაც მოხდა ეგრეთწოდებული სოციალისტური რევოლუცია ან, როგორც ახლა ამბობენ, გადატრიალება, საქართველო ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. იგივე ოსეთმა განაცხადა, რომ მას არ უნდა საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა და უნდა რუსეთის ფედერაციაში დარჩენა. და საქართველოს ხელისუფლებამ ჩაატარა რამდენიმე სადამსჯელო ექსპედიცია, რომლებსაც ოსები დღემდე უწოდებენ ხოცვა-ჟლეტას და წმენდას. ამ კონფლიქტებს აქვთ დიდი ხნის ისტორია და ღრმა ხასიათი. იმისთვის, რომ ეს პრობლემები გადაწყდეს, საჭიროა მოთმინება, კავკასიის ამ პატარა ხალხების მიმართ პატივისცემის გამოჩენა და არა ძალისმიერი ზემოქმედება. აი ახლა ბევრს ლაპარაკობენ, რომ რუსული სისტემების საშუალებით ჩამოგდებულ იქნა რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი აფხაზეთის ცაში. მაგრამ რატომ არავინ ამბობს, რომ არსებული შეთანხმებით აკრძალულია ფრენები ამ კონფლიქტური ტერიტორიის თავზე? და რას ნიშნავს ამ უპილოტო თვითმფრინავების ფრენა? ეს დაზვერვაა. დაზვერვა რისთვის მიმდინარეობს? სამხედრო მოქმედებების უზრუნველსაყოფად. ეს რას ნიშნავს? ერთ-ერთი მხარე ემზადება სისხლისღვრის განახლებისთვის? მე და თქვენ ეს გვინდა? ეს არავის უნდა. და იმისთვის, რომ ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში იცხოვრო, განსაკუთრებით პატარა ხალხებმა რომ ეს მოინდომონ, მათთან დიალოგის წარმოებაა საჭირო. აი ამისკენ მოვუწოდებთ ყოველთვის ჩვენს ქართველ პარტნიორებს. და არა ძალისმიერი ზემოქმედებისკენ.

(რეპლიკის პასუხად) … ანუ აფხაზეთში ცხოვრობს (ალბათ იგულისხმება ქართველების) მნიშვნელოვანი რაოდენობა და ოსეთშიც… ოსები საერთოდ გაყოფილი აღმოჩნდნენ სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთად მთების გამო. მაგრამ ეს ერთი და იგივე ხალხია. ნაწილი ჩრდილოეთში აღმოჩნდა, რუსეთში, ნაწილი საქართველოში. საჭიროა ნორმალური სამშვიდობო დიალოგის აწყობა.

23 ივლისს გაზეთმა “ტრუდ” გამოაქვეყნა საქართველოში შესაძლო ომის კიდევ ერთი სცენარი:

“ტრუდის” მონაცემებით საქართველოს ჯარების შეტევის შემთხვევაში არაღიარებული სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალზე, რუსეთის ჩარევა სავარაუდოდ შემოიფარგლება საავიაციო და საარტილერიო მხარდაჭერით. აგრეთვე ოპერაციებში “გრუს” სპეცრაზმის მცირერიცხოვანი ჯგუფების მონაწილეობით. ყველაზე მეტად შესაძლებელი სცენარის თანახმად, რომელიც სამხედრო ანალიტიკოსებმა დაამუშავეს, პასუხების სპექტრი შეიცვლება საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამხედრო ბაზებზე დარტყმებიდან თბილისის გადაქცევამდე მკვდარ ქალაქად.

თუმცა, არავითარი მასირებული დაბომბვა არ იქნება. იმისთვის, რომ საქართველოს დედაქალაქი რამდენიმე დღით ხალხისგან დაიცალოს, საკმარისია წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემების მწყობრიდან გამოყვანა. ორივე სისტემის ობიექტების განლაგება გენშტაბის განკარგულებაშია ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან. ამას გარდა საავიაციო შეტევა შეიძლება განხორციელდეს ელექტროსადგურებზე, ტელე- და რადიომაუწყებლობის სტრუქტურებზე, კავშირგაბმულობის სისტემებზე. თუმცა ანონიმურობის პირობით ოფიცრები დასძენენ, რომ პასუხის ძალას და საშუალებებს განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკური და არა სამხედრო ხელმძღვანელობა.

