იდუმალი სიტყვის თავისუფლება.

ყოველ წელს ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” აქვეყნებს თავის მომზადებულ სიტყვის თავისუფლების ინდექსს, რომლის თანახმადაც თითოეულ ქვეყანას ენიჭება ადგილი.

ყოველ წელს ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” აქვეყნებს თავის მომზადებულ სიტყვის თავისუფლების ინდექსს, რომლის თანახმადაც თითოეულ ქვეყანას ენიჭება ადგილი.

ამ ადგილს, ორგანიზაციის ექსპერტების აზრით, სახელმწიფო იკავებს სხვადასხვა პრობლემების გამო. როგორც წესი, პოსტსაბჭოთა სივრცეში ამ რეიტინგების გამოქვეყნებას სკეპტიკურად უყურებენ და ირონიით ეპყრობიან, ხაზს უსვამენ, რომ მაგალითად რუსეთი ამ სიაში ეთიოპიაზე ან კონგოზე, მითუმეტეს ბოტსვანაზე უკან დგას.

რატომღაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მიღებულია საკუთარი მდგომარეობის შედარება სწორედ აზიის და აფრიკის სახელმწიფოებთან, თან ეჭვითაც ვერ უშვებენ, რომ იქ პრესა და ჟურნალისტები შეიძლება მართლაც უფრო თავისუფლები არიან. ჯერ ერთი, ეს არის კოლონიალური წარსულის მემკვიდრეობა ანუ ევროპული ჟურნალისტიკის ტრადიციები, მეორეც – იქ მოქმედებს ევროპული პროგრამების დიდი რაოდენობა, რომლებიც ჟურნალისტებს პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში ეხმარებიან.

რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ კიდევ ერთი გატაცებაა – პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოების ერთმანეთთან შედარება (ბალტიის ქვეყნები კონკურეციის გარეშე არიან, ისინი ყოველთვის ხვდებიან პირველ 30 სახელმწიფოს შორის, ხოლო ესტონეთი საერთოდ პირველ ათეულშია). გასული წლის შედეგების მიხედვით ყველაზე კარგი მდგომარეობა მოლდოვაშია. როგორც ჩანს, პოლიტიკური ატმოსფეროს შეცვლამ სარგებლობა მოუტანა არამარტო საზოგადოებას, არამედ ჟურნალისტებსაც. ხოლო საქართველო დაეშვა 18 პუნქტით დაბლა. მას უკავია 99-ე ადგილი. სხვათა შორის, ის ამ ადგილს თანაბრად იყოფს აშშ-სთან. ხოლო საქართველოს შემდეგ, ანუ მეასე ადგილის ქვევით – არის ყველა დანარჩენი პოსტსაბჭოთა ქვეყანა. ტრადიციულად ბოლო ადგილებიდან ერთ-ერთი უკავია თურქმენეთს.

მიუხედავად ამისა, ასეთი რეიტინგების გამოქვეყნების მიმართ სკეპტიციზმი, ჩემი აზრით, საკმაოდ საფუძვლიანია. მე რამდენიმე წლის განმავლობაში ვავსებდი ორგანიზაციის “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ანკეტას, რომელშიც რამდენიმე ათეული კითხვაა, არ ვიცოდი, კიდევ ვინ იყო ამ ორგანიზაციის მიერ შერჩეული ექსპერტი და ყოველთვის მაკვირვებდა შედეგები.

ჯერ ერთი, ყველა ექსპერტი ვერ უპასუხებს კითხვას, თუ რამდენი ჟურნალისტი დაზარალდა, მოკლეს ან სცემეს პროფესიული მოვალეობების შესრულების გამო. ამისთვის საკუთარი გამოძიების ჩატარებაა საჭირო. პოსტსაბჭოთა სივრცეში კი ისეთი ტრადიციაა, რომ ნებისმიერი ინციდენტი, რომელშიც მონაწილეობს ჟურნალისტი, თუნდ ჩხუბი სიმთვრალის გამო რესტორანში, განიხილება როგორც თავდასხმა სიტყვის თავისუფლებაზე. ასევე ძნელი დასადგენია, დაკავშირებულია თუ არა ჟურნალისტის მკვლელობა მის საქმიანობასთან, თუ ცხადია არ კლავენ ცნობილ რეპორტიორს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში აქვეყნებდა ხელისუფლებისთვის უხერხულ სტატიებს.

