დახურული ჩეჩნეთი. მინდა, მოგიყვეთ ახალი წიგნის შესახებ, რომელსაც ასე ჰქვია – “ჩეჩნეთის საინფორმაციო ბლოკადა”.

მინდა, მოგიყვეთ ახალი წიგნის შესახებ, რომელსაც ასე ჰქვია – “ჩეჩნეთის საინფორმაციო ბლოკადა”.

მისი წერა ხუთი წლის წინ ჯერ კიდევ მოსკოვში დავიწყე, მაგრამ შემდეგ ეს საქმე სხვადასხვა მიზეზების გამო გადავდე და დამთავრება აქ, საქართველოში გადავწყვიტე. თუმცა წიგნი ეხება არა იმდენად ჩეჩნეთს, არამედ იმას, თუ როგორ დაიწყო ვლადიმირ პუტინმა მთელ რუსეთში საბჭოთა პროპაგანდისა და ცენზურის ტრადიციების აღდგენა. არა, მხედველობაში არა მაქვს საბჭოთა კავშირში არსებული ცენზურა, როდესაც სათვალეებიანი ჩინოვნიკები პატარა კაბინეტებში წინასწარ კითხულობდნენ მთელ გაზეთს, რათა შემდეგ იისფერი ბეჭედი დაესვათ და ნება დაერთოთ იმ ყველაფრის დაბეჭდვაზე, რაც წაიკითხეს და არ ამოუშლიათ.

რუსეთში აღდგენილია სხვა ცენზურა – მფლობელის ცენზურა, რომელსაც არ სურს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაფუჭებება. ამიტომ მისი გაზეთი ან რადიოსადგური მოსახლეობას მხოლოდ სასიამოვნო ახალ ამბებს აცნობს, ხოლო უსიამოვნო ინფორმაციას მტრების შესახებ ავრცელებს, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის დროს – იმათთან ყველაფერი ცუდად არის, ხოლო ჩვენ ბედნიერები ვართ. რუსეთში სწორედ ასეთი პრესა უნდოდა ენახა ვლადიმირ პუტინს, როდესაც 1999 წლის აგვისტოში უზარმაზარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. მანამდე მან ბორის ელცინის ადმინისტრაციაში მესამეხარისხოვან თანამდებობებზე იმუშავა, შემდეგ მოულოდნელად უშიშროების ფედერალური სამსახურის (“ფე-ეს-ბე”) დირექტორის, შემდეგ კი მთავრობის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა.

1999 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში აქტიური საომარი მოქმედებები დაიწყო – ჯერ დაღესტანში, შემდეგ ჩეჩნეთში. ასე დაიწყო ჩეჩნეთის მეორე ომი, რომლის ინიციატორიც პუტინი გახდა. ცხადია, წყნარი ცხოვრება მანამდეც წარმოუდგენელი იყო რუსი გენერლებისთვის, რომლებსაც გამოვლილი ჰქონდათ ბევრი “ინტერნაციონალური” ომი ავღანეთში, ვიეტნამში, ნიკარაგუაში, ანგოლასა და ათობით სხვა ქვეყანაში. მით უმეტეს, რომ უფროსი ოფიცრებისთვის სამხედრო სამსახური კარგი ბიზნესია – შეიძლება მოწინააღმდეგისთვის იარაღის მიყიდვა, მოსახლეობისათვის კი – ბენზინისა და დიზელის საწვავის. ამას გარდა, არის საღებავი, სამშენებლო მასალები, კონსერვები… ფულის შოვნა მრავალი გზით შეიძლება, ხოლო საკუთარ ქვეყანაში ომი უფრო სასიამოვნოა – ოჯახიც ახლოს არის, ჯარისკაცებიც ბევრი ჰყავთ, თუ ზოგი დაეღუპებათ, შევსებასაც მალე მიიღებენ.