6 აგვისტოს სააგენტო “მე-15 რეგიონმა” გაავრცელა ცნობა, რომ კოკოითმა დაასახელა ომის დაწყების თარიღი. საფიქრებელია, რომ კოკოითმა იცოდა მხოლოდ 58-ე არმიის მზადების შესახებ სამხედრო მოქმედებებისათვის, ოპერაციის დაწყების შესახებ – ალბათ არა. მიუხედავად ამისა, მთავარი “ლეგენდა” იმის თაობაზე, რომ საქართველო დაიწყებს ომს, ხოლო რუსეთი მხოლოდ უპასუხებს – მან ისწავლა. ეს ლეგენდა სულ ჩნდებოდა პუბლიკაციებში. ყოველთვის, როდესაც საუბარი იყო რუსეთის არმიის საბრძოლო მზადყოფნაზე, იქვე აღინიშნებოდა, რომ [ისინი გააქტიურდებოდნენ] მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველო დაიწყებდა სამხედრო მოქმედებებს.

საქართველო აპირებს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყებას სექტემბრისთვის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ელჩთან – დენის კიფთან შეხვედრის დროს განაცხადა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ. “სექტემბრისთვის, იმ განცხადებების თანახმად, რომელიც ჩვენამდე აღწევს, გეგმავენ ფართომასშტაბიანი მოქმედებების დაწყებას. ეს არის ქართული გეგმა. სამხრეთ ოსეთის მხარე შეშფოთებულია საქართველოს თავხედური ქმედებებით და მუდმივი პროვოკაციებით მათი მხრიდან”, – თქვა კოკოითიმ.

“ჩვენ მზად ვართ მოლაპარკებების პროცესისათვის საერთაშორისო დოკუმენტების ფარგლებში, ხოლო ჩემი ხალხისთვს მე მზად ვარ შევხვდე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს”, – აღნიშნა კოკოითიმ.

თავის მხრივ, კიფმა აღნიშნა: “ჩვენ ვხედავთ, რომ სიტუაცია ძალიან სერიოზულია და ისევ არსებობს ადგილობრივი მოსახლეობის დაღუპვის საფრთხე. ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს დიალოგს საერთაშორისო ფორმატში. დიალოგის რა პერსპექტივას ხედავთ თქვენ?” – ჰკითხა კიფმა სამხრეთ ოსეთის ლიდერს.

“რუსეთი დღეს კონფლიქტის მოგვარების მთავარი გარანტია,” – განაცხადა კოკოითიმ. მან დასძინა, რომ რეგიონში სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლის კატეგორიული წინააღმდეგია.

ამას გარდა, კოკოითმა გამოთქვა მზადყოფნა, ხელი მოეწერა მეორანდუმისთვის ეუთო-სთან, სადაც დაფიქსირდებოდა ორივე მხარის ვალდებულებები. ამას გარდა, მან ევროკავშირის წარმომადგენლებს ურჩია, პირველ რიგში, გარკვეულიყვენ საქარველოში არსებული კონფლიქტების მიზეზებში.

ომის სუნთქვა ცხადად იგრძნობოდა მას შემდეგ, რაც 13 ივნისს სააგენტო “რეგნუმმა” გამოაქვეყნა საკუთარი ანალიტიკური მოხსენება – “ომის პერსპექტივა სამხრეთ კავკასიაში და შუა აზიაში”. სანამ მოხსენების ფრაგმენტების ციტირებას დავიწყებდეთ, უნდა შეგახსენოთ, რომ სააგენტოს დამაარსებელი და ხელმღვანელი მოდესტ კოლეროვი 2007 წლამდე აგრეთვე იყო რუსეთის პრეზიდენტის რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი. ამიტომ, მოხსენებაში მოყვანილია საქართველოს მოქმედებებით რუსეთის უკმაყოფილების მთავარი მიზეზები – ნატო, პროდასავლური საგარეო პოლიტიკა, ნავთობსადენები, ქართული პორტების ტერმინალები. მონიშნულია, აგრეთვე, ომის დაწყებამდე ორი თვით ადრე, კონფლიქტის პრიორიტეტული ზონები – კოდორის ხეობა და “სამხრეთ ოსეთი”.