მეორეც, ანკეტაში არის კითხვები, რომელზე პასუხის გაცემაც მხოლოდ იურისტებს შეუძლიათ – რამდენად არის საკანონმდებლო ცვლილებები დაკავშირებული სიტყვის თავისუფლების ჩახშობასთან ან რაიმე კონკრეტულ შეზღუდვებთან. ჟურნალისტებმა ხშირად საერთოდ არ იციან კანონები, არ იყენებენ მათ და სერიოზულად უდგებიან ამ კანონებს მხოლოდ მაშინ, როდესაც კონფლიქტი პირადად მათ ეხებათ. იურიდიულ კითხვებზე რომ უპასუხო, უნდა იცოდე არამარტო პარლამენტში განსახილველად შეტანილი და მის მიერ მიღებული კანონპროექტები, არამედ უნდა ერკვეოდე პოლიტიკურ სიტუაციაშიც, რის გამოც იღებენ ან შესწორებები შეაქვთ კანონებში.

და ბოლოს, ჩემი ძირითადი პრეტენზია ამ კვლევის მიმართ ის იყო, რომ ასეთი არითმეტიკული მეთოდით ძნელია განისაზღვროს ქვეყნის ნამდვილი ადგილი და მასში სიტყვის თავისუფლების მდგომარეობა. მაგალითად, ლიბერალური კანონების რაოდენობის მხრივ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველაზე კარგი სიტუაცია უზბეკეთშია. 14 კანონისგან შემდგარი პაკეტი იცავს ჟურნალისტების უფლებებს და ამ ქვეყანაში არის ისეთი კანონიც, რომელიც სხვა სახელმწიფოებში არ არის – “ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის დაცვის შესახებ”. ამ კანონში არის მუხლი N4, რომელსაც ჰქვია “ცენზურის დაუშვებლობა”. და მერე რა? ცენზურა უზბეკეთში მხოლოდ ცოტა ხნის წინ გააუქმეს. ისევე როგორც საბჭოთა კავშირში, იქ იყო ორგანო, რომლის თანამშრომლებიც წინასწარ კითხულობდნენ გაზეთების გვერდებს, აგრეთვე ტელე და რადიოგადაცემების ტექსტებს.

საქართველოში ნაკლები კანონია, რომელთა მიხედვითაც სხვადასხვა დონეზე ხდება ჟურნალისტიკის სფეროს რეგულირება, მაგრამ ეს კანონები, ბევრი ექსპერტის აზრით, საუკეთესოა არამარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებშიც. მაშ რატომ უკავია საქართველოს 99-ე ადგილი, თუმცა შარშან ის 81-ე იყო, 2008 წელს 120-ე, 2007 წელს 66-ე, 2006 წელს 89-ე, რევოლუციის შემდეგ პირველ წელს 99-ე, 2004 წელს 94-ე, იქამდე ერთი წლით ადრე კი 73-ე. 2002 წელს საქართველო საერთოდ არ მოხვდა სიაში, ეს იყო რეიტინგის შედგენის პირველი წელი.

რეიტინგის არალოგიკურობა საკვირველია. 2007 წელს მთელი მსოფლიო განიხილავდა ტელეკომპანია “იმედის” გარშემო შექმნილ სიტუაციას, მაგრამ რეიტინგში საქართველო თავის საუკეთესო ადგილზე იყო. 2008 წელს კი რამდენიმე ჟურნალისტი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მაგრამ რატომღაც განსაკუთრებით არ აღინიშნებოდა, რომ ყველა ჟურნალისტი სხვა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აგრესიის გამო, ანუ რუსული იარაღით დაიღუპა და ამას არანაირი კავშირი არ ჰქონია საქართველოს ხელისუფლების მიერ ჟურნალისტიკის დევნასთან. მიუხედავად ამისა, საქართველო აღმოჩნდა ყველაზე ცუდ ადგილას რეიტინგების პუბლიკაციის მთელი რვა წლის განმავლობაში.

საერთოდ მე იმ ქვეყნებს, სადაც სამხედრო კონფლიქტები ხდება, ცალკე კატეგორიაში გამოვყოფდი. იმიტომ, რომ ჟურნალისტი ომში საკუთარ თავს უკვე აღარ ეკუთვნის – მისი სიცოცხლე სხვადასხვა გარემოებებზეა დამოკიდებული – რამდენად არის მომზადებული და იცის, თუ როგორ უნდა მოიქცეს. ხშირად ჟურნალისტები, განსაკუთრებით რუსეთიდან, თავისი ქვეყნის სამხედროებთან ერთად გადაადგილდებიან, ხვდებიან მოწინააღმდეგის გახსნილ ცეცხლში და საკუთარი სისულელის გამო იღუპებიან.