მაგრამ ჩეჩნეთის პირველი ომის შემდეგ რუს გენერლებს რამდენიმე მტერი გაუჩნდათ. ერთ-ერთი იყო მათი კოლეგა, გენერალი ალექსანდრ ლებედი, რომელმაც ხელი მოაწერა ხასავიურტის ხელშეკრულებას 1996 წლის აგვისტოს ბოლოს. ამ შეთანხმებას სხვა გენერლები რუსული არმიის სირცხვილს უწოდებდნენ. კიდევ მტრები იყვნენ ლიბერალი პოლიტიკოსები, რომლებიც ხმამაღლა ლაპარაკობდნენ ადამიანის უფლებებსა და იმ სიმხეცეზე, რასაც რუსეთის არმია პირველ ომში წმენდისა და მასირებული დაბომბვების დროს სჩადიოდა. მაგრამ გენერლების მთავარი მტრები ჟურნალისტები იყვნენ, რომლებიც ყველგან ძვრებოდნენ და ფოტოებს იღებდნენ. მათ არ უშვებდნენ, მაგრამ ჟურნალისტები ჩეჩენი ქალებივით იცვამდნენ და სოფელში მათთან ერთად შედიოდნენ, რათა ჩუმად, ზამთრის პალტოში ჩამალული პატარა კამერით გადაეღოთ სამაშკში მომხდარი წმენდის შედეგი. გარდა ამისა, ჯურნალისტები ინტერვიუებს ართმევდნენ ჩეჩნებს, რომლებიც მოკლული შვილების, ქმრებისა და მამების შესახებ ჰყვებოდნენ.

მაშინ, 1996 წლის შემდეგ გენერლები მიხვდნენ, რომ ომი წააგეს არა იმდენად ჩეჩნებთან, არამედ ჟურნალისტებთან, რომლებიც მთელ მსოფლიოს აჩვენებდნენ, თუ რა არის “კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა” რუსეთში. და როდესაც გენერლებმა რევანშის აღება განიზრახეს, მათი მთავარი მოთხოვნა სამხედრო მოქმედებების რაიონებში ჟურნალისტების თავისუფალი ჩასვლის აკრძალვა იყო.

მაგრამ, ისე როგორ უნდა გაეკეთებინათ ეს, რომ მსოფლიო საზოგადოება თავის წინააღმდეგ არ განეწყოთ? რომ ჟურნალისტები ხელისუფლების მხარეზე ყოფილიყვნენ და ჩეჩნეთში დამოუკიდებლად ჩასვლის შიში ჰქონოდათ? 1997 წლიდან მოულოდნელად ჟურნალისტებმა გაქრობა დაიწყეს – 9 თვეში 19 ადამიანი დაიკარგა. დაიწყო მათი გატაცებები. ადრე ეს არ ხდებოდა, ამის შემდეგ კი ერთბაშად ბევრი გაიტაცეს.

ეს კარგად იყო მოფიქრებული. ჟურნალისტიკა საჯარო პროფესიაა და თითოეული კოლეგის დაზარალებას ათობითათას სტატიასა და ტელერეპორტაჟში აღშფოთებული გამოხმაურებები მოჰყვება. ამას გარდა, სპეცსამსახურები დაჟინებით აცხადებდნენ, რომ გამტაცებლები ჟურნალისტების გათავისუფლებისთვის ფულს თხოულობენ, მაგრამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვერც ერთი გამტაცებელი ვერ დაიჭირეს. ჩნდება ლოგიკური კითხვა – რატომ ასე მოულოდნელად და რატომ ასე ბევრი? ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთი პროფესიული საქმიანობით ერთი წლის წინათ ასე დაეხმარნენ ჩეჩნებს მშვიდობის მიღწევაში, უცბად რატომ გახდნენ მტრები?