არ გამოიყენებოდა არავითარი სიტყვები “გენოციდზე” ან ოსი ერის გადარჩენაზე “ქართული ფაშიზმისგან”, რითიც მოგვიანებით გაჯერებული იყო მთელი რუსული მედია. ამ მოხსენების შინაარსიდან და დასკვნებიდან გამომდინარე, “სამხრეთ ოსეთისთვის” განკუთვნილია პლაცდარმის როლი, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს საქართველოს ინტეგრაციას ნატო-ში და გააკონტროლოს ნავთობის მოძრაობა. მაგრამ, კოკოითს ან არ წაუკითხავს ეს მოხსენება, ან მას არგუნეს მხოლოდ სპიკერის – გენოციდისგან გადარჩენილი ოსი ხალხის დამცველის – პატივი. ყველაფერი ბევრად უფრო ბანალური აღმოჩნდა.

“დღეს დასავლეთის პრიორიტეტულ პრაქტიკულ და ტაქტიკურ ამოცანას რეგიონში წარმოადგენნს ტრანსკასპიური მილსადენის პროექტის რეალიზაცია, რომელიც შეძლებდა მოემარაგებინა მილსადენის არტერია აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის ხაზზე, აგრეთვე შეძლებდა საქართველოს პორტების სატრანზიტო სიმძლავრეების დატვირთვას. (…)

ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის გუნდის მოსვლის შემდეგ საქართველომ თავისი სუვერენიტეტი აშშ-ს გადასცა, საკუთარ თავზე კი აიღო სრულფასოვანი ბუფერის როლი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც ხელს უშლის ამ უკანასკნელის რეგიონული ინტერესების გაძლიერების შესაძლებლობას. რუსეთის სამხედრო ბაზების გამოყვანამ ბათუმიდან და ახალქალაქიდან, აგრეთვე მრავალწლიანმა მასირებულმა ანტირუსულმა კამპანიამ, რომელიც სააკაშილმა აწარმოა, მოსკოვს ყველანაირი გავლენა დააკარგვინა საქართველოში. შედეგად, რუსეთი იძულებული გახდა ფაქტობრივად გამოსულიყო რეგიონიდან, დაებლოკა სატრანსპორტო კავშირი, საკონტროლო გამშვები პუნქტები საქართველოს სამხედრო გზაზე და ბათუმის და ფოთის პორტების მეშვეობით.

ამასთან ერთად, დასავლეთმა მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას, კერძოდ რეგიონის სამივე ქვეყანა ნატო-სთან ინდივიდუალური თანამშრომლობის რეჟიმში ჩართო, ხოლო საქართველოსთვის მკაფიოდ დააფიქსირა ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა. აშშ-მ პირდაპირ განაცხადა, რომ რეგიონს განიხილავს თავისი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტების განთავსების ტერიტორიად. (…)

ანუ ამერიკის და მისი მოკავშირეების პოლიტიკამ სამხრეთ კავკასიაში პრაქტიკულად კონსოლიდირებული წინააღმდეგობა გამოიწვია რუსეთში, ირანსა და თურქეთში. აზერბაიჯანს, საქართველოს და სომხეთს საბოლოოდ მოუწევთ თავისი გზის არჩევა ამ პოზიციური ბრძოლის შედეგიდან გამომდინარე: ან უნდა ააგონ თავისი სტრატეგია საკუთარი რისკის ფასად, ან გადაიქცნენ პაიკებად ამერიკის “შეკავების” სტრატეგიაში, რომელზე პასუხიმგებლობასაც თავის თავზე არ აიღებენ არც ამერიკის შეერთებული შტატები, არც რუსეთი და არც ირანი. ერთი სიტყვით, არჩევანი სახარბიელო არ არის.