თავისი რეიტინგის გამოქვეყნებისას ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” იძულებულია განმარტებები გააკეთოს. მაგალითად, ორგანიზაციის ევროპული განყოფილების ხელმძღვანელი ელზა ვიდალი უკრაინის ამჟამინდელ ადგილზე აკეთებს განმარტებას: “უკრაინა მნიშვნელოვნად დაქვეითდა ამ წლის რეიტინგში, რაც სხვადასხვა კრიტერიუმებით განისაზღვრა. ჩვენ გავხდით ქვეყანაში გარკვეული ტენდენციების, კერძოდ ცენზურის დაბრუნების მოწმე. ეს განსაკუთრებით ტელევიზიას ეხება. ჩვენ აგრეთვე შეშფოთებული ვართ ჟურნალისტებზე თავდასხმების მნიშვნელოვანი რაოდენობით. კიდევ ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რომელმაც უკრაინის მიერ პოზიციის დაკარგვაზე იქონია გავლენა, გახდა ხელისუფლების რეაქცია, რომელიც არასერიოზულად მოეკიდა პრესასა და ჟურნალისტებზე შეტევას. თუკი იყო რეაქცია, ხანდახან ჟურნალისტები, რომლებიც იყვნენ აგრესიის მსხვერპლნი, თვითონ აღმოჩნდნენ ეჭვქვეშ”.

ცხადია, ნებისმიერი ხელისუფლება ასეთ კრიტიკას ადეკვატურად პასუხობს – არა, ჩვენთან ყველაფერი კარგად არის, დაასახელეთ გვარები, ტელეკომპანიები, ფაქტები და სხვა. სწორედ ფაქტების შეფასებისას ფიქსირდება განსხვავებული მიდგომა, როდესაც ექსპერტებმა, ხშირად თავისი ჩამოყალიბებული პოლიტიკური პოზიციით შეიძლება გავლენა მოახდინონ ამ რეიტინგზე და შესაბამისად ამა თუ იმ ქვეყნის ადგილზე უარესთა შორის. სწორედ აქ იმალება აზრების არითმეტიკული დათვლის დიდი საფრთხე. პოზიციები ყოველთვის განსხვავებულია, ამიტომ მხედველობაში უნდა მივიღოთ ფაქტები და არა აზრები.

მიუხედავად ამისა, უარი ვთქვი ექსპერტულ შეფასებაში მონაწილეობაზე და მიმაჩნია, რომ ასეთი რეიტინგების გამოქვეყნება აუცილებელია, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ექსპერტების ღია სიით, რომ ცხადი გახდეს, კონკრეტულად რამ იქონია გავლენა შეფასებაზე. მართალია საფრთხე არსებობს თავისუფლების ხარისხის განსაზღვრისას ავტორიტარულ ქვეყნებში, ისეთებში, როგორებიც არიან თურქმენეთი, უზბეკეთი, ჩრდილოეთ კორეა ან კუბა. მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ამ ქვეყნებში იყოს ბევრი ექსპერტი; მეორეც, დამოუკიდებელი მედიის არარსებობა თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს.

რეიტინგის გამოქვეყნება მნიშვნელოვანია აგრეთვე თვითონ ჟურნალისტებისათვის, რომ მათ იცოდნენ, თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. საჭიროა თუ არა თვითონაც რამე გააკეთონ და არ დააბრალონ ყველაფერი მხოლოდ ხელისუფლებას. რუსეთში ჟურნალისტებმა წინააღმდეგობის გაწევა 10 წლის წინ შეწყვიტეს, როდესაც ახალმა ხელისუფლებამ პრეზიდენტ პუტინის ხელმძღვანელობით გამოაცხადა სახელმწიფო პროპაგანდის აღდგენა, ჟურნალისტებში შიში დანერგა და აიძულა ისინი, მიემართათ თვითცენზურისთვის. რუსი ჟურნალისტებისთვის ამასთან ბრძოლის ერთადერთი საშუალებაა – წინააღმდეგობის საჯაროდ გაწევა. მაგრამ, ბოლო საპროტესტო აქციებმა რუსეთს გადაუარა 2001-2002 წლებში, ტელეკომპანია “ენ-ტე-ვე”-ში მიმდინარე ცვლილებების გამო, ხოლო როდესაც მოკლეს ანა პოლიტკოვსკაია, მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ მიტინგზე მოსკოვში 150 კაცზე მეტი არ მისულა.