მე “გათავისუფლებული” ჟურნალისტების თითქმის ყველა პრესკონფერენციას ვესწრებოდი. ბევრს გულწრფელად სჯეროდა, რომ ისინი ნამდვილად ფულზე გადასაცვლელად მოიტაცეს, თუმცა გამტაცებლებსა და მცველებზე დალაგებულად ვერ საუბრობდნენ. ერთხელ მოვახერხე, პირისპირ დავლაპარაკებოდი ჟურნალისტს, რომელმაც ტყვეობაში თვენახევარი გაატარა. ვკითხე, ტყვეობის შემდეგ ესაუბრა თუ არა მას ვინმე რუსეთის სპეცსამსახურებიდან იმის გასარკვევად, თუ როგორ გამოიყურებოდნენ გამტაცებლები და მისთვის მიჩენილი მცველები, რა თემებზე საუბრობდნენ, რა ეცვათ, რას აჭმევდნენ, როგორ გამოიყურებოდა შენობა, რომელშიც იმყოფებოდა? ეს ხომ გავრცელებული პრაქტიკაა დამატებითი ინფორმაციის შეკრების მიზნით.

ჟურნალისტი ორიოდე წუთს ფიქრობდა, შემდეგ ჩუმად მიპასუხა – “არა” და დასძინა: “რისთვის, მათ, როგორც ჩანს, ისედაც ყველაფერი იციან”. შეგნებულად არ ვასახელებ ამ ჟურნალისტის ვინაობას, რადგან ჩემი ვარაუდი ძნელი დასამტკიცებელია, რამდენადაც, ვიმეორებ, არც ერთი გამოძიება არ დასრულებულა. არც ერთი. მაგრამ გაჩნდნენ ჟურნალისტები, რომლებიც ადრე ჩეჩნეთში ბევრს მუშაობდნენ, ჩეჩნებთან მეგობრობდნენ, იმ ომის საშინელებებზე ბევრს წერდნენ და ჰყვებოდნენ, შემდეგ კი “სახელმწიფო პოლიტიკის” გამტარებლები გახდნენ. გატყდნენ თუ გატეხეს?

რევანშის დამგეგმავებმა პირველი რაუნდი მოიგეს. მთელი მსოფლიო აყვირდა ჩეჩენთა “სიმხეცეზე”, რომლებიც ჟურნალისტებს იტაცებდნენ. გაკეთდა ასობით განცხადება, გამოქვეყნდა სტატიებისა და ტელერეპორტაჟების უზარმაზარი რაოდენობა. მეორე ომის დასაწყებად ნიადაგი მომზადებული იყო. დაიწყო ჩეჩნეთის ბლოკადა, ხასავიურტის შეთანხმების პრაქტიკულად ყველა პუნქტი დაირღვა. ჩეჩნეთი შიშისმომგვრელ მოლოდინში გაირინდა.

როდესაც მეორე ომი დაიწყო, რუსმა ჟურნალისტებმა უკვე იცოდნენ, რომ ჩეჩნეთში ჩასვლა საშიშია, ისინი ორი წლის მანძილზე ისმენდნენ გატაცებული ჟურნალისტების ისტორიებს. როდესაც რეადაქციები თავიანთ კორესპონდენტებს ომში გზავნიდნენ, ისინი ოფიცრებთან ერთად პატარა ჯგუფებად გადაადგილდებოდნენ – რეგლამენტი იყო 15 კაცი, ჩეჩნეთში ყოფნის ვადა – 3 დღე. სამხედროების გარემოცვაში, მუდმივი მეთვალურეობის ქვეშ ცხოვრობდნენ. ხოლო საღამოობით ოფიცერი პოლიტინფორმაციას ატარებდა.

ჟურნალისტებისთვის ჩეჩნეთი დაკეტეს. ჯიუტმა უცხოელებმა, ძველი ჩვეულების თანახმად, მოგზაურობა სცადეს, მაგრამ მათ იჭერდნენ, ესაუბრებოდნენ, აკრედიტაციის ჩამორთმევითა და რუსეთის ვიზის გაუქმებით ემუქრებოდნენ. უფრო მამაცები მარტო, საკუთარი რისკის ფასად აღწევდნენ ჩეჩნეთში. უმრავლესობამ ხელი ჩაიქნია, ხოლო წამყვანმა სააგენტოებმა და ტელეკომპანიებმა ადგილობრივი ჩეჩნების დაქირავება დაიწყეს, რათა იქიდან თუნდაც მცირე ინფორმაცია მიეღოთ. ამას უნდა დავუმატოთ, რომ ჟურნალისტების ჩეჩნეთში შეშვების აკრძალვას არავითარი კანონიერი საფუძველი არ ჰქონდა. ჟურნალისტების გადაადგილებას რუსეთში მხოლოდ ორი კანონი ზღუდავს – სამხედრო მდგომარეობის შესახებ და საგანგებო სიტუაციის შესახებ.