ეკონომიკური სანქციების რეჟიმიდან გამოსვლის და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური მხარდაჭერის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რუსეთს მართალია არ განუცხადებია მზადყოფნა მათი აღიარების შესახებ, მაგრამ რეალურად საქმე ამ პროტექტორატების ინტეგრაციისკენ მიჰყავს. საქართველოს ნატო-ში შესვლის მომენტისთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მთლიანად დაცულები უნდა იყვნენ საქართველოს მხრიდან შესაძლო აგრესიისაგან. (…) ერთდროულად საქართველოს მთელი სამხედრო მანქანა და ნატო-ს მიერ მისი სამხედრო დახმარება ემსახურება არა მხოლოდ შეტევითი ფუნქციის (აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი) გაძლიერებას, არამედ საქართველოს, როგორც ზურგის როლს ამერიკის მომავალ მოქმედებებში ირანის წიანააღმდეგ, აგრეთვე რადიკალი ისლამისტებისათვის, რომლებიც რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედებენ. (…)

ეს ყველაფერი ხელს უწყობს სომხურ წრეებში იმ იდეის პოპულარიზაციას, რომ მხოლოდ სომხეთს შეუძლია ნატო-ს ეფექტური პარტნიორი გახდეს რეგიონში. საქართველოს გაწევრიანება ნატო-ში ხომ გაართულებს სიტუაციას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარშემო, გააღრმავებს დაპირისპირებას ნატო-სა და რუსეთს შორის, ხოლო აზერბაიჯანის გაწევრიანება ნატო-ში აისახება მხოლოდ თურქეთის რეგიონული პოზიციების გაძლიერებაზე. (…)

ეს რუსეთს ითრევს რეგიონულ სამხედრო კონფლიქტებში სამხრეთ კავკასიაში და თან არ უზრუნველყოფს მისთვის მისაღებ სასტარტო შესაძლებლობებს ამ რეგიონში. ამასთან, საქართველოს და აზერბაიჯანის ტექნიკური და სამხედრო მზადყოფნა კონფლიქტებისთვის ძალიან მაღალია, თუმცა დაბალია მოტივაცია პირად შემადგენლობაში. რუს მშვიდობისმყოფელებს შორის ჩეჩნური წარმოშობის ნაწილების გამოჩენამ მკვეთრად შეცვალა ფსიქოლოგიური მდგომარეობა რუსეთის სასარგებლოდ, მაგრამ არ ცვლის მის პასიურ თავდაცვით ჩანაფიქრს (პოზიციას). (…)

პოტენციური შეიარაღებული კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში და შუა აზიაში.

მაღალი ალბათობა და ინტენსიურობა: კოდორის ხეობა – გალის რაიონი — ოჩამჩირე: საქართველო – აფხაზეთი (რუსეთის მონაწილეობით) ცხინვალი – ჯავა: საქართველო – სამხრეთ ოსეთი (რუსეთის მონაწილეობით)

ერთდროულად მიმდინარეობდა მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარის “მოსინჯვა” სხვადასხვა მიმართულებით სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ. 2008 წლის 18 ივნისს ჩრდილოეთ ოსეთში შეიკრიბა ცენტრალური საარჩევნო კომისიის, რესპუბლიკის მეთაურის ადმინისტრაციის, საკონსტიტუციო სასამართლოსა და პარლამენტის წამომადგენლების სამუშაო ჯგუფი. მათ მოიწონეს ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის მიერ მომზადებული ინიციატივა რესპუბლიკური რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. რეპუბლიკური კანონის “რეფერენუმის შესახებ” მე-8 და მ-9 მუხლების საფუძველზე, მათ სურდათ ხალხის სამსჯავროზე სამი საკითხის გატანა. მათ შორის ჩრდილოეთ ოსეთის კონსტიტუციაში შემდეგი მუხლის დამატება: “რესპუბლიკა ჩრდილოეთ ოსეთი – ალანიასათვის უკანონოდ ჩამოცილებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დაბრუნება პოლიტიკური მეთოდებით და რესპუბლიკა ჩრდილოეთ ოსეთი – ალანიას ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა”.

ეს ინიციატივა პერიოდულად ჩნდებოდა მედიაში და პოლიტიკოსების გამოსვლებში, მაგრამ მას ბლოკავდნენ კრემლში, რადგან ანექსიის გაფორმება ანუ “სამხრეთ ოსეთის” მიერთება რუსეთთან აბსოლუტურად შეუძლებელი იყო. არც გაერო-ს უშიშროების საბჭო, არც ეუთო, არც ევროსაბჭო არასდროს წავიდოდა მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიის ასეთი აშკარა მიტაცების აღიარებაზე.