ასეთივე მდგომარეობაა უკრაინაში, სადაც ჟურნალისტები ძალიან აქტიურები იყვნენ და ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ გიორგი ღონღაძის მკვლელობის გამოძიებას, მაგრამ მერე ყველაფერი მიჩუმდა და მცირერიცხოვანი საპროტესტო აქციები მიუთითებს საკუთარი უფლებებისადმი ინტერესის დაკარგვაზე. ასეთი სიტუაცია შეიმჩნევა პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანაში.

მაგრამ, პროტესტის საჯარო აქცია – ეს უკიდურესი საშუალებაა, როდესაც ქვეყანაში არ არის დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, როდესაც პოლიტიკური ატმოსფერო ერთფეროვანია და მხოლოდ სახელმწიფო იდეოლოგიას ემორჩილება. სინამდვილეში ჟურნალისტებისთვის ბევრად უფრო დიდი უბედურებაა იურიდიული ნიჰილიზმი, კანონების ცოდნის და მათი გამოყენების სურვილის არქონა. ბევრისთვის ფრაზა “სიტყვის თავისუფლება” რაღაც თამაშის ნაწილი გახდა. როდესაც რამე მოსდით ჟურნალისტებს, უფრო ადვილია ილაპარაკონ სიტყვის თავისუფლების პრობლემებზე, ვიდრე თვითონ სცადონ სიტუაციის გამოსწორება.

ჟურნალისტთა უფლებების რა ძირითადი დარღვევები ფიქსირდება ყოფილი საბჭოთა კავშირის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში? ეს არის შეზღუდვა ინფორმაციის მოპოვებაზე, როდესაც ჩინოვნიკები უარს ამბობენ სხვადასხვა მონაცემების გაცემაზე, რაც სახელმწიფო საიდუმლოს არ წარმოადგენს. რას აკეთებენ ჩვეულებრივად ჟურნალისტები? ყვირიან, ღიად აფიქსირებენ საკუთარ პრობლემებს. სიტუაცია იცვლება? ჩვეულებრივად – არა. იყვირეს და დაიშალნენ. მაგრამ ჟურნალისტებმა კანონები რომ იცოდნენ, მაშინ მათ გამოიყენებდნენ საკუთარი უფლებების დასაცავად. როგორც იურისტები ამბობენ – შექმნიდნენ პრეცედენტს. და თავის გამოცდილებას კოლეგებსაც გაუზიარებდნენ. სწორედ ეს არის საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა, ხოლო “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ტიპის ორგანიზაციებს არ შესწევთ ძალა შეცვალონ სიტუაცია ქვეყანაში, ისინი მას მხოლოდ აფიქსირებენ.

საბჭოთა პერიოდში ერთი ცნობილი გამოთქმა იყო: “დასახრჩობად განწირულთა გადარჩენა, თვითონ დასახრჩობად განწირულთა საქმეა”. ცხადია, ნებისმიერი ხელისუფლება ვალდებულია თვალყური ადევნოს კანონების შესრულებას. მაგრამ, იდეალური ხელისუფლება იმ ქვეყანაშია, რომელშიც არის სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელისუფლებას აკონტროლებს. და თუ არ არის სამოქალაქო საზოგადოება, ყვირილით და ჩივილით არაფერი შეიცვლება. ეს არის პრობლემა, რომელშიც დამნაშავეა ორივე მხარე – ხელისუფლებაც და საზოგადოებაც, ამ შემთხვევაში ჟურნალისტები.

სიტყვის თავისუფლებაზე ოცნებას ღუპავს ჟურნალისტთა დაქსაქსულობა, ეთიკური კრიტერიუმების არარსებობა, კანონების მოხმარების არცოდნა, თანამედროვე ჟურნალისტიკის პრინციპების შესწავლის სურვილის არქონა, იოლი ფულისკენ ლტოლვა “ყვითელ” ჟურნალისტიკაში და პროპაგანდაში. ხოლო რეიტინგები, თუნდ ისეთი, რომელსაც აქვეყნებს “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” – მხოლოდ სიგნალია ხელისუფლებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც, რომ ქვეყანაში პრობლემებია. ხოლო მათი გადაწყვეტის გზების ძიება – თვით ჟურნალისტების საქმეა და არა მხოლოდ ხელისუფლების.