მაგრამ ახალ ხელისუფლებას უკვე აღარ სურდა იურისტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოსმენა. ხელისუფლება ფიქრობდა, რომ ჩეჩნეთს დაკეტავდა, საინფორმაციო ვაკუუმს შექმნიდა და ამით ყველაფერი მორჩებოდა – ომი სწრფად დამთავრდებოდა. მაგრამ, ყველაფერი პირიქით მოხდა. სამხედრო მოქმედებებმა მხოლოდ მოსახლეობის რადიკალიზაცია გამოიწვია – პარტიზანული რაზმები ფედერალური ჯარების წინაღმდეგ დღემდე იბრძვიან.

ომის იდეოლოგთა დასახმარებლად საბრძოლო კამპანიის დასაწყისშივე რამდენიმე საინფორმაციო ცენტრი შეიქმნა. მათ ხელმძღვანელებად დანიშნულ ადამიანებს რუსი ჟურნალისტებისათვის უნდა აეხსნათ, რაც ხდებოდა. მოსკოვში ასეთები იყვნენ პუტინის თანაშემწე სერგეი იასტრჟემბსკი და ძველი პროპაგანდისტი, გენერალი მანილოვი. მათ ეხმარებოდნენ ბეჭდვითი სიტყვის სამინისტრო და “ფე-ეს-ბეს” საზოგადოებასთან კავშირის ცენტრის უფროსი გენერალი ზდანოვიჩი, რომელიც დღეს რუსეთის ტელევიზიის გენერალური დირექტორის მოადგილედ მუშაობს. ჩეჩნეთში მთავარი საინფორმაციო რუპორი პოლკოვნიკი შაბალკინი იყო.

პოლკოვნიკი შაბალკინი ფანტასტიკური ადამიანია, რომელიც ფაქტებს ერთი-მეორეზე უფრო უაზრო ახსნას უძებნიდა. მაგალითად, 11 სექტემბრის ნიუ-იორკის ტერაქტის შემდეგ მან განაცხადა, რომ ჩეჩნეთის მთებში იმ ბოინგის ნახაზებია აღმოჩენილი, რომლითაც ამერიკაში ისარგებლეს ტერორისტებმა. ხოლო წყალქვეშა ნავ “კურსკზე” მომხდარი კატასტროფის შემდეგ ჩეჩნეთის გამოქვაბულებში აღმოაჩინეს… დიახ, დიახ, სწორად ფიქრობთ – წყალქვეშა ნავის სქემა. გარდა ამისა, მან იცოდა, როგორ ჩადიოდა ჩეჩნეთში ტერორისტებისთვის ფული, მაგრამ არ განმარტავდა, რატომ ვერ იგდებდნენ ამ ფულს ხელში სპეცამსახურები. პოლკოვნიკმა შაბალკინმა შემდეგ გენერლის წოდება მიიღო და ისევ “ფე-ეს-ბე”-ში მუშაობს, მაგრამ ჩეჩნეთის მეორე ომის დროს მასზე უკეთეს ფანტაზიორს ძნელად მოძებნიდნენ. შაბალკინის მიზანი იყო, ჟურნალისტები დაებნია, იდიოტებად წარმოჩენა, ხოლო შემდეგ თავის მიერ გამოგონილი და გაზეთებში გამოქვეყნებული ისტორიებით “დამტკბარიყო”.