მაშინ სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ დაიწყო სიტყვა “გენოციდის” გამოყენება. ისინი ცდილობდნენ მსოფლიო საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ საქართველო ოსებს ეროვნული ნიშნით დევნის. ომის პირველ დღესვე – 8 აგვისტოს “სამხრეთ ოსეთის ინფორმაციის და ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის” ხელმძღვანელმა ირინა გაგლოევამ იხმარა ეს სიტყვა ომის კონტექსტში, განაცხადა რა “უამრავ მსხვერპლზე მშვიდობიან მოსახლეობას შორის”.

ასე ხდებოდა იქადე, სანამ ადამიანის უფლებათა დამცველებმა არ გამოაქვეყნეს თავისი გამოძიების შედეგები, რომლის თანახმადაც, ლაპარაკი საერთოდ არ არის ათასებზე, ხოლო დაღუპულების უმრავლესობა სამხედროფორმიანები იყვნენ. მაგრამ, 8-დან 30 აგვისტომდე რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, საინფორმაციო ბაზა Integrum-ის სტატისტიკის თანახმად, სიტყვა გენოცდი “სამხრეთ ოსეთში” მიმდინარე ომთან დაკავშირებით 8246-ჯერ იხმარეს, ხოლო 2008 წლის 1 სექემბრიდან 2010 წლის 8 ნოემბრმდე კიდევ – 8630-ჯერ.

2008 წლის 11 სექტემბერს გამოქვეყნდა გამოძიების პირველი შედეგები. ადამიანის უფლებთა დამცველები ცენტრ “მემორიალიდან” და ორგანიზაცია “ჰიუმან რაიტს ვოტჩიდან” იმყოფებოდნენ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში და დაღუპული მშვიდობიანი მცხოვრებლების ზუსტი რიცხვის დადგენა ვერ შეძლეს. მათი მონაცემებით, ლაპარაკი შეიძლება იყოს ათეულობით ადამიანზე. რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტი 137 დაღუპულის შესახებ ავრცელებს ცნობას. სამხრეთ ოსეთში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამოსაძიებლად შექმნილმა საზოგადოებრივმა კომისიამ 311 დაღუპულის სია გამოაქვეყნა. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია “ჰიუმან რაიტს ვოტჩის” მოსკოვის ბიუროს დირექტორის მოადგილემ ტატიანა ლოკშინამ განაცხადა, რომ როდესაც საუბარია “სამხრეთ ოსეთში” დაღუპულებზე, საჭიროა განცალკევდეს მშვიდობიანი მცხოვრებლებისა და მოხალისეების შესახებ ციფრები. “ჩვენი მონაცემებით, საუბარი შეიძლება იყოს ათეულობით დაღუპულ მშვიდობიან მცხოვრებზე,” – აღნიშნა მან. მისივე სიტყვებით, ბევრი მათგანი, ვინც დაღუპულად მიიჩნევა, სინამდვილეში საქართველოს ტერიტორიაზე საავადმყოფოებში იმყოფება.

ადამიანის უფლებათა დამცველების გამოძიების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მთავარი საბაბი, რომელიც კრემლმა გამოიყენა “სამხრეთ ოსეთის”, მასთან ერთად კი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის, არ დადასტურდა. მაგრამ, ეს მხოლოდ უმნიშვნელო წარუმატებლობაა რუსეთის ხელისუფლებისთვის, რადგანაც ისინი ცდილობდნენ, შეესრულებინათ სხვა ამოცანა – საქართველოს ხელისუფლება იძულებული გაეხდათ, რომ მათ ქვეყანა დაეტოვებინათ. შემდეგ კი შეეცვალათ ხელისუფლება და კონტროლი დაემყარებინათ ტერიტორიაზე. მათ უნდოდათ სამუდამოდ გათავისუფლებულიყვნენ პროდასავლური ორიენტაციისგან სამხრეთ საზღვრებზე.