ჩეჩნეთი მხოლოდ საბაბი იყო, ისევე როგორც ბესლანის ტრაგედია, რომლის შემდეგაც პუტინმა, რატომღაც, გუბერნატორების არჩევნების გაუქმება გადაწყვიტა. და ხალხიც გაჩუმდა. ჩეჩნეთში ომი პუტინს სჭირდებოდა როგორც სიმბოლო, როგორც “დაჩოქილი მდგომარეობიდან წამოდგომის” მაგალითი, როგორც “ველიკოდერჟავობის” აქტი, როგორც დამცირებული ხალხის წარმატებულ ერად რეინკარნაცია. და ხალხს ეს მოეწონა. ამიტომაც საბჭოთა პროპაგანდის ტრადიციების დაბრუნება ხალხმა ჩვეულებრივად მიიღო. ისინი წინანდებურად ტელევიზორებს იმისთვის რთავენ, რომ უყურონ უზარმაზარ რეპორტაჟებს პუტინისა და მედვედევის შესახებ, იმის შესახებ, რომ რუსეთი მაინც “ახერხებს წამოდგომას”.

პროპაგანდა ჩეჩნეთიდან დაიწყო – რუსებში შიშის დანერგვით ჩეჩნების მიმართ, რომლებსაც ადამიანების გატაცება უყვართ. და როდესაც თქვენ ყოველდღე გიხსნიან, რომ ჩეჩნეთი ვახაბიზმისა და ისლამური ტერორიზმის ცენტრი გახდა, საბჭოთა დროიდან შიშს მიჩვეულ ადამიანებს სხვა არაფერი დარჩენიათ, რომ ენდობოდნენ პუტინს და უყვარდეთ იგი, შემდეგ კი მედვედევიც. ხალხი მიჩვეულია გადარჩენის საბჭოურ ფორმულას – “ოღონდ ომი ნუ იქნება”. და სხვას არაფერს ითხოვენ – არც თავისუფლებას, არც დემოკრატიას, არც თუნდაც გუბერნატორობის არჩევითობის დაბრუნებას.

წიგნი, რომელიც ვცადე, მომეყოლა, დიდია – დაახლოებით, 500-გვერდიანი, და საკითხავად ალბათ მოსაწყენია, რადგან მასში ბევრი ციტატა და პუბლიკაციის ფრაგმენტია. ხომ საინტერესო წასაკითხი იქნება ათი წლის შემდეგ პუტინის გამონათქვამები იმის შესახებ, რომ რუსეთში კანონის დიქტატურა უნდა იყოს, თუმცა იგი აქვე არღვევს ამ კანონებსა და კონსტიტუციას. მე ჩემი მკითხველებისთვის იმის ახსნა ვცადე, რომ რუსეთში აღდგენილია ის, რაც ასე ნაცნობი იყო ჩვენი პაპებისა და მამებისთვის – პროპაგანდა. ის, სამწუხაროდ, დიდი ხნით დაბრუნდა. გარდა ამისა, მინდოდა, რუსეთში დემოკრატიის მშენებლობის ათწლიანი მცდელობის შემდეგ ამ ძველი ტრადიციებს აღდგენის მექანიზმი მეჩვენებინა.

და ბოლოს, ძველი საბჭოთა ანეკდოტი: საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულმა ადამიანმა ტელევიზორის ყურება გადაწყვიტა. მაშინ, საბჭოთა დროში, მთავარ საინფორმაციო პროგრამას ასევე ერქვა – “ვრემია”, რომელსაც ერთდროულად გადმოსცემდა საბჭოთა ტელევიზიის სამივე არხი. ამ კაცმა პირველ ღილაკს დააჭირა ხელი – ეკრანზე ბრეჟნევი ჩანს, მეორეს დააჭირა – იქაც ბრეჟნევია, მესამეს დააჭირა – ისევ ბრეჟნევი. მაშინ გადაწყვიტა, პირველად მოესინჯა მეოთხე ღილაკი. ის არსებობდა. დააჭირა და ეკრანზე “კა-გე-ბე”-ს პოლკოვნიკი გამოჩნდა, რომელმაც მუშტი მოუღერა და უბრძანა: “მეტი აღარ გადართო